მედიაწიგნიერი სკოლები საზოგადოების მედეგობისთვის - ახალი ინიციატივა სკოლებისთვის

ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის მხარდაჭერით მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ახალი პროექტი “მედიაწიგნიერი სკოლები საზოგადოების მედეგობისთვის საქართველოში” დაიწყო, რომელსაც ამერიკულ ორგანიზაცია The Critical Mass (TCM)-თან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მედია და ინფორმაციული წიგნიერების პირველი ტრენინგი პედაგოგებისთვის 25 ივლისს ნატოს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა.
ტრენინგის მონაწილე პედაგოგებს მისასალმებელი სიტყვით ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა მიმართა.
,,სახიფათო და კონკურენტულ სამყაროში, სადაც რუსეთისა და ჩინეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები ღიად უპირისპირდებიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, მნიშვნელოვანია ნატოს, მისი ფასეულობების, პოლიტიკისა და აქტივობების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. ასევე, მნიშვნელოვანია მსჯელობის გაძლიერება მშვიდობასთან, უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან დაკავშირებული საკითხებზე. ეს გვეხმარება მარტივად გავმიჯნოთ სიმართლე სიცრუისგან. […] მასწავლებლებს განსაკუთრებული გავლენა აქვთ მომავალი თაობების განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვსურს დავეხმაროთ მასწავლებლებს, კიდევ უფრო გაიუმჯობესონ დეზინფორმაციის აღმოჩენის უნარები და უკეთ ასწავლონ ლიდერთა მომავალ თაობას იმავეს გაკეთება.” - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვა.

ინტენსიური ტრენინგის მოდული სკოლებში მედია და ინფორმაციული წიგნიერების ისეთი კომპეტენციების განვითარებას ითვალისწინებს, როგორიცაა მედიაშინაარსის კრიტიკული ანალიზი, ყალბი ინფორმაციის, ვიზუალისა და ანგარიშების იდენტიფიცირება, ღია წყაროების გამოყენებით ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამა ასევე ითვალისწინებს კიბერუსაფრთხოების და კიბერბულინგის საკითხების სწავლებას.
“ტრენინგის მოდულის შედგენისას, ჩვენ გავითვალისწინეთ ის საჭიროებები, რომლებიც სკოლებში არსებობს. ვინაიდან მედიაწიგნიერება ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამჭოლი კომპეტენციაა, პედაგოგთან დაინტერესება ჩვენს მიერ შეთავაზებული სასწავლო კურსის მიმართ დიდია. პირველივე ტრენინგზე ჩვენ 367 განაცხადი მივიღეთ როგორც თბილისიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან”, განაცხადა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა.
მედიის განვითარების ფონდის პარტნიორი აღნიშნულ პროექტში ამერიკული ორგანიზაცია TCM-ია, რომლის ბიზნეს განვითარებისა და სტრატეგიის ვიცე-პრეზიდენტი - თინათინ ჯაფარიძე ადგილობრივ ექსპერტ ანდრო გოცირიძესთან ერთად კიბერუსაფრთხოებისა და კიბერბულინგის ნაწილს გაუძღვებიან.
“The Critical Mass-ის გუნდი მოხარულია ითანამშრომლოს მედიის განვითარების ფონდთან ამ მიზნობრივ პროექტზე, რომელიც კიბერჰიგიენისა და კიბერბულინგის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად და საწყის ეტაპზევე ხელს უწყობს პასუხისმგებლიანი კიბერ-მოქალაქეობის პრაქტიკის დანერგვას საქარველოში,” ამბობს თინათინ ჯაფარიძე.
თბილისში გამართულ ტრენინგში 22 პედაგოგი მონაწილეობდა, რომელთაც სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია, სკოლებში კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობითა და მედიაწიგნიერების კომპეტენციების განვითარების გზით საზოგადოების მედეგობის გაძლერება, თბილისის გარდა ტრენინგები საქართველოს 6 ქალაქში - ქუთაისი, ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი - ჩატარდება. მედიაწიგნიერების მიმართულებით ახალი იდეების გენერირებისა და სკოლების სტიმულირების მიზნით პროექტის დასკვნით ეტაპზე გათვალისწინებულია კონკურსის გამართვა, რომელმაც ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა და ინოვაციური პროექტი უნდა გამოავლინოს.
(R)

























