ლევან ცუცქირიძე - წერილი ადასტურებს იმას, რაც აქამდეც ვიცოდით - ივანიშვილი არის ქვეყნის პოლიტიკის რეალური განმსაზღვრელი, რომელშიც ცვლილებებს ნაკლებად უნდა ველოდოთ - გაგრძელდება ის, რასაც აქამდე ვხედავდით

ივანიშვილის წერილზე, იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ეს წერილი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე ინტერპრესნიუსი“ ექსპერტს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ლევან ცუცქირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, ბიძინა ივანიშვილმა დააკმაყოფილა „ქართული ოცნებიდან“ „განდგომილი“ დეპუტატების ხურდაძე-სუბარ-ყავალეშვილის საჯარო სივრცეში გაჟღერებული მოთხოვნა და გაავრცელა წერილი, რომელშიც დაადასტურა აშშ-ს ელჩ დეგნანთან მიმდინარე წლის მარტში შეხვედრის ფაქტი.

მან შეხვედრა არა მარტო დაადასტურა, თარიღიც დააზუსტა, მაგრამ არ უარუყვია ელჩის მიმართ ბრალდებები, რითაც ფაქტობრივად იმათ წისქვილზე დაასხა წყალი, ვინც ამტკიცებს, რომ აშშ-ს სურდა საქართველო ომში ჩართულიყო.

არადა, ელჩ დეგნანს ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ საქართველოს ომში ჩათრევის შესახებ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

დამკვირვებელთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ივანიშვილი შეეცადა ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას. მეორე ნაწილმა მიიჩნია, რომ ამ წერილით ივანიშვილმა ერთი მხრივ არა მარტო აღიარა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებშია ჩართული, არამედ მისი და მის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი ადამიანების დამსახურებაა, რომ საქართველო ომში არ აღმოჩნდა ჩართული.

წერილის ადრესატები რომ მხოლოდ ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილი არ იყვნენ ცხადია. მოდით, ამ თემაზე საუბარი ჯერ წერილის ზოგადი შეფასებით დავიწყოთ და შემდეგ გადავიდეთ ამ წერილის სხვა ასპექტებზე. თქვენ როგორ შეაფასებდით ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილს აშშ-ს ელჩ დეგნანთან შეხვედრის შესახებ?

- ამ წერილის სემანტიკური ანალიზით ზედმეტად არ უნდა დავკავდეთ და არც ის ვცადოთ, რომ ფრაზებს შორის სხვა მნიშვნელობები ამოვიკითხოთ. ეს მიმართვა ახალს არაფერს გვეუბნება პრინციპულ საკითხებზე და მხოლოდ იმას ადასტურებს, რაც ვიცოდით - ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის პოლიტიკის რეალური განმსაზღვრელი, რომელშიც ცვლილებებს ნაკლებად უნდა ველოდოთ - გაგრძელდება ის, რასაც აქამდე ისედაც ვხედავდით.

შიდა პოლიტიკაში, ეს ნიშნავს პოლიტიკური მტრობის, არაეფექტური მართვის და დემოკრატიული მმართველობის ინსტიტუტების დეგრადაციის გაგრძელებას. საგარეო პოლიტიკაში კი სიტყვიერად პროევროპულ/ამერიკული ტონის მინიმალურად შენარჩუნება („არ დავაზიანოთ ურთიერთობები“), მაგრამ პრაქტიკულად, საპირისპიროს კეთება - თავდასხმები დასავლელ დიპლომატებზე და ევროკავშირთან დაახლოებისთვის საჭირო რეფორმების შეჩერება ან დაუსრულებლად განხილვა.

ჩვენ არანორმალურ ვითარებაში ვართ - ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც არ იმყოფება რაიმე ოფიციალურ პოზიციაზე და საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა ანგარიში მოსთხოვოს მას მისი მმართველობის წარუმატებლობებზე. ამას არაფერი აქვს საერთო ქვეყნის მმართველობის ცივილურ მოწყობასთან, არც ევროკავშირთან დაახლოებასთან და არც დემოკრატიასთან

მოკლედ, ახალი არაფერია. ეს წერილი, უბრალოდ მორიგი დასტურია ამისა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ეჭვები აწუხებდა ივანიშვილის რეალური როლის შესახებ.

ჩვენ არანორმალურ ვითარებაში ვართ - ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც არ იმყოფება რაიმე ოფიციალურ პოზიციაზე და საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა ანგარიში მოსთხოვოს მას მისი მმართველობის წარუმატებლობებზე. ამას არაფერი აქვს საერთო ქვეყნის მმართველობის ცივილურ მოწყობასთან, არც ევროკავშირთან დაახლოებასთან და არც დემოკრატიასთან.

- წერილში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ივანიშვილის დავას შვეიცარიულ ბანკთან. ამ თემაზე ბატონი ივანიშვილი ამბობს, რომ უნდა ეს თემა მის პირად პრობლემად დარჩეს.

თუმცა, ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ხელისუფლების ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა - „აი, საიდან სანამდე - საკუთარი პერსონალური ინტერესებით ქვეყნის მომავლის ვაჭრობამდეც მივედით, ასე იცის მითებმა“.

თქვენ როგორ აღიქვით შვეიცარიულ ბანკთან დაკავშირებით ივანიშვილის გზავნილი და ამ თემაზე თუნდაც ექსპრემიერ გახარიას შეფასება?

- გიორგი გახარიას შეფასება ივანიშვილზე ყველაზე მკვეთრი და ნათელი იყო, რაც აქამდე მისგან მომისმენია. სიცხადე, პრინციპული და არა ორაზროვანი პოზიციების დაკავება ამ, ისევე როგორც სხვა საკითხებზე, მნიშვნელოვანია.

გიორგი გახარიას შეფასება ივანიშვილზე ყველაზე მკვეთრი და ნათელი იყო, რაც აქამდე მისგან მომისმენია. სიცხადე, პრინციპული და არა ორაზროვანი პოზიციების დაკავება ამ, ისევე როგორც სხვა საკითხებზე, მნიშვნელოვანია

რაც შეეხება ივანიშვილის დავას ბანკთან. საქართველოში ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვით უნდა ვიყოთ დაკავებული, ვიდრე მისი კომერციული დავის დეტალებში გარკვევაა.

ამას აჯობებს, იმაზე ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ, საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები როგორ გაიზარდოს, როგორ დავამარცხოთ ქრონიკული სიღარიბე, როგორ გვქონდეს სამართლიანი სასამართლო, ან რა მოვუხერხოთ იმ უიმედობას და აპათიას რაც ასეულობით ათასობით ადამიანს აიძულებს ქვეყანა დატოვოს. ეს არის მნიშვნელოვანი და არა ბიძინა ივანიშვილის მილიონებზე დავა - ის როგორღაც გადაურჩება ამ პრობლემებს.

- დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, ივანიშვილის ბოლო წერილმა ცხადად აჩვენა, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკის ნაწილი იყო.

შეიძლება ასეც ითქვას - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს საგარეო პოლიტიკა საკმაოდ თანმიმდევრული იყო დასავლეთთან დისტანცირებაში. ამაზე მეტყველებს ის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლებას ბევრი არც არაფერი გაუკეთებია. ახლა კი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად. ამ თემებს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე საკამათო-საეჭვო თემებზე მხარეებმა შესაძლოა ბევრი არც არაფერი თქვან, მაგრამ წარმოუდგენელია, ივანიშვილის წერილი ვაშინგტონში ისე ვერ წაიკითხონ, რისი თქმაც უნდოდა ბატონ ივანიშვილს.

სავარაუდოდ, როგორ წაიკითხავენ ვაშინგტონში ივანიშვილის წერილს? როგორ აისახება იგი ერთი მხრივ აშშ-საქართველოს, ხოლო მეორე მხრივ ოფიციალური თბილისის დასავლეთთან ურთიერთობებზე?

- არ მგონია, რომ რაიმე გაუგებარი ან ორაზროვანია ამ წერილში. ივანიშვილის წერილში წერია ის, რაც ისედაც ნათელი იყო. ერთადერთი, შესაძლოა, ეს იყოს იმის დამატებით, საჯაროდ თქმა, რომ ივანიშვილს არ უნდა „ქართული ოცნების“ მთავრობა ისე მოიქცეს, რომ პირადად მას პრობლემები შეექმნას.

აქედანაც, შესაძლოა მითითება „ურთიერთობების არ დაზიანების“ შესახებ და ამერიკელების თუ ევროპელებისთვის ჩვენება, რომ „აი ნახეთ, მე არ მინდა ურთიერთობის გაფუჭება.“ თუმცა, ვფიქრობ იგი ამას საჯაროობის გარეშეც შეძლებდა, რაც არის კიდეც მისთვის უფრო კომფორტული პოზიცია.

იგივეს თქმა შეიძლება საგარეო რეაქციაზე, რაც საშინაოზე მოგახსენეთ - ივანიშვილი არის რეალური მმართველი და მისი შეხედულების სრულ თანხვედრაშია იმ საგარეო კურსთან, რასაც ვხედავთ, მათ შორის, იმ ტონსა და პრეტენზიებთან, რაც „ქართული ოცნებიდან“ თითქოს „განდგომილი“ დეპუტატების მხრიდან ისმის: „ომში ჩათრევა,“ „გარკვეული ძალები“ და ასე შემდეგ.

ივანიშვილი არის რეალური მმართველი და მისი შეხედულების სრულ თანხვედრაშია იმ საგარეო კურსთან, რასაც ვხედავთ, მათ შორის, იმ ტონსა და პრეტენზიებთან, რაც „ქართული ოცნებიდან“ თითქოს „განდგომილი“ დეპუტატების მხრიდან ისმის: „ომში ჩათრევა,“ „გარკვეული ძალები“ და ასე შემდეგ

- ახლა როცა, ლამის მთელი ცივილიზებული სამყარო ეხმარება უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ, აწვდის იარაღს რომ არა მარტო ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესორ რუსეთს, არამედ რუსული ჯარები განდევნოს მოსკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ ივანიშვილის წერილის თუ პირდაპირი არა, ირიბი ადრესატი კრემლიც იყოს.

კრემლიც, ვინაიდან უკრაინა კატეგორიულად ამბობს უარს რაიმე ტერიტორიის დათმობაზე მშვიდობის სანაცვლოდ. უკრაინის რუს აგრესორთან ბრძოლის საკითხში თბილისი რომ სიფრთხილეს იჩენდა, გასაკვირი არ იყო. თუნდაც იმიტომ, რომ რუსული ჯარი თბილისიდან არც ისე შორს დგას.

მაგრამ, ახლა რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველო არა მარტო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ბრძოლაში, არამედ, საკმაოზე მეტადაც კი ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენს თუნდაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, საუბარი არაა ტურისტებზე, არამედ იმათზე, ვინც იძენს საქართველოში უძრავ ქონებას.

უსაფრთხოების საკითხებში კარგად გარკვეული ხალხის აზრით, რუსი მოქალაქეების იმ რაოდენობით შემოსვლა, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, ადრე თუ გვიან საფრთხე იქნება. არადა, არ ჩანს, რომ ეს თემა ხელისუფლებას აწუხებს, ან ამ მიმართულებით ნაბიჯები იდგმება.

არადა, ფაქტია, რომ უკრაინის ომის ფონზე მსოფლიოში ცვლილებების პერიოდი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება და გაიზრდება ეკონომიკური და პოლიტიკური ტურბულენტობის საფრთხეები.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიმართ წარმოებულ პოლიტიკას?

მათ შორის ისეთ საკითხებში, რომელიც საქართველოში რუსული ბიზნესის გააქტიურებას და რუსი მოქალაქეების ჩვენთან ჩამოსვლას უკავშირდება?

- საქართველოს უნდა ჰქონდეს უფრო ნათელი, პროაქტიული და პრინციპული პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად. ეს სულაც არ ნიშნავს ომში ჩართვას - პოლიტიკის ასეთი გამარტივება არ შეიძლება.

თუკი უმოქმედობასა და ომს შორის გრადაციას ვერ ვხედავთ და ვერ ვიცავთ, მაშინ რა ესაქმება ამ ხალხს პოლიტიკაში? გასაგებია, რომ ეს მიმართულია მოქალაქეების ნაწილის შესაშინებლად, ამით შიდა კრიტიკის გასანეიტრალებლად და ევროპული კურსის შენელების თუ შეჩერების გასამართლებლად.

უკრაინასთან კავშირები მნიშვნელოვანია ახლა და მნიშვნელოვანი იქნება მომავალშიც. უკრაინა იყო და იმედია დარჩება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მეგობრად. მას ეს მეგობრობა კრიტიკულ დროს ყოველთვის დაუმტკიცებია. ასე ვიქცევით ჩვენც - საქართველოს მოქალაქეები.

დიახ, სიფრთხილე და წინდახედულობა აუცილებელია პოლიტიკაში, მით უმეტეს, ასეთ რთულ დროს, მაგრამ მე ვერც სიფრთხილედ და ვერც წინდახედულობად აღვიქვამ იმას, როდესაც ჩვენი ხელისუფლება თავს ესხმის წამყვან უკრაინელ პოლიტიკოსებს, მაგრამ მე ვერ გავიხსენებ რუსი პოლიტიკოსების კრიტიკას. ისე ჩანს, თითქოს უკრაინა რაღაცას გვიშავებს და აი, რუსეთი არაფერს.

რისი იმედი, როგორი ურთიერთობის მოლოდინი გვაქვს მაშინ ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობის მას შემდეგ, როდესაც ომი დასრულდება? ხომ ნათელია, რომ ეს ომი ვეღარ დასრულდება ისე, როგორც კრემლში უნდოდათ? უკრაინა გადარჩება როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო.

მას ეყოლება ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები კონტინენტზე, გამოცდილი სამხედრო სარდლობით. უკრაინას უკვე ყავს მსოფლიოში პოპულარული ლიდერები და მას ექნება კიდევ უფრო მზარდი „რბილი ძალა.“

მისი ეკონომიკის აღორძინებაზე დაიხარჯება უდიდესი დასავლური ფინანსური და პოლიტიკური კაპიტალი და სავსებით შესაძლოა, ეს ქვეყანა გადაიქცეს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ. როგორ ვაპირებთ მათთან ურთიერთობას ხვალ?

ჩვენ ურთიერთობებს ვაზიანებთ უკრაინასთან, ისევე როგორც დემოკრატიულად, ოპოზიციურად მოაზროვნე რუსებთან და ვერაფერს ვაღწევთ რუსეთის დღევანდელ რეჟიმთან. ჩემთვის ეს ძალიან შორს დგას როგორც სიფრთხილის, ისე გონიერი პოლიტიკისგან

რაც შეეხება რუსების საქართველოში შემოდინებას, აქ ნამდვილად საჭიროა უფრო დიფერენცირებული მიდგომა და რისკების მართვა. პრინციპში, ჩვენი მთავრობა უკვე აწარმოებს დიფერენცირებული პოლიტიკას რუსების შემოსვლასთან მიმართებაში, ოღონდ არა ისე, როგორც ეს საჭიროა. იგი უარს ეუბნება ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ქვეყანაში შემოსვლაზე და ხელს უშლის მათ თავისუფლად მუშაობას აქ.

ანუ რა გამოდის, აქაც კი, რუსეთთან სამომავლო კავშირების თვალსაზრისით, ჩვენ ვაფუჭებთ ურთიერთობას იმ რუსებთან, რომლებიც შესაძლოა მეტად კეთილგანწყობილი იყვნენ ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ეჭვი მეპარება ჩვენმა ასეთმა საქციელმა რაიმე შეცვალოს კრემლში, ვთქვათ, დეოკუპაციის საკითხში.

ანუ რა გამოდის - ჩვენ ურთიერთობებს ვაზიანებთ უკრაინასთან, ისევე როგორც დემოკრატიულად, ოპოზიციურად მოაზროვნე რუსებთან და ვერაფერს ვაღწევთ რუსეთის დღევანდელ რეჟიმთან. ჩემთვის ეს ძალიან შორს დგას როგორც სიფრთხილის, ისე გონიერი პოლიტიკისგან.

- ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლებამ პარლამენტში კომისიები შექმნა. ოპოზიციის ნაწილი ამ კომისიებში მუშაობა დაიწყო. ნაწილმა კი არასამთავრობო სექტორთან ერთად დაიწყო მუშაობა იმისთვის, რომ 12-ვე რეკომენდაციების შესასრულებლად დადონ კონკრეტული კანონპროექტები.

თუმცა, მათ ჯერ არ უთქვამთ როგორ შეიძლება მიიღოს მათი პროექტები მმართველმა გუნდმა. თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პროცესს, რომელიც ევროპული რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება?

- საკმაო დრო გავიდა ამ რეკომენდაციების მიღებიდან, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი კონკრეტული არ მიგვიღია. გასაგებია, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მოსამზადებელია, მაგრამ ამის მიუხედავად, შესაძლებელი იყო პროგრესისა და ნების ჩვენება, რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქმიანი, პრაქტიკული რეკომენდაციები შეიმუშავეს და მათი დიდი ნაწილის რეალიზება საკმაოდ მოკლე დროშია შესაძლებელი.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ჩემი აზრით საქმიანად, რეალისტურად უდგებიან ამ საკითხს. კარგი იქნება ხელისუფლებამაც იგივე დამოკიდებულება გამოიჩინოს - განსხვავებების, ურთიერთკრიტიკის, ანტიპათიის თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად. აუცილებელია, რომ ეროვნული და არა პარტიული ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედოთ.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ჩემი აზრით საქმიანად, რეალისტურად უდგებიან ამ საკითხს. კარგი იქნება ხელისუფლებამაც იგივე დამოკიდებულება გამოიჩინოს - განსხვავებების, ურთიერთკრიტიკის, ანტიპათიის თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად. აუცილებელია, რომ ეროვნული და არა პარტიული ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედოთ

ძალაუფლება სწრაფად ორთქლდება და მასთან ერთად ის სიკეთეებიც, რაც მას საქართველოში მოაქვს ხოლმე: ფული, მოგებული ტენდერები, პრივილეგიები, მანქანები, დაცვის მომსახურება, კარგი კავშირები, კეთილგანწყობა და წითელი ხალიჩები. პოლიტიკოსებმა იმაზეც უნდა იფიქრონ, რა დარჩება მათგან, როდესაც ეს ყველაფერი აღარ იქნება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს