Enterprise Armenia-ს აღმასრულებელი დირექტორი - ჩვენი მისიაა დავიცვათ ინვესტორები, წარმოვადგინოთ სომხეთი საერთაშორისო პლატფორმებზე და მოვიზიდოთ ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

Enterprise Armenia სომხეთის ინვესტიციების ხელშეწყობის ეროვნული სააგენტოა. მისი მისიაა დაიცვას უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები, წარმოადგინოს სომხეთი საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულება.

რატომ არის სომხეთი მიმზიდველი მიმართულება ინვესტორებისთვის, როგორ იცავს ორგანიზაცია ინვესტორებს, რომლებმაც სომხეთში საქმე წამოიწყეს და რა პოტენციალი არსებობს სომხეთსა და საქართველოს შორის საინვესტიციო კუთხით, ამ საკითხებზე Enterprise Armenia-ს აღმასრულებელი დირექტორი ლევონ ოჰანესიანი „ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა.

- მინდა გთხოვოთ, მეტი გვითხრათ Enterprise Armenia-ს შესახებ - რა არის თქვენი მისია და აქტიურობის მიმართულებები, როგორ ეხმარება ის ბიზნესებსა და კერძო პირებს სომხეთში ინვესტირებაში ?

- Enterprise Armenia არის სომხეთის ინვესტიციების ხელშეწყობის ეროვნული სააგენტო, რომელიც შეიქმნა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ. ჩვენი მისიაა დავიცვათ უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები, წარმოვადგინოთ სომხეთი საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულება და მივიზიდოთ ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე ხელი შევუწყოთ რეინვესტირებას. Enterprise Armenia-ს საბჭოს თავმჯდომარე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრია.

ჩვენ სამი ძირითადი მიზანი გვაქვს: პირველი არის უცხოური და ადგილობრივი ინვესტორების მხარდაჭერა და დახმარების გაწევა ინვესტირების პროცესის ყველა საფეხურზე. ინვესტორები გვიკავშირდებიან სხვადასხვა არხებით და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მათი საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ, რა სახის დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ პროექტის შეუფერხებელი იმპლემენტაციის ხელშეწყობისთვის და ინვესტორს გავუწიოთ ყოვლისმომცველი კონსულტაცია თუ რა სახის სტიმულების მიღება შეუძლიათ მათ.

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლია, უზრუნველვყოთ ეფექტური კომუნიკაცია ინვესტორებსა და საჯარო სექტორს შორის, რაც მნიშვნელოვნად აისახება ინვესტორების კმაყოფილებაზე.

Enterprise Armenia-ის მეორე მიზანი, რომელიც შეიქმნა პანდემიით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ, არის ინვესტორებზე შემდგომი ზრუნვა. ეს დახმარება ვრცელდება უცხოური კაპიტალის მქონე კომპანიების ან სომხეთში უკვე მოქმედი ძირითადი საერთაშორისო ბრენდების მიმართ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინვესტორებზე შემდგომ ზრუნვაში არის პროაქტიული ურთიერთქმედება უცხოელ ინვესტორებთან.

კომპანიების გამოვლენისა და მათთან დაკავშირების შემდეგ, ვუსვამთ სამ ძირითად კითხვას ინვესტორებთან შეხვედრის მიმდინარეობისას: რა გადაუდებელი პრობლემების წინაშე დგანან ახლა? რა ინსტიტუციურ პრობლემებს აწყდებიან სომხეთის სამართლებრივ სფეროში? აქვთ თუ არა გეგმები ახალ ინვესტიციებთან დაკავშირებით? ეს ინფორმაცია გამოკვეთს მათზე მორგებული დახმარების ძირითად მიმართულებებს, რომელსაც ჩვენ შემდგომ ვუწევთ თითოეულ ინვესტორს. საერთო მიზანია ინვესტორთა კმაყოფილების მნიშვნელოვნად გაზრდა და ყველა საჭირო წინაპირობის შექმნა უცხოური კომპანიებისთვის, რათა მათ სომხეთში რეინვესტირების შესაძლებლობა განიხილონ. პოლიტიკის ადვოკატირების ფუნქციის მეშვეობით ხდება ამ კომპანიების მხრიდან ინსტიტუციური უკმაყოფილების მიზეზების შეგროვება და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის საინვესტიციო კლიმატის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით წარდგენა.

Enterprise Armenia-ის მესამე და ყველაზე მრავალგანზომილებიანი მიზანი არის ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

ეს არის რთული და შრომატევადი პროცესი, რომელიც მოითხოვს ინსტრუმენტთა შესაბამის სპექტრს. სომხეთში ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების უზრუნველსაყოფად, ჩვენ განვიხილავთ ინვესტიციების ხელშეწყობის მეთოდებისა და ინსტრუმენტების საუკეთესო პრაქტიკას, რომლებიც ფართოდ გამოიყენება IPA-ების მიერ მთელ მსოფლიოში.

პირველ რიგში, ის აყალიბებს ინსტიტუციონალურ ინფრასტრუქტურას საზღვარგარეთ, რომელიც მოიცავს დიპლომატიურ კორპუსს, როგორც სომხეთის საელჩოებს საზღვარგარეთ, ასევე უცხო ქვეყნების საელჩოებს სომხეთში. ხშირად, პირველი ინსტიტუტი, რომელსაც პოტენციური ინვესტორი უკავშირდება, არის იმ ქვეყნის საელჩო, რომელშიც ინვესტირებითაც არიან დაინტერესებულები, ან საკუთარი ქვეყნის საელჩო საზღვარგარეთ.

საელჩოებთან კავშირებისა და პარტნიორობის დამყარებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ადგილობრივ და საერთაშორისო დიპლომატიურ მისიებს სრული ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენი ორგანიზაციის, მისი მისიების, სერვისების შესახებ და გადმოამისამართონ ინვესტორები Enterprise Armenia-ს შესაბამისი სერვისებისთვის.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა თანამშრომლობა მსგავს უცხოელ კოლეგებთან, IPA-ებთან და ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან, სავაჭრო პალატებთან. ჩვენ ახლა ოფიციალურად ვთანამშრომლობთ 16 ქვეყნის, დაახლოებით, 30 სპეციალიზებულ ორგანიზაციასთან. ასეთი თანამშრომლობა აუცილებელია ორმხრივი ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის ორმხრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი არის სომხური დიასპორის მხარდაჭერა. ამჟამად Enterprise Armenia-ს ჰყავს 13 წარმომადგენელი, რომლებიც მოხალისეობრივად მუშაობენ 9 ქვეყანაში. როგორც კარგად ჩამოყალიბებული ბიზნესმენები, ფართო ქსელებით თავიანთ საცხოვრებელ ქვეყნებში, Enterprise Armenia-ის წარმომადგენლები დიდ ძალისხმევას დებენ ჩვენს პოტენციურ ინვესტორებთან დასაკავშირებლად.

და ბოლოს, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, ციფრული მარკეტინგი, სარეკლამო მასალები და ბუკლეტები სომხეთის საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით და ეკონომიკური სექტორი რჩება ეფექტურ გზად სომხეთის მიმზიდველობის შემდგომი წარმოჩენისთვის უცხოელ ინვესტორებში.

- რა არის ეკონომიკის მიმზიდველი სექტორები სომხეთში ინვესტიციებისთვის?

- სომხეთის ინვესტიციებისთვის მიმზიდველ სექტორებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა ახლა არის ეკონომიკის ტრადიციული სექტორების მოდერნიზაციის გზაზე და ხელს უწყობს ტექნოლოგიის სექტორს, სადაც ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი, გავხდეთ რეგიონული ინოვაციების ცენტრი.

პირველი მნიშვნელოვანი სექტორი, მაღალი პოტენციალით, არის ჭკვიანი სოფლის მეურნეობა. სომხეთი გამოირჩევა უნიკალური კლიმატური პირობებითა და უზარმაზარი ბუნებრივი რესურსებით, რაც ქვეყანას მომგებიან სასოფლო-სამეურნეო მიმართულებად აქცევს. ამავდროულად, სექტორი აქტიურად მოდერნიზდება. სახელმწიფოს პოლიტიკა და ათობით მხარდამჭერი დაფინანსების და სუბსიდირების პროგრამა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სექტორს, რაც საშუალებას აძლევს სექტორში მეტი ინვესტიციების განხორციელებას.

სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პერსპექტიული სფეროა საკვების გადამუშავება. ახლა ჩვენ ვხედავთ ღვინის ინდუსტრიის აღორძინებას და სომხური ჩამოსხმული წყლისა და სასმელების საზღვარგარეთ გაფართოებას.

ტექსტილისა და ტანსაცმლის ინდუსტრია, ასევე, სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ინვესტორებისთვის, ჩვენ უკვე გვყავს ცნობილი ბრენდები, რომელთა პროდუქციის აუთსორსინგიც სომხეთში ხდება.

მაღალ რენტაბელური და დაბალი შემოსავლის მქონე პოტენციური სამუშაოს კანდიდატების ბაზის მიუხედავად, სომხური ტანსაცმლის ინდუსტრია გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით პასუხისმგებლიან ბიზნესის წარმოებაში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა დიდი საერთაშორისო კორპორაციების მაღალი მოთხოვნისთვის.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის წარმოების დარგების მიმზიდველობა ძირითადად განპირობებულია დიდი საექსპორტო ბაზრების ხელმისაწვდომობით.

თავად სომხეთის შიდა ბაზარი ვერ აკმაყოფილებს მასშტაბური ინვესტორის მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, ქვეყნის წვდომა დიდ საექსპორტო ბაზრებზე შეღავათიანი პირობებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

იგი მოიცავს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზრებს და შეღავათიან წვდომას ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, კანადა, იაპონია, შვეიცარია და ნორვეგია. აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის სახელმწიფო პოლიტიკის წყალობით, დღესდღეობით ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრები, ასევე, ხდება სომხური პროდუქციის მნიშვნელოვანი საექსპორტო მიმართულებები.

ტურიზმი და სტუმართმოყვარეობა არის კიდევ ერთი მიმართულება, სადაც ინვესტიციების განხორციელების განხილვა შეიძლება. თავისი უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობით, თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურითა და მრავალფეროვანი გამოცდილებით განთქმული სომხეთი ყოველწლიურად იზიდავს ტურისტების მზარდ რაოდენობას. ეს ქმნის უამრავ უპირატესობას ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სტუმართმოყვარეობის სფეროში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად.

და ბოლოს, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორი ყვავის სომხეთში. გასაკვირი არ არის, რომ სომხეთს მაღალი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი ორგანიზაციები ტექნოლოგიურ ჰაბს უწოდებენ. ამის ერთ-ერთი განმაპირობებელია მსოფლიოში აღიარებული ტექნოლოგიური გიგანტების არსებობა ქვეყანაში. 2018-2020 წლებში სექტორის წილი ქვეყნის მშპ-ში 19%-ით გაიზარდა. მხარდამჭერი მარეგულირებელი ლანდშაფტი, საგადასახადო შეღავათები IT სტარტაპებისთვის სექტორის მიმზიდველობას კიდევ უფრო ზრდის. მაგრამ რაც მთავარია, მსოფლიო ლიდერებმა IT დისციპლინებში აირჩიეს სომხეთი, როგორც ახალი მიმართულება ბიზნესის გაფართოებისა და აქ ქვეყნის ოფისების გახსნისთვის. ერთ-ერთი უახლესი მაგალითია NVIDIA-ს R&D ცენტრის დაარსება ერევანში.

- შეგიძლიათ გვითხრათ, რა პრიორიტეტები ახლავს სომხეთში ინვესტირებას და რა ბენეფიტებით სარგებლობენ ინვესტორები - ძალიან კონკრეტულად რომ გკითხოთ, განგვიმარტეთ, რატომ უნდა ჩადოს ვინმემ ინვესტიცია სწორედ თქვენს ქვეყანაში ?

- სამი საკვანძო ასპექტია, როდესაც უცხოელი ინვესტორებისთვის სომხეთის უპირატესობებზე ვსაუბრობთ. პირველ რიგში, არის ქვეყნის ადამიანური კაპიტალი, რაც სომხეთს უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის. კვალიფიციური, განათლებული და ანაზღაურების მხრივ ეფექტური ჩვენი ხალხი მაღალი ღირებულების მატარებელია დიდი საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც სომხეთში ოპერირებენ. ახალგაზრდები ადვილად ადაპტირდებიან მულტიეროვნულ ორგანიზაციებში რამდენიმე უცხო ენის ცოდნის წყალობით.

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის სომხეთის ხელსაყრელი ბიზნესგარემო, გამარტივებული პროცედურები, ხელისუფლების მიერ გაცხადებული და რეალურად დანერგილი ღია კარის პოლიტიკა უცხოელი ინვესტორების მიმართ. ქვეყნის ღია კარის პოლიტიკა, ასევე, ასახულია საერთაშორისო რეიტინგებში: სომხეთი მოხვდა ყველაზე ღია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წესების მქონე ქვეყნების ათეულში, ჩვენ ვართ 58-ე ადგილას 177 ქვეყანას შორის მემკვიდრეობის ფონდის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით. ფისკალური და ფინანსური სტიმულების ყოვლისმომცველი სისტემა და სხვადასხვა თავისუფალი ეკონომიკური ზონები ქმნის მყარ ნიადაგს და დამატებით შესაძლებლობებს სომხეთში წარმატებული ბიზნესის წარმოებისთვის.

მესამე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ სომხეთში ინვესტირების შესაძლებლობის განხილვისას არის ქვეყნის წვდომა დიდ საექსპორტო ბაზრებზე შეღავათიანი პირობებით. ქვეყნის დივერსიფიცირებული ეკონომიკური ურთიერთობების წყალობით, სომხეთის პროდუქციის ექსპორტი შესაძლებელია 1 მილიარდი ადამიანის სამომხმარებლო ბაზარზე 0%-ით ან შემცირებული საბაჟო გადასახადით.

- როგორ იცავთ პირებს, რომლებიც გადაწყვეტენ ინვესტირებას სომხეთში?

- სომხეთის კონსტიტუცია იცავს საკუთრების ყველა ფორმას და აცხადებს, რომ ყველას აქვს უფლება ჰქონდეს, გამოიყენოს და განკარგოს, მისი შეხედულებისამებრ, კანონიერად შეძენილი ქონება. კანონი უცხოური ინვესტიციების შესახებ განსაზღვრავს იმ პირობებს, რომლითაც დაშვებულია უცხოური ინვესტიციები. მისი დებულებების თანახმად, უცხოური ინვესტიციების მქონე საწარმოებს შეუძლიათ, განახორციელონ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებს, არ არის შეზღუდული ან აკრძალული სომხეთის კანონმდებლობით ან ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებით. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა არ აწესებს რაიმე სახის შემოწმებას უცხოურ ინვესტიციებზე ეროვნული ეკონომიკის არცერთ სექტორში. უცხოური ინვესტიციების შესახებ კანონში წერია, რომ გარკვეული ეკონომიკური საქმიანობა უცხოური ინვესტიციების მქონე საწარმოებმა შეიძლება განახორციელონ მხოლოდ ლიცენზიის მიღების შემდეგ. კანონმდებლობა ინვესტორებს ანიჭებს დაცვის მაღალ სტანდარტებს და გარანტიებს. უცხოური ინვესტიციების შესახებ კანონი უცხოელ ინვესტორებს ეროვნულ რეჟიმს ანიჭებს, რაც ითვალისწინებს იმას, რომ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეჟიმი და მათი განხორციელების მეთოდები არ შეიძლება იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე რეჟიმი, რომელიც მართავს სომხეთის მოქალაქეების, იურიდიული პირებისა და არაკოოპერატიული საწარმოების საკუთრებას, ქონებრივ უფლებებსა და საინვესტიციო საქმიანობას. არ არსებობს დისკრიმინაციული მოთხოვნები საქონლისა და მომსახურების წარმოებაში ადგილობრივი დასაქმების ან შიდა კონტენტის გამოყენებასთან დაკავშირებით. კანონის სტაბილურობის პუნქტი ავალდებულებს, რომ „უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელ კანონმდებლობაში“ ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ინვესტიციების განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობა გაგრძელდეს 5 წლის ვადით. აკრძალულია უცხოური ინვესტიციების კონფისკაცია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. უცხოური ინვესტიციები დაცულია ნაციონალიზაციისგან და სახელმწიფო ორგანოებს არ შეუძლიათ უცხოური ინვესტიციების თვითნებურად ექსპროპრიაცია. უცხოური ინვესტიციების შესახებ კანონის თანახმად, ექსპროპრიაცია დასაშვებია მხოლოდ, როგორც უკიდურესი საშუალება საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, რომელიც გამოიყენება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ნებისმიერი მატერიალური და მორალური ზიანისთვის, მათ შორის, დაკარგული მოგების ჩათვლით, უნდა მოხდეს სწრაფი კომპენსაცია მიმდინარე საბაზრო ფასებში ან დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ განსაზღვრულ ფასებში.

კანონი ავალდებულებს, რომ კომპენსაცია უნდა გადაიხადოს ან ინვესტირებულ ვალუტაში, ან მხარეთა მიერ შეთანხმებულ სხვა ვალუტაში, მათ შორის, ნებისმიერი პროცენტის ჩათვლით, რომელიც გამოითვლება მიმდინარე განაკვეთებით სომხეთის სასესხო ბაზარზე დაფუძნებული სადეპოზიტო ანგარიშებისთვის. უცხოური ინვესტიციების შესახებ კანონს აქვს დებულებები უცხოელი ინვესტორის მოგებისა და ინვესტიციებთან დაკავშირებული სხვა კაპიტალის განკარგვის შესახებ. შესაბამისად, ინვესტორებს უფლება აქვთ თავისუფლად განკარგონ ინვესტიციები გადასახადებისა და სხვა მოსაკრებლების გადახდის შემდეგ.

რაც შეეხება ინვესტორ-სახელმწიფოს დავის გადაწყვეტას (ISDS), ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომია ეროვნული და საერთაშორისო არბიტრაჟი. კანონი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინვესტორებს უზრუნველყოფს ISDS-ზე წვდომას შიდა სასამართლოებში საჩივრების წარდგენის გზით. საერთაშორისო არბიტრაჟი ასევე შესაძლებელია იმ შემთხვევებში, როდესაც ინვესტიციები დაცულია საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებებით. სომხეთი არის საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის (ICSID) კონვენციის მონაწილე მხარე და რატიფიცირებული აქვს გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ.

სომხეთმა დადო 43 ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება. სომხეთის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებების, დაახლოებით, ნახევარი გაფორმდა განვითარებულ ქვეყნებთან, ხოლო მეორე ნახევარი გაყოფილი იყო განვითარებად ქვეყნებსა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, სომხეთი არის შვიდი ხელშეკრულების მხარე საინვესტიციო დებულებებით (TIPs) და ორი რეგიონალური TIP-ის - ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესახებ ხელშეკრულება და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კონვენცია ინვესტორების უფლებების დაცვის შესახებ. სომხეთი, ასევე, არის ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ინვესტორების დეტალურ დაცვას და ISDS-ზე წვდომას.

- რა პოტენციალი არსებობს ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის კუთხით?

- ისტორიულად სომხეთსა და საქართველოს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ როგორც პოლიტიკურ ისე ეკონომიკურ დონეზე. უკანასკნელ წლებში ჩვენ დავინახეთ კონკრეტული ნაბიჯები სავაჭრო ურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის და დღეს მნიშვნელოვანი პოტენციალია ამისთვის.

ამ პროცესში ჩვენი ორგანიზაციის წვლილზე საუბრისას, მინდა ხაზი გავუსვა Enterprise Armenia-სა და საქართველოს საინვესტიციო ხელშეწყობის სააგენტოს, Enterprise Georgia-ს მჭიდრო თანამშრომლობას.

2021 წელს ჩვენმა ორგანიზაციებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლითაც დავადასტურეთ ჩვენი განზრახვა, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს დაინტერესებული მხარეებისთვის ბიზნეს გადაწყვეტილებების მიწოდებაში, სომხეთსა და საქართველოში საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობაში და ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო ძლიერი საქმიანი ურთიერთობების განვითარების პრაქტიკული ჩარჩოს ჩამოყალიბებაში. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ორი ეროვნული IPA-ის ძალისხმევით ჩვენ ხელს შევუწყობთ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს სომხეთსა და საქართველოს შორის და დავეხმარებით ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის უკეთ რეალიზებას. თანამშრომლობის ეს ჩარჩო სომხეთსა და საქართველოს ინსტიტუციურ დონეზე აძლევს რამდენიმე შესაძლებლობას, გააფართოონ ეკონომიკური ურთიერთობები, ხელი შეუწყონ ინვესტიციებს და გაუწიონ მიზნობრივი მხარდაჭერა ორივე მხარის ინვესტორებისთვის.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს