ევროპარლამენტარების დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდა

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩავიდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უმასპინძლა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას, მისი თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით.

მათივე ცნობით, მისიის ხელმძღვანელი თავდაპირველად სტუმრებს შეხვდა მცხეთის რეგიონალურ ოფისში, რათა გაეცნო მათთვის სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ განვითარებული უსაფრთხოების უახლესი მოვლენები.

„დელეგაცია შემდეგ გაემგზავრა ოძისში, სადაც შეძლო საკუთარი თვალით დაენახა „ბორდერიზაციის“ დამახასიათებელი ნიშნები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, თუ რამდენად უარყოფითად აისახა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე მიმდინარე „ბორდერიზაცია“ და ოძისის გადაკვეთის პუნქტის რეგულარული გადაადგილებისთვის დახურვა. მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარე, აგრძელებს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების მუდმივი გახსნისაკენ მოწოდებას.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციამ მადლიერება გამოხატა საინფორმაციო ვიზიტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროპარლამენტარების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 20 ივლისს დაიწყო. ისინი საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ასევე, მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და „ქართული ოცნების“ წევრებთან.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
"გალფის" ინიციატივით 100 პირველკურსელს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო, ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება
„საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება რეკორდულ მაქსიმუმზეა
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის