თუშეთის გზის პროექტი იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი იწყება.

მათივე ცნობით, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

„თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველი 13.5 კმ-იანი მონაკვეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა გზის. აგვისტოში ტენდერი კიდევ 14.7 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება. გზის 28.2 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოების საერთო საორიენტაციო ღირებულება 49 მილიონი ლარი იქნება. მიმდინარე წლის ბოლომდე ტენდერი თუშეთის გზის ყველა მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება.

ფშაველი-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოამზადა. პროექტი საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას ითვალისწინებს.

ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დაგეგმილია მოასფალტებული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობით. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება. გზის დაზიანებული ადგილები აღდგება და არსებული პარამეტრები გაუმჯობესდება.

თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა. გზა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით, ომალოს უკავშირდება, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. თუშეთის გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2 950 მეტრზე მდებარეობს. გზა ვიწროა და მეწყრული პროცესები ხშირად ვითარდება. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით, 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა