ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა სიმინდის ყანების შეწამვლას ითხოვს.
მათი თქმით, მოსავალი ფუჭდება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსავალი საკუთარი ძალებით უკვე შეწამლეს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
"ყოველ წელს უჩნდება სიმინდის ღეროს მატლი, შემდეგ გადადის ტაროზე და აფუჭებს. ვითხოვთ, შეგვიწამლონ. დიდი ნაწილი გაფუჭებულია. ვისაც სიმინდის ყანა აქვს, ყველას აქვს ეს პრობლემა. რამდენ რამეს უნდა ვებრძოლოთ, თხილს ფაროსანა უჩნდება, სიმინდს მატლი. ჩემი ძალებით ერთხელ შევწამლე”,- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მათ დღეს პარლამენტარი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე შეხვდა. ის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
"მე მინდა მივმართო სოფლის მეურნეობის მინისტრს, ზუგდიდის მერს და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, ეს რაც მე ხელში მიჭირავს არის განადგურებული სიმინდის მოსავალი სამეგრელოში. იგივე ხდება იმერეთში, ზუსტად იგივე ხდება კახეთშიც. აი ეს სიმინდი ცოტა ადრე რომ შეეწამლა ხელისუფლებას, გადარჩებოდა. ეს მოსახლეობა არ იქნებოდა იმ რისკის ქვეშ, რომ ახლა დარჩნენ მოსავლის გარეშე. ეს არის დაახლოებით იგივე მასშტაბით, რაც იყო ფაროსანა და რაც ჩვენ უკვე გამოვიარეთ, გვახსოვს რაც იყო, მოსახლეობა წლების განმავლობაში რჩებოდა მოსავლის გარეშე. ახლა პრობლემა არის მატლი, რომელიც მთლიანად ანადგურებს სიმინდს. თუ ეს დროულად არ შეიწამლა მოსახლეობა დარჩება მოსავლის გარეშე. მე ახლა მივმართავ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრს ზუგდიდის მერიას, საკრებულოს და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, დროულად მიიღეთ შესაბამისი ზომები, რომ ის ნაწილი მაინც გადარჩეს, რომლის გადარჩენაც არის შესაძლებელი და ბოლომდე არ განადგურდეს მოსავალი", - განაცხადა ანა წითლიძემ.

























