ვაჟა ბერიძე - გაუგებარია, რეალურად 10 - წლიანი მართვის შემდეგ რატომ სურს ივანიშვილს განაგებდეს საქართველოს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ჩვენ 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე განგვისაზღვრეს. ვნახეთ, რომ მათ შესასრულებლად ვერც ხელისუფლებამ და ვერც ოპოზიციამ მუშაობის დაწყებაც კი ვერ შეძლეს.

ამის შემდეგ ბრიუსელიდან გვითხრეს, რომ მათ შესასრულებლად ვადა 2023 წლის ბოლომდე გვაქვს. ადგილზე ვითარების გასარკვევად ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაცია თბილისში ჩამოვიდა ოპოზიციისაც შეხვდა ხელისუფლებასაც. ხელისუფლება აცხადებს, რომ სტუმრებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

ევროპარლამენტარებმა ოპოზიციას მმართველ გუნდთან დიალოგი და ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად კომისიებში მუშაობისკენ მოუწოდეს. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა არ გამორიცხა, რომ პარლამენტში „ნაციონალების“ დეპუტაცია კომისიებში იმუშავებს. კომისიებში მუშაობენ „ლელოს“ წარმომადგენლები, მაგრამ ამ კომისიებში მუშაობაზე კატეგორიულ უარს ამბობს „სტრატეგია აღმაშენებელი.“

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ამ თემებზე სასესიო ფორმატში მუშაობას ამჯობინებდა, მაგრამ კომისიებში გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად საპარლამენტო კომისიებში მუშაობა შედეგის მომტანი იქნება?

- ჩვენი ქვეყნის მომავალი არც საპარლამენტო კომისიებში მუშაობაზეა დამოკიდებული და არც ჩვენი სანაქებო ქართული დემოკრატიის ახალ მწვერვალებზე ასვლაში. რაზეც მე და თქვენ ვწუხვართ, მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ესაა, ექნება თუ არა დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს ღირსეული სვე-ბედი და მომავალი. შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, მაგრამ ეს ჩვენც დასასაბუთებელი და დასამტკიცებელი გვაქვს და იმ ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკების მიერ დაფუძნებულ სახელმწიფოებსაც.

რამდენად რეალურია ჩვენი უკეთესი, ანუ ევროპული მერმისი, ეს ერთ საარსებო საკითხზეა დამოკიდებული - რა როლი განეკუთვნება სამხრეთ კავკასიას და საქართველოს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში. როგორ წარმოუდგენიათ ამ ბალკანეთზე საშიში და სახიფათო რეგიონის მომავალი შტატებში, ევროკავშირში, უფრო მეტად საგულისხმოა დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებიანად, ასევე თურქეთში, ირანში, ჩინეთსა და რუსეთში.

მერწმუნეთ, მათი მიდგომა, თვალსაზრისი და გულისთქმა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამ მსოფლიო პოლიტიკის წონიან გიგანტებს შორის, სამს კი არა, ორსაც ვერ იპოვით, ერთნაირი ხედვა რომ ჰქონდეთ.

სულ ახლახან ჩინეთმა ევროპისკენ რუსეთის გავლით მიმავალი ორი ახალი სატრანსპორტო მაგისტრალის თაობაზე განაცხადა. ჩვენ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს ანგარიში გავუწიეთ და ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინელების მონაწილეობაზე უარი ვთქვით.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გარკვეული ბოლოდროინდელი დათბობის კვალობაზე, თურქეთისკენ ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნის პერსპექტივასაც მივესალმეთ, ჩვენი ტრანსკავკასიური მაგისტრალების საზიანოდ.

სანქციების ქვეშ მყოფი ირანი საქართველოს მეშვეობით შავ ზღვაზე გასვლას აპირებს.

ალიევს ფონ დერ ლაიენი ეწვია და ევროპას აზერბაიჯანული ნავთობი და გაზი ეიმედება.

ზელენსკის ალიევის ესმის, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთს სანქციებს არ უწესებს და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სულ მალე მოსკოვთან სამოკავშირეო ხელშეკრულებას დებს...

ეს ფონია...

და ჩვენ ვერ ვამჩნევთ, რომ მშვიდობა კავკასიაში ხელს ბევრს არ აძლევს.

ახლახან თბილისმა სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მადლობაც დავიმსახურეთ. მაგრამ კავკასიისადმი და მისი მომავლისადმი მიდგომა მსოფლიო პოლიტიკის ზემოჩამოთვლილ ვეშაპებს სულაც არ აქვთ ერთგვარი და თითოეულ მათგანს შეუძლია ამ რეგიონში ისეთი ცეცხლი ააგიზგიზოს, რომელიც გაცილებით ფეთქებადსაშიშ სიტუაციას შექმნის, ვიდრე ეს ბოლო 5-6 ათწლეულის განმავლობაშია ახლო აღმოსავლეთში.

ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი კი იმაზე ვერ თანხმდება, იმუშაონ თუ არა საპარლამენტო კომისიებში... ან ხელისუფლების სპიკერები ვის დაჰკარგვიან, ან ოპოზიციას რისი თავი აქვს.

პოლიტიკური ისტებლიშმენტი იმაზე ვერ თანხმდება, იმუშაონ თუ არა საპარლამენტო კომისიებში... ან ხელისუფლების სპიკერები ვის დაჰკარგვიან, ან ოპოზიციას რისი თავი აქვს

ცხადია, როცა ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური პროცესიდან გაძევებულია 90-იანი წლების დასაწყისიდან, ამათ მიეთ-მოეთს რა აზრი აქვს?..

თუ არ დაბრუნდა ხალხი პოლიტიკაში, თუ არ განხორციელდა რეალური რეფორმები, ლეგიტიმაციის წყაროს არარსებობის პირობებში ვერც დასავლეთის მიერ ამა თუ იმ ხელისუფლების ხელდასმა იკმარებს და ვერც ევროპული ინსტიტუტების ვერდიქტები.

ამ ამოცანის გადაწყვეტა დღევანდელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს არ შეუძლია. თუმცა, თუ კანდიდატის სტატუსს ავანსად მოგვცემენ, დროთა განმავლობაში, იქნებ ვითარებაც გამოვასწოროთ.

თურქეთმა ეს 23 წელია ვერ მოახერხა, - ის ამდენი ხანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ არ იღებენ, რადგან დემოკრატია ავტორიტარიზმის სერიოზული ნიშნებით შეიბღალაო, თუმცა, ეს ქვეყანა ნატოს წევრია.

არც ბევრით ჩამორჩებიან კანდიდატობის სტაჟით თურქეთს ალბანელები და ჩრდილო მაკედონიელები. ამ უკანასკნელებს ენის თაობაზე აქვთ უთანხმოება ბულგარელებთან, რომლებიც მათ ენას ბულგარულის დიალექტად მიიჩნევენ. და ასე შემდეგ...

ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენი პრობლემებით რამდენი წელი უნდა ველოდოთ ევროკავშირის წევრობას...

ასე რომ, კომისიებში დროულად დავიწყოთ მუშაობა, პარტიულობის მიუხედავად. იქნებ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის პერსპექტივას ხელი შეეწყოს და იმათ, ვინც ამ რეგიონში ცეცხლის დანთებას ფიქრობს, ხელი ავაღებინოთ ამ განზრახვაზე.

ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ არასახარბიელო პერსპექტივის მომხრეები ჩვენ მეგობრებშიც გვყავს და მტრებში ხომ გვყავს და გვყავს...

- არასამთავრობო სექტორი დეპუტატების გარკვეულ ჯგუფებთან მუშაობს კანონპროექტებზე, რომელიც ეხება როგორც ევროპული 12-ვე რეკომენდაციების შესრულებას, ასევე ისეთ თემებს, როგორიცაა გენ.პროკურატურის რეფორმა, აუდიტის, სახელმწიფო ინსპექტორისა და პერსონალური მონაცემების სამსახურებთან, ასევე არჩევნებთან და ცესკოსთან დაკავშირებული საკითხები.

მათი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა, ისინი პარლამენტს შესთავაზებენ კანონპროექტებს ამისთვის რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა. მაგრამ, დღეის მდგომარეობით ძნელი წარმოსადგენია, რომ მმართველი გუნდი მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს გაიზიარებს.

გაქვთ განცდა, რომ მმართველი ძალა და ოპოზიცია შეძლებენ დაპირისპირების დაძლევას, რიგ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობის პრობლემის გადალახვას და 2023 წლის ბოლომდე ევროპული რეკომენდაციების შესრულებას?

- კარგია, რომ 12 ევროპული რეკომენდაციის შესრულების ვადამ გადაიწია. წლის ბოლომდე 6 თვიან ცაიტნოტში ხელისუფლებაც ბევრ შეცდომას დაუშვებდა და ოპოზიციაც. ოპოზიციას უფრო ეიმედებოდა ეს ვადა და უკმაყოფილო დარჩა ვადის გადაწევით.

პოლიტიკოსობა, უწინარეს ყოვლისა, ადეკვატურობას გულისხმობს და ამხელა გამოცდილ ოპოზიციაში რატომ ვერ ამჩნევს ვერავინ, რომ რევოლუციური სცენარი, რაზეც ოცნებობენ, ამ ქვეყანაში, სადღეისოდ, გამორიცხულია.

ხალხის უმეტესობის განწყობა არ არის საამისო, ხოლო თუ მაინც და მაინც ენერგიული და აქტიური ჯგუფი ადამიანებისა მოახდენს მასშტაბური არეულობების პროვოცირებას, მერწმუნეთ, არენაზე გამოვლენ ისინი, ვინც ყოველდღიური ლუკმა-პურისთვის იბრძვის და ოჯახების რჩენას ძლივს ახერხებს. მათი პასუხი კი ისეთი მძაფრი და მკაცრი იქნება, რომ ამის ნახვას ოპოზიციურ ფლანგს არ ვურჩევდი.

რაც შეეხება, რეკომენდაციებს, ევროპელ ემისრებს ვურჩევდი მეტი სიცხადე შეიტანონ იმ პუნქტების განმარტებებში, რაც დეოლიქარგიზაციას და დეპოლარიზაციას ეხება. აქ ნებისმიერი შედეგის იგნორირება და სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირება შეიძლება.

ევროპელ ემისრებს ვურჩევდი მეტი სიცხადე შეიტანონ იმ პუნქტების განმარტებებში, რაც დეოლიქარგიზაციას და დეპოლარიზაციას ეხება. აქ ნებისმიერი შედეგის იგნორირება და სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირება შეიძლება

ჩვენც კარგად ვიცით და ვიცოდით დიდი ხანია, მათ შორის, თქვენთან ინტერვიუებშიც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ არაფორმალური მმართველობა, რაც საქართველოში ჩამოყალიბდა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, დამაზიანებელია ქვეყნისთვის და მისი პერსპექტივისთვის.

გასაგებია, რომ არც მე, არც თქვენ და არც სხვა, მმართველი ძალისთვის ის ავტორიტეტები არ ვართ, ვის ნათქვამსაც ყურადღება უნდა მიექცეს, მაგრამ დღევანდელი მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობს პოლიტიკაში, არ ერევა ქვეყნის მართვაში და არ მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღებაში, ეს იმ დონის აბსურდია, რომლის განხილვასაც კი აზრი არ აქვს.

ივანიშვილი უდავოდ გამორჩეული მეცენატია საქართველოს ისტორიაში. ბევრი სიკეთე გაუკეთა ქვეყანას. არ იმსახურებს ის ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან უდიერ მოპყრობას, ფაქტობრივად, დასანქცირება, სხვას ვერაფერს დაარქმევ შვეიცარიულ „კრედიტ სუისთან“ მისი ურთიერთობის ისტორიას.

არც იმას იმსახურებს, რომ ცდილობენ გარკვეული ძალები იგი ქვეყნიდან გააძევონ. საერთოდ არავისთან მიმართებით არ ვთვლი გონივრულ მიდგომად ქვეყნიდან გაძევებას და ექსორიას და მერწმუნეთ, ის არც არის ასე იოლად მოსაკვეთი ამ ქვეყნიდან.

თუმცა, არ მგონია, ივანიშვილისთვის ორგანული იყოს ძალაუფლების სიყვარული და ხელისუფლების პყრობა, ამიტომ გაუგებარია, რეალურად 10 წლიანი მართვის შემდეგ რატომ სურს მას განაგებდეს საქართველოს.

ძალაუფლების სიყვარული და ხელისუფლების პყრობის ვნება მგონია ივანიშვილისთვის ორგანული. ამიტომ, გაუგებარია, რატომ სურს მას რომ რეალურად 10 წლიანი მართვის შემდეგ, ისევ განაგებდეს საქართველოს

უნივერსალური ჭეშმარიტება და კანონზომიერება უნდა გავითავისოთ - არც ერთი ხელისუფალი და არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში ორ ვადაზე 8 წელიწადზე მეტი ხნით.

ასე არ მოიქცა, თავის დროზე, შევარდნაძე, მერე მიხეილ სააკაშვილი და ბიძინაც ასე იქცევა. 2 ციკლი არის ის ვადა, როცა პიროვნებას, ან პოლიტიკურ ძალას შეუძლია გააკეთოს, რაც სურს, რაც ჩაფიქრებული აქვს და მერე ხალხის მიერ არჩეულ სხვა ძალას გადააბაროს ძალაუფლება. როცა ასე არ იქცევიან, იწყება პრობლემები და მათთვისაც და ქვეყნისთვისაც.

ცხადია, რუსულ, ბრიყვულ მიდგომას არასამთავრობოებისადმი უცხოეთის აგენტების იარლიყის მიწებებით, აქაოდა უცხოეთიდან ფინანსდებიანო, კატეგორიულად არ დავეთანხმები, მაგრამ მათი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ უფრო მკაფიო უნდა გახდეს

კიდევ უფრო უარესია ჩვენი ბედკრული ქვეყნის მომავლისთვის ოპოზიციის ლიდერების ახირებები, რომლებიც დეპოლარიზაციას მიიჩნევენ გადაწყვეტილად, თუ მმართველი პარტია უარს იტყვის ძალაუფლებაზე, ყველა თავის პრინციპულ ხედვაზე, ყველაფერში დაეთანხმება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მოკავშირეებს. მოკლედ, დანებდება.

ეს აბსურდი და ყრუების დიალოგი ბრმებთან, უნდა დამთავრდეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოვთქვი მოსაზრება, რომ საარჩევნო და პოლიტიკური სისტემების სრულყოფა და ვადამდელი არჩევნები იყო გამოსავალი.

ვიტყვი სამოქალაქო სექტორზეც. იქ ძალიან ბევრი მაღალი რანგის ინტელექტუალი და პროფესიონალია. მაგრამ, მთლიანობაში, რას წარმოადგენს სამოქალაქო სექტორი საქართველოში, არავინ იცის.

ვფიქრობდით, რომ ეს კარგად დაფინანსებული ჯგუფი ადამიანების იქნებოდა წარმატებული რეზერვი პოლიტიკური კლასის, მაგრამ ცალკეული გამონაკლისების გარდა, ამ მოლოდინმა არ გაამართლა. და არ ამართლებს 20 წელზე მეტია.

ცხადია, რუსულ, ბრიყვულ მიდგომას არასამთავრობოებისადმი უცხოეთის აგენტების იარლიყის მიწებებით, აქაოდა უცხოეთიდან ფინანსდებიანო, კატეგორიულად არ დავეთანხმები, მაგრამ მათი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ უფრო მკაფიო უნდა გახდეს.

ჩვენ მდიდარ ადამიანებს ვერ ავუკრძალავთ პოლიტიკაში და ხალხის სამსახურში ყოფნას, ოღონდ მათი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში და მათ მიერ განხორციელებული ფინანსური ინიექციები მკაცრად უნდა იყოს შეზღუდული კანონით და ასევე მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს

საერთოდ გაუგებარია, ვის წინაშე არიან ისინი ანგარიშვალდებულები. ცხადია, დამფინანსებლების და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ქართული საზოგადოების წინაშეც არიან ისინი ანგარიშვალდებულნი და იმ უზარმაზარი დაფინანსების და მაღალი ხელფასების შესატყვისი შედეგები უნდა მოჰქონდეთ საზოგადოებისთვის, რა სიკეთეც მათ აქვთ.

ამ შემთხვევაში, წლების განმავლობაში, მათი მიზნები ერთი და იგივე აღარ იქნებოდა და მთავრობის სახლთან პოლიტიკური პარტიის შექმნის დაანონსებაც აღარ დასჭირდებოდათ. ზოგადად, არასამთავრობოების ჩართულობას ამ პროცესში, მივესალმები და მხარს ვუჭერ.

- ყველა თანხმდება, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი ყველაზე პრობლემური იქნება. თუმცა, ძნელად წარმოსადგენია, რომ მმართველმა გუნდმა ისეთი ნაბიჯები გადადგას საკანონმდებლო დონეზე, რომელიც ივანიშვილს შეუზღუდავს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას.

დეოლიგარქიზაციის თემაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების მსჯელობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომ თურმე ოლიგარქები ხაზარაძე-ჯაფარიძე, ასევე სააკაშვილი და კეზერაშვილი არიან.

ასევე იმაზე საუბარი, რომ მზად არიან ისეთი კანონი მიიღონ, როგორიც უკრაინას აქვს მიღებული. არადა, თავად უკრაინელების მტკიცებით იმ სახით ის კანონი უკრაინაშიც არ და ვერ მუშაობს. თქვენი ვარაუდით, დეოლიგარქიზაციის თემაზე მხარეები საბოლოოდ რაზე შეიძლება შეჯერდნენ?

- პოლიტიკის მეცნიერებაში არსებობს რამდენიმე განსაზღვრება იმის თაობაზე, თუ ვინ არის ოლიგარქი. ამ განსაზღვრებებიდანაც ძნელია ცალსახად ამა თუ იმ პიროვნების ოლიგარქად გამოცხადება. ჩვენთვის საჭირო კონტექსტში, მთავარია, მიიღო თუ არა ამა თუ იმ პიროვნებამ დიდი ფინანსურ-მატერიალური სარგებელი ხელისუფლებაში ყოფნით, ან ხელისუფლებასთან არალეგიტიმური ალიანსით.

ივანიშვილმა ფული რუსეთში იშოვა. მას განსაკუთრებით დაუფასდა, მათ შორის, ამერიკელების მხრიდან, ელცინის მხარდაჭერა როცა საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთში, მისი გამარჯვება სათუო გახდა, ხოლო კომუნისტების რევანში კი რეალური იყო.

მაშინ ის იმ ბიზნესმენებისა და ბანკირების რიცხვში აღმოჩნდა, რომლებმაც გარისკეს, ელცინს დაუჭირეს აქტიურად მხარი და კომუნისტების რევანში ააცილეს რუსეთს. ამას მოყვა რუსეთის ხელისუფლების შესაბამისი კეთილგანწყობა და ივანიშვილის აქტივების კოლოსალური ზრდა.

საქართველოში, ის, ძირითადად, მეცენატობით არის დაკავებული და რომ არა ხელისუფლებაში მისი მოსვლა, მის მიმართ არავის ექნებოდა პრეტენზიები.

„დიდი ფული“ მას საქართველოში არ უშოვია. პროექტები კი განახორციელა ამ ქვეყნისთვის სასიკეთო და მასშტაბური.

აი ეს არის, რაც შეიძლება ივანიშვილის ოლიგარქობაზე ითქვას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არქონის პირობებში.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ისინი წლების განმავლობაში ლეგალურ ბიზნესში მონაწილეობდნენ და ისევ და ისევ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მათი ოლიგარქებად გამოცხადება, არ იქნებოდა სწორი.

ვისურვებდი, რომ პრეზიდენტმა შეწყვიტოს შუამავლის თვითგამოცხადებული მცდელობები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მით უფრო, როცა არსებული დაპირისპირების ფონზე, ის სულ უფრო იკვეთება, როგორც მხარე

რაც შეეხება სააკაშვილს და კეზერაშვილს, არის მითქმა - მოთქმა მათ მილიარდებზე. ვფიქრობ, ისინი საკმაოდ მასშტაბურ ფინანსებს აკონტროლებენ, მაგრამ არც მათი ოლიგარქობის მტკიცება შემიძლია სათანადო ფაქტების ჩემთვის მიუწვდომლობის გამო.

ამ მიმართებით ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თუ გვინდა რომ საქართველოში იყოს დემოკრატია. არადა ჩვენ სხვა რესურსი განვითარებისთვის არ გვაქვს, არც ნავთობი გვაქვს და არც ბუნებრივი აირი. მკაცრად და მკაფიოდ უნდა შეიზღუდოს ფულის როლი პოლიტიკაში, განსაკუთრებით შავი ფულის და ჩემი აზრით, ზოგადად ფულის, რადგან ტრანსფორმაციული ეკონომიკის მქონე და დუხჭირ ქვეყანაში დიდი ფულის პატრონებს დიდი ფორა აქვთ პოლიტიკაში, რაც ყოველთვის ამ ქვეყნისთვის მისაღები და სასიკეთო არ არის.

ჩვენ მდიდარ ადამიანებს ვერ ავუკრძალავთ პოლიტიკაში და ხალხის სამსახურში ყოფნას, ოღონდ მათი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში და მათ მიერ განხორციელებული ფინანსური ინიექციები მკაცრად უნდა იყოს შეზღუდული კანონით და ასევე მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს.

- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობისა და მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

პრეზიდენტმა გაკვირვება გამოთქმა იმის გამო, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წერილით მიმართა ევროკომისიის თავმჯდომარეს და სთხოვა მას გაემიჯნოს ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას, რომელშიც საუბარია საქართველოში დეოლიგარქციის დასრულებაზე.

„მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე... გაუგებარია სად მივდივართ? ... რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს, ვაიმე რამე არ ვთქვათ, ვაიმე არ ვაწყენინოთ“. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს და რა პასუხი გექნებოდათ მისსავე კითხვაზე - სად მივდივართ?

- ბევრი მოსაზრება და ნაბიჯი, პრეზიდენტ ზურაბიშვილის, არ მომწონს, მაგრამ მივესალმები, რომ საქართველოს სახელმწიფოს სათავეში უდგას ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი და ქალბატონი. სხვათა შორის, მას ჩემი ერთი ხმაც აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული. იგი სწორად და მართებულად ბრძანებდა ადრე, რომ ზედმეტად პოლიტიკაში არ ჩაერეოდა და იმოქმედებდა არსებული კონსტიტუციური მოცემულობის შესაბამისად.

ბოლო დროს, ჩანს, ჩათვალა, რომ მისი ჩარევის დროა და ამას მოჰყვა კონფლიქტი მმართველ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ის პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. რა თქმა უნდა, ეს მომენტი არ ავალდებულებს ქალბატონ პრეზიდენტს, მხარი დაუჭიროს იმას, რაც არასწორია და იყოს პარტიულ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა.

რა თქმა უნდა, რუსეთს უნდა ვეუბნებოდეთ მთელ სიმართლეს, პირუთვნელად და ხშირად. და აქ, დღევანდელი ხელისუფლება, მართლაც მოიკოჭლებს. თუმცა, ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა ვეუბნებოდეთ რუსებს სათქმელს, როცა მათთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს და ფაქტობრივად არანაირი ურთიერთობა არ არსებობს არც ერთ დონეზე.

პრეზიდენტს რომ დავუბრუნდეთ, პირადად, ვისურვებდი, რომ პრეზიდენტმა შეწყვიტოს შუამავლის თვითგამოცხადებული მცდელობები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მით უფრო, როცა არსებული დაპირისპირების ფონზე, ის სულ უფრო იკვეთება, როგორც მხარე.

მისი მანდატი, რომელიც მისივე შეფასებით, გამორიცხავდა ზედმეტ ჩარევას პოლიტიკაში, დღესაც უცვლელია და გარკვეულ დონეზე ამ მწვავე დაპირისპირებიდან დისტანცირებას მოითხოვს.

ანტიდასავლური რიტორიკა მიუღებელი და დაუშვებელია. რაც შეეხება რუსეთის მიმართ სიჩუმეს, ეს შეფასება გაზვიადებული მეჩვენება. არა ერთხელ დავრჩენილვართ პირისპირ, მარტო „მურა დათვთან“ და არასდროს დაუკლია ქართველ ერს, 1801 წლიდან მოყოლებული, რუსების წინააღმდეგ იარაღით თუ კალმით ბრძოლა.

რაც შეეხება, რატომ არ უღერებს მუშტებს რუსეთს ღარიბაშვილი, ან პაპუაშვილი, ან თუნდაც მინისტრი ბურჭულაძე, ალბათ იმიტომ, რომ გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობენ. შეიძლება, არც ხალხის გაწირვა სურთ, არც მარტო პირისპირ დაუნდობელ მტერთან დარჩენა უნდათ, როგორც 1921-ში და არც გემი ელოდებათ ბათუმში, რომელიც საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპიროებისკენ გასწევს.

უნდა ვიომოთ და დავიხოცოთ კიდეც, მაგრამ ყველას და განსაკუთრებით, ამ სახელმწიფოს პირველ პირებს უნდა ახსოვდეთ, რომ დღეს რუსებს აქვთ პური, აქვთ არაყი, აქვთ ნავთობი და ბუნებრივი აირი და აქვთ ატომური იარაღი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ ექსპრესიულ რიტორიკაზე და ბრძოლაზე.

ჩვენ კი ისიც არ ვიცით, რა ხდება დღეს აფხაზეთში, რა ვნებები დუღს ბიჭვინთასთან დაკავშირებით. არის ეს შანსი, თუ ახალი სამოქმედო გეზის ჩამოყალიბების წინაპირობა.

თუ დასავლეთთანაც გულწრფელები ვიქნებით და რუსებთანაც, საქართველო არ დამარცხდება, არ დაიშლება და არ გაქრება, როგორც ამაზე ჩვენი მტრები ოცნებობენ და ფინჯან ყავასაც ბედნიერად მივირთმევთ ნათელი მზის ქვეშ სოხუმის სანაპიროზე ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად.

- პრეზიდენტის ამ განცხადებებს წინ უძღოდა ჯერ აშშ-ს ელჩის კერი დეგნანის წინააღმდეგ დაწყებული კომპანია, შემდეგ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცერის მისამართით გაკეთებული განცხადება, რომ თურმე მას არასაკმარისად უმუშავია, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო.

აშშ-ს ელჩ დეგნანზე შეტევა აშკარად მართული იყო და ისეთი სახე მიიღო, რომლის მსგავსი ჩვენს უახლოეს ისტორიაში არა მარტო ამერიკელი დიპლომატის მიმართ, საერთოდ დიპკორპუსის წარმომადგენლების მიმართ ადგილი არ ჰქონია.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი იძულებული გახდა დაეცვა მისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში. ამის შემდეგ ხელისუფლების გაკეთებული კომენტარები კიდევ უფრო გასაკვირი აღმოჩნდა.

კობახიძე გვარწმუნებდა - „ვერ გამახსენებთ ვერც ერთ თავდასხმას ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ - არ შეიძლება არგუმენტირებულ შეკითხვას ვუწოდოთ თავდასხმა.“

არადა, ამ თემებზე მათ მიერ უხვად გაკეთებული კომენტარები საპირისპიროზე მეტყველებს. ფაქტია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა დიპლომატიურ ჩარჩოს გაცდა.

საუბარია ისეთ სტრატეგიულ პარტნიორზე და პარტნიორებზე, რომელზეცაა დამოკიდებული ჩვენი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, თვითგამოცხადებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ მათ მიერვე წარმოებული არაღიარების პოლიტიკა.

კარგია, რომ ჩვენი ხელისუფლების ამგვარი რიტორიკის მიუხედავად აშშ აგრძელებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. აშშ-ს 2023 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ნათლად ასახავს საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს აშშ-ს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ დღის წესრიგში.

რას შეიძლება ნიშნავდეს საგარეო პოლიტიკისა და ურთიერთობების საკითხებში მმართველი გუნდის ხშირ შემთხვევაში გაუგებარი რიტორიკა?

- ნამდვილად კარგი ელჩები ჰყავთ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოში. ამ ქვეყნის ბოლო 30 წლიან ისტორიაში მათი წვლილი თვალსაჩინოა. ელჩი დეგნანის წინააღმდეგ კამპანია დაუშვებელი ფუფუნება მგონია ჩვენი ქვეყნისთვის.

მოდი, პირდაპირ ვიტყვი - იქნებ ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესების რეალური შედეგები. წყალში გადაყრილი ამდენი შრომა, „არაღიარების პოლიტიკის“ კრახი და საფრთხე, რომელიც შესაძლოა შეექმნას მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გაზიარებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს... ცოტა ფრთხილად, ბატონებო.

ერის-თავობა ამ ქვეყანაში არასდროს იყო იოლი. მით უმეტეს დღეს. ჩვენს თავმოყვარეობას უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ ყოველთვის გამოვიჩინოთ წინდახედულობა. ცხადია, არც ელჩი ჰარცელია მიკლუხო მაკლაი და არც ქართველები ვართ პაპუასები, მაგრამ ასეთი საჯარო „მგლის ბილეთით“ გამოცდილი დიპლომატის ქვეყნიდან გაშვება, არ მგონია წინდახედული ნაბიჯი იყოს.

გეთანხმებით, თქვენი შეშფოთება საფუძვლიანია და მჯერა, შეერთებული შტატების რეაქცია ჩვენი პოლიტიკოსების გარკვეულ რადიკალიზმზე, იქნება ადეკვატური, გაწონასწორებული და ჩვენი ქვეყნისთვის საიმედო.

ჩვენც ვჭირდებით, რეალურად, შეერთებულ შტატებს, ევროპელებიც მიხვდებიან, რომ არანაირი „სხვანაირი გეოგრაფია“ არ არსებობს. პრეზიდენტი მაკრონიც გადააფასებს თავის ხედვას, ყველა მიხვდება, რომ არა მარტო წარსულში იწყებოდა ევროპა საქართველოდან და სამხრეთ კავკასიიდან.

რიტორიკა, მჯერა, გასწორდება. რას ვიზამთ, ივანიშვილმა ახალბედა და გამოუცდელი, თუმცა განათლებული და ნიჭიერი ადამიანები წამოწია წინ. იმედია, ისინი მალე დაღვინდებიან.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა