რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სორტული საამქროს 100-ზე მეტმა თანამშრომელმა, გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო ადგილს დაუბრუნდა. გაფიცვის მეხუთე დღეს, აქციის მონაწილეები დღეს საწარმოს ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდნენ.

მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აქტიურად იყო ჩართული, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფიცვაში მონაწილე დასაქმებულებზე არ განხორციელდება დევნა, ზეწოლა; გაცდენილი დღეები ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ; ხელფასების მატება მოხდება შემდეგი გრაფიკით: ხელფასი 100 ლარით გაეზრდებათ 1-ლი ივლისიდან; 100 ლარით 2023 წლის 1-ლი იანვრიდან; 50 ლარით 2023 წლის 1-ლი მარტიდან; აღდგება საპრემიო სისტემა და მისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პროცესში ჩართული იქნება პროფკავშირი (გაფიცვის მონაწილეთა წარმომადგენლობა); მოწესრიგდება თანრიგების სისტემა; პროფკავშირთან (გაფიცვის მონაწილეთა წარმომადგენლობა) გაფორმდება კოლექტიური ხელშეკრულება.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, არსებულ საკითხებთან დაკავშირებით წერილობითი შეთანხმება 11 ივლისს წერილობით შედგება. სორტულ საამქროში დასაქმებულების ინტერესებს მოლაპარაკებების პროცესში პროფკავშირების გაერთიანება და მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები იცავდნენ.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სორტული საამქროს 100-ზე მეტი თანამშრომელი, შრომითი ანაზღაურების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ხუთი დღის წინ გაიფიცა.