ქუთაისმა ევროკავშირის პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის" რეგიონულ ფორუმს უმასპინძლა

ქუთაისმა ევროკავშირის პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის" რეგიონულ ფორუმს უმასპინძლა

ქუთაისმა პირველ ურბანულ ფორუმს -„Show&Tell (მაჩვენე და მიამბე)“ უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის - “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრა მიზნად მუნიციპალური განვითარების ახალ გზებზე მსჯელობას, მდგრადი სისტემების დანერგვისა და შემოსავლის ახალი წყაროების შექმნის შესაძლებლობებს ისახავდა.

მერიის ინფორმაციით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ანგარიში იმ საქმიანობის შესახებ, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტები ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გამოწვევების საპასუხოდ აწარმოებენ.

„დღეს, ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ რეგიონულ ფორუმს- „Show&Tell (მაჩვენე და მიამბე)“ ვუმასპინძლეთ, რომელიც მიმართულია მუნიციპალიტეტების ტრანსფორმირებისკენ, მუნიციპალური განვითარების ახალი გზებით. ქუთაისი არის ერთ-ერთი გამარჯვებული აღნიშნული საგრანტე კონკურსის ფარგლებში და 225 000 ევროს იმისთვის მიიღებს, რომ „ეკო სმარტ ქალაქი“ გახდეს.

„მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელი“ ჩვენი ქალაქისთვის რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს - ნარჩენების მართვა, ეკოლოგიური ტრანსპორტი, მწვანე ქალაქის კონცეფცია. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ინოვაციური გზებით უნდა განხორციელდეს, ისე, რომ ქუთაისი მომავლის მოთხოვნებს უკეთ მოერგოს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის გუნდმა უკვე შეიმუშავა პილოტური გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგ, ჩვენს ქალაქში ცხოვრება ბევრად უფრო კომფორტული იქნება. ჩვენი გუნდის მიერ გაწეული მუშაობა შეფასდა, როგორც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო.

ასეთი შეხვედრები ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტად წარმოსაჩენად, ამასთანავე , სხვა მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად კარგი შანსია. მინდა, UNDP-ის ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს, რომლებმაც ქუთაისს ეს შანსი მისცეს, მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა ქუთაისი მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.

კონფერენციაზე პროექტში მონაწილე მუნიციპალიტეტების სამუშაო ჯგუფების წევრებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებაში ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის პროგრამის მენეჯერი ტიბო შარლე, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ანა ჩერნიშოვა, M4EG რეგიონული მენეჯერი თინა სტოუმი, M4EG პროექტის მენეჯერი თიკო ტყეშელაშვილი, M4EG ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების კოორდინატორი ოთარ კონჯორია, 5 ქვეყნიდან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში ჩატარდა.

როგორც ქუთაისის მერია განამარტავს, მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) არის M4EG ინიციატივის ნაწილი, რომელიც ევროკავშირმა 2017 წლიდან დაიწყო. „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) გაეროს განვითარების მიერ 2021 წლიდან, ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო კავშირში იმართება.