მარნეულის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, შამქირის რაიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მარნეულის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, შამქირის რაიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს ხელი, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და შამქირის რაიონის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა, რაშად ტაგიევმა მოაწერეს.
„აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის დელეგაცია სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მუნიციპალიტეტებს შორის კიდევ უფრო მეტად გაამყარებს მეგობრობასა და თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს დაძმობილებულ ქალაქებს შორის არსებული ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას და სექტორული კავშირების გაფართოებას.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, რუსთავის საკრებულოს წევრი მამუკა ხელაია და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, მიხეილ ღუწკაია.
ქართული დელეგაციის წევრები, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვსა და დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტს შეხვდნენ. მოინახულეს „მარადიული ჩირაღდნის“ ძეგლი და შეჰიდთა ხეივანში საფლავებს პატივი მიაგეს.
საქართველოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტს 15 ივლისს დაასრულებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























