ანდრიუს კალინდრა - საქართველოსა და ლიეტუვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს თბილისსა და ვილნიუსში და არა მოსკოვში - ვისურვებდი, რომ რუსეთის „ფანჯრიდან” არ ვიყურებოდეთ

დასავლეთის ქვეყნები მზად არიან ეკონომიკური პრობლემებისთვის, რათა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ტანჯვა არ გაგრძელდეს, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსსა“ და სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ელჩის თქმით, ეს არის დასავლეთს ქვეყნების ვალდებულება და მათ ერთობლივად უნდა იმოქმედონ.

„უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომთან დაკავშირებით მთელი დასავლური საზოგადოება თანხმდება, რომ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ. სანქციებით დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკებიც ზარალდებიან, თუმცა ისინი მზად არიან ეკონომიკური პრობლემებისთვის, რათა უკრაინა და უკრაინელი ხალხის ტანჯვა არ გაგრძელდეს. ეს არის ჩვენი ვალდებულება და ჩვენი გადაწყვეტილება ვიყოთ სოლიდარული სანქციებთან დაკავშირებით, არ არსებობს რაიმე სხვა მშვიდობიანი ფორმა. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობიან გზებს მხოლოდ სანქციების დაწესებით და რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ეს არის პოლიტიკური ნება და პოლიტიკური განზრახვა, რომ დავარტყათ რუსეთის ეკონომიკას. უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება თავად რუსეთში უნდა შეიცვალოს. დღითი-დღე სულ უფრო და უფრო მეტი სიგნალია იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა ზიანს განიცდის.

აქვე მინდა დამატებითი ყურადღება გავამახვილო, რომ ეს ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ბელარუსს. ბელარუსი არის ის ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისას რუსეთს საკუთარი ტერიტორიის გამოყენების ნება დართო. ამ აგრესიამდე ორი დღით ადრეც ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი არ იქნებოდნენ აგრესიის ნაწილი. სამწუხაროდ, ვერ ვენდობით ბელარუსს, ისევე როგორც ვერ ვენდობით რუსეთს...

ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ ცოტა უფრო მაღალი ეკონომიკური ფასი, რათა შევაჩეროთ რუსეთის აგრესიის დაფინანსება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთს ექსპორტით ფულის გამომუშავების ნება არ უნდა მივცეთ. ჩვენ ამავდროულად ვცდილობთ არ მივცეთ მათ რესურსები საკუთარი ძალების გასაძლიერებლად და ეს არ არის მხოლოდ კალინინგრადში ან ბელარუსში, არამედ აქაც, ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრშია. ჩვენ არ უნდა დავაფინანსოთ, რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმები, რადგან ეს რეჟიმები თამაშობენ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც უნდათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა ელჩმა.

ამასთან, ელჩის თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, საქართველოსა და ლიეტუვასთან დაკავშირებით მიღებული უნდა იყოს თბილისსა და ვილნიუსში და არა მოსკოვში.

„ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული შიდა საკითხებზე და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა. მხოლოდ ჩრდილოეთით მდებარე სახელმწიფოს დადანაშაულება, წარმატების მომტანი ვერ იქნება. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვისურვებდი, რომ რუსეთის ფედერაციის „ფანჯრიდან” არ ვიყურებოდეთ, რადგან რუსეთის ფედერაციის ხედვა ძალიან განსხვავდება ჩვენი ხედვისგან,“ - განაცხადა ელჩმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო