თბილისმა დღეს მსოფლიო არქიტექტურის გრანდებს უმასპინძლა

დღეს, ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე, შეხვედრა შედგა „დიალოგი“ მსოფლიოს წამყვანი არქტიტექტურული
კომპანიებისა და სტუდიების წარმომადგენელებთან. შეკრების ინიციატორი და მასპინძელი ბათუმელი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი გახლდათ, რომლის ფირმამაც ახლახან აუქციონზე 16 მილიონ ლარად ობიექტი შეიძინა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აშენებას აპირებს.

კულტურის ახალი თანამედროვე კერა აღჭურვილი იქნება საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საბიბლიოთეკო, საგამომცემლო, საგამოფენო, დასასვენებელ-გასართობი ფუნქციებით და თანამედროვე პარკით. პროექტი ითვალისწინებს 5 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტირებას, თანაც ისე, რომ შენარჩუნებულ იქნას ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ისტორიული ძეგლის იერსახე.
ბიზნესმენი ამ სირთულის გადაჭრას მშენებლობაში მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების ჩართვით აპირებს. ამ მიზნით, გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მსოფლიოს 14- მა წამყვანმა არქიტექტურულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათგან შერჩეულ იქნა 6 საუკეთესო სტუდია, რომელთა წარმომადგენლები დღეს თბილისს სტუმრობენ. დღევანდელ „დიალოგში“ მონაწილეობას იღებენ ისეთი ცნობილი და ავტორიტეტული სტუდიები, როგორიცაა Archea Associati იტალიიდან (ფლორენცია), Christ & Gantenbein შვეიცარიიდან, Emre Arolat თურქეთიდან, Shigeru Ban იაპონიიდან, Wilmotte & Associés საფრანგეთიდან და Herzog and De Meuron შვეიცარიიდან. კონკურსის შემდეგი ეტაპი სექტემბერში გაიმართება, როცა გამოვლინდება საუკეთესო სამი კომპანია, რომლებიც გენერალურ გეგმას წარმოადგენენ. კონკურსის ბოლო ეტაპი ნოემბერში შედგება, როდესაც გამარჯვებული სტუდია დასახელდება. არქიტექტურული პროექტის დამუშავებას 10 თვემდე დასჭირდება და მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დაიწყება.

დღევანდელ შეკრებაზე სამხატვრო აკადემიისა და თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების ლექტორებსა და სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ცოცხალი დიალოგი გაემართათ მსოფლიოს ლიდერი არქიტექტურული სტუდიების დამფუძნებლებთან, არქიტექტორებთან და მენეჯერებთან, რომლებიც ადგილზე გაეცნენ და შეისწავლეს ობიექტი.
"დიალოგამდე" კი, ბიზნესმენმა შალვა ბრეუსმა და შეხვედრის უცხოელმა სტუმრებმა ქართული მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

























