ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2022

გიორგი კობერიძე - “არავინ ამბობს, რომ დასავლეთის კრიტიკა არ შეიძლება, მაგრამ”...
რატომ გადავადდა გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე
დავით უსუფაშვილი - “ჟონგლიორობასა და უპასუხისმგებლობაში “ოცნებას” არ ავყვებით”
ახალი შორსმსროლელი შეიარაღება უკრაინას - რა ცვლილებებია მოსალოდნელი ფრონტის ხაზზე
რუსეთმა ბიჭვინთა იჩუქა?..
* * *
გიორგი კობერიძე - “არავინ ამბობს, რომ დასავლეთის კრიტიკა არ შეიძლება, მაგრამ”...
“უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ამ 12 პუნქტში უაღრესად ფუნდამენტურ ცვლილებებზეა ლაპარაკი, მაგრამ ეს ვალდებულებები საქართველოს აქამდეც ჰქონდა ნაკისრი, შესაბამისად, მისი შესრულების აუცილებლობა ხელისუფლებას ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულების ხელის მოწერისას უნდა გაეაზრებინა. ეს არის პროცესი, როდესაც საქართველო თავისი მოსახლეობით, პოლიტიკური ელიტით, ეკონომიკითა თუ სოციალური გარემოთი უნდა დაუახლოვდეს და გაუთანაბრდეს ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, ამ პროცესის გაუაზრებლობა ამდენ ხანს და თითქოს დღეს აღმოჩენა, რომ თურმე საარჩევნო გარემოა შესაცვლელი, სასამართლო რეფორმა გასატარებელი და ასე შემდეგ, არასერიოზულია. ეს აჩვენებს ხელისუფლების დილეტანტობას, მოუმზადებლობას ან რეფორმების გასატარებლად ნების უქონლობას”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არავინ ამბობს, რომ დასავლეთის კრიტიკა არ შეიძლება, მაგრამ”...
“ყველაფერი: ხელმოწერილი ხელშეკრულების შეუსრულებლობა, ვერბალური დაპირისპირება დასავლეთთან თუ ბრალდებები ქმნის დაპირისპირების უზარმაზარ დიაპაზონს საქართველოსა და მის მოკავშირეებს შორის. ამ ყველაფრისგან ძალიან საეჭვოა ევროკავშირი დაზარალდეს, მაგრამ აუცილებლად დაზარალდება საქართველო, რომელსაც გარდა იმისა, რომ ვალდებულებები აქვს ნაკისრი, ამასთანავე, ათობით მილიონი დახმარება გამოეყოფა ევროკავშირისგან არა მარტო რეფორმების გასატარებლად, არამედ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. სულ მარტივი მაგალითი გავიხსენოთ: დღეს თბილისში ავტობუსები რომ დადის, ესეც ევროკავშირის დახმარების შედეგია. თუ დახმარება საქართველოს შეუწყვიტეს, ეს აისახება უპირველესად რიგით მოქალაქეებზე და იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი არა მარტო პოლიტიკური ელიტისთვის, არამედ რიგითი მოქალაქეების ცხოვრებისთვისაც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ გაიაზროს ამ პროცესების მნიშვნელობა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.
“სხვათა შორის, ევროკავშირის წარმომადგენლობამაც გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, თუ მათი ცხოვრებისთვის რა დიდი მნიშვნელობა აქვს რეფორმების გატარებას. ეს არის არა მარტო შანსი ევროკავშირთან დასაახლოებლად, არამედ უპირველესად იმიტომ არის აუცილებლად გასატარებელი, რომ ქვეყნის განვითარებასა და ხალხის უკეთესად ცხოვრებას სჭირდება, შეუსრულებლობა კი დააზიანებს საქართველოსა და მის მოქალაქეებს. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეს აქვს განცდა იმისა, რომ არსებული პოლიტიკური ჯგუფები ვერ შეძლებენ რეალურ ცვლილებებს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში იყო რეფორმების გატარების შესაძლებლობა, მაგრამ ამის ნაცვლად ყოველწლიურად უკან და უკან ვიხევდით. ბოლო სამი წელია დემოკრატიის ინდექსშიც კი გაუარესებულია ჩვენი პოზიცია. ეს არის სწორედ ის ჩიხი, რაშიც ქვეყანაა მოქცეული”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩიხიდან თავის დაღწევის რეალური გზა იქნებოდა ხელისუფლების არაკონფრონტაციული, მეტიც, შემრიგებლური პოლიტიკა არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებთან, არამედ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დროსაც. ყველა საწინააღმდეგო აზრის მქონე მოქალაქისთვის მტრის ძახილი არასწორია და უნდა დასრულდეს. არის მეორე ვარიანტიც - რიგგარეშე არჩევნები. როდესაც ხელისუფლება ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, ვერ ახერხებს გაატაროს რამდენიმე ფუნდამენტური რეფორმა და საქართველოს მოუტანოს ის სტატუსი, რომელიც შეიძლება ყველაზე მეტადაც კი გვეკუთვნოდა, უნდა დაფიქრდეს საკუთარ პასუხისმგებლობაზე. თუ 2014-2016 წლებში ყველაზე წინ ვიყავით, ახლა კი ყველაზე ბოლოში აღმოვჩნდით, ეს ხომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და თუ ასეა, მან პრობლემა უნდა ეძიოს საკუთარ თავში და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, რათა ხელახლა მოიპოვოს მანდატი. ჩემი აზრით, ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს იმის რესურსი, რომ პოლიტიკური ნება გამოიჩინოს, დასძლიოს პოლარიზაცია და შეცვალოს ვითარება, მაგრამ თუ თვითონ ამის შესაძლებლობას ვერ ხედავს, მაშინ უნდა დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები”, - მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
“სამწუხაროდ, ხელისუფლების დღევანდელი რიტორიკით ვერაფერი დაიძლევა. მეტიც, ეს ქვეყანას უფრო მეტად ითრევს ნიჰილიზმში, მალე აღარც მოსახლეობა იქნება აქტიური, აღარც ევროკავშირი და საბოლოოდ ის პოლიტიკური ჭაობი, რომელიც ნიჰილიზმს მოსდევს, აუცილებლად გააძლიერებს რუსულ ძალებს. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ეს ხელისუფლება საქართველოსი კი არა, საკუთარი თავის და კერძო ინტერესების ხელისუფლებაა. შესაბამისად, ის უმწიფარი ან მავნებელია, ან შესაძლებელია ორივე ერთადაც, რომლის წევრებსაც არა აქვთ გააზრებული, რომ არიან სახელმწიფოს მეთაურები და არა რომელიმე კერძო ორგანიზაციის, კომპანიის, კერძო პირის მენეჯერები. აი, ეს დამოკიდებულებაა ყველაზე დამღუპველი. რადგან ხელისუფლებას თავისი ფუნქცია არა აქვს გააზრებული, ყოველი მითითება, რჩევა, რომლებიც საქართველოსთვის სასიკეთოა, მათგან აღიქმება როგორც თავდასხმა პერსონალურ ინტერესებზე. მათ ჯერ კიდევ აქვთ შანსი, გაიაზრონ, რომ წარმოადგენენ სახელმწიფოს, მის ინტერესებს და არა ერთ კომპანიას”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე.
“არის კიდევ რამდენიმე საინტერესო ასპექტი, რომელიც მათი განცხადებების მიღმა შეგვიძლია ამოვიკითხოთ. მაგალითად ის, რომ პრორუსები კი არ არიან, არამედ ემსახურებიან ძალაუფლების გადარჩენის მიზანს. ასე ფიქრობენ, თუკი ხვალ ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება რუსეთი, აწყობთ რუსეთი, თუ აღმოაჩენენ, რომ ამაში ირანი ან ჩინეთი დაეხმარებიან, მაშინ ირანს ან ჩინეთს მიემხრობიან. მათთვის ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესი კი არ არის პრიორიტეტი, არამედ პიროვნულ-თანამდებობრივი. თუ ისინი სახელმწიფოს ინტერესით იმოქმედებდნენ, მათი საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯები თანამიმდევრული იქნებოდა. არავინ ამბობს, რომ დასავლეთის კრიტიკა და შენიშვნების გამოთქმა არ შეიძლება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ეს ცდება შენიშვნის ჩარჩოს და არის თავდასხმა ტყუილზე აგებული პროპაგანდით. პრობლემაა ისიც, რომ დასავლეთში ხელისუფლების არასწორ მოქმედებებს აქამდეც ხედავდნენ, მაგრამ თვალს ხუჭავდნენ. ახლა ხომ არ აღმოაჩინეს, რომ ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობა ყალიბდება, როცა ეს პროცესი სულ ცოტა 3 წელიწადია მიმდინარეობს”, - თვლის რესპონდენტი.
“ყველა არჩევნების შემდეგ ამბობდნენ, იყო დარღვევები, მაგრამ ისეთი არაფერი მომხდარა, რაც წინაზე არ ყოფილაო, არადა, ყოველი მომდევნო არჩევნები წინასთან შედარებით უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც ქვეყანას ავტოკრატიასთან აახლოებდა. ამანაც გაათამამა საქართველოს ხელისუფლება. დასავლეთის ახლა გააქტიურება, ვფიქრობ, დაგვიანებულია და ამასთან, არასათანადო მასშტაბი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო 2019 წლის 20 ივნისიდან იმყოფება პოლიტიკურ კრიზისში, რომლიდანაც არც საქართველოს ხელისუფლებას უცდია გამოსვლა და არც დასავლეთის ძალისხმევა აღმოჩნდა საკმარისი. შეიძლებოდა უფრო ხისტი და აქტიური გადაწყვეტილებების მიღება, რათა საქართველო ბელარუსიზაციის გზას არ დასდგომოდა. პრემიერ-მინისტრის ცდა, წერილით დაეცვა კერძო პირი, ბიზნესმენი, უკვე არის ოლიგარქიის მაჩვენებელი. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლებები, ქვეყნის მეთაურები არ იცავენ ბიზნესმენებს, მით უფრო ამხელა წერილებით, რომელშიც 40-ჯერ ახსენებენ ერთ გვარ-სახელს”, - განმარტავს საეთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
“მინდა კარგად გაიაზრონ ხელისუფლებამაც და მისმა მომხრეებმაც, დეოლიგარქიზაცია არ გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლას, მისთვის ქონების ჩამორთმევას და ასე შემდეგ, არა ბატონო, ეს არის ძალიან მარტივი პროცესი - როგორც კი საქართველოს ხელისუფლება იმუშავებს და ანგარიშვალდებულებას იგრძნობს არა ერთი პირის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, შეასრულებს ხალხის დაკვეთას და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეუდგება, დეოლიგარქიზაციაც მოხდება. მათ ამის პერსონალური შიში აქვთ და ეს არის პრობლემა. არადა, დეოლიგარქიზაცია მხოლოდ ის არის, რომ ჩრდილში მყოფი რეალური მმართველი ქვეყნის მართვას ჩამოშორდეს”, - ამტკიცებს კობერიძე და შეკითხვაზე - “ევროკომისიის პირობების შესრულებისთვის საქართველოს ვადა ერთ წლამდე გაუგრძელეს...” - პასუხობს:
“ისინი კარგად ხვდებიან, რომ რეფორმები, რომლებიც ხელისუფლებამ 10 წელში ვერ გაატარა, 6 თვეში ვერ მოესწრება. შესაბამისად, თითქმის უშანსოდ ვიყავით და აქედან გამომდინარე, ერთმა წელმა ლავირებისა და კონკრეტული მოქმედების უფრო დიდი საშუალება მოგვცა, რასაც, იმედია, გამოვიყენებთ. ხელისუფლების განცხადებები, არ მივალთ რიგგარეშე სხდომაზეო, მიანიშნებს, რომ მას საქართველოს ინსტიტუციების, მოსახლეობის, პოლიტიკური ძალების აზრი კი არ აინტერესებს, არამედ მხოლოდ მოჩვენებითი, წარმოსახვითი კომპრომისი. ჩემი აზრით, საეჭვოა, შედგეს რიგგარეშე სხდომა, არადა, ხელისუფლების ვალდებულებაა გამონახოს დათმობებისთვის გზა, ის კი ამის ნაცვლად კონფრონტაციას ცდილობს. არ არსებობს სამყაროში სახელმწიფო, რომელსაც ამგვარმა პოლიტიკამ სარგებელი მოუტანოს. ხელისუფლებამ კომპრომისის ძიება უნდა დაიწყოს, მას შეუძლია სწორედ ამ 12 პუნქტის შესრულება. თუ ამისთვის საჭირო რეფორმებს დაიწყებს, რთული წარმოსადგენია, ოპოზიცია არ დათანხმდეს და პროცესში არ ჩაებას”.
რატომ გადავადდა გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე
“როგორ შეასრულებს საქართველო ევროპის პირობებს და როგორ გამოიყენებს გადაწეულ ვადას? - უკვე ცნობილია, რომ ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ანგარიში არა წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს უნდა მოამზადოს. განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გააკეთა. მიხაილ რუპიმ აღნიშნა, რომ გადაწყვიტეს საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში არ ააჩქარონ. ამ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში და ანალიტიკურ წრეებში შეფასებები უკვე მოჰყვა. ვისთვის არის ეს შესაძლებლობა - ხელისუფლებისთვის თუ ოპოზიციისთვის?” - წერა გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გადავადდა გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე / “საქართველო 2023 წლის ოქტომბერში ევროკავშირისგან მხოლოდ რეკომენდაციას მიიღებს, რომ 2024 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად კანდიდატის სტატუს მივიღებთ” - ზაქარეიშვილი.
“ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის საქართველოსთვის ხელიდან გაშვებული შანსი და არსებობს რისკი, რომ ამ ვადამ კიდევ გადაიწიოს. ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის მხრიდან მოცემული ვადა ძალიან მცირე იყო და ისინი ამას მიხვდნენ, თუმცა, აცხადებენ, რომ მათ 12 პუნქტის შესასრულებლად 6-თვიანი გაწერილი გეგმა აქვთ, ამიტომ კვლავ ამ გრაფიკს გაჰყვებიან. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების მიერ სტატუსის მინიჭების განხილვის გადაწევა ეს არის ქართველი ხალხის მიმართ გზავნილი. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ, ასევე არის ევროკავშირის ქვეყნების მიმართაც გაგზავნილი შეტყობინება, რომლებსაც საქართველოსთან დაკავშირებით სიმპათიები გააჩნიათ. მისი აზრით, აშკარად ჩანს, რომ “ოცნება” ორ სკამზე ზის და დღემდე ვერ ჩამოყალიბდა უკრაინაში ვინ იმარჯვებს. ამას ევროპაში კარგად ხედავენ, ამიტომ ქართველ ხალხს კიდევ დამატებით შანსი მისცეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ევროკავშირი ჩვენზე კარგად ხედავს რა უნდა საქართველოს. ჩვენი კარგად ესმით და ხედავდნენ, რომ დეკემბრისთვის ტალახში ზელვა გაგრძელდებოდა. სამწუხაროდ, არც ოპოზიცია არაა მოწოდების სიმაღლეზე. ვერც ერთხელ ევროპელებისგან ვერ გავიგე, რომ ოპოზიცია კარგად იქცევა. საკმაოდ კარგი კონტაქტები მაქვს და იქ ყველა ფიქრობს, რომ ამ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ოპოზიციაც არ ჩამოუვარდება. ოპოზიციის პრობლემა ოპოზიციის არის, ხოლო ხელისუფლების პრობლემა უკვე ქვეყანას აზიანებს. ოპოზიცია უნდა კონცენტრირდეს არა გადადექი-გადმოდექიზე, ვადამდელ არჩევნებზე, არამედ ამ 12 პუნქტის შინაარსობრივად კარგად გაწერაზე. ოპოზიციის მხრიდანაც ამ პუნქტების შესრულების გეგმა უნდა ვნახოთ. თუნდაც ერთობლივი იყოს, თუნდაც ყველამ სხვადასხვა დაწეროს. საქმის კეთებაა აუცილებელი და არა აქციების მოწყობა და გაუგებარი მოთხოვნები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“მისივე თქმით, საჭიროა რომ ოპოზიციამ ხალხს მოტივაცია მისცეს. ხალხს უნდა ბრძოლა და საპროტესტო მუხტი არსებობს, მაგრამ, ოპოზიცია ხალხის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ის ოპოზიციას მოუწოდეს ქალაქ-ქალაქ იარონ. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო 2023 წლის ოქტომბერში ევროკავშირისგან მხოლოდ რეკომენდაციას მიიღებს, რომ 2024 წელს დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შედეგად კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. მისი აზრით, ყველაფერი საარჩევნო ციკლზე დაჯდება და იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ რამეს ამაზე ადრე მოგვცემენ. უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, ევროკავშირმა 12 რეკომენდაციის შესრულების ვადა ერთი წლით გაახანგრძლივა, რათა საბოლოოდ ქვეყანას შანსი მისცეს და კანდიდატის სტატუსზე ჩვენთვის უარის თქმა არ მოუწიოთ. ბოძაშვილი ამბობს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ევროპას ქართული პოლიტიკური სპექტრის მიმართ ნდობა აქვთ დაკარგული. ამიტომაც მიხვდნენ, რომ დეკემბერში არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ და დამატებით შანსი მოგვცეს”, - დასძენს გამოცემა.
“დროის გადაწევა 2023 წლისთვის იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მიმართ უკვე 3 წელია მათ ნდობა აღარ აქვთ. კარგად ხედავენ რისი გამკეთებლებიც არიან, ამიტომ ქვეყანას დამატებით შანსი მისცეს, რათა საბოლოოდ კანდიდატის სტატუსზე უარი არ გვითხრან. 23-24 ივნისის საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოში პროცესები როგორც განვითარდა კარგად დაინახეს. პოლიტიკურმა პარტიებმა კვლავაც ვერ გამონახეს საერთო ენა და ისევ დაპირისპირება წავიდა. პოლიტიკური პროცესი ისევ ისე სტაგნაციაშია, როგორც იყო მანამდე. ისინი აქ მიმდინარე ყველა დეტალს ყურადღებას აქცევენ. რადგან 12 პუნქტისთვის მუშაობა ერთობლივად არ დაიწყო, მიხვდნენ, რომ როგორც ადრე შარლ მიშელის დოკუმენტის ირგვლივ მოხდა, იგივე პროცესები განვითარდებოდა. ამიტომაც ქვეყანას დამატებით შანსი მისცეს და იმედოვნებენ, რომ რაღაცა საშველი იქნება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბოძაშვილი.
“არ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდნენ და მეორე, ისინი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენენ, როგორც იმპოტენტი და ვერშემძლებელი რეალური პოლიტიკური ცვლილების მოტანის. რა მოხდებოდა თუ ევროკავშირი ამ დროს არ გადაგვიწევდა? რას გააკეთებდა ოპოზიცია ასეთ დროს? ვერაფერს გააკეთებდნენ, რადგანაც ისინი ხალხში არსებულ საპროტესტო მუხტს მხოლოდ უაზრო აქციებით და მოთხოვნებით ფლანგავენ. როგორც ეს ახლა 3 ივლისს მოხდა. ეს კი მოსახლეობაში ნიჰილიზმს აჩენს და ამით ხელისუფლება ხეირობს. ოპოზიციას მთლიანად სახლში წასვლას ვურჩევ. სამწუხაროდ მათ დაამტკიცეს, რომ არაფრის უნარი არ აქვთ ქართულ პოლიტიკაში, ისინი არიან ნეგატივის და არა მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთების თანამონაწილენი. ხალხშიც უკვე აგრესიას იწვევენ, ამიტომ სჯობია ამ საქმის კეთებას თავი დაანებონ”, - დაასკვნის ლევან ბოძაშვილი.
დავით უსუფაშვილი - “ჟონგლიორობასა და უპასუხისმგებლობაში “ოცნებას” არ ავყვებით”
“სწორედ იმიტომ გაჩნდა რიგგარეშე სესიის მოწვევის იდეა, რომ არსებული პრობლემები დაიძლიოს. ჩვენ გვჭირდება ერთად, მაგრამ სწორად გადადგმული ნაბიჯები, რათა დაიძლიოს უნდობლობა. ამისთვის საჭიროა იმ გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება, რომლებიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში და პირველი მოსმენითაც არის მიღებული, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებები. ყველა მხარემ საქმით უნდა დავადასტუროთ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად მზად ვართ. სამუშაო ჯგუფების შექმნის პარალელურად “ოცნების” ლიდერების აგრესიული რიტორიკა თანამშრომლობას ხელს არ უწყობს. გამოსავალი ერთადერთია - ყველამ უნდა დავიჯეროთ, რომ ნამდვილად გვინდა ვეროკავშირის წევრობა. ამ პროცესიდან მოგონილი არგუმენტებით თავის დაღწევა სწორად არ მიმაჩნია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს ქვეყანას სხვა არჩევანი და გამოსავალი არა აქვს, გარდა ევროინტეგრაციისა”, - აცხადებს პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჟონგლიორობასა და უპასუხისმგებლობაში “ოცნებას” არ ავყვებით”.
“ისიც გათავისებული მაქვს, რომ ევროპაში რეალური ინტეგრაციისთვის მხოლოდ დროშის ჩამოკიდება და საქართველოს სახელის მოხვედრა ამა თუ იმ სიაში საკმარისი არ არის. საჭიროა ევროპული სტანდარტების დანერგვა ცხოვრებაში, დაწყებული სასურსათო პროდუქტების უსაფრთხოებით, დამთავრებული პოლიტიკური პროცესების ეფექტიანობით, ანუ იმის გააზრებით, რომ ხელისუფლება ხალხის მსახურია და ვინც ხელისუფლებაში არ არის, ის ხალხის მტერი არ არის. ასევე უნდა გავიაზროთ, რომ მრავალპარტიულობა მრავალი სხვადასხვა აზრის არსებობას ნიშნავს და საწინააღმდეგო აზრის მოსმენისას არ უნდა ვბრაზდებოდეთ. არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ რუსეთია ჩვენი მხსნელი, ევროპა კი - საფრთხის მომტანი. ვისაც ამის სჯერა, საჯაროდ უნდა თქვას, თვალთმაქცობა დამღუპველია. ვგულისხმობ იმას, რომ “ოცნება” ორშაბათს ამბობს, ევროკავშირი კარგიაო, სამშაბათს, ევროპელები ომში გვითრევენო, ოთხშაბათს აცხადებს, საქართველო მოწინავეთა რიგებშია ევროსტანდარტების შესრულების მხრივო, ხოლო ხუთშაბათს იმაზე ლაპარაკს იწყებს, რომ თურმე ევროპარლამენტში უცოდინარები სხედან, ხან ამერიკის ელჩს ესხმიან თავს და სასამართლოს ზეწოლაში ადანაშაულებენ. აი, ეს ამბავი უნდა მოგვარდეს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და მერე ნახეთ, რა მარტივად დალაგდება ყველაფერი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.
“ჩვენ წელიწადზე მეტია ვითხოვდით კომიტეტებში მუშაობას. “ლელომ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა” უკვე შევიტანეთ “მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ” კანონპროექტი, “ლელოს” ასევე შეტანილი აქვს “ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ” კანონპროექტი; გახარიას გუნდს წარმოდგენილი აქვს იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია დასავლეთის რეკომენდაციები. ესე იგი, ყველაფერზე, რასაც ევროკავშირი თავის 12-პუნქტიან გეგმაში გვეუბნება, ჩვენ ნამუშევარი გვაქვს. ეს საკითხები ყოველი ბიუროს სხდომაზე გვაქვს განსახილველად შეტანილი, მაგრამ არაფრად მიიჩნევენ და სხვა ოთახში გვეპატიჟებიან იმავეზე სალაპარაკოდ. პირადად მე სხვა ოთახშიც მივალ, არა მაქვს პრობლემა, მაგრამ უნდა ვიცოდე, თუ ახლა მაინც ნამდვილად აპირებენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. რა აზრი აქვს მათთან ერთად ერთ ოთახში ჯდომას, როდესაც ვხედავ, რომ ყველანაირად ცდილობენ მოსახლეობაში ანტიევროპული განწყობების დანერგვას? შარლ მიშელის დოკუმენტის შექმნამდეც ბევრი შეხვედრა გაიმართა, მაგრამ ბოლოს შეთანხმება გადააგდეს. აი, რა აზრი აქვს ახლა ამათთან ლაპარაკს, დროის ფუჭი კარგვაა და მეტი არაფერი!” - განაგრძობს რესპონდენტი.
“რიგგარეშე სესია და საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა იქნება ის მოქმედება, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს გადავლახოთ “ოცნების” მიმართ უნდობლობა. მხოლოდ პარლამენტის რიგგარეშე სესიაა ერთობლივი მუშაობის მექანიზმი. პარლამენტში არიან თავმოყრილი ბოლო არჩევნების შედეგად გამოვლენილი პოლიტიკური ძალები და ერთობლივი მუშაობაც იქ უნდა იყოს. რა ლოგიკაა იმაში, რასაც მმართველი გუნდი გვეუბნება, სხვაგან დავსხდეთ სამუშაოდ და პარლამენტში თავ-პირი ვამტვრიოთ ერთმანეთსო. რა საჭიროა ცალკე სამუშაო ჯგუფის შექმნა, როდესაც პარლამენტში 16 დარგობრივი კომიტეტია და იქ სწორედ ის საკითხები შედის, რაც 12 პუნქტშია მოცემული. ჯერ სტატუსი მოგვეცით და საკონსტიტუციო ცვლილებებს მერე მივიღებთო, ეს რა ბავშვური ჟინიანობაა?! თუ გასაკეთებელია, ახლავე რატომ არ უნდა გავაკეთოთ, თუ არასწორი რეფორმაა, ჩვენთან ერთად რატომ გააკეთა"ოცნებამ" ამის ინიცირება და რატომ უყარა კენჭი პირველი მოსმენით?! რას აკეთებს კობახიძე, ევროპელებს აშანტაჟებს? ამ ჟონგლიორობასა და უპასუხისმგებლობაში ჩვენ არ ავყვებით”, - ამტკიცებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი.
“ჩვენ ბევრი ინიციატივა გვაქვს, ბევრზეც ჯერ კიდევ სამუშაოა. ვიცი, საით მიგყავთ საუბარი, დიახ, ერთობლივი მუშაობაა საჭირო. ნახევარი საქართველო ვერ შევა ევროკავშირში, მაგრამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთ სიბრტყეში დაყენება არასწორია, უდიდესი ინტელექტუალური შეცდომაა. ხელისუფლებაში მყოფ ძალას უპყრია მმართველობის საჭე, მის ხელთაა პრობლემების გადაწყვეტის რეალური ბერკეტი. ეს ძალაა ვალდებული მოუსმინოს ხალხს და გაითვალისწინოს 20 ივნისს შეკრებილი მრავალი ათასი ქართველის პოზიცია. ესენი კი რას აკეთებენ?! თავიანთი ჟონგლიორობით ჭკუიდან გადაჰყავთ მთელი დასავლეთი... საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების განხილვის ერთი წლით გადადება ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: ერთი კარგს, მეორე ცუდს. კარგი ის არის, რომ ევროკავშირს არ უნდა სწრაფად გვითხრას უარი და დროს გვაძლევს პრობლემების მოსაგვარებლად. ცუდი შეიძლება ის იყოს, რომ ევროპელებმა დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამჯერადაც ვერ გაიაზრა ის პრობლემები, რის გამოც ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას ჩამოვრჩით. ნაცვლად იმისა, მითითებული პრობლემების გამოსწორება დაეწყო, ანტიევროპული პროპაგანდა გააძლიერა მართვადი მედიისა თუ “ოცნების” გუნდიდან გამოყოფილი სამეულის საშუალებით”, - ამბობს დავით უსუფაშვილი და შეკითხვაზე - “24 ივნისს და 3 ივლისს აქციაზე გამოსული ხალხის პროტესტი რატომ ვერ მართა ოპოზიციამ?” - პასუხობს:
“პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი საპროტესტო პროცესის ვერწარმართვა. პრობლემა ის არის, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 32 წლის შემდეგაც კი არა გვყავს კომპეტენტური პოლიტიკური ძალები. დიდი უბედურება დაგვემართა, ვერც ერთმა მმართველმა პარტიამ ვერ დააღწია თავი კომუნისტურ გადმონაშთებს და ყველამ საკუთარი თავი წარმოიდგინა ჭეშმარიტების მქადაგებლად. სწორედ ამან ჩაკლა პოლიტიკური პროცესი. შედეგად პოლიტიკურ პროცესებში ჩართული პირები მცირე ხნით ახერხებენ ერთ გუნდში ყოფნას, შემდეგ იშლებიან მარტივ მამრავლებად და ერთი პარტიიდან 7 იქმნება. მერე ეს 7 და კიდევ სხვა 7 იწყებენ კონსოლიდაციის გზების ძიებას, რათა ოპოზიცია კრიტიკულ მომენტში ერთიანი იყოს. აი, ამ დაშლილების გაერთიანებას მიაქვს ძალიან დიდი დრო, ენერგია და ვართ ერთ უბედურებასა და იმის ცდაში, ვინ ვის მიასწრებს მიკროფონთან”...
“ივანიშვილის მართლა წასვლით და “ოცნების” დაშლით პრობლემა არ მოგვარდება, თუ ქვეყანას პროფესიონალებით, კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი არ ჩაიბარებს. თუ მხოლოდ “ოცნების” შეცდომების დანახვით ვიქნებით დაკავებული და საკუთარ პრობლემებს ვერ დავინახავთ, ისევ ძველ წრეზე ვიტრიალებთ. პოლიტიკური კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების არარსებობა ზუსტად ამაში ვლინდება. პოლიტიკა ჩოგბურთი არ არის, ინდივიდუალურად რომ ითამაშო. ეს გუნდური პროცესია, ერთი კარგი მეკარე ან თავდამსხმელი ვერაფერს გახდება. თანამოაზრეების გუნდია შესაკვრელი _ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცებისა და ქალებისაგან და არა ძალაუფლებისთვის ბრძოლებში გაწაფული პირებისგან. ერთსაც გეტყვით - ძალიანაც რომ მოვინდომოთ, დღეს დარგული მსხლის ნერგი ხვალ ნაყოფს ვერ მოგვცემს. ამისთვის რამდენიმე წელია საჭირო. პოლიტიკური პროცესიც ასეა - პოლიტიკური ძალა და ორგანიზაცია უნდა ჩამოყალიბდეს, სანამ ხელისუფლებაზე განაცხადებ პრეტენზიას. ჩვენ კი ყველაფერი ორ დღეში გვინდა”, - დასძენს უსუფაშვილი.
ახალი შორსმსროლელი შეიარაღება უკრაინას - რა ცვლილებებია მოსალოდნელი ფრონტის ხაზზე
“უკრაინაში პირველი შორი მანძილის, ზალპური ცეცხლის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები M270 ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ამბობს, რომ აღნიშნული შეიარაღება ქმნის საკმაოდ სერიოზული ტიპის ძალას, რომელსაც შეუძლია რუსულ საარტილერიო-სარაკეტო პოტენციალთან გათანაბრება. “მოვიდა პირველი M270 MLRS! ისინი კარგი კომპანიონი იქნება HIMARS-ისთვის ბრძოლის ველზე”, - წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში. ის მადლობას უხდის პარტნიორებს და აღნიშნავს, რომ მტრის შეწყალება არ მოხდება. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი. ის აღნიშავს, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი შორსმსროლელი შეიარაღება უკრაინას - რა ცვლილებებია მოსალოდნელი ფრონტის ხაზზე.
“ამ წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ, სერიოზული ცვლილებები იქნება. ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ვნახავთ კონტრშეტევით ოპერაციას და რომ ის წარმატებული იქნება”, - განაცხადა მინისტრმა. რეზნიკოვის თქმით, უკრაინა შორი მანძილის მეტ სისტემას იღებს, კონკრეტულად “ჰაიმარსის” ზალპური ცეცხლის ამერიკულ რეაქტიულ სისტემებს, რომლებმაც უკვე შეცვალა თამაშის წესები ომში. “უკრაინა უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში რუსულ საბრძოლო მასალის საწყობებზე დარტყმების განსახორციელებლად ფრონტის ხაზის მიღმა “ჰაიმარსს” იყენებდა, რომლის შედეგადაც რუსეთის ფედერაციის საარტილერიო მანქანა დაზიანდა”, - განაცხადა რეზნიკოვმა. მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს თავდაპირველად ეშინოდა, რომ უკრაინაში “ჰაიმარს”-ის გაგზავნა ომის ესკალაციას გამოიწვევდა, მაგრამ, ახლა, მისი თქმით, პარტნიორები უფრო მეტს გაუგზავნიან, მათ შორის რაკეტებს რომლის მიზნის განადგურების რადიუსი 300 კილომეტრია. დასავლურ იარაღს უფრო დიდი დიაპაზონი აქვს, რის გამოც ახლა უკრაინელი სამხედროების დანაკარგები მნიშვნელოვნად შემცირდა... ექსპერტი ვახტანგ მაისაია განმარტავს, რომ აღნიშნული შეიარაღების გადაცემა სხვა არსებულ შეიარაღებასთან ერთად კიდევ უფრო ზრდის უკრაინის შემტევით ძალას”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პირველ რიგში, აღნიშნული შეიარაღება, “ემ 270” წარმოადგენს “ემ-142”-ის ანუ “ჰაიმარსის” წინამორბედს. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მას არ აქვს ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების სროლის საშუალება, მაგრამ მიეკუთვნება მსხვილკალიბრიანი შეტევითი ტიპის იარაღს და მოქმედების რადიუსი აქვს დაახლოებით 80 კილომეტრის მანძილზე. ამ სისტემას შეუძლია ერთდროულად გაუშვას 6 სარაკეტო კომპლექტი. უბრალოდ ეს იარაღი არის “ჰაიმარსების” წინა თაობა და ესაა განსხვავდება მათ შორის. ამ შეიარაღების გამოყენება “ჰაიმარსებთან” და კიდევ არსებულ “ემ 77”-ებთან ერთად ქმნის საკმაოდ მძლავრ შეიარაღებას უკრაინისთვის, იგულისხმება თავად ამ შეიარაღებების კომპლექტი. გადაცემული შეიარაღება ერთობლიობაში ქმნის საკმაოდ სერიოზული ტიპის ძალას, რომელსაც შეუძლია რუსულ საარტილეტიო-სარაკეტო პოტენციალთან გათანაბრება. რაც შეხება უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოპტიმიზმს, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ შეიარაღების მიღებით თანაბრდება საარტილერიო-სარაკეტო პოტენციალი უკრაინა-რუსეთს შორის. საშუალება მიეცემა უკრაინასაც, რომ აწარმოონ კონტრშეტევები და დაიბრუნონ ტერიტორიები”, დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
რუსეთმა ბიჭვინთა იჩუქა?..
“ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის თემას რუსეთი პერიოდულად უბრუნდება და როგორც ჩანს, შედეგსაც აღწევს. ამჯერად აქტიური განხილვის თემაა ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი. აფხაზური გამოცემა “აპსადგილ.ინფო”-ს ცნობით, რუსული მხარე ცდილობს აფხაზეთის ხელმძღვანელობამ საკუთრებაში გადასცეს 186 ჰა-ზე გაშენებული აგარაკები. აფხაზეთის პარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წევრები ე.წ. პარლამენტს მოუწოდებენ ხელმძღვანელობამ რუსეთთან გაფორმებული რატიფიცირების შეთანხმებაზე იმუშაოს, რაც ბიჭვინთაში საზღვაო აკვატორიის ნაწილისა და სანაპირო ზოლის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას გულისხმობს. საკითხის საბოლოო განხილვა პარლამენტის მომავალ სესიაზე, 18 ივლისს არის დაგეგმილი, თუმცა აფხაზები ამბობენ, რომ ყველაფერი გარკვეულია და ეს მხოლოდ ფორმალობა იქნება”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიში, სათაურით რუსეთმა ბიჭვინთა იჩუქა?
“ე.წ. პარლამენტის გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობდნენ სახალხო დამცველი და ბიჭვინთის ქალაქის ხელმძღვანელობა, ასევე პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი, რომლის თქმითაც, შეთანხმება სავსებით მორგებულია აფხაზეთის ინტერესებს.შეთანხმება მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა და რუსეთის ფედერაციისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას, საზღვაო აკვატორიის მონაკვეთისა და მასთან არსებული სანაპიროების დაინტერესებული მხარისთვის იჯარით გადაცემას ითვალისწინებს. როგორც აფხაზურ მედიასთან დეპუტატი, საზოგადოებრივი პალატის წევრი გული კიჩბა ამბობს, ბიჭვინთის აგარაკების გაყიდვის საკითხი პირველად 2010 წელს განიხილეს, მაგრამ ბევრი ფაქტორის, მათ შორის იმის გამო, რომ “იურიდიული ექპერტიზა არ ჩატარებულა, საბოლოო დასკვნაც არ ჰქონდათ, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა განეხილათ და, ალბათ, ეს დრო ახლა დადგა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“უკვე გასაგებია, რა გეგმაც აქვთ, მაგრამ საინტერესოა ჩვენი ჯიბის პარლამენტის პოზიცია - თითქოს ხალხი არც არსებობს, თავად წყვეტენ, რუსეთს მიგვაბარონ თუ არა. ამასთან, ეს არის ზღვასთან არსებული ტერიტორია, რომლის აკვატორიის ნაწილის სხვა ქვეყნისთვის თუნდაც იჯარით გადაცემას აფხაზეთის კონსტიტუცია კრძალავს~, - წერს აფხაზი ბლოგერი ელი კვარჩია სოციალურ ქსელში. გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან კობახიაც, რომლის მტკიცებითაც, “აფხაზეთი ვალში არავისთანაა”. თუმცა მას მაშინვე შეახსენეს რუსული ინვესტიციები, დაფინანსებული პროექტები, ხელფასები, პენსიები, ადგილობრივ სასწავლებლებში აფხაზი ახალგაზრდებისთვის გამოყოფილი ლიმიტები და სხვა... როგორც ისტორიკოსი ასტამურ ტანია ამბობს, მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას მოსახლეობის აზრის იგნორირება აუცილებლად გამოიწვევს დესტაბილიზაციას”, - განაგრძობს გამოცემა.
“პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ ხალხის აღშფოთების ჩაწყნარება ჩვეული ხერხით სცადა - მისი თქმით, აფხაზეთი თავად არის დაინტერესებული, რომ რუსეთმა სახელმწიფო აგარაკით გრძელვადიან დროში ისარგებლოს და არავითარ “მიწის გადაცემაზე” საუბარი არ არის და ამ ხმას მხოლოდ ოპოზიციონერი პროვოკატორები ავრცელებენ. “შენობები გადაეცემა კერძო საკუთრებაში, რადგან ყველა საჭიროებს შეკეთებას, ტერიტორია კი უნდა მოწესრიგდეს უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, რათა იქ რუსეთის ფედერაციის მაღალი რანგის ჩინოვნიკებმა დაისვენონ... ამ სახლებს ჯიბეში არავინ თან არ წაიღებს”, - აცხადებს ბჟანია. აფხაზებს ბჟანიას ადმინისტრაციის განმარტების არ სჯერათ და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ 2020 წელს, როდესაც ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალში ფიჭვები ვითომ ავადმყოფობის გამო გაჩეხეს, სინამდვილეში რუსულ ბიზნესს გამოუთავისუფლეს ადგილი. მაშინ ნაკრძალის დირექტორი დაურ ჯერგენია ამტკიცებდა, რომ სპეციალისტებმა შეისწავლეს ხეების მდგომარეობა და აღმოაჩინეს, რომ ფიჭვები დიდი ლაფნიჭამიით იყო დაზიანებული. როგორც აფხაზები ამბობენ, ნაკრძალის ადმინისტრაციას მოჭრილი ფიჭვების სანაცვლოდ არაფერი დაურგავს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ `ეს ფართობი კომერციული დანიშნულებისთვის იყო გამიზნული”, - დასძენს გამოცემა.
“სოციალურ ქსელებში იქმნება საპროტესტო ჯგუფები, თუმცა მოსახლეობის ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი და ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და არაფერი შეიცვლება. “ჯერ კიდევ 2010 წელს წერდა ჩვენი მედია, რომ აფხაზი ხალხის “მოძმე ერის” ხელისუფლება საკმაოდ რთულ პირობებში აყენებდა ქვეყანას. რუსეთი უხეშად ითხოვდა აფხაზეთის საკურორტო ზონებში უძრავი ქონების გადაცემას. ქართული მხარე დაუღალავად გვახსენებს, თუ რუსეთს გადასცემთ ყველაფერს, ხომ იცით, რომ ჩაგყლაპავენ და რისთვის იბრძოდითო, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, რადგან სოხუმში ხშირად მოისმენთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის კაპიტულაციის დოკუმენტში უფრო იყო მის მიმართ პატივისცემა შენარჩუნებული, ვიდრე იმ რუსულ-აფხაზურ ხელშეკრულებაში, რომლის შესრულებასაც “მეგობრულად” გვთხოვს მოსკოვი. სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქეზებს ანტირუსულ განწყობას, რაც უკვე იგრძნობა და თუ არ გაიზრდება, ნამდვილად არ შემცირდება”, - თვლის გარი გიცბა”, - წერს სტატიის ავტორი.
“ლია დბარის თქმით, თუკი რუსეთი ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ფინანსური დახმარების დათვლას შეეცდება, მაშინ “აფხაზეთმა უნდა უპასუხოს, რომ ქვეყანაში არსებული საკურორტო ობიექტების ახლანდელი რეალური ფასი ასობით მილიონი დოლარია. ეს მაშინ, როცა ისინი, ფაქტობრივად, უფუნქციოა და მათი ამუშავების შემთხვევაში ქვეყანას მილიარდიან მოგებას მოუტანს. რუსეთი კი დახმარების კვალდაკვალ წლების განმავლობაში აფხაზეთიდან თითქმის უფასოდ ეზიდებოდა ბუნებრივ მასალებს, ქვა-ღორს, ხრეშს, ჭრიდნენ ხეებს... ვითომ სირიელი ლტოლვილები შემოიყვანეს, მათთვის ბინები გაარემონტეს, თუმცა იმ ხალხმა აქ დიდხანს ვერ გაძლო და ბინები ვის შერჩა?.. რუსებს. ისინი აქირავებენ აქაური სომხების დახმარებით”, - წერს დბარი და ამბობს, რომ "აფხაზებს ისევ არავინ არაფერს გვეკითხება”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“ბიჭვინთაში ნათესავები მყავს და კარგად ვიცნობ სიტუაციას - იმ აგარაკების გარდა, რუსეთი ჩვენი ხელისუფლების დახმარებით მიმდებარე ტერიტორიების მითვისებასაც ცდილობს. იქ მცხოვრებთა თქმით, ლიძავის ტრასის გასწვრივ მოსახლეებმა ჯერ კიდევ 2019 წელს ორმეტრიანი რკინის ღობე ააშენეს და იძულებული არიან სამხედრო-საკონტროლო პუნქტი პირადობის მოწმობით გადაკვეთონ. მათ ახლობლებს, ნათესავებს, სტუმრებს რუსეთის ფედერაციის დაცვის სამსახურის ნებართვის გარეშე იქ შესვლის უფლება არა აქვთ. ეს შეზღუდვა ვრცელდება სასწრაფო დახმარებისა და სახანძროს მანქანებზეც, რის გამოც სულ აგვიანებდნენ. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი უწყებები მოსახლეობის მოთხოვნაზე, რამე შეეცვალათ, არ რეაგირებდნენ... რუსეთის სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ ალექსანდრ ტკაჩევს გაგრაში ორი დიდი აგარაკი აქვს. თუ ბიჭვინთის ნახევარს მის მაფიოზ მეგობრებს გადასცემენ, ვითომ იმის გამო, რომ იქაურობა ინგრევა და სხვა გამოსავალი არ არის, არც ამის გამო დაიწყება დიდი ამბავი, რადგან ყველაფერს შეგვაჩვიეს”, - წერს იგორ გოლანძია, რომლის თქმით, „აფხაზებს მაშინვე დაგვისვამენ კითხვას, რუსეთი რომ არ იყოს, რას შეჭამდითო?!”- დასძენს სტატიის ავტორი.

























