საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელი - რიგი მიმართულებებით დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი სახელმწიფოს სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებისკენ მოუწოდებს. რა მიმართულებებით უნდა იყოს დაზღვევა სავალდებულო და გულისხმობს თუ არა აღნიშნული ჯანდაცვის გადასახადის განსაზღვრას - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელი არჩილ მორჩილაძე ესაუბრა.

- პირველ რიგში, როგორ შეაფასებთ სადაზღვევო ბაზარზე არსებულ ვითარებას, რა წარმოადგენს სადაზღვევო ინდუსტრიის მთავარ გამოწვევას? როგორია სახელმწიფო პოლიტიკა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით?

- როგორც ყველა ბიზნესისთვის, სადაზღვევო ბიზნესისთვისაც მთავარია მომხმარებლის კმაყოფილება. მომხმარებელი დაზღვევით მაშინ იქნება კმაყოფილი, როდესაც კარგ პროდუქტს მიაწვდიან. ბუნებრივია, ამის შემდეგ ამაღლდება ნდობა სადაზღვევო პროდუქტების მიმართ, რაც სადაზღვევო კულტურას განავითარებს.

დღეს, მთავარ გამოწვევად სადაზღვევო კულტურის არარსებობა ითვლება. აღნიშნულის გადასალახად საჭიროა, რომ რიგი მიმართულებებით დაზღვევა სავალდებულო იყოს.

ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი, სადაც ავტომფლობელთა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა სავალდებულო არ არის, თავი რომ დავანებოთ ჯანმრთელობის დაზღვევას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დღეს. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა დაემსგავსა უძირო ქვევრს, რომელშიც სახელმწიფოს სულ უფრო მეტი ხარჯების მიმართვა უწევს.

თუ ჯანმრთელობის დაზღვევის კომპონენტი სავალდებულო იქნება, კერძო სადაზღვევო კომპანიებს ამ სისტემაში ჩართვის შესაძლებლობა მოგვეცემა, რაც ბუნებრივია, სახელმწიფო ბიუჯეტს დაზოგავს, კლინიკებთან ისეთი ურთიერთობა იქნება, როგორც ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაშია.

- კერძოდ, რა მიმართულებებით უნდა იყოს დაზღვევა სავალდებულო?

- ყველა კარგად ვხედავთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ვერ მუშაობს, საყოველთაოც აღარ არის. ის, ვინც კერძო დაზღვევით სარგებლობს, საყოველთაო ჯანდაცვის სქემიდან ამოღებულია. თავად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყოველწლიურად დამატებით თანხებს ითხოვს. მოსახლეობაში კი კმაყოფილება არ იზრდება, სერვისებზე თანაგადახდის ტვირთი აწვება მოსახლეობას. ევროპული გამოცდილებით სავალდებულო დაზღვევის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ჩვენ რეალობაში, პირველ რიგში, ეს უნდა იყოს მესამე პირის წინაშე ავტომფლობელთა პასუხისმგებლობისა და ჯანმრთელობის დაზღვევა.

- სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა რას შეცვლის, რით შეიძლება დაეხმაროს ამ პროცესს?

- დღეს, ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის წილის ყველაზე დიდი პროცენტი მოდის სახელმწიფო ორგანიზაციებზე, რომელსაც სახელმწიფო ტენდერების მეშვეობით აზღვევს. თუნდაც, თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო უწყება. მთავრობა, თავის თანამშრომლებს და მოხელეებს კერძო დაზღვევას ყიდულობს და ჩუქნის, დანარჩენი მოსახლეობა კი საყოველთაო ჯანდაცვის ამარაა. ძალიან კარგია, რომ ამ კატეგორიას აზღვევენ, მაგრამ სხვა სოციალურმა ჯგუფებმა რა დააშავეს?! ალტერნატივაა სავალდებულო დაზღვევის შემოღება. ეს ბიუჯეტს შვებას მისცემს, ყველა ადამიანს შეეძლება საკუთარი დაზღვევა თავად შეიძინოს. სახელმწიფო ბიუჯეტიც დაიზოგება. ჯანდაცვის სერვისების ძირითადი გადამხდელები სადაზღვევო კომპანიები გახდებიან. ასევე, კარგი იქნება თუ სახელმწიფო გააუქმებს იმ ნორმას, რომლითაც კერძო დაზღვეული ვეღარ იღებს სარგებელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის წილს განსაზღვრავს.

- ჯანდაცვის გადასახადის განსაზღვრას გულისხმობთ?

- აქ არ იგულისხმება ახალი გადასახადი ან არსებული საშემოსავლოს ზრდა. უბრალოდ, უნდა განისაზღვროს საშემოსავლო გადასახადში გარკვეული წილი ჯანდაცვისთვის, ისევე როგორც ეს არის ევროპის ყველა ქვეყანაში. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი გზა - ან დაუტოვოთ სახელმწიფოს თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევისთვის განკუთვნილი გადასახადი, ან აირჩიოთ კერძო სადაზღვევო სისტემა და თქვენი გადასახადი მიმართოთ თქვენს მიერ შერჩეულ კომპანიაში.

- როგორია ხელისუფლების, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით? რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ სახელმწიფო ნება იქნება აღნიშნული მიმართულებით?

- ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ევროპაში აპრობირებული მეთოდია და ჩვენც იგივე გზით უნდა ვიაროთ. კარგად თუ გაეცნობით ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტებს, რომლებიც ბაზარზე მხოლოდ სამ-ოთხ კომპანიას აქვს, ნახავთ, რომ ამ პაკეტებში ძალიან მცირე დაფარვები და ბევრი გამონაკლისებია. ხოლო რიგ სერვისებზე ერთი, ან 2-წლიანი მოლოდინის პერიოდი. ეს გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ კომპანიები ცდილობენ თავიდან აირიდონ მიზნობრივი დაზღვევა.

ამასთანავე, ის საკანონმდებლო ნორმა, როდესაც კერძო დაზღვევით მოსარგებლე ვეღარ რჩება საყოველთაო პროგრამაში, სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს კერძო დაზღვევის განვითარებისთვის.

მრავალი წელია, რაც სახელმწიფო ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით ,,თავს იწონებს“, თუმცა ბოლო მონაცემებით, 650 ათასამდე ადამიანი კერძო სადაზღვევო სქემით სარგებლობს. აქედან, საჯარო მოხელეების წილი 70%-ს შეადგენს ანუ, თავად სახელმწიფო აზღვევს ბიუჯეტის ფულით, ანუ მათ არ აკმაყოფილებთ საყოველთაო ჯანდაცვა და კერძო დაზღვევა ურჩევნიათ. მიუხედავად ამისა, რომ ამდენი ადამიანი ჩამოცილდა საყოველთაო ჯანდაცვას, ის მაინც დეფიციტურია, მაინც ყოველწლიურად დამატებით თანხას ითხოვს. სახელმწიფოს ნება მნიშვნელოვანია, კარგად უნდა შეისწავლონ და მიიღონ გადაწყვეტილება. სადაზღვევო ინდუსტრიას არაერთხელ უთქვამს და წარუდგენია წინადადებები. თუმცა, მოქმედ მინისტრთან კონკრეტულად ამ თემაზე არ გვისაუბრია.

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა