ჩეხეთის ელჩი - ჩვენ არ გვსურს საქართველო ომში ვიხილოთ - მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს: არ არსებობს პირობა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მისაღებად რუსეთთან ომში უნდა ჩაერთოს

ივლისიდან ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა შემდგომი ექვსი თვის ვადით გახდა. ეს პერიოდი კი საქართველოსთვის ისტორიულ შანსს ემთხვევა, როდესაც ოფიციალურ თბილისს, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს. საქართველოში ჩეხეთის ელჩის განცხადებით, მისი ქვეყანა ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობისას, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ყურადღებას გაამახვილებს ასოცირებული ტრიოს გაწევრიანების პროცესზეც, ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დასკვნებით დასახული მიზნებისა და რეკომენდაციების შესრულებასა და მიღწევაზე.

საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაცია, პოლიტიკური დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, 5 ივლისის ძალადობის წლისთავი, საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ურთიერთობები და რუსეთის უკრაინაში შეჭრა - ეს ის საკითხებია, რომელზეც საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

- ბატონო ელჩო, თქვენი ქვეყანა 1-ელ ივლისს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. რა არის ოფიციალური პრაღის პრიორიტეტები ექვსთვიანი თავმჯდომარეობის განმავლობაში და რა გამოწვევები ელის ამ მხრივ ჩეხეთს?

- უპირველეს ყოვლისა, ეს ევროკავშირის საბჭოს ჩვენი მეორე თავმჯდომარეობაა. პირველად, თავმჯდომარე ქვეყანა 2009 წელს ვიყავით. ეს იყო ლისაბონის ხელშეკრულებამდე, ამიტომ მაშინ სხვაგვარად იყო, რადგან იმ პერიოდში ევროკავშირს ნამდვილად თავმჯდომარე ქვეყანა მართავდა. ლისაბონის ხელშეკრულების შემდეგ, თავმჯდომარე ქვეყნის როლი ძირითადად წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის ხელშეწყობაში მდგომარეობს. ასევე, უწყვეტობის გასაღრმავებლად სამი თავმჯდომარის ტრიოში გაძლიერებულია თანამშრომლობა და კოორდინაცია. ჩვენს ტრიოში წინამორბედი საფრანგეთი იყო და შემდეგ შვედეთი მოგვყვება. ტრიოს პროგრამა ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში დამტკიცდა და ყველა თავმჯდომარეობა მეტ-ნაკლებად იმავე ხაზით უნდა გაგრძელდეს. ახლა ჩვენ სრულიად ახალი ვითარების წინაშე ვდგავართ, არა მხოლოდ ლისაბონის ხელშეკრულებისა და თავმჯდომარეობის განსხვავებული როლის გამო, არამედ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამოც, რომელიც ცვლილებას მოითხოვდა არა მხოლოდ საფრანგეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში, არამედ ჩვენი პრიორიტეტების სრულ გადაკეთებასაც. ჩვენ გვქონდა საფრანგეთის აქტიური, ამბიციური და ძალიან წარმატებული თავმჯდომარეობა. როგორც ტრიო, ჩვენ ვცდილობდით ხელი შეგვეწყო პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესისთვის, ვცდილობდით პანდემიის შედეგებისთვის თვალის გასწორებას, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებას, მწვანე შეთანხმების შემუშავებასა და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების ხელშეწყობას.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ პრიორიტეტების შესაბამისად, მაგრამ რუსული აგრესიის გამო ჩვენ მოგვიწია პრიორიტეტების შეცვლა და ადაპტაცია. პრაქტიკულად ჩვენი ყველა პრიორიტეტი კონფლიქტთან არის დაკავშირებული.

პირველი პრიორიტეტი ლტოლვილთა კრიზისის მართვა და ომის შემდგომ, უკრაინის აღდგენაა. ასევე, ბევრ სფეროში უკრაინის ჰუმანიტარული და სამხედრო კუთხით დახმარება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და რუსეთთან ჩვენი კავშირების შემცირების მხარდაჭერაა.

მეორე პრიორიტეტი დაკავშირებულია ენერგეტიკასთან. ენერგეტიკული უსაფრთხოება რუსეთმა ნავთობისა და გაზის მიწოდების შემცირებითა და ენერგეტიკის იარაღად გამოყენებით დააზიანა. ჩვენ შემოვიღეთ და ვახორციელებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. წლის ბოლომდე რუსეთის მიერ ევროკავშირში ნავთობისა და გაზის მიწოდების 92% აღმოიფხვრება. ეს მტკივნეულია ჩვენთვის, ჩვენი ეკონომიკისთვისაც, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ეკონომიკა დაზიანდება და ამით უკრაინაში ომის გაგრძელების შესაძლებლობა შემცირდება. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ენერგეტიკის ახალი რესურსები. ჩვენ ჩეხეთის ხელახლა ადაპტაცია მოგვიწევს, რადგან თითქმის სრულად დამოკიდებული ვიყავით რუსულ გაზზე და 50%-ით ვიყავით დამოკიდებული რუსულ ნავთობზე. ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ტრანსალპური მილსადენი, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს ცენტრალურ ევროპაში, მათ შორის ჩეხეთში. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ახალი წყაროები, როგორიცაა თხევადი ბუნებრივი აირი სხვა ქვეყნებიდან. ჩეხეთს არ აქვს პირდაპირი გასავლელი ზღვაზე და არ შეუძლია თხევადი გაზის პირდაპირი იმპორტი. ამისათვის საჭიროა ახალი ინტერკონექტორები ტერმინალებთან და მათთან კონტრაქტები. ეს არ არის ადვილი.

მესამე პრიორიტეტი არის ევროკავშირის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება. ჩვენ ვცხოვრობდით მსოფლიოში, რომელსაც უსაფრთხოდ მივიჩნევდით. ჩვენ ვავითარებდით ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს, მაგრამ მისი დიდი ნაწილი ოდნავ უგულებელყოფილი იყო. ახლა ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ამ მიმართულებით ინდუსტრიული განვითარება. ჩეხეთი ტრადიციულად იარაღისა და სამხედრო მასალის მწარმოებელი ქვეყანა იყო, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ეს ცოტათი დაიკარგა. ახლა უნდა დავუბრუნდეთ იმ სფეროებს მაინც, სადაც უკვე გვაქვს კარგი კომპეტენცია და გამოცდილება.

მეოთხე პრიორიტეტი არის ევროპის ეკონომიკის სტრატეგიული მედეგობა. ევროპა დამოკიდებული იყო მტრული რეჟიმებისა და ქვეყნებისგან მიწოდებაზე. მიწოდების ჯაჭვები უკვე დაზიანდა პანდემიით და ომი ნამდვილად არ უწყობს ხელს მის აღდგენას. ჩვენ ვსაუბრობთ სურსათის უვნებლობაზე, სურსათის მიწოდებაზე, ვსაუბრობთ ელექტრონიკაზე, ნედლეულზე და ა.შ. ჩვენი შესაძლებლობები ამ კუთხით უნდა გაძლიერდეს, ჩვენი თვითკმარობა გარკვეულწილად მაინც უნდა იყოს მიღწეული და ეს მოითხოვს ყველა წევრი სახელმწიფოს ძალისხმევასა და სოლიდარობას.

მეხუთე პრიორიტეტი წინა პრიორიტეტებს უკავშირდება. ყველა ეს ცვლილება ადვილი შესასრულებელია, თუ გადაწყვეტილებებს ერთ ცენტრში იღებთ მხოლოდ ცენტრალიზებულად, სათანადო კონსულტაციებისა და სათანადო პროცესების გარეშე. ასე რომ, ჩვენი მეხუთე პრიორიტეტია დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რადგან საჭიროა ყველა ძირითადი მოთამაშის მიერ გაგება და მხარდაჭერა.

საგარეო ურთიერთობებშიც ჩვენი პრიორიტეტები გვაქვს. გეოგრაფიულად ლოგიკურია, რომ ეს არის უკრაინა და აღმოსავლეთ ევროპა. მეორე პრიორიტეტია დასავლეთ ბალკანეთი, რომელიც ტრადიციული პრიორიტეტი იყო ბოლო დროს, ყველა თავმჯდომარისთვის. აგრეთვე, ჩვენი გეოგრაფიული პრიოტრიტეტი ლოგიკური მიზეზების გამო ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონი და საჰელია. რაზეც გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ევროკავშირის გაფართოებაა. საფრანგეთის თავმჯდომარეობის ბოლო დღეებში, ჩვენ გვქონდა დადებითი გარღვევა დასავლეთ ბალკანეთის მოლაპარაკებებში. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ასოცირებული ტრიოს გაწევრიანების პროცესზე, ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დასკვნებით დასახული მიზნებისა და რეკომენდაციების შესრულებასა და მიღწევაზე. ჩვენ ასევე გავამახვილებთ ყურადღებას განვითარებასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რადგან ეს უფრო ფართო უსაფრთხოების საკითხების ნაწილია. ასე რომ, ეს არის ჩვენი პრიორიტეტები.

როგორც ყველა თავმჯდომარე ქვეყანას, ჩვენ გვაქვს დევიზი. როდესაც ვაცლავ ჰაველმა 1996 წელს აახენში ევროპის მომავალზე ისაუბრა, მაშინ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივა იყო. ვაცლავ ჰაველი ევროპის მომავალზე და ძირითადად მოქალაქეების მონაწილეობაზე ფიქრობდა. მან გამოიყენა სიტყვები „ევროპა, როგორც ამოცანა, როგორც ამოცანა ყველასთვის, თითოეული მოქალაქისთვის“. სამი მნიშვნელოვანი სიტყვის დამატებით გამოვხატავთ ჩვენი თავმჯდომარეობის ხედვას: „ევროპა, როგორც ამოცანა - გადახედე, აღადგინე, გააძლიერე“. თქვენ შეგიძლიათ განმარტოთ და ახსნათ ეს სამი სიტყვა მრავალმხრივ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი სამომავლო მიზნების, განზრახვების, პრიორიტეტების ძალიან კარგი გამოხატულება.

- საქართველოს ამ წლის ბოლომდე აქვს დრო, რათა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია შეასრულოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. საქართველოსთვის ეს გადამწყვეტი დრო თქვენი ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდს ემთხვევა. იქნებ გვითხრათ, როგორ აპირებს ჩეხეთის რესპუბლიკა დაეხმაროს ოფიციალურ თბილისს სტრატეგიული მიზნის მიღწევაში, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას გულისხმობს?

- სადღაც წავიკითხე, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის „ნაცვლად“ „მხოლოდ“ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. რა თქმა უნდა, ეს არც „მხოლოდ“ და არც „ნაცვლადაა“. ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს, დიდი ხნის განმავლობაში განვიხილავდით საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირში საკმაოდ ძლიერი წინააღმდეგობა იყო თქვენი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე. ასე რომ, ეს ძალიან ძლიერი გზავნილია და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი წარმატებაა საქართველოსთვის, როდესაც ევროპული პერსპექტივა აქვს.

კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია, რადგან ის აძლევს ქვეყანას არა მხოლოდ ორიენტაციასა თუ მიმართულებას, არამედ ფინანსურ საშუალებებს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას და ამ მიზნების მიღწევას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო დააკმაყოფილებს მოთხოვნებს. პირობები და რეკომენდაციები, ვფიქრობ, კარგად არის განსაზღვრული და რეალურად ასახავს ვითარებას, მეორე მხრივ, მათი მიღწევა ადვილი არ არის პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საზოგადოების ყველა ფენა, ყველა პოლიტიკური ძალა და სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანებულია ამ მიზანში.

გვექნება შეხვედრები მუნიციპალიტეტების მედეგობაზეც, ისევე როგორც შეხვედრები ციფრული მედეგობის შესახებ. ასე რომ, ეს არის ჩვენი წვლილი, რომ შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს, რათა წარმოადგინოს, თუ როგორ ახორციელებს რეკომენდაციებს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი და მეორე იქნება ბრიუსელში ყველა წევრი სახელმწიფოს კონსენსუსის მიღწევის მცდელობა.

-„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ საქართველო რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩაერთვება, დეკემბერში თბილისს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ექნება. მისი თქმით, უკრაინამ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსი ომში ჩართვის გამო მიიღო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები გვესმის. რა კომენტარს გააკეთებდით?

- უკრაინის შემთხვევაში, ეს იყო ძლიერი გზავნილი, ეს იყო რუსეთის აგრესიაზე რეაქცია. უკრაინას თავს დაესხნენ, უკრაინა აგრესიის ქვეშაა. მიუხედავად ამისა, არავის, განსაკუთრებით ევროკავშირს, არ სურს საქართველოს ომში ჩართვა.

ომში ჩართვა არ არის წინაპირობა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ჩვენ არ გვსურს საქართველო ომში ვიხილოთ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ კანდიდატის სტატუსი, როგორც რეფორმების პროცესის, დემოკრატიული რეფორმების პროგრესის ასახვა. საქართველოს მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს იმ თვალსაზრისით, რომ არ არსებობს პირობა, რომ საქართველო რუსეთთან ომში უნდა ჩაერთოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

- მოგეხსენებათ, ქართული პოლიტიკა ღრმად პოლარიზებული. ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიენიჭოს, რაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი - პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი მოგვარებული იქნება. რას ურჩევთ ქართველ პოლიტიკოსებს პოლარიზაციის დასაძლევად? როგორ შეიძლება ამის მიღწევა ამ მოკლე დროში? ან თქვენი დაკვირვების საფუძველზე შეიძლება თუ არა ამის საერთოდ მიღწევა?

- დარწმუნებული ვარ, რომ დეპოლარიზაცია შესაძლებელია. უფრო მეტიც, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ევროპული არჩევანი, ევროპული ორიენტაცია, ევროპული მიზანი არის მთელი საზოგადოების, ყველა პოლიტიკური პარტიის ერთიანი მიდგომის საკითხი.

ამ ევროპული მიმართულებით ყოველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას კონსენსუსით და განხილულ უნდა იქნას ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ყველა ძალამ, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ კონსტრუქციულად, ცივილიზებულად, შეურაცხყოფის, მოთხოვნებისა და წინაპირობების გარეშე განიხილონ საკითხები და მხოლოდ ამ გზით შეიძლება მიღწეულ იქნას დეპოლარიზაცია. ეს არ არის მხოლოდ კანდიდატის სტატუსის გამო, ეს არის ამ ქვეყნის ნორმალური ცივილიზებული განვითარებისთვის.

- „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფს ქმნიან. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მასში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან არ აქვთ ნდობა მმართველი პარტიისადმი. რა არის თქვენი პოზიცია ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე?

- ეს შეცდომად მიმაჩნია. როგორც ვთქვი, უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტიის, ყველა პოლიტიკური ძალის კონსტრუქციული მიდგომა. გვაქვს მთავრობის გეგმა, გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების გეგმა, გვაქვს წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინადადებები. ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ჯერ, ყველა პოლიტიკური ძალა და სამოქალაქო საზოგადოება უნდა შეიკრიბოს, განიხილოს, როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელოს. წინაპირობები, ბოიკოტი და ასე შემდეგ არის აშკარა შეცდომა, რომელიც არ იწვევს დეპოლარიზაციას.

- ევროკავშირი საქართველოს სთხოვს მიმდინარე წლის ბოლოსთვის, კანდიდატის სტატუსი მისაღებად უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი ფუნქციონირება, მათი დამოუკიდებლობისა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულების გაძლიერება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციების გაძლიერება; გარდა ამისა, გააუმჯობესოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ნამდვილად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი. ბრიუსელი თბილისს მოუწოდებს გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, ამასთან, გააძლიეროს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ და ა.შ. ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი საკითხი არის ის, რაზეც საქართველო 30 წელია მუშაობს. ამის გათვალისწინებით, რამდენად რეალურია თქვენთვის, რომ საქართველო რამდენიმე თვეში ყველა ამ მნიშვნელოვანეს რეფორმას განახორციელებს?

- მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ძალიან სწრაფად შეუძლია კანონების მიღება. ეს გასული წლის დეკემბერში ვნახეთ. ასე რომ, მე მჯერა, რომ თუ იქნება ყველა პოლიტიკური ძალის კონსენსუსი პირველ რიგში აუცილებლობაზე და ეს აუცილებლობა არის ევროკომისიის და ევროპული საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება და კანონმდებლობის სასურველ ფორმამდე მიღწევის გზა, დარწმუნებული ვარ, ეს შეიძლება მიღწეულ იქნას. დიდი ხანია განიხილება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკვე მაგიდაზეა. მას კენჭი უკვე პირველი მოსმენით ეყარა. ასე რომ შეიძლება ერთი კვირა დასჭირდეს და ეს პირობა უკვე შესრულდება. ანტიკორუფციული სტრატეგია ძალიან საჭიროა, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ბევრი სხვა რეფორმა. თუ ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, თუ არის ნება, შეგიძლიათ ძალიან სწრაფად გააგრძელოთ რეფორმების პროცესი. და ეს ნება უნდა გამოიჩინოს ორივე პოლიტიკურმა მხარემ, ყველა პოლიტიკურმა ძალმა და სამოქალაქო საზოგადოებამ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ერთიანობის, პასუხისმგებლობისა და კონსტრუქციული მიდგომისაკენ ამ მოწოდებას, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

- როგორ შეუძლია საქართველოს განახორციელოს ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია - დეოლიგარქიზაცია, როცა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს კონსენსუსი იმაზე, თუ ვინ შეიძლება მიჩნეულ იქნას ოლიგარქად? მმართველი პარტია აცხადებს, რომ ოლიგარქის კონცეფცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს არ ეხება. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ეს კონცეფცია შეიძლება „ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან“ დაკავშირებულ ბევრ ადამიანს მოიცავდეს. ამის საპირისპიროდ კი, წამყვანი ქართული ოპოზიციური პარტიები ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მიიჩნევენ. გულისხმობს თუ არა ევროკავშირი ბიძინა ივანიშვილს, როცა საქართველოს დეოლიგარქიზაციაზე მიუთითებს?

- ვფიქრობ, სახელები არ არის მთავარი. მთავარია ინსტიტუციური მოწყობა, ძლიერი დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომელთა გადალახვას თუ გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს.

ჩემი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა ბატონი A იქნება თუ ბატონი ან ქალბატონი B. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მედეგია ნებისმიერი ადამიანის ძალისხმევის ან მცდელობის წინაშე, მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე არაპროპორციული გზით, რაც ზიანს აყენებს საზოგადოების ინტერესებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია, რადგან პერსონიფიკაცია არსებობს და ალბათ, ყოველთვის იარსებებს. მხოლოდ ყველა მხარის მიერ კოორდინირებული, კონსტრუქციული, პასუხისმგებელიანი და საერთო მიზნებზე ორიენტირებული მიდგომა გამოიღებს შედეგს. აქ მთავარია ინსტიტუტები, ინსტიტუტები, ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა.

- ამ თვეში, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობიდან ერთი წლისთავი შესრულდა, როდესაც პრორუსი, ულტრამემარჯვენეთა ბრბო თავს 50 ჟურნალისტს დაესხა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოება კვლავ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. არის თუ არა საქართველო უსაფრთხო ადგილი ჟურნალისტებისთვის? იღებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას, რათა მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება ჩატარდეს ჩემი კოლეგებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მისამართით არსებული საფრთხეების შემთხვევებზე? როგორია თქვენი პასუხი?

- არა მხოლოდ ქალბატონი პრეზიდენტი და საზოგადოება ელოდება სათანადო გამოძიებას და აგრეთვე, არა მხოლოდ ძალადობაში მონაწილეების, არამედ ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემას. მთელი ევროკავშირი და წევრი ქვეყნები, აქ წარმოდგენილი საელჩოები, ვიყავით და ვართ შესაბამისი გამოძიების მომხრე. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა შინაგან საქმეთა მინისტრთან და ვითხოვდით სწრაფ გამოძიებას. სამწუხაროდ, ორგანიზატორებამდე ჯერ არ მიუღწევიათ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ძალისხმევას. ჩვენ ვასრულებთ 5 ივლისის შემდეგ მიცემულ დაპირებას, რომ მივყვებით გამოძიებას და ჯერ კიდევ ამ პროცესში ვართ.

ჩვენი ბოლო შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან წელს სწორედ „თბილისი პრაიდამდე“ გაიმართა, რომელიც არა მხოლოდ შარშანდელ პოგრომს შეეხებოდა, არამედ მომავალსაც. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დასაფასებელია, როგორ გაუმკლავდა პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო რისკებსა და მუქარებს „თბილისის პრაიდის“ ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ ივლისის დასაწყისში და თქვენ ალბათ, ნახეთ საელჩოების ერთობლივი განცხადებაც ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ, დიახ, მივყვებით, მოვითხოვთ სათანადო გამოძიებას და აგრეთვე, მოვითხოვთ, რომ რეალურად აღმოიფხვრას სიძულვილის ენა და ზოგიერთი პოლიტიკური ფორმაციის არადემოკრატიული ქცევა.

მიმაჩნია, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიად არ უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული. მას არ უნდა მისცემოდა სიძულვილის იდეოლოგიის გავრცელების საშუალება და არ უნდა ჰქონოდა საშუალება ემუშავა ხალხის მხარდაჭერის მიღწევაზე. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში კარგი კანონმდებლობა არსებობს.

რაც საჭიროა, არის პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა. ჟურნალისტების დაცვა არ უნდა იყოს რაიმე განსაკუთრებული. შევხედოთ უმცირესობების, მათ შორის ლგბტქი თემისა და ჟურნალისტების დაცვას, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის დაცვას. ცხადია, ჟურნალისტები უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, რადგან ისინი შესამჩნევნი არიან, ამიტომაც მათი დაცვა უნდა გაძლიერდეს.

- საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ნატო-ში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ კუთხით. რამდენად ახლოს ან შორს არის საქართველოს წევრობა ამ დასავლურ სამხედრო ალიანსში?

- ცოტა ხნის წინ მადრიდში ნატო-ს სამიტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა მიიღეს, რათა მოკავშირეებისგან მოესმინათ, რომ საქართველოს მისწრაფება გახდეს ალიანსის წევრი, მისასლმებელი და მხარდაჭერილია. 2008 წელს ბუქარესტში დაწყებული ღია კარის პოლიტიკა გრძელდება. რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა ნატოსა და საქართველოს შორის კავშირების გასაღრმავებლად და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. მეორე მხრივ, ევროკავშირი ცოტა ხნის წინ შეთანხმდა საქართველოსთვის მშვიდობის ევროპული ფონდის (EPF) გაფართოებაზე. ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სექტორის საჭიროებისთვის მომდევნო სამი წლის განმავლობაში 20 მილიონი ევრო გამოუყო. არის კიდევ 20 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი მომავალი წლისთვის, რომელიც შეიძლება არა მხოლოდ არალეტალურ მხარდაჭერას უკავშირდებოდეს, რაც წლევანდელი გადაწყვეტილების შემთხვევაშია, არამედ ლეტალურ მხარდაჭერასაც თუ საქართველო ამას მოისურვებს. ჩეხეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს და ეს ჩანს, მაგალითად, ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში (SNGP), რომელშიც ჩეხეთის რესპუბლიკა ლიდერის როლს ასრულებს. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ნატოს შტაბ-ბინასა და საქართველოს ინსტიტუტებს შორის კომუნიკაციას უკავშირდება. ასე რომ, ეს არის ჩვენი მხარდაჭერა, ეს არის ჩვენი წვლილი.

სამხედრო წვრთნებში მონაწილეობასთან ერთად გვაქვს ყოველწლიური თანამშრომლობის გეგმა ჩვენს თავდაცვის სამინისტროებსა და შეიარაღებულ ძალებს შორის და ეს ასევე გაძლიერდება.

- მომავალ წელს საქართველო და ჩეხეთი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. როგორ შეაფასებდით ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, კულტურულ და საგანმანათლებლო კავშირებს? როგორ აპირებთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას?

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სამხედრო სფეროში ჩვენს თანამშრომლობაზე და გვსურს ეს გავაფართოვოთ, მაგალითად, სამხედრო-სამრეწველო სფეროში მიმოცვლა.

რაც ძალიან მეამაყება არის ჩვენი თანამშრომლობა განვითარების სფეროში. საქართველო არის ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ექვს პრიორიტეტულ ქვეყანას შორის, ასევე ტრანსფორმაციულ თანამშრომლობაში. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ჯანდაცვაზე, სოციალურ კეთილდღეობაზე, სოფლის მეურნეობაზე, მთიანი რეგიონების კომპლექსურ განვითარებასა და განათლებაზე. მაგალითად, გვაქვს სამთავრობო სტიპენდიები, რომელიც მოიცავს ყველაფერს, გარდა ავიაბილეთისა. სხვათა შორის, ახლა შემიძლია, თქვენი მეშვეობით, მოვუწოდო ქართველ სტუდენტებს, განაცხადი შეიტანონ ამ სტიპენდიებზე. ჩვენს ვებგვერდზე ამის შესახებ უკვე გამოქვეყნებულია ინფორმაცია. რამდენიმე დღეში კი სარეგისტრაციო სისტემა გაიხსნება და შერჩევის პროცესი ძირითადად ელექტრონული გზით დაიწყება. ასე რომ, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს, გაეცნოთ პირობებს და შეავსეთ განაცხადი ამ სტიპენდიის მოსაპოვებლად.

ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ტურიზმის სექტორში. პანდემიით გამოწვეული შესვენების შემდეგ, ჩეხი ტურისტების ნაკადი კვლავ იზრდება.

ასე რომ, ეს არის ჩვენი ურთიერთობების ძალიან მოკლე აღწერა.

როგორც ბრძანეთ, მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს. ჩეხეთი საქართველოზე ახალგაზრდა ქვეყანაა, რადგან არსებობა მან მხოლოდ 1993 წელს დაიწყო. ასე რომ, წელს 30 წლის იუბილე არ გვაქვს, როგორც ქვეყნების უმრავლესობას, რაც ამ მხრივ ხუმრობით, რომ ვთქვა გარკვეულ ექსკლუზიურობას გვანიჭებს.

- ჩემი ბოლო შეკითხვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის შეჭრას ეხება. თქვენი ქვეყანა ითვლება ევროკავშირის ერთ-ერთ იმ სახელმწიფოდ, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ოფიციალურ კიევს. ჩეხეთმა უკრაინაში სამხედრო ტექნიკა გაგზავნა. გარდა ამისა, თქვენ ასობით ათასი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარეთ, რომლებიც ბრძოლას გამოქცნენ. უფრო მეტი რისი გაკეთება შეგიძლიათ უკრაინის დასახმარებლად და ასევე, როგორ უნდა გააძლიეროს ოფიციალურმა პრაღამ საკუთარი ძალისხმევა, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე?

- რუსეთით დავიწყოთ. რუსეთთან ძალიან ძლიერი უთანხმოებები გვქონდა მის მიერ უკრაინაში შეჭრამდეც. მათგან განვიცადეთ კიბერშეტევები და ჰიბრიდული გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და მედიაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, სავარაუდოდ, 2014 წელს იყო, როდესაც სამხედრო საწყობში აფეთქებები მოხდა. გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აფეთქებებსა და მის შედეგად დაღუპულ ორი პირზე, ისევე როგორც მნიშვნელოვან ეკონომიკური ზიანზე პასუხისმგებელი რუსი აგენტები იყვნენ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პრაღაში რუსეთის საელჩოდან დიპლომატიური პერსონალის გაძევებაზე, რომლებიც არადიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდნენ. ძირითადად, სადაზვერვო სამსახურის აგენტები გააძევეს. რუსეთმაც იგივეთი უპასუხა, თუმცა მათ ნამდვილი ჩეხი დიპლომატები გააძევეს და არა ჯაშუშები. ამჟამად მოსკოვსა და პრაღაში საელჩოებში მხოლოდ შვიდი დიპლომატი გვყავს. ჩვენ დავხურეთ ჩვენი საკონსულოები სანქტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში, გავუქმეთ ნებართვა რუსეთის საკონსულოების ფუნქციონირებაზე ბრნოსა და კარლოვი-ვარში, მოგვიწია მოსკოვში ჩვენი კულტურული ცენტრის დახურვა და პრაქტიკულად ყველა ურთიერთობა რუსეთთან გაყინული იყო. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩეხეთის მთავრობამ რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად არა მხოლოდ ორმხრივად, არამედ ევროკავშირის ფარგლებშიც. ჩვენ ხელს ვუწყობდით და მხარს ვუჭერდით სანქციებს. ჩეხეთმა ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ექვსივე პაკეტს და ჩვენ მზად ვართ მეტისთვის. რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების გამო, ჩვენთვის ეს რთული და მტკივნეულია. ჩვენი ექსპორტი რუსეთში დიდი მოცულობის არ იყო - ის ძირითადად ჩვენი მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 3%-ს შეადგენდა, მაგრამ ბევრმა ჩეხურმა კომპანიამ ჩადო რუსეთში ინვესტიცია და მათ უკან დახევა მოუწიათ, ვინაიდან პირობები გაუსაძლისი იყო. გარკვეულწილად, ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა და ცოტა დაიტანჯოს დემოკრატიული ღირებულებებისა და მშვიდობისთვის. ეს ყველა ჩვენთაგანის საერთო პასუხისმგებლობაა და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ უკრაინასთან და უკრაინისთვის, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს საკუთარი თავისთვის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩეხეთში მცხოვრებ 300 000-ზე მეტ ლტოლვილს, ძირითადად ქალებსა და ბავშვებს. ცხადია, ამას მაღალი ხარჯები მოაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხს უნდა ჰქონდეს გასაქცევად უსაფრთხო ადგილი და ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩეხეთი ერთ-ერთი მათგანია. მე ვამაყობ ლტოლვილების სახალხო მხარდაჭერით. ბევრი მათგანი ოჯახებში ცხოვრობს და არა მხოლოდ მთავრობის ან ზოგიერთი ინსტიტუტის მიერ მიწოდებულ საცხოვრებელში. ბავშვები სკოლაში დადიან და ახალ ცხოვრებას ეგუებიან. მიუხედავად ამისა, ლტოლვილთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ უკრაინაში დაბრუნება სურთ და ვფიქრობ, რომ ომის დასრულების შემდეგ ისინი ასე მოიქცევიან.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ფინანსურად, ჰუმანიტარული დახმარებით, მაგრამ ასევე სამხედრო კუთხით. ჩვენ მათ ვაწვდით მძიმე შეიარაღებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის დამპყრობლური ძალების გაცილებით დიდი შესაძლებლობების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას, მოლაპარაკებას მეტი ტანკის, მეტი ჰაუბიცისა და სხვა ტექნიკის მიწოდების შესახებ.

თორნიკე კაკალაშვილი

ინტერპრესნიუსი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა