ირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ქულებს ხელისუფლება დაიწერს და ოპოზიციის ინტერესებში შედის, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს

ოპოზიციის ინტერესებში შედის ის, რომ ხელისუფლებამ ქულები აღარ დაიწეროს და თვითონ დაიწეროს - უნდათ, რომ აღარ იყოს მშვიდობა, სიმშვიდე, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამის საპირისპიროდ იყოს ომი, არეულობა, ეკონომიკური რეცესია და არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ოპოზიცია საბაბს ეძებს იმისთვის, რომ ქვეყანა პოლარიზაციის დღის წესრიგიდან არ გამოვიდეს.

კითხვაზე, თუ რატომ შედის ოპოზიციის ინტერესებში პოლარიზაცია, კობახიძე პასუხობს, რომ სწორედ ოპოზიციის ინტერესშია, რომ ხელისუფლებამ ქულები აღარ დაიწეროს და ამისათვის ყველაფერს აკეთებენ.

„ქვეყანაში არის მშვიდობა და რა თქმა უნდა, საზოგადოება ხედავს, რომ მშვიდობა რომ არის ეს არის ხელისუფლების დამსახურება და ამ მშვიდობით ხელისუფლება ქულებს იწერს. ქვეყანაში არის სიმშვიდე და ბუნებრივია, ამითაც ხელისუფლება იწერს ქულებს, იმიტომ რომ საზოგადოებას სიმშვიდე მოსწონს. ამ სიმშვიდიდან ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გამომდინარეობს. ამითაც, რა თქმა უნდა, ქულებს ხელისუფლება იწერს. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც ქულებს ხელისუფლება დაიწერს და ოპოზიციის ინტერესებში შედის ის, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, ანუ ხელისუფლებამ ქულები აღარ დაიწეროს და ოპოზიციამ დაიწეროს. ისინი ქულების დაწერის შანსს ზუსტად ამის საპირისპიროში ხედავენ. ეს არის ის, რომ მშვიდობა აღარ იყოს და იყოს ომი, აღარ იყოს სიმშვიდე და იყოს არეულობა, აღარ იყოს ორნიშნა ეკონომიკური განვითარება და იყოს ეკონომიკური რეცესია და მეოთხე - არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი,“ - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება პოლარიზაციისთვის გამოიყენა. მისი თქმით, თუკი ევროკავშირი სტატუსის მინიჭებაზე დეკემბერშიც უარს გვეტყვის იგივე მოხდება.

„ნებისმიერი უარი ბუნებრივია, პოლარიზაციას ხელს შეუწყობს და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირმაც უნდა გაითვალისწინოს. ახლა ოპოზიცია საბაბს ეძებს იმისთვის, რომ ქვეყანა პოლარიზაციის დღის წესრიგიდან არ გამოვიდეს და ისინი ვითარების მაქსიმალურად პოლარიზებას ცდილობენ. ეს არის მათი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ ოპოზიციის მიერ გაჟღერებული ინიციატივა გაუგებარია.

„კანონების მიღება ბუნებრივია, დეკემბრის ბოლომდე მოხდება. ანუ, არავითარი საჭიროება არ არსებობს იმის, რომ რაიმე სხდომა იქნას მოწვეული, როდესაც მიღწევები დეკემბრის ბოლოს ფასდება.

რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას - რა თქმა უნდა, ისინი თვისებრივად არიან დაინტერესებული, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი დეკემბერში არ მიიღოს. აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ, რომ რადიკალურ დღის წესრიგში დარჩნენ და ამ დღის წესრიგიდან არ გამოვიდნენ, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამის საშუალება რადიკალურ ოპოზიციას არ მიეცეს. ჩვენ გამოვაცხადეთ რომ გეგმაში ჩართულობა არის აბსოლუტურად ღია ყველასთვის, მათ შორის, ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენ რეალურად არანაირ საბაბსაც კი არ ვუტოვებთ მათ დესტრუქციისთვის, თუმცა ამას მაინც ახერხებენ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს