­ალექსეი მალაშენკო - რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობების ალტერნატიულ გზებს მუსლიმურ სამყაროში, აფრიკის ნაწილსა და ინდოეთში ეძებს

თეირანში თურქეთის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე, იმაზე, თუ როგორ აისახება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ცოტა ხნის წინ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებულ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ რუს აღმოსავლეთმცოდნეს, „ცივილიზაციათა დიალოგის“ ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევათა ხელმძღვანელს, ალექსეი მალაშენკოს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, თეირანში დასრულდა ირანის, თურქეთის, რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. როგორ შეაფასებდით თეირანის შეხვედრის შედეგებს?

- ვფიქრობ, რომ პუტინისთვის თეირანში ვიზიტი საკმაოდ წარმატებული იყო. თუნდაც იმიტომ, რომ შემდეგი შეხვედრა რუსეთში დაიგეგმა და გაიმართება. ეს კი რუსეთის აშკარა წარმატებაა, რადგან პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების კამპანიაში მას თავისი ადგილი უკავია.

რაც შეეხება საკითხებს, მე მათ ორ ნაწილად გავყოფდი - არის საერთო საკითხები, და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. რუსეთისთვის საერთო საკითხები ნიშნავს ისეთი ახალი ურთიერთობების განსაზღვრას, რომელსაც აღმოსავლეთის, ან სამხრეთის კორიდორის შექმნა ჰქვია და რომელსაც ისლამური კორიდორიც შეიძლება ვუწოდოთ.

რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობების ალტერნატიულ გზებს მუსლიმურ სამყაროში, აფრიკის ნაწილსა და ინდოეთში ეძებს. რადგან დასავლეთს არ სურს რუსეთთან ურთიერთობა, რუსეთი თავად ეძებს ურთიერთობების გზებს დანარჩენ მსოფლიოსთან.

პუტინისთვის თეირანში ვიზიტი საკმაოდ წარმატებული იყო. თუნდაც იმიტომ, რომ შემდეგი შეხვედრა რუსეთში დაიგეგმა და გაიმართება. ეს კი რუსეთის აშკარა წარმატებაა, რადგან პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების კამპანიაში მას თავისი ადგილი უკავია

თეირანში ვიზიტისას პუტინი კრემლის ამ იდეას ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საშუალებით ლობირებდა. გამოუვიდა მას ეს? ჩემი აზრით, მას ეს გამოუვიდა. არ ვიცი ამ თემაზე „მშობლიური“ პროპაგანდა როგორ ისაუბრებს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ იგი ამ თემაზე დიდი აღფრთოვანებით ისაუბრებს.

რაც შეეხება რუსეთ-ირანის ორმხრივ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, იგი რუსეთისთვის ახალ, დასავლეთის ალტერნატიულ მუსლიმურ კორიდორს უკავშირდება. ამ თვალსაზრისით თეირან-მოსკოვის ურთიერთობები როგორ განვითარდება, როგორც ჩვენთან იციან თქმა - ვიცხოვროთ და ვნახავთ.

ირან-რუსეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას საკმაოდ დიდი პერსპექტივები არსებობს. ირანსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მოცულობა, დღეისათვის დაახლოებით 5 მილიარდს შეადგენს. ეკონომიკური ურთიერთობების მიმართ ამგვარი მიდგომა არასერიოზულია. იმისათვის რომ ამ სფეროში მოხდეს გარღვევა ეს მონაცემები ორჯერ-სამჯერ ან მეტადაც კი უნდა გაიზარდოს. ამას დროს დასჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ორივე ქვეყანა მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აქტიურად იმუშავებენ.

ურთიერთობის გაღრმავება შეეხება სამხედრო-ტექნიკურ სფეროსაც. როგორც ამბობენ ინდოეთის ოკეანეში მცურავ რუსულ გემებს ირანის ყველაზე დიდი საზღაო პორტ ბენდერ-აბასით სარგებლობის საშუალება ექნებათ.

იქნება თუ არა სამხედრო ტექნოლოგიების შესყიდვებში, იგივე თვითმფრინავების შესყიდვებში სიახლეები, ანაც უპილოტო თვითმფრინავებთან დაკავშირებით შესყიდვები, ამის თქმა მიჭირს.

- სწორედ უპილოტო თვითმფრინავების შეძენის საკითხზე მინდოდა მეკითხა. პუტინის თეირანში ვიზიტამდე ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პრეზიდენტი პუტინი თეირანში სწორედ ირანული უპილოტო თვითმფრინავების შესაძენად ჩადიოდა...

- ვიღაც ამბობს, რომ რუსეთი ირანისგან უპილოტო თვითმფრინავებს შეიძენს, ვიღაც ამბობს, რომ ამგვარი რამ არ მოხდება. მაგრამ, ის რომ რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების საჭიროება აქვს, ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა.

გუშინ რუსეთის საზოგადოებრივ არხზე ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობას იღებდა სამხედრო სფეროს კარგი მცოდნე პორტალ „სამხედრო არსენალის“ რედაქტორი დროზდენკო, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს ახლა ძალიან სჭირდება უპილოტო თვითმფრინავები. მეტიც, მან თქვა, რომ ამ სფეროში რუსეთს ჩავარდნა აქვს, ვიმეორებ, ეს მანდ თქვა, მე მხოლოდ ვიმეორებ.

პორტალ „სამხედრო არსენალის“ რედაქტორმა დროზდენკომ თქვა - რუსეთს ახლა ძალიან სჭირდება უპილოტო თვითმფრინავები. მეტიც, მან თქვა, რომ ამ სფეროში რუსეთს ჩავარდნა აქვს, ვიმეორებ, ეს მან თქვა, მე მხოლოდ ვიმეორებ

- გასაგებია რომ ეს ერთი მხრივ აღიარებაა იმის, რომ რუსეთი ტექნოლოგიურად საკმაოდ ჩამორჩენილი აღმოჩნდა, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციებით თეირანმა მოსკოვს უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებაზე უარი უთხრა.

უცნაური ისაა, რომ 40 წელია ირანი ეკონომიკური სანქციების ქვეშაა და რუსეთმა უპილოტოების შესაძენად სწორედ ირანს მიმართა. თქვენი ინფორმაციით ირანი მიაწოდებს თუ არა რუსეთს უპილოტო თვითმფრინავებს?

- მე ამ სფეროს სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ სადღაც წავიკითხე, რომ ირანული უპილოტოები ამერიკულ ტექნოლოგიებზეა აგებული. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ ორ ქვეყანას შორის პოზიტიური დინამიკის საფუძველი არსებობს, მაგრამ რეალურად მიაწოდებს თუ არა ირანი რუსეთს უპილოტო თვითმფრინავებს, დანამდვილებით თქმა მიჭირს.

მიჭირს თუნდაც იმის გამო, რომ თეირანში ამ თემაზე სხვა რამ ითქვა, მოსკოვში სხვას ამბობენ. ეს ისეთი თემაა, არ დაიმალება, რადგან თუ მისცა ირანმა რუსეთს თავისი უპილოტოები, ისინი უკრაინის ფრონტებზე აუცილებლად დაფიქსირდება.

რეალურად მიაწოდებს თუ არა ირანი რუსეთს უპილოტო თვითმფრინავებს, დანამდვილებით თქმა მიჭირს... ეს ისეთი თემაა, არ დაიმალება, რადგან თუ მისცა ირანმა რუსეთს თავისი უპილოტოები, ისინი უკრაინის ფრონტებზე აუცილებლად დაფიქსირდება

გარდა ამისა, მხარეებს შორის არსებობს როგორც რუსული, ისე ირანული ნავთობის გაყიდვის პრობლემა. ორივე ქვეყნის ნავთობს ჩინეთი ყიდულობს და ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან. ირანი ამ კონკურენციაში აგებს, რადგან რუსეთი ჩინეთს გაცილებით ნაკლებ ფასში ყიდის ნავთობს.

მხარეებს შორის ამ საკითხებზე მოლაპარაკებები გაგრძელდება, რადგან თეირანიც და მოსკოვი სანქციების ქვეშ არიან და ყველა შემთხვევაში მათ მოუწევთ ერთმანეთთან შეთანხმება. იმედი მაქვს შეთანხმდებიან, ასე ვფიქრობ მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე მათ შორის შეთანხმება არც ისე იოლი საქმე არ იქნება.

მხარეებს შორის სასაუბრო თემა იქნებოდა ასევე ის, რომ რუსეთს ურთიერთობები აქვს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. ეს სუნიტური ქვეყნებია, მოგეხსენებათ, რომ ირანი შიიტური სახელმწიფოა და მას სპარსეთის ყურის სუნიტურ ქვეყნებთან საკმაოდ დიდი პრობლემები აქვთ.

როგორ მოწესრიგდება მხარეებს შორის ეს საკითხები, არ ვიცი, რადგან საქმე გვაქვს შიიტურ-სუნიტურ-რუსულ სამკუთხედთან. იგი დღეს რეალურად არსებობს. ეს დიპლომატიისა და პოლიტიკის საკითხებია.

- თეირანის შეხვედრაში მონაწილეობდა სუნიტური თურქეთიც...

- მიუხედავად იმისა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის რიგ საკითხებში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ერდოღანმა და პუტინმა თეირანში კიდევ ერთხელ თქვენს, რომ მათ კარგი ურთიერთობები აქვთ, ერთმანეთს თეირანში კეთილგანწყობილად და სიამოვნებითაც კი უმზერდნენ.

რუსეთ-თურქულ ურთიერთობის სამი ასპექტი აქვთ - საკუთრივ ეკონომიკა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკა ვითარდება და კიდევ უფრო განვითარება. მათ შორის ვაჭრობა, ტურიზმი და ასე შემდეგ. ახლა აქტუალური თემაა უკრაინული ხორბლის ქვეყნიდან გატანის საკითხი. ისეთი პირი უჩანს, რომ ამ საკითხში ყველაფერი კარგად იქნება და ამ საქმეში გადამწყვეტ როლს თურქეთი შეასრულებს.

ამ თემაზე მოლაპარაკებებში საკვანძო ფიგურა სწორედ თურქეთის პრეზიდენტია. თეირანის შეხვედრაზე ეს ერდოღანს სახეზე ეწერა. ასეა იმის გამო, რომ რუსეთთან ამ საკითხის გადაჭრა თავის თავზე პრეზიდენტმა ერდოღანმა აიღო.

თურქეთი ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ისევე როგორც რუსეთი, ევროპა და ასე შემდეგ. თურქეთი დაინტერესებულია დადებითად გადაწყდეს უკრაინიდან უკრაინული ხორბლის ექსპორტის საკითხი. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ანკარის მონაწილეობით გადაწყდება.

თურქეთი დაინტერესებულია დადებითად გადაწყდეს უკრაინიდან უკრაინული ხორბლის ექსპორტის საკითხი. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ანკარის მონაწილეობით გადაწყდება

გარდა ამისა, არსებობს კიდევ სირიის საკითხი. ერდოღანი ამბობს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი ცუდია, ხშირად აკრიტიკებს მას იმის გამო, რომ მის გამო 3 მილიონ 700 ათას ადამიანს მოუწია ქვეყნის დატოვება და დევნილად იქცა.

სხვათა შორის, 500 ათასი სირიელი დევნილი დაბრუნდა სამშობლოში. სირიის საკითხში თურქეთი და რუსეთი ვერ თანხმდებიან. სირიის საკითხში ასევე ვერ თანხმდებიან ანკარა და თეირანი.

სირიაში 60 ათასიდან 70 ათასამდე ირანის ისლამური რევოლუციის კორპუსის წარმომადგენლები არიან. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანებში სირიაში განსაკუთრებული არაფერი მოხდება. არც ირანი და არც რუსეთი არ არიან დაინტერესებული სირიაში სამხედრო აქტიურობით, რითაც ხშირად თურქები იმუქრებიან.

ფაქტია, რომ სირიის აღმოსავლეთში, ისევე როგორც სამხრეთში, ჩრდილოეთში, ასევე იდლიბში პრობლემები პრობლემებად რჩება. მაგრამ, სირიაში არსებული პრობლემები მოლაპარაკებებით გადაწყდება და მასში მონაწილეობას თურქეთი-რუსეთი და ირანი მიიღებენ. მოლაპარაკებები ჟენევაში აღარ გაიმართება. ეს იქნება სირიის თემიდან დასავლეთის ჩამოშორების მცდელობა. გარდა ამისა, ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ სირიელები სირიელებთან.

სირიაში არსებული პრობლემები მოლაპარაკებებით გადაწყდება და მასში მონაწილეობას თურქეთი-რუსეთი და ირანი მიიღებენ. მოლაპარაკებები ჟენევაში აღარ გაიმართება. ეს იქნება სირიის თემიდან დასავლეთის ჩამოშორების მცდელობა. გარდა ამისა, ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ სირიელები სირიელებთან

ვნახოთ, რამდენად წარმატებული იქნება ეს დიალოგი. ეს ძალიან რთული იქნება, რადგან ომი სირიაში დიდი ხანია მიმდინარეობს. ყველა მშვიდობაზე ლაპარაკობს, ასევე იმაზე, თუ რა კარგები არიან, მაგრამ გავიმეორებ, კარგია, რომ ამ პროცესში ჩართული ხალხი ერთმანეთს შეხვდა და ერთმანეთს ესაუბრნენ.

კი არ გაებუტნენ ერთმანეთს, არამედ ამ საქმეში თანამშრომლობის გზებზე იმსჯელეს. როგორც ვხედავთ, ყველანი კმაყოფილები არიან. ჩემი აზრით, ყველაზე კმაყოფილი პრეზიდენტი პუტინი უნდა იყოს.

- მალე შავ ზღვაში ნატოს სამხედრო სწავლებები გაიმართება, რომელშიც აშშ-ს გარდა ნატოს 10 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის თურქეთი...

- ასეთი სწავლებები შავ ზღვაში თურქეთის გარეშე ვერ ჩატარდება, რადგან შავი ზღვის სანაპირო თურქეთის სანაპიროა და თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. თურქეთი კია ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ იმავდროულად ძალიან ახლოსაა რუსეთთან. ფაქტია, რომ პრეზიდენტი ერდოღანი მრავალვექტორულ პოლიტიკას ატარებს. ასეა კარგა ხანია და ამაში ახალი არაფერია.

- თეირანში გამართულ შეხვედრამდე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი იმყოფებოდა. მას ვიზიტი ჰქონდა საუდის არაბეთში, შემდეგ ისრაელში.

ბევრი საუბრები იყო იმაზე, შეძლებდა თუ არა ბაიდენი საუდის არაბეთის დაყოლიებას ნავთობის მოპოვების გაზრდაზე და ნავთობზე ფასების დაწევაზე.

თქვენ როგორ შეაფასებდით ბაიდენის ვიზიტს ახლო აღმოსავლეთში?

- პრეზიდენტი ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ესაუბრა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, იყო ისრაელში და მერე რა? რა სამხედრო ბლოკი შედგება მასპინძლების მონაწილეობით? არა, არ იქნება სამხედრო ბლოკი. ისრაელთან დაკავშირებით რამე სერიოზული ცვლილებები მოხდება? არა, არც ეს მოხდება.

როგორც ბევრმა თქვა, ეს ვიზიტი ემსახურებოდა აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. რაც შეეხება ნავთობთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ საკითხში სიახლეები მოსალოდნელი მას შემდეგ, როცა სპარსეთის ყურის სახელმწიფოების შეხვედრა გაიმართება. ახლა ისეთი ვითარებაა, რომ ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის საკითხებში დიდი ცვლილებების მოლოდინი პრაქტიკულად შეუძლებელია გვქონდეს. ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე ასე იქნება. შემდეგ ვნახოთ რა და როგორ იქნება.

ახლა ისეთი ვითარებაა, რომ ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის საკითხებში დიდი ცვლილებების მოლოდინი პრაქტიკულად შეუძლებელია გვქონდეს. ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე ასე იქნება. შემდეგ ვნახოთ რა და როგორ იქნება

- იმის გათვალისწინებით რომ ირანსა და ჩინეთს შორის საკმაოდ ღრმა და არა მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობებია, სავარაუდოდ, რა როლი შეიძლება ითამაშოს ჩინეთმა ახლო აღმოსავლეთში?

- თეირანის შეხვედრის ფარგლებში ჩინეთზე არაფერი თქმულა. ვხედავთ, რომ მასშტაბურ სახეს იძენს მოსკოვის მცდელობა დასავლეთის ალტერნატივად მუსლიმური სამყარო მოიაზროს. ალტერნატივის თვალსაზრისით მოსკოვისთვის ასევე მნიშვნელოვანია ჩინური მიმართულება.

ჩინეთი ირანისგან ნავთობს დიდი რაოდენობით ყიდულობს. დიახ, ჩინეთსა და ირანს შორის მართლაც არსებობს ღრმა ურთიერთობები არა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებში. ჩინეთ-ირანის ურთიერთობებს ანტირუსული ხასიათი არ ექნება.

ჩინეთ-ირანის ურთიერთობებს ანტირუსული ხასიათი არ ექნება

გარკვეულ საკითხებში მხარეები ერთმანეთის კონკურენტები შეიძლება ეკონომიკურ სფეროებში. მაგრამ, ეს კონკურენციაც პირობითია, რადგან ჩინეთის ეკონომიკა მეორეა მსოფლიოში, მაშინ როცა რუსეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში კარგა ხანია 2%-იც არაა. რამდენიმე წელია ეს მაჩვენებელი 1, 7-1, 9% პროცენტებს შორის მერყეობს. ასე რომ ეკონომიკურ სფეროში ჩინეთსა და რუსეთს შორის სრულფასოვან კონკურენციაზე საუბარი არაა.

- გვერდს ვერ აუვლით უკრაინის თემას. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება?

- კარგს ვერაფერს ვიტყვი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ იმაზე რაც უკრაინაში ხდება, სერიოზულად არც არავინ ფიქრობს. ასე მგონია იმის გამო, რომ გაუგებარია რა მიზანი აქვს რუსეთს უკრაინაში.

ის განმარტებები, რაც ამ თემაზე გვესმის პრაქტიკულად არც არაფერს გვეუბნება. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. მაგრამ, იმის გათვალისწინებით რაც გვესმის იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, ვარაუდიც ჭირს. ასეა, რადგან უკრაინის თემაზე ხელისუფლების პროპაგანდა საბჭოურ პროპაგანდას გაქვს.

რაც უკრაინაში ხდება, ვარაუდიც ჭირს. ასეა, რადგან უკრაინის თემაზე ხელისუფლების პროპაგანდა საბჭოურ პროპაგანდას გაქვს

- აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი სამ ცვლაში მუშაობს რომ უკრაინას თანამედროვე ამერიკული ტექნიკა მიაწოდოს, ფაქტობრივად მოხდა ნატოს რეინკარნაცია, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უკრაინამ დასავლელი პარტნიორების დახმარებით დაამარცხოს რუსეთი უკრაინაში, ანუ უკრაინამ გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები.

უკრაინაში რუსეთის აგრესიამ მსოფლიო დაპირისპირებულ მხარეებად აქცია. ამას წინათ გერმანიის კანცლერმა შოლცმა განაცხადა - „ევროკავშირი რუსეთს მანამდე არ მოუხსნის ეკონომიკურ სანქციებს, ვიდრე მშვიდობა უკრაინაში კიევის პირობებზე არ დამყარდება.“

ისეთი პირი უჩანს, რომ ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება...

- მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე რასაც ევროპელი ლიდერები საუბრობენ,ჩვენც ვცდილობთ საუბარს იმაზე, სავარაუდოდ, რა და როგორ ხდება, ან რა და როგორ იქნება, მაგრამ სინამდვილეში არავინ არაფერი იცის. მათ შორის ხელისუფლების პროპაგანდისტმა სოლოვიოვმაც.

რაც შეეხება იმას, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი. როცა მე ვცდილობ რამეზე მსჯელობას, ვსაუბრობ იმაზე რაც ვიცი. ინფორმაცია ბევრი ვრცელდება, მაგრამ რეალურად რა ხდება ჭირს გაგება. ის ვინც ლოგიკურად მსჯელობას ცდილობს ასეთი ვითარება არც იმის საშუალებას აძლევს, რომ სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი უკრაინაში როდის და როგორ დასრულდება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა