ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2022

რას შეცვლის პოლონური ჰაუბიცების ჩასვლა უკრაინაში - როგორია ძალთა თანაფარდობა ფრონტის ხაზზე

როგორი იქნება თანაცხოვრება კოვიდთან - “მიდის მუშაობა უფრო სრულყოფილი ვაქცინის შესაქმნელად, რომელსაც ექნება ხანგრძლივი დაცვა”

ქვეყანაში ცუდი ტენდენციაა - უმუშევართა კატეგორია დასაქმებაზე უარს აცხადებს!

* * *

რას შეცვლის პოლონური ჰაუბიცების ჩასვლა უკრაინაში - როგორია ძალთა თანაფარდობა ფრონტის ხაზზე

“უკრაინას პოლონური ჰაუბიცების “კრაბ”-ის ახალი პარტია მიეწოდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მტერს არ აქვს გამბედაობა, აღიაროს დამარცხება და წავიდეს უკრაინული მიწიდან, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე დანაკარგები აქვთ. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ამბობს, რომ პოლონურ ჰაუბიცებს შეუძლიათ საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენონ რუს ოკუპანტებს. მისივე თქმით, დროულადაც მიუსწრო დასავლურმა შეიარაღებამ უკრაინულ მხარეს, რაც ფაქტიურად გაათანაბრებს ძალთა ბალანსს ფრონტის ხაზზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას შეცვლის პოლონური ჰაუბიცების ჩასვლა უკრაინაში - როგორია ძალთა თანაფარდობა ფრონტის ხაზზე.

“პოლონური “კრაბ” არის თანამედროვე, მძიმეკალიბრიანი, თვითმავალი ჰაუბიცა, რომელსაც საკმაოდ შორ მანძილზე შეუძლია გასროლა, ეს არის დაახლოებით 40 კილომეტრი. ამასთან, კლასიფიკაციით უტოლდება ამერიკული ჰაუბიცების წინა მორბედს. ამ “კრაბ”-ებს შეუძლია საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენოს რუს ოკუპანტებს. რაც შეეხება რუსების მიზნებს უკრაინაში, მათ სურთ დაიკავონ მთლიანად დონეცკის ოლქი, როგორც ლუგანსკის შემთხვევაში. ასევე წაიწიონ წინ ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებით, მერე კი აიღონ ოპერატიული პაუზა, რათა მზადება დაიწყოს შემდგომი საოკუპაციო გაფართოებისათვის, რაც წავა სამხრეთით, მიკოლაევ-ოდესის მიმართულებით. ამ ეტაპზე, ეს არის რუსეთის სარდლობის ჩანაფიქრი. იმედია, რომ ამ ჩანაფიქრის გახორციელებას ვერ შეძლებს რუსეთი, რადგან უკრაინელები სწრაფად ავითარებენ საბრძოლო ხელოვნებას. საკმაოდ დროულადაც მიუსწრო დასავლურმა შეიარაღებამ, ფაქტიურად გაათანაბრეს ძალთა ბალანსიც ფრონტის ხაზზე, იგივე საარტილერიო და კონტრსაბატარეო დუელების პოტენციალის მიხედვით. შესაბამისად, უკრაინელები არიან ბევრად უფრო მოტივირებულები და უფრო კარგად შეიარაღებულებიც. მართალია, თანაფარდობა ოდნავი უპირატესობით რუსეთის მხარესაა, მაგრამ უკრაინელებმა შეძლეს ამ კუთხით, სერიოზული გარდატეხის პირობების შექმნა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომ უკრაინას პოლონური ჰაუბიცების “კრაბ” ახალი პარტია მიეწოდა. მისივე თქმით, კიევში გამართა მოლაპარაკებები პოლონეთის ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან მარიუშ ბლაშაკთან. “მან ჩვენ “კრაბ”-ები ჩამოგვიტანა - ისინი, რომლებიც მძლავრად დააპურებენ ჩვენს მტერს ცეცხლით”,- აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, მოლაპარაკებების საკვანძო საკითხი შემდგომი თავდაცვითი თანამშრომლობაა. “თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაზეც ვისაუბრეთ, არამედ ისიც, როგორ ვისაუბრეთ. აბსოლუტური რწმენით უკრაინის მომავალთან დაკავშირებით, უკრაინის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ასევე მიმდინარეობს ჩემი ყველა დანარჩენი მოლაპარაკებები. ეს ყოველთვის იგრძნობა”,- განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. მანვე აღნიშნა, რომ ოკუპანტები ვერ ეგუებიან მარცხს უკრაინის მიწაზე და დანაკარგების მუხედავად არ ბრუნდებიან სახლში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთის ფედერაციამ უკვე კარგად იგრძნო რას ნიშნავს თანამედროვე არტილერია და მათ არ ექნებათ უსაფრთხო ზურგი არსად ჩვენს მიწაზე, რომლის ოკუპაციაც მოახდინეს. მათ იგრძნეს, რომ ჩვენი მზვერავების ოპერაცია საკუთარი სამშობლოს დასაცავად ბევრად ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი მათი სპეცოპერაცია. რუს ჯარისკაცებს - და ჩვენ ეს ვიცით მათი საუბრის მოსმენის შედეგად, - გულწრფელად ეშინიათ ჩვენი შეიარაღებული ძალების. 139 დღე ასეთი ომის, თითქმის 20 კვირა, მსოფლიოში ე.წ. მეორე ჯარს ეშინია უკრაინელების და შეუძლია რამის გაკეთება მხოლოდ ძველი საბჭოთა იარაღის უსაზღვრო მარაგის წყალობით. აღარ აქვთ მათ არც სტრატეგიული ძალა, არც ხასიათი, არც აღქმა იმისა, საერთოდ რას აკეთებენ აქ - ჩვენს მიწაზე. არ აქვთ მცირეოდენი გამბედაობაც კი აღიარონ დამარცხება და წაიყვანონ ჯარი უკრაინული მიწიდან”, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტის თქმით, უკრაინას შესწევს ძალა თავი დაიცვას, ხელახლა ააშენოს და განახორციელოს ყველა საგარეო პოლიტიკური მიზანი. მისი თქმით, “როდესაც ამისთვის გულწრფელად მუშაობს მილიონობით ადამიანი - ყველა თავის დონეზე, შედეგი აუცილებლად იქნება”, - დასძენს გამოცემა.

როგორი იქნება თანაცხოვრება კოვიდთან - “მიდის მუშაობა უფრო სრულყოფილი ვაქცინის შესაქმნელად, რომელსაც ექნება ხანგრძლივი დაცვა”

“ფაქტია, რომ მოგვიწევს კოვიდთან თანაცხოვრება რადგან არსად გაქრება ვირუსი. უკვე მიდის მუშაობა სამომავლოდ შეიქმნას უფრო სრულყოფილი ვაქცინა, რომელსაც ექნება ხანგრძლივი დამცველობითი იმუნიტეტი - ამის შესახებ “რეზონანსთან” ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს. მისივე თქმით, დროდადრო იქნება მცირე აფეთქებები, თუმცა, ახლა არსებობს ვაქცინა და ანტივირუსული პრეპარატები, რის ფონზეც “კოვიდ 19” აღარ არის ისეთი საშიში, როგორიც იყო რამდენიმე წლის წინ. ხოლო ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ახალ განცხადებას ავრცელებს - მისი თქმით, ჩვენ მოგვიწევს აღნიშნულ ინფექციასთან ერთად ცხოვრება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორი იქნება თანაცხოვრება კოვიდთან - “მიდის მუშაობა უფრო სრულყოფილი ვაქცინის შესაქმნელად, რომელსაც ექნება ხანგრძლივი დაცვა”.

“ფაქტია, რომ მოგვიწევს კოვიდთან თანაცხოვრება რადგან არსად გაქრება ვირუსი, როგორც არსებობს მაგალითად, გრიპის ვირუსი და პერიოდულად აქვს მცირე აფეთქებები, ისე იქნება “კოვიდ -19”- იც. რაც შეეხება პრევენციას, ამისთვის ერთადერთი ეფექტური საშუალება ჯერჯერობით ვაქცინაა. ვაქცინა უზრუნველჰყოფს დაავადების მძიმე მიმდინარეობის შემსუბუქებას და ამცირებს დაინფიცირების რისკებს. ამას გარდა, უკვე მიდის მუშაობა სამომავლოდ შეიქმნას უფრო სრულყოფილი ვაქცინა, რომელსაც ექნება ხანგრძლივი დამცველობითი იმუნიტეტი. ამიტომ, ყველაზე კარგი საშუალება არის ვაქცინაცია. ამასთან, არსებობს ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც შესაძლებელია მივიღოთ მაშინ, თუ დაგვემართება ვირუსი. ისინი უზრუნველყოფენ, რომ დაავადება გადავიტანოთ შედარებით მსუბუქად, ამცირებენ მძიმე მიმდინარეობას და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას. აქედან გამომდინარე, გვაქვს ვაქცინა და იგეგმება უფრო ეფექტურის შექმნაც, ასევე გვაქვს ანტივირუსული პრეპარატები, რაც ნიშნავს იმას, რომ კოვიდი დღეს აღარ არის ისეთი საშიში როგორიც მისი გამოჩენის პერიოდში. პანდემია მაინც მიდის დასრულებისკენ, თუმცა, ამას დასჭირდება დრო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“რაც შეეხება პრეპარატ პაქსლოვიდს, ეს ის ერთ-ერთი პრეპარატია, რომელიც წეღან ვახსენე. ანტივირუსული მედიკამენტი რომელიც ინიშნება დაავადების დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში. მისი გამოყენება უნდა მოხდეს ძირითადად რისკჯგუფებში და ადამიანებში ვისაც აქვს დაავადების მძიმე მიმდინარეობა. პრეპარატის დანიშვნა ხდება მას შემდეგ რაც ოჯახის ექიმი შეაფასებს რამდენად არსებობს საჭიროება მისი გამოყენების, იმიტომ, რომ როგორც სხვა ყველა პრეპარატს მასაც აქვს გვერდითი მოვლენები. პაქსლოვიდი არ გამოიყენება გარკვეული დაავადებების დროს, არ ინიშნება ცალკეულ პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში და ა.შ. ამიტომ პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, რომელსაც აქვს ამ პრეპარატის დანიშვნის პროტოკოლი. გარდა ამისა, რაც შეეხება პრეპარატის ხელმისაწვდომობას, ის არის მხოლოდ საავადმყოფოებში და მისი აფთიაქებში გაყიდვის საკითხზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი”, - დასძენს გოგინავა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ შიშით ყველა სურდოიანი ადამიანის დათვლას ვერ დავიწყებთ. მთავარია, რომ შევამციროთ მძიმე დაავადების და შესაბამისად ჰოსპიტალური დატვირთვის რისკი. გვაქვს ძალიან კარგი ვაქცინები, რომლებიც მძიმე დაავადებისგან იცავს ადამიანს. გვაქვს რამდენიმე პრეპარატი მათ შორის ერთი პრეჰოსპიტალურად, 2 ჰოსპიტალში გამოსაყენებლად. ასე ადაპტაციის მაქსიმალური შესაძლებლობებით მოგვიწევს ჩვენ თანაცხოვრება ამ ინფექციასთან ერთად” - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიძინა კულუმბეგოვი.

ქვეყანაში ცუდი ტენდენციაა - უმუშევართა კატეგორია დასაქმებაზე უარს აცხადებს!

“საქართველოში სამუშაო ადგილებსა და დასაქმებაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მცირდება. ვაკანსიების რაოდენობა მატულობს, თუმცა სამსახურის მაძიებლები პასიურობენ და არ ცდილობენ დასაქმებას. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია მიზეზები, თუ რატომ არ სურთ მოქალაქეებს მუშაობა და როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა, რადგან თუკი საქართველოს მოქალაქეები არ დასაქმდებიან, ბიზნესი იძულებული გადება, ისინი უცხოელი მუშახელით ჩაანაცვლოს, რაც დემოგრაფიულ სურათზეც უარყოფითად აისახება. ქვეყანაში ადამიანები მუდმივად წუწუნებენ იმის შესახებ, რომ საკმარისი რაოდენობით არ არის ვაკანსიები და უჭირთ დასაქმება, არადა, ბიზნესი ახალ კადრებს ითხოვს, რაზეც მეტყველებს გამოქვეყნებული შეთავაზებების რაოდენობა, თუმცა აშკარაა, რომ ვაკანსიები სამუშაოს მაძიებელთათვის მისაღები არ არის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქვეყანაში ცუდი ტენდენციაა - უმუშევართა კატეგორია დასაქმებაზე უარს აცხადებს! / “შეიძლება რთულია 1000 ლარზე მუშაობა, მაგრამ სახლში ჯდომას ხომ სჯობს...”

“ამის დასტურია, HR.GE-ს რეგიონული მენეჯერის, ინგა შახბაზიანის განცხადება. როგორც ის აღნიშნავს, სამსახურის მაძიებლები დიდ ინიციატივას არ იჩენენ, რაც, სავარაუდოდ, ზაფხულის სეზონს უკავშირდება. როგორც წესი, დასაქმების მსურველთა უმრავლესობას ახალი სამსახურის დაწყება სექტემბრიდან ურჩევნია. “ვაკანსიების რაოდენობა სტაბილურია, თუმცა სამსახურის მაძიებლები პასიურობენ. ახლა ზაფხულია, ალბათ, ურჩევნიათ სექტემბრიდან დასაქმდნენ. შეთავაზებებში პირველ ადგილზე ისევ გაყიდვებია - 23%-ით; მეორეზე ამოიწია ჰორეკა სექტორმა (16%), შემდეგ მოდის ბუღალტერია-ფინანსები _ 11%; სამედიცინო სფერო - 9%; კომპიუტერული მიმართულება - 7%. კადრებს არა მხოლოდ ქართული, არამედ ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანიაც ეძებს, რომლებსაც ადამიანების დისტანციურად დასაქმება სურთ”, - თქვა შახბაზიანმა. ქვეყანაში დასაქმება ყველა დროის მოუგვარებელი პრობლემაა, უკვე მრავალი წელია, დასაქმების მაჩვენებელი ვერ უმჯობესდება, ამაზე მიმდინარე გარემოებებიც მოქმედებს. ადამიანებს სამსახურის მოძებნა სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირთ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ გარკვეული ტიპის ვაკანსიები მაინც არის. სოციოლოგ პაატა აროშიძის აზრით, ხალხის პასიურობაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საზოგადოებას რომ დასაქმების სურვილი არ აქვს, შესაძლოა, განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, ერთ-ერთია სათანადო ანაზღაურება. ადამიანი, რომელიც სამუშაოს მაძიებელია და ფიქრობს დასაქმებაზე, მაგრამ არ სთავასობენ მის კვალიფიკაციასთან შესაბამის ანაზღაურებას, რა თქმა უნდა, არ დათანხმდება; მეორე მიზეზია ის, რომ, ხშირ შემთხვევაში, ადამიანი საკუთარი სპეციალობით ვერ ნახულობს სამუშაო ადგილს და შეიძლება მათთვის არ იყოს პროფესიის გამოცვლა მისაღები, მიუღებელი იყოს სხვა მიმართულებაზე გადართვა; მესამე მიზეზი ის არის, რომ უფრთხიან იმ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც მათ დაეკისრებათ ახალ სამუშაო ადგილზე, ამაზე სოციალური ვითარებაც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ განსაზღვრა გარკვეული მიმართულებები სოცდაუცველი მოქალაქეებისთვის, ბევრმა დასაქმების სურვილი არც კი გამოთქვა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა აროშიძე.

“გამოდის, რომ დასაქმების ადგილი თითქოს, თეორიულად არსებობს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც უნდა დასაქმდნენ, თავს იკავებენ კონკრეტული შეთავაზებებისგან, რაც უფრო მეტად სოციალური პრობლემაა. შესაბამისი ანაზღაურებისა და პირობების შემთხვევაში მოქალაქეები მუშაობაზე უარს აღარ იტყვიან. მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, დამსაქმებლებმა ისეთი ხელფასი უნდა შესთავაზონ მსურველს, რაც დასაქმებულის შრომისა და ენერგიის ადეკვატური იქნება და ადამიანი ამაზე უარს აღარ იტყვის”, - დაასკვნის აროშიძე.

“იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს მუშახელი არ ეყოლება და ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებაზე უარს იტყვის, დღის წესრიგში შესაძლოა, უცხოელი მუშახელის შემოყვანა დადგეს, რაც დროთა განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემად იქცევა. დემოგრაფ ანზორ თოთაძეს მიაჩნია, რომ თუკი ქვეყანაში არსებობს სამსახურები, მოქალაქები უნდა დასაქმდნენ, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეებით მათ ჩანაცვლებას ნეგატიური ეფექტი მოჰყვება. “ადამიანები იძახიან, რომ სამსახურები არ აქვთ და არიან უმუშევრები, არადა, ამ დროს მოთხოვნა არის, თუმცა არ მუშაობენ. ეს ხდება იმიტომ, რომ არის საზოგადოების კატეგორია, ვისაც ურჩევნია, ტყუილად იყოს და არ მიიღოს დაბალი ხელფასი. ეს არ შეიძლება. ერთხელაც იქნება, ბიზნესი უცხოელებს დაასაქმებს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეები მასობრივად შემოვლენ, ძალიან ცუდი იქნება”, - თქვა თოთაძემ, რომლის აზრით, “საქართველო პატარა ქვეყანაა, ისედაც ბევრია უცხოელი, ეს პირდაპირ დემოგრაფიულ სიკვდილს ნიშნავს და ადგილობრივ მოსახლეობაზე ძალიან ცუდად აისახება” - დასძენს გამოცემა.

“დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონიასაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში მუშახელის ნაკლებობაა, არავის სურს დასაქმება, ბიზნესი კი მუდმივად ითხოვს კადრებს. “კვირა არ გავა, რომ ბიზნესიდან არ იყოს მოთხოვნა თანამშრომლებზე. გარანტირებულად 100%-ს ვასაქმებთ და ჩვენს სექტორში ხელფასები იწყება 1000 ლარიდან და 5000 ლარამდეც კი ადის. მესმის ისიც, რომ რთულია 1000 ლარზე მუშაობა, მაგრამ სახლში ჯდომას ხომ სჯობს. პირველ ეტაპზე საკმაოდ დიდი იყო დაინტერესება, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო იკლო. ბოლო ჯგუფში 10 ადამიანის შეკრება გაგვიჭირდა. ძალიან მაღალია წევრი ასოციაციის კომპანიებიდან მოთხოვნა, თანამშრომლების სერიოზული დეფიციტია. ყველას მოვუწოდებ, აჯობებს, საქართველოში დარჩნენ, აქ იმუშაონ, გაცილებით მეტი პერსპექტივა ექნებათ, ვიდრე სადღაც გაიქცნენ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა, რუსეთის აგრესიის გამო, ევროპის ქვეყნებს ბევრი მიაწყდა”, - მიიჩნევს ჭყონია, რომლის თქმით, მაგალითად, ქართველებს, რომლებიც განსაკუთრებით პოლონეთში იყვნენ წასული, უკან დაბრუნება მოუწიათ”, - წერს სტატიის ავტორი.