ომბუდსმენის მოადგილე - „წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ გაოგნებული იყო - ჩვენი მაყურებლის უმრავლესობას ის ტექნიკური შესაძლებლობები, რაც პრივილეგირებულ საკნებშია, სახლში არ ექნება - არის შესაბამისი რემონტი, ტექნიკა

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, სასაცილოა იმის უარყოფა, რომ „ნახევრად ღია ციხეები კრიმინალური სუბკულტურით არ იმართება“. ამის შესახებ გიორგი ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, აღნიშნულ მეთოდი ციხის მართვის იაფი საშუალებაა. მისივე თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას ციხეებში მეტი თანამშრომელი სჭირდება.

„ჩვენ მხოლოდ კორპორატიულად და ჩაკეტილად კი არ შევდივართ [ციხეში], სხვა, დამხმარე ხალხიც გვყავს, ეს ინფორმაცია დიდი წრისთვისაა ცნობილი და ამის უარყოფა სასაცილოა. საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობსო, ცნობილი სისულელე რომ თქვეს, დაახლოებით იგივეა რომ ვთქვათ, ნახევრად ღია ციხეებს კრიმინალური სუბკულტურით არ მართავენ. ეს არის ციხის მართვის იაფი საშუალება. მისი მიზანი არის მოჩვენებითი წესრიგის უზრუნველყოფა. ამ პრობლემის გადაჭრა როგორ უნდა მოხდეს - მეტი თანამშრომელი სჭირდება“,- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძემ იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც „წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა“ ქართულ ციხეებში ვიზიტის შემდეგ დაასახელა. მისი თქმით, „ობშიაკის“ შეგროვების პრობლემის გარდა, აღნიშნული კომიტეტი გაოგნებული იყო პრივილეგირებული საკნებით, რომლებიც ძალიან კომფორტულადაა მოწყობილი.

„არაპრივილეგირებული პატიმრებისთვის დიდი ტვირთია ციხეში ყოფნა იმიტომ, რომ მათ უწევთ რაღაც სიკეთის გაღება. იქ ნაღდი ფული არაა. მაგრამ, როდესაც პატიმარს უნდა, პირობითად სიგარეტის შეძენა, მიდის პრივილეგირებულ პატიმართან და იქ ყიდულობს. თანხას მისი ოჯახის წევრი ან ვიღაც სხვა, ჩაურიცხავს პრივილეგირებული პატიმრის ოჯახის წევრს ან თავად მას ბარათზე. იყენებენ ტოტალიზატორების ან კრიპტოს ანგარიშებს - ეს გადმოცემით ვიცით. ასე რომ, „ობშიაკის“ შეგროვება ერთ-ერთი საკითხია.

მეორე საკითხია პრივილეგირებული საკნები - ეს ხალხი [„წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“] გაოგნებული იყო. ნახეს, რომ გარკვეული საკნები სხვებისგან ძალიან განსხვავებული იყო. ჩვენი მაყურებლის აბსოლუტურ უმრავლესობას, ის ტექნიკური შესაძლებლობები, რაც იქ არის, დარწმუნებული ვარ, სახლში არ ექნება. ასეთი საკანი უამრავია. ძალიან კომფორტულად მოწყობილი, სადაც არის შესაბამისი რემონტი, გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები, ტექნიკა. მიხვდებით, რომ იმ ადგილს დარაჯობენ, ყველა ვერ შედის და ა.შ.“,- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, გუშინ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ იდენტიფიცირებულია ყველა პრობლემა, რომელიც ქართულ ციხეებში არსებობს და ახლა, საჭიროა გამოვლენილი პრობლემების გადაწყვეტა.

„წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ ჩამოვიდა საქართველოში და შარშან განახორციელა სპეციალური ვიზიტი ქართულ ციხეებში, რომლის სამიზნე ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების მეშვეობით, არაფორმალური მმართველობის პრობლემის იდენტიფიცირება იყო - მათ ამ მონიტორინგის შედეგად დააიდენტიფიცირეს მსგავსი პრაქტიკა, ისინი საუბრობენ ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკაზე, პატიმრების იძულების სხვადასხვა მეთოდზე, ისინი საუბრობენ ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე და ა.შ.“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა