ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ საკრალური შეცდომა იყო შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლა, ამ წინდაუხედავი საბედისწერო ქმედების შედეგებს ახლა ვიმკით

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, საშინაო პოლიტიკის ყველაზე აქტუალური თემაა შეასრულებს თუ არა საქართველო, და თუ შეასრულებს როგორ, 12 პუნქტიან ევროპული რეკომენდაციებს წლის ბოლომდე.

ვიდრე ამ თემაზე უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ, მანამდე საუბრის დაწყება მინდა შემოგთავაზოთ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე მსჯელობით თუნდაც იმიტომ, რომ პრემიერის ეს წერილი პირდაპირ, ან ირიბად უკავშირდება 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას და ბიძინა ივანიშვილს.

პრემიერ ღარიბაშვილის წერილზე საკმაოდ ბევრი ითქვა. უმეტეს წილად ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ჯერ პრემიერი და შემდეგ მთელი სახელისუფლებო გუნდი ამტკიცებდა იმას, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია და არ ერევა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებში.

დამკვირვებელთა უმრავლესობამ პრემიერის წერილი და წერილში გაჟღერებულ თემებზე საჯაროდ მსჯელობა იმის ნიშნად ჩათვალა, რომ როგორც ჩანს, ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების ალბათობა მაღალია.

თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წერილს? რა შეიძლება იყოს ამ წერილის გავრცელების მიზეზი და მიზანი? რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მტკიცება, რომ დასავლეთის წრეებში მართლაც განიხილება ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების საკითხი?

- დავიწყებ იმით, რომ არც ჩვენთან და, საუბედუროდ, არც ევროპასა თუ საერთოდ მსოფლიოში პოლიტიკაში ზნეობას ვერ ვამჩნევ.

თითქოს ათი მცნება პოლიტიკოსებისთვის არ ყოფილიყოს შეთხზული და ესენი უფრო მაღალი, ხელშეუხებელი კასტის წარმომადგენლები და არა „ხალხის მსახურები“ ყოფილიყვნენ.

ამას ჩვენ ოცდამეერთე საუკუნის ყველა კრიზისულ ეპიზოდში ვხედავთ - სადამ ხუსეინის მიზეზ მოკლებული სიკვდილით დასჯა, კადაფის ლიკვიდაცია, სირიის ომი, ყირიმის ანექსია, აშშ-ს ჯარის გაუმართლებელი გამოყვანა ავღანეთიდან, ომი უკრაინაში, რომელი ერთი დაგისახელოთ.

ამ თვალთახედვით სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ნამდვილად დღის წესრიგშია, ოღონდ დააკვირდით, როდის მოხდა ამ საკითხის აქტუალიზაცია - არა მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო, არა მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილის პრობლემა ჩვენი პოლიტიკოსების ლამის ყველაზე მოდური საკამათო გახდა, არამედ სწორედ იმ დროს, როცა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს სასამართლო დავა მოუგო. არ უნდათ ევროპელებს ვიღაც ქართველი მილიარდერისთვის 500 მილიონი აშშ დოლარის გადახდა.

ოლიგარქის იარლიყის მიკერებას კი ხელშესახები მტკიცებულებები ჭირდება. თუ, ვთქვათ, აბრამოვიჩის, ტიმჩენკოს ან, მაგალითად, პრიგოჟინის პუტინთან მჭიდრო კავშირების დადასტურება ადვილია, მეტიც, ადვილია იმის დამტკიცება, რომ მათი გამდიდრება ზუსტად ამ კავშირებით იყო უზრუნველყოფილი, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ეს მეტად გაძნელებულია.

ფაქტია, რომ ივანიშვილს პუტინთან მჭიდრო კავშირები არ აქვს, ფაქტია, რომ ძალიან ძნელია მისი გამდიდრების მექანიზმებისა თუ ტექნოლოგიების შესწავლა. ამიტომ აქცენტი მის „ქართული ოცნების“ მთავრობასთან კავშირზეა გადატანილი.

ხომ გასაგებია, რომ ნარატივი, თითქოს იგი რუსულ ინტერესებს ლობირებდეს, უკვე ანეკდოტური გახდა. მაგრამ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ივანიშვილის სახელისუფლებო გადაწყვეტილებებში ჩარევის არც ერთი ხელშესახები ფაქტი არ არსებობს.

2020 წლის არჩევნების შემდეგ ივანიშვილის სახელისუფლებო გადაწყვეტილებებში ჩარევის არც ერთი ხელშესახები ფაქტი არ არსებობს

არც ვიდეო და არც აუდიოჩანაწერი, არც მოწმეთა ჩვენებები. ერთადერთი, რაც გასაჯაროვდა, ეს მისი სასამართლო პროცესზე ჩვენება იყო, სადაც ის ირაკლი ღარიბაშვილს ახასიათებს, გეხსომებათ, როგორ.

მინდა კარგად გამიგოთ, მე სულაც არ ვიძახი, რომ, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრის ან მინისტრების კანდიდატურები მასთან არ ყოფილიყოს შეთანხმებული. არც იმას ვიძახი, რომ იგი სახელისუფლებო სტრატეგიის ან, უფრო სწორედ, ტაქტიკის, სტრატეგია, ჩემი აზრით, საერთოდ არ გაგვაჩნია, შემუშავებაში მონაწილეობას არ იღებდა და მისი სიტყვა არ იყო გადამწყვეტი. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ამის დამტკიცება ვერავინ შეძლო.

ასეთ სიტუაციაში კი, კანონის უზენაესობას თუ ვეცით პატივი, მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ყველაზე პარადოქსული კი ის გარემოებაა, რომ ჩვენმა ევროპელმა თუ საერთოდ დასავლელმა პარტნიორებმა ეს დემოკრატიის ბაზისური პრინციპები გვერდზე გადადეს და სრულიად დაუსაბუთებლად ჩირქს გვასხამენ.

აქ გამოყენებულია ბიძინა ივანიშვილის ერთი მნიშვნელოვანი ნაკლოვანება, იგი პიარს საერთოდ არ ცნობს. ამიტომ ფსონი არა მტკიცებულებებზე, არამედ პიარ ტექნოლოგიებზეა გადატანილი.

სწორედ ამ ნაკლოვანების აღმოფხვრას ემსახურებოდა ირაკლი ღარიბაშვილის ცნობილი წერილი, რომელიც, აქვე დავძენ, ისევ ალბათ პიარ-სპეციალისტების რჩევების გარეშე იყო შედგენილი.

ამიტომ მოსახლეობის დიდ ნაწილში იგი უკურეაქციას გამოიწვევს. ქართული რეალობა სახეზეა - ჩვენ ვისახავთ მიზნებს და შევიმუშავებთ მათი მიღწევის ყველაზე არაეფექტურ, ხშირად მახინჯ გზებს.

მთავრობის ბოლოდროინდელი პოლიტიკა ამ კუთხიდანაც შეგვიძლია განვიხილოთ.

- არაა გამორიცხული ივანიშვილთან და დასავლეთთან ურთიერთობის საკითხს უკავშირდებოდეს მმართველი პარტიიდან, როგორც თავად ამბობენ განსხვავებული და თამამი განცხადებების საკეთებლად წამოსული ჯერ ხუნდაძე-სუბარ-ყაველაშვილის სამეულის გააქტიურება, ხოლო შემდეგ რეგიონებში საკრებულოებში მმართველ გუნდს ამავე მიზეზით გამიჯნული საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც ხუნდაძე-სუბარ-ყაველაშვილის გუნდს შეუერთდნენ.

ასევე აშშ-ს ელჩ კერი დეგნანისადმი დეპუტატ ყაველაშვილის წერილი, რომელმაც ბევრი გააკვირვა და ბევრიც საგონებელში ჩააგდო. და ეს ხდება ვითარებაში, როცა ვაშინგტონმა, ბრიუსელმა, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების ელჩებმა არა ერთხელ კატეგორიულად უარყვეს თითქოს მათ საქართველოს ომში ჩართვა სურთ. მეტიც, ეს ბრალდებები გარდა იმისა, რომ უსაფუძვლოა, რუსული პროპაგანდის ნაწილად აღიქმება.

რას შეიძლება ნიშნავდეს ხუნდაძე-სუბარ-ყაველაშვილის სამეულისა და აწ უკვე მათი გუნდში მოაზრებული „ქართული ოცნების“ აქტივისტების გააქტიურება? რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს პროცესი უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, ევროპული რეკომენდაციების შესრულებას?

- აბა, რა გითხრათ? მე ამ სამეულის სულში ვერ ჩაუძვრები და მათ ინსტინქტებს ვერ გავაანალიზებ. პროცესების გასაანალიზებლად კი ჯერ დრო არ დამდგარა.

შემიძლია მოგახსენოთ მხოლოდ ერთი რამ. ჩემთვის უდავოა, რომ „ქართული ოცნებიდან“ დისტანცირებული სამეულის ქმედებები სამომავლო პოლიტიკურ კოლაჟში დამოუკიდებელი ადგილის მოძებნის მცდელობაა.

ჩემთვის უდავოა, რომ „ქართული ოცნებიდან“ დისტანცირებული სამეულის ქმედებები სამომავლო პოლიტიკურ კოლაჟში დამოუკიდებელი ადგილის მოძებნის მცდელობაა

არ ვიცი, როგორი იქნება მათი პოზიციონირება. არაფერი ახალი და გაბედული მათი მხრიდან ჯერ არ თქმულა, თუ არ ჩავთვლით თქვენს მიერ დასახელებულ წერილს, რომელსაც დიპლომატიის შედევრად ნამდვილად ვერ ჩავთვლით.

ერთ რამესაც დავძენ. ამ სამეულიდან ერთ-ერთმა გვაჩვენა, რომ იგი თავისი პოლიტიკური დემარშების მოკლე თუ გრძელვადიანი შედეგების გათვლისთვის ჯერ მზად არ არის.

- თუ მმართველი გუნდის წარმომადგენლებისაგან აშშ-ს ელჩ დეგნანისა და სხვა ევროპული ქვეყნების დიპლომატების მიმართ კრიტიკის დინამიკის ზრდასა და ტონს გათვალისწინებით, სავარაუდოდ, რა საფრთხეების შემცველია ეს პროცესი?

- კარგი აქ ნამდვილად არაფერია, მაგრამ ცალსახად ჩვენი უსაფრთხოების საკითხი ახლა უკრაინის ბრძოლის ველებზე წყდება.

- ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ათ დღეზე მეტია ვისმენთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოსაზრებებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით რომ ამ პროცესს სასიკეთო პირი არანაირად არ უჩანს, ვხედავთ.

მმართველმა გუნდმა რეკომენდაციების შესასრულებლად საპარლამენტო კომისიები შექმნა. ოპოზიციის ნაწილმა მათში მონაწილეობაზე უარი თქვა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციას არ სურს რეკომენდაციების შესრულება და ბლოკავს ქვეყნის ევროპულ არჩევანს.

ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, მეტიც, ახლაც ყველაფერს აკეთებს, რომ წლის ბოლოს ქვეყანას ევროპულ მიმართულებით პროგრესი არ ჰქონდეს. ოპოზიცია ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად მმართველ გუნდს პარლამენტის საგანგებო რეჟიმში გადასვლას და საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს.

ხელისუფლება უარზეა. პარალელურად, მმართველმა უარი თქვა საკონსტიტუციო ცვლილების მიღებაზე, რომელიც ბარიერის 2%-მდე დაწევას ითვალისწინებს. პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირს უთხრა ჯერ მოგვანიჭეთ კანდიდატის სტატუსი და მერე მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებას ბარიერთან დაკავშირებით.

ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ 12 პუნქტიან რეკომენდაციებში საუბარია საარჩევნო კოდექსისა და კანონის გაუმჯობესებაზე, ბარიერის 2%-დაწევა ევროპულ რეკომენდაციებში საერთოდ არ წერია და გაუგებარია რატომ ევაჭრება „ქართული ოცნება“ ევროკავშირსა და ევროპულ საბჭოს.

არ ვიცი რამდენად სწორად აღვწერე რაც ხდება მაგრამ, ასე დავსვამ კითხვას - თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, თუ რა ხდება ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით?

- ერთ პარადოქსულ რამეს გეტყვით და აუგად ნუ ჩამითვლით. დასავლელი პარტნიორები ყველა რჩევის მიღება ყოველგვარი კრიტიკული ანალიზის გარეშე არასწორია: ეს რჩევები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოა. სხვა საქმეა, რა კუთხით და როგორი პროფესიონალიზმით ხდება ამ რჩევების კრიტიკული ანალიზი.

ამ ქვაკუთხედით თუ შევხედავთ მოვლენებს, „ქართული ოცნების“ საკრალური შეცდომა იყო შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლა. ამ წინდაუხედავი საბედისწერო ქმედების შედეგებს ახლა ვიმკით.

12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას კი პოლიტიკური დისკურსი ჭირდება, თანაც ისეთი დისკურსი, რომელშიც მოსახლეობის დიდი შრეები იქნება ჩართული. ბოლოს და ბოლოს, ევროპული პერსპექტივა ქართველ ერს და არა პოლიტიკურ სპექტრს ჭირდება.

ამიტომ, სრულიად უადგილოა როგორც რადიკალური დემარშები, ასევე პარლამენტარების ბუტიაობა - არ დავჯდები მოლაპარაკების მაგიდასთანო, სანამ ჩემ კონცეფციას არ შევიმუშავებ. გახსოვთ ძველი ქართული ანეკდოტი: -„რატომ ტირი, შვილო?“ –„გამდის და ვტირიო“. ჩვენ რა გვინდა, რომ მოხდეს ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესები იქნება დაცული?

სრულიად უადგილოა როგორც რადიკალური დემარშები, ასევე პარლამენტარების ბუტიაობა - არ დავჯდები მოლაპარაკების მაგიდასთანო, სანამ ჩემ კონცეფციას არ შევიმუშავებ

საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო რეფორმა მსჯელობისა და კონსენსუსის შედეგი უნდა გახდეს. ტყუილად ხომ არ არის რეკომენდაციების უმნიშვნელოვანესი პუნქტი პოლიტიკური დეპოლარიზაცია?

ერთ რამეს კი გეტყვით მიამიტურად. სასამართლო რეფორმა თავიდანვე არასწორი გზით წარიმართა და აქ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა თავიანთი შეცდომა უნდა აღიარონ. სასამართლო სისტემაში ოდიოზური ფიგურები ჩვენმა კომუნისტურმა წარსულმა წარმოქმნა და ეს „ნოტარიუსების“ ფენა გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამიტომ, ვთქვათ, ჩინჩალაძეები, მურუსიძეები სხვებით ჩაინავლებიან, როგორც დიდი შოთა ამბობდა: „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“.

რეფორმას გაცილებით უფრო ღრმა სტრუქტურული ხასიათი უნდა ჰქონდეს. ჩემი აზრით, ყველა სისხლის სამართლის საქმეში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უნდა დაფუძნდეს. და მაშინ ჩემთვის სულერთი იქნება რომელი მოსამართლე გაარჩევს ჩემ საქმეს, ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.

და შეწყდება კამათი სასამართლოს პოლიტიკური ანგაჟირების შესახებ და ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ პოლიტიკური პატიმრები გვყავს. და ვერავინ გვაიძულებს სისხლის სამართლის განაჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილებით ჩავანაცვლოთ.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პოლიტიკური კლასი როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე ოპოზიციის მხრიდან პარტიული ინტერესებით არ იხელმძღვანელებს და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.

თუ ევროპულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ამგვარი არასასურველი სცენარით განვითარდა პროცესები, ეს რისი ნიშანი იქნება? და მთავარი - ამგვარი შედეგი როგორ აისახება საქართველოზე, როგორც სუვერენულ ქვეყანაზე?

- მართალია დამკვირვებელთა ნაწილი, ჩვენი ნებისმიერი ორიენტაციისა თუ სულისკვეთების პოლიტიკურ ელიტაში პარტიული ინტერესი სამშობლოს სიყვარულს ჯაბნის. ეს რეალობაა და მას თვალი უნდა გავუსწოროთ.

ჩვენი ნებისმიერი ორიენტაციისა თუ სულისკვეთების პოლიტიკურ ელიტაში პარტიული ინტერესი სამშობლოს სიყვარულს ჯაბნის. ეს რეალობაა და მას თვალი უნდა გავუსწოროთ

ერთადერთი პოზიტიური ამ სევდიან სინამდვილეში კი ისაა, რომ სხვადასხვა აქტორების ინტერესები რადიკალურად განსხვავებულია და ყველა შემთხვევაში კონსენსუსის მიღწევა იქნება აუცილებელი.

თორემ გაგახსენდებათ გაბრიელ გარსია მარკესის რომანის „სიყვარული ჟამიანობის დროს“ სიტყვები : „სამოქალაქო ომის ოცდამეჩვიდმეტე წელს...“

- ახლა რა თემაზეც მინდა გკითხოთ, ვიცი, რომ ცალკე და დიდი საუბრის თემაა, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინური, ყაზახური და აღმოსავლეთიდან კიდევ სხვა ქვეყნების ტვირთების რუსეთის გვერდის ავლით ტრანსპორტირების თემა აქტუალურია, მას გვერდს ვერ აუვლით.

ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ყაზახეთის პრეზიდენტ ტოკაევზე გაბრაზებულმა პუტინმა რუსეთის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეაჩერა. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთის გავლით ჩინური, დაახლოებით 250 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებას პრობლემები შეექმნა, აქტუალური გახდა კასპიის ზღვით ამ ტვირთების აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირება.

ფაქტია, რომ ტვირთების ტრანსპორტირების საკითხში შეიტანა კორექტივები რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ. ცუდია, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ პროცესს საქართველო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე შეხვდა.

იმ ვითარებაში, რაც ახლა შექმნილი აღმოსავლეთიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ რომ ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი ტვირთი გაატაროს და მეტი მოგებაც მიიღოს?

- ძალიან კარგი კითხვაა, რომელსაც მე პროფესიულად ვსწავლობ და რომელსაც, აგრეთვე, ევროპის ენერგოუსაფრთხოება უკავშირდება. არ ვიცი, მოკლედ როგორ გიპასუხოთ. ვეცდები მაინც.

ყაზახეთმა თავიდანვე, ჯერ კიდევ ნურსულთან ნაზარბაევის პრეზიდენტობის პერიოდში, შეეცადა რუსეთი თავისი სტრატეგიული დარგებიდან განედევნა. ეს შეეხო ნახშირწყალბადების ინდუსტრიას, ურანის, სპილენძისა და ფერადი ლითონების მოპოვებას და სხვა.

ჩინეთმაც და ყაზახეთმაც რუსულ-უკრაინის ომი სათავისოდ გამოიყენეს საერთაშორისო ბაზრებზე რუსული გავლენის შესამცირებლად. და აქ, ქართული ინტერესები „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში აშკარად იკვეთება

მოგეხსენებათ, ყაზახეთი ურანის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში და აქ ატომმაშის წილი უმნიშვნელოა. იგივე შეიძლება ითქვას სპილენძისა და ფერადი ლითონები წარმოებაზე, სადაც წამყვან როლს გლენკორი თამაშობს. ნახშირწყალბადების სექტორში მხოლოდ ლუკოილს აქვს ხუთპროცენტიანი წილი ყაჩაღანის ველზე, ხოლო თენგიზის ველს საერთოდ არ ჰყავს რუსი აქციონერები.

ყაზახეთი დაკავშირებულია ნავთობ- და გაზსადენებით ჩინეთთან და მას რუსული ემბარგო სულაც არ ადარდებს.

უნდა ითქვას, რომ ჩინეთმაც და ყაზახეთმაც რუსულ-უკრაინის ომი სათავისოდ გამოიყენეს საერთაშორისო ბაზრებზე რუსული გავლენის შესამცირებლად. და აქ, ქართული ინტერესები „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში აშკარად იკვეთება.

მაგრამ, პროექტი ინფრასტრუქტურულად ძალიან რთულია მანამ, სანამ ტრანსკასპიური მილსადენთა სისტემა არ აშენდა. ყაზახეთი იძულებულია ტანკერებით ჩაიტანოს ნავთობი აზერბაიჯანში, გადატვირთოს რკინიგზაზე, ჩაიტანოს საქართველოს ტერმინალებზე და ისევ ტანკერებზე გადატვირთოს.

აუცილებელი იქნება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი 2-ის მშენებლობა, გაიზრდება სამხრეთი გაზის დერეფნის ტვირთბრუნვა და ევროპა საერთოდ რუსული ენერგომატარებლებიდან განთავისუფლდება... მაგრამ, ყველაფერ ამას სერიოზული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება დაჭირდება

აშკარაა, რომ ამ გზით დიდი ტვირთბრუნვის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამიტომ, ცუდია, რომ ანაკლია არ არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ყულევი, ფოთი და ბათუმი საკმარისია.

სულ სხვა რეალობა დადგება თუ ამ ტვირთბრუნვაში ირანული ნავთობი და აირი ჩაირთვება. მაშინ აუცილებელი იქნება ბაქო-თბილის-ჯეიჰანი 2-ის მშენებლობა, გაიზრდება სამხრეთი გაზის დერეფნის ტვირთბრუნვა და ევროპა საერთოდ რუსული ენერგომატარებლებიდან განთავისუფლდება.

მაგრამ, ყველაფერ ამას სერიოზული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება დაჭირდება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო