აჭარის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა დასრულდა

აჭარის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, შეხვედრის პირველ დღეს მონაწილეებს აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე მიესალმნენ.
"ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტთან. ერთიან საკანონმდებლო სივრცეში ბევრი საკითხია, რომელიც კოორდინირებულად, ურთიერთმხარდაჭერით უნდა გადაწყდეს. ის რესურსი, რომელიც აქვს საქართველოს პარლამენტს, ძალზე მნიშვნელოვანია ყოველდღიური საკითხების მოსაგვარებლად და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მისაღებად", - აღნიშნა ილია ვერძაძემ.
შეხვედრაზე, აჭარაში 2022 წლის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის პროგრამებისა და ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობისა და გამოწვევების შესახებ მოხსენება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინა.
შეხვედრის მეორე დღეს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დასაქმების სააგენტოს პროგრამებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციები კანონმდებლებს აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელებმა გააცნეს.
რუსუდან შავიშვილმა ჯანდაცვის ცენტრის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე, მოზარდების სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებლებსა და შესაბამისი სკრინინგ პროგრამის შედეგებზე ისაუბრა.
თეიმურაზ კახიძემ თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებსა და სიახლეებზე, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების გადამზადება-დასაქმებას ითვალისწინებს.
სამუშაო შეხვედრაზე დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლების პროგრამის მიმდინარეობასა და ტურიზმის სამედიცინო ასპექტებზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და პირველმა მოადგილემ - ნინო ნიჟარაძემ და მარი ზანაქიძემ ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

























