ირაკლი ქარსელაძე - საგზაო პროექტები, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს

საგზაო პროექტები, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიური ტემპით მიმდინარეობს. წელს, დაახლოებით, 600 კილომეტრი გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რაც წარმატებით ხორციელდება. ახლა ვიმყოფებით გომი-საჩხერე-ჭიათურის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც მიმდინარეობს საფუძვლის მოწყობის სამუშაოები და სექტემბერში უკვე მთლიანად 11-ვე კილომეტრი იქნება დასრულებული, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, გომი - საჩხერე - ჭიათურა - ზესტაფონის საავტომობილო გზის 32.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 ლოტად ხორციელდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ჭიათურაში იწყება და ზესტაფონში სრულდება.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის 16 სხვადასხვა (კმ84-კმ107) მონაკვეთზე არსებული დამეწყრილი უბნების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.

„ამავდროულად, სახელშეკრულებო პროცედურები მიმდინარეობს კიდევ მეორე, დაახლოებით, 9 კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც ასევე რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება და გაისად დასრულდება. მიმდინარეობს სამუშაოები მეწყრული მონაკვეთების ლიკვიდაციაზე და მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ გომი-საჩხერე-ჭიათურის მიმართულება სრულად იქნება რეაბილიტირებული როგორც საფარის, პარამეტრების, ასევე საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით“, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, ასევე მრავლად იყო დამეწყრილი ადგილები, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა.

„პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ახალი წყალარინების სისტემა, გზის საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით მოეწყობა ახალი საგზაო ნიშნები, თვალამრიდები და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. განახლებული გზა ჭიათურასა და ზესტაფონს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან.

პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი საერთო ღირებულება 69 მლნ. ლარია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ერთ-ერთი ძირითადი ალტერნატივაა და მის გამართულ ექსპლუატაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თუ სატრანზიტო ტრანსპორტის უწყვეტი გადაადგილებისათვის. ამასთან, ეს გზა, 3 მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან და გზის მიმდებარე სოფლებს რაიონულ ცენტრთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ასევე, ხაზი გაუსვა რუფოთი-საზანო-ალისუბანი-თუზი-ქვაციხე-კაცხის საავტომობილო გზის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პირველი 12 კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულებულია, მიმდინარეობს დარჩენილი მონაკვეთის სამუშაოები. მისი თქმით, აღნიშნული გზა ხელს შეუწყობს თერჯოლის და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ყველაზე მოკლე გზით დაკავშირებას.

„რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კაცხის საავტომობილო გზაზე 2 პროექტად ჯამში 19 კმ-იანი (კმ1-კმ12; კმ13-კმ19) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გზა თერჯოლის, ტყიბულის, ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებისა და მათი მიმდებარე სოფლების საგზაო კავშირს წარმოადგენს.

პროექტის შესაბამისად, განხორციელდება ასფალტ-ბეტონის საფარის განახლება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობა. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 16 443 900 ლარია.

აღნიშნულ გზაზე, მომავალ წელს დაგეგმილია 9.4 კმ-იანი (კმ20-კმ28) მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის საორიენტაციო ღირებულება 7 მლნ. ლარამდეა.

აღნიშნული, პროექტები საერთო ჯამში უზრუნველყოფს იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთმანეთთან კავშირს სრულად განახლებული, კომფორტული საგზაო ინფრატსრუქტურით და ამ მუნიციპალიტეტების დაკავშირებას ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან. ასევე, ხელს შეუწყობს ტურიზმის სოფლის მეურნეობისა და შიდა ვაჭრობის განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს