ზუგდიდის მერია ნიჭიერი ახალგაზრდების ფინანსურ ხელშეწყობას აგრძელებს

ზუგდიდის მერია ნიჭიერი ახალგაზრდების ფინანსურ ხელშეწყობას აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის კომისიის მორიგ სხდომაზე 8 ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომისიის გადაწყვეტილებით, ფინანსური დახმარება სერგო გუგუჩიას, ლილი გუგუჩიას, უტა ალანიას, ქრისტინე ქაჯაიას, თეიმურაზ თოლორაიას, ანა გაბელიას, მართა თოდუასა და ლიკა ნაჭყებიას გაეწია.

„სერგო გუგუჩია Erasmus+ ის პროგრამის ფარგლებში (2022-2023 წლები) გერმანიაში, ქალაქ გისენის იუსტუს ლიბიგის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს.

ლილი გუგუჩია უნგრეთში, დებრეცენის უნივერსიტეტში საერთაშორისო და ევროპულ ბიზნეს სამართალზე სწავლობს.

უტა ალანია ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია.

ქრისტინე ქაჯაია ერასმუს მუნდუსის ევროკულტურისა და პოლიტიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე არის ჩარიცხული. ისწავლის სამ ქვეყანაში: პოლონეთი, იტალია, საფრანგეთი.

თეიმურაზ თოლორაია აშშ-ში, მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტშია ჩარიცხული.

ანა გაბელია Erasmus+ ის პროგრამის ფარგლებში ორი თვით რუმინეთში მიემგზავრება.

მართა თოდუა შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტში საერთაშორისო განვითარებისა და მართვის ორწლიან მეცნიერებათა მაგისტრის პროგრამაზეა ჩარიცხული.

ლიკა ნაჭყებიამ გერმანიაში ენის საზაფხულო კურსზე მონაწილეობის მისაღებად პროფესიული სამედიცინო გერმანულის შესასწავლად, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდია მოიპოვა.

მერის პირველი მოადგილის, კონსტანტინე კაკავას თქმით, ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდის არსებობა მუნიციპალიტეტისთვის ნამდვილად საამაყოა და მერია მათ ყოველთვის მხარს დაუჭერს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.