„ნაციონალური მოძრაობის” წევრები - ბათუმის ცენტრში ტურისტული ობიექტი „ჭაჭათაუერი” 10 წელია უპატრონო და უფუნქციოა

ბათუმის ცენტრში ტურისტული ობიექტი „ჭაჭათაუერი” 10 წელია უპატრონო და უფუნქციოა, - ეს განცხადება ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გააკეთეს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა კილაბერია ამბობს, გაურკვეველია ხელისუფლება აღნიშნულ ტურისტულ ობიექტს რას უპირებს.
მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა, რომ "ჭაჭათაუერის" დაუყოვნებლივ აღდგენა მოხდეს, რაზეც ადგილობრივ მთავრობას მიმართავენ.
“კარგად გვახსოვს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადება, როგორ გვპირდებოდა რამდენიმე კვირის უკან, რომ გახსნიდა კუნძულის მშენებლობას.
კუნძულის მშენებლობა კი არა, ქალაქის ცენტრში, "ჭაჭათაუერი" 10 წელია უპატრონოდ და უფუნქციოდ არის მიგდებული. გთხოვთ, გაგვეცით პასუხი, რას უპირებთ ამ ობიექტს", - აცხადებს ლაშა კილაბერია.
ცნობისთვის, ბათუმში „ჭაჭათაუერი" 2012 წელს გაიხსნა.

























