საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს

კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაღრმავების მიზნით, რიგით მე-6, საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს.

„საქპატენტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე წარმომადგენლობითმა შეხვედრამ, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაცია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით.

კონფერენცია იმართება “საქპატენტის“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით. კონფერენციაზე იმსჯელებენ კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ, ფარმაცევტულ ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე და წამლების მიკვლევადობის მეთოდებზე, ასევე, ყურადღება გამახვილდება ავტო და ტექსტილის ინდუსტრიაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებსა და საზღვარზე საქონლის მიკვლევადობის მეთოდებზე. კონფერენციის ფორმატის გათვალისწინებით, მისი მონაწილეები ქვეყნის, რეგიონის და მსოფლიო მასშტაბით ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებისა და დაცვის თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას გაეცნობიან. გარდა ამისა, კონფერენციაზე მიმოიხილავენ კონტრაფაქციისა და მეკობრეობის ზეგავლენებს ეკონომიკასა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, ასევე, ბრენდის შიდა დაცვის მექანიზმებსა და კონტრაფაქციასთან ბრძოლის პრაქტიკულ მაგალითებს.

კონფერენცია გაიხსნა „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, მანანა ფრუიძის მიმართვით, რომელმაც ხაზი გაუსვა ღონისძიების ფარგლებში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მიმართულებით კერძო და საჯარო სექტორის დიალოგის მნიშვნელობას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივ მსჯელობას. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: CLDP-ის უფროსმა მრჩეველმა ნამდი ეზერამ, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვაჟა ფანოზიშვილმა , საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), ინტელექტუალური საკუთრებისადმი პატივისცემის ჩამოყალიბების დეპარტამენტის დირექტორმა, ტოდ რივსმა. კონფერენციის სამუშაო რეჟიმზე გადასვლას, წინ უძღოდა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) გენერალური მდივნის, დოქტორ კუნიო მიკურიას ძირითადი მიმართვა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქპატენტის“ ცნობით, კონფერენცია ორი დღის განმავლობაში იმუშავებს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქპატენტის ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები, ასევე, კოლეგა უწყების წარმომადგენლები ცენტრალური ევროპიდან, კავკასიის რეგიონიდან, შავი ზღვის აუზისა და შუა აზიის ქვეყნებიდან. ასევე, შეხვედრაზე მოხსენებით წარდგებიან საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მიმართულებით ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეებს წარუდგენენ კონტრაფაქციისა და მეკობრეობის მიმართულებით ქვეყნების ანგარიშებს, ხოლო „პუმას“, „ტოიოტას“, „კომბინეზონის“, „ქროსთის“ და „ჰიუგო ბოსის“ წარმომადგენლები,ინტერესების დამცველები მონაწილეებს გაუზიარებენ ბრენდის დაცვის მექანიზმებსა და კონტრაფაქციასთან ბრძოლის საკუთარ მაგალითებს.

„კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ პირველი ღონისძიებაა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების კვირეულში. საქპატენტი CLDP-ის მხარდაჭერით, ბათუმში უმასპინძლებს: კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებისა და საბაჟო დეპარტამენტების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას, 27 ივლისს, კონტრაფაქციასთან ბრძოლის მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის დაგეგმვის მიზნით; 28 ივლისს „ტრანს-კასპიის ინტელექტუალური საკუთრების ფორუმს“, კონტრაფაქციასთან ბრძოლის წინააღმდეგ სამომავლო თანამშრომლობის გეგმის შემუშავების მიზნით; 30-31 ივლისს, გაიმართება მრგვალი მაგიდა - "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით", რომლის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით აშშ-ს გამოცდილების გაზიარება ქართველი მოსამართლეებისთვის“, - ნათქვამია „საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა