ანდრო გოცირიძე - რუსული საფრთხე რეალურია

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საქართველოს გაზრდილი საფრთხეების თავისებურებებზე, რა საფრთხეებს უქმნის საქართველოს მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური, ფინანსური, ენერგეტიკული, საინფორმაციო და ჰიბრიდული ომები. იმაზე, წარმოადგენს თუ არა საქართველოსთვის საფრთხეს რუსეთის მოქალაქეების და რუსეთიდან ფინანსური გზავნილების ზრდა, ასევე იმაზე, როგორი რეფორმაა გასატარებელი სპეცსამსახურებში, რომ შეეძლოს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებთან ეფექტურად გამკლავება „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ანდრო, უკრაინის წინააღმდეგ 23 თებერვალს დაწყებულმა რუსულმა აგრესიამ არა მარტო მნიშვნელოვნად შეცვალა დღევანდელი მსოფლიოს ცხოვრების დინამიკა, არამედ, მას ისეთი დინამიკა შესძინა, რომ ცხადად ჩანს, მსოფლიო ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც იგი უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებამდე იყო, მაგრამ საბოლოოდ როგორი იქნება, ამის კონტურების დანახვას დრო დასჭირდება.

ფაქტია, ის თუ როგორი იქნება მომავალში მსოფლიო და როგორი იქნება მისი უსაფრთხოების სისტემები ახლა უკრაინის ფრონტებზე წყდება. უკრაინას აშშ და ევროპის ქვეყნები აწვდიან იარაღს. იმის გათვალისწინებით, რომ ერთი მხრივ უკრაინას და მეორე მხრივ რუსეთს საომარი იარაღი ბლომად აქვთ, უკრაინა-რუსეთის ომი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება.

ფაქტია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ საქართველოს საფრთხეები გაზარდა. ცხადად ჩანს, რომ უკრაინაში ომის გამო ახლა მსოფლიოში რეალურად მიმდინარეობს არა მხოლოდ ომი რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თვალს ვადევნებთ ფინანსურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, საინფორმაციო- ფსიქოლოგიურ და ჰიბრიდულ ომებს.

სავარაუდოდ, რა ტიპის საფრთხეები გაუჩინა საქართველოს უკრაინაში მიმდინარე ომმა და სხვადასხვა ტიპის ომებმა პრაქტიკულად ორად გაყოფილ სამყაროში?

- რუსეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ მას საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა და სამხრეთ კავკასიას, საქართველოს ჩათვლით, არათუ დაინტერესების ქვეყნად, არამედ საკუთარი ტერიტორიად მოიაზრებს.

სულ ახლახანს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი სამხედროებთან შეხვედრაზე გააჟღერა. ბუნებრივია, ეს მისწრაფება საქართველოსთვის საფრთხისშემცველია, რადგან პირდაპირ ემუქრება მის სუვერენიტეტს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი სამხედროებთან შეხვედრაზე გააჟღერა. ბუნებრივია, ეს მისწრაფება საქართველოსთვის საფრთხისშემცველია, რადგან პირდაპირ ემუქრება მის სუვერენიტეტს

მართალია, რუსეთს უკრაინის ფრონტზე მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს როგორც ცოცხალი ძალის დანაკარგის, ასევე ლოჯისტიკისა და ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით, თუმცა, მოვლენათა ამგვარი განვითარების გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან, ჯერ ერთი, რუსეთი არაპროგნოზირებადი აქტორია და პუტინმა არაერთხელ ჩაიდინა ის, რაზედაც მსოფლიო ამბობდა „ის ამას არ ჩაიდენს“, მეორეც, პოლიტიკური მიზნებით კრემლს შესაძლოა კიდევაც აწყობდეს წარმატებული სამხედრო ოპერაცია უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე.

ამას გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანამედროვე საფრთხეების დიდი ნაწილი ჰიბრიდულია, სადაც არასამხედრო კომპონენტი ხშირად სჭარბობს სამხედროს. უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია ეკონომიკურ, ლოჯისტიკურ, ფინანსურ, სასურსათო პრობლემებს წარმოშობს, კრემლი კი ამ სფეროების ე.წ „ვეპონიზაციას’, მათ იარაღად გამოყენებას განაგრძობს.

- უკრაინის ფრონტებზე არსებული ვითარება არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ახლა რუსეთს კიდეც რომ სურდეს აქტიური სამხედრო მოქმედებების დაწყება საქართველოს წინააღმდეგ, ამის გაკეთებას ბევრი რამის გამო მოერიდება.

გასაგებია, რომ რუსეთს ისევე შეუძლია საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა, როგორც უკრაინის ტერიტორიას ბომბავს, მაგრამ, ისიც ცხადად ჩანს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ერთი მხრივ კრემლი, ხოლო მეორე მხრივ კოლექტიური დასავლეთი იმგვარ თამაშის წესებს აყალიბებენ, რომ საქართველოს, უნდა არ უნდა, პირდაპირ და ირიბად მონაწილეობს ამ გლობალურ ეკონომიკურ, ფინანსურ, ენერგეტიკულ, საინფორმაციო და ჰიბრიდულ ომში.

ამ თვალსაზრისით ყველაზე აქტუალურია საქართველო არ იქცეს იმ მესამე ქვეყნად, საიდანაც რუსეთში სანქცირებული ტვირთები შედის. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთ- საქართველოს შორის ვაჭრობა გაზრდილია, რას ბევრ კითხვას აჩენს.

კითხვები და ეჭვები მას შემდეგ უფრო გაიზარდა, როცა მმართველმა გუნდმა უარი თქვა „ლელოს“ წარმომადგენლის, კერძოდ დავით უსუფაშვილის ინიციატივაზე გაგვემკაცრებინა კანონი, რომელიც ქვეყნიდან ტვირთების გატანას არეგულირებს.

რა საფრთხეების შემცველია ერთი მხრივ რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა, ხოლო მეორე მხრივ ის, რომ საქართველო აღმოჩნდეს ქვეყანა, საიდანაც რუსეთში სანქცირებული ტვირთები შედის?

- ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სულ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები და საბანკო სისტემა განუხრელად ახორციელებს სანქციების რეჟიმს. ამგვარი განცხადებები იმედის მომცემია. ცხადია, სანქციების რეჟიმის დარღვევას რომ სისტემური ხასიათი ჰქონდეს, ეს დასავლეთის შესაბამის სამსახურებს არ გამოეპარებოდათ და რეაქციაც არ დააყოვნებდა.

საფრთხე უფრო სხვაგან უნდა ვეძებოთ. ბუნებრივია, მიმდინარე ომმა და სანქციებმა რუსულ ბიზნესებს, ტურისტულ ნაკადებს, ფინანსურ ინსტიტუტებს საქართველოსადმი ინტერესი გაუღვივა, რაც პოზიტიურად აისახა ქართულ ეკონომიკასა და ვალუტის კურსზეც.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ ეკონომიკაზე თუ ფინანსურ ნაკადებზე მიბმა მეტად სარისკოა. როგორც არაერთხელ აღინიშნა, კრემლი ეკონომიკას, ფინანსებს, ბაზარს პოლიტიკური მიზნებით იყენებს და ამ მიზეზით მძლავრი სახელმწიფოებიც კი ცდილობენ რუსეთზე „დამოკიდებულების“ შემცირებას.

რუსულ ეკონომიკაზე თუ ფინანსურ ნაკადებზე მიბმა მეტად სარისკოა. როგორც არაერთხელ აღინიშნა, კრემლი ეკონომიკას, ფინანსებს, ბაზარს პოლიტიკური მიზნებით იყენებს და ამ მიზეზით მძლავრი სახელმწიფოებიც კი ცდილობენ რუსეთზე „დამოკიდებულების“ შემცირებას

ცხადია, საქართველოსთვის რუსეთზე „მიბმა“ ფინანსურ თუ ეკონომიკურ ჭრილში ნეგატიური პოლიტიკური შედეგების მომტანიც იქნება, თანაც ორივე შემთხვევაში - დამარცხდება თუ გაიმარჯვებს რუსეთი. გამარჯვებული რუსეთი აუცილებლად ეცდება ეკონომიკური კავშირების პოლიტიკურ დივიდენდად გარდაქმნას, ხოლო დამარცხების შემთხვევაში, რაც უფრო მოსალოდნელია, ეკონომიკური კოლაფსი მყიფე ქართულ ეკონომიკასაც დააზარალებს.

- ვიცით, რომ გაზრდილია რუსეთიდან ერთი მხრივ რუსი მოქალაქეების შემომსვლელთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ რუსეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა.

სხვადასხვა მოსაცემებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 250 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. მათი რაოდენობა შესამჩნევია თბილისის პრესტიჟულ უბნებში და ბათუმში. თუმცა, ისინი აქტიურად იძენენ საკუთრებას რეგიონებშიც. აღარავინ მალავს, რომ მათ უამრავი მცირე საწარმოები დაარეგისტრირეს და 24 ათასზე მეტი კერძო საკუთრება შეიძინეს.

ამ თემაზე, ხშირად შეხვდებით სოციალურ ქსელებში მსჯელობებს. რა საფრთხეების შემცველია ქვეყანაში რუსი მოქალაქეების რაოდენობისა და რუსული ფინანსური ნაკადების ზრდა?

- მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეთა და ფინანსური ნაკადები საფრთხეების ფართო სპექტრს შეიცავს:

პირველ რიგში, რუსეთი აუცილებლად ეცდებოდა ამ ნაკადებით ესარგებლა და ჯაშუშების ან დივერსანტებისათვის შესაბამისი საფარი შეექმნა. ეს სპეციფიკური თემაა, იმედია, ქართული სპეცსამსახურები ამ ნაკადებს აკვირდებიან და ფილტრავენ.

თუმცა, არსებობს საფრთხეების ფართო სპექტრი, რომლებიც სოციალურ ასპექტებთანაა დაკავშირებული. თუკი რუსეთის მოქალაქეები უძრავი ქონების და ბიზნესების მფლობელები გახდებიან საქართველოში, ამას სოციალური ეფექტი ექნება - მათ შეუძლიათ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის დასაქმება ლოიალობის სანაცვლოდ, რუსული ხედვის გავრცელება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პირდაპირი გადაბირება ან გაუთვითცნობიერებელი მოქალაქეების გავლენის ქვეშ მოქცევა.

ქვეყნისთვის, სადაც რუსული პროპაგანდა მრავალფეროვანი არხებით მოქმედებს, ოკუპანტისადმი მიმღებლობის ზრდაც კი სახიფათოა, რადგან ეს მოსახლეობის ბრძოლისუნარიანობას ასუსტებს. ცალკე პრობლემაა პროვოკაციების საფრთხე, რადგან ცნობილია - რუსეთი მეზობელ ქვეყნებში შესაჭრელ მიზეზად იყენებს „საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას“.

ქვეყნისთვის, სადაც რუსული პროპაგანდა მრავალფეროვანი არხებით მოქმედებს, ოკუპანტისადმი მიმღებლობის ზრდაც კი სახიფათოა, რადგან ეს მოსახლეობის ბრძოლისუნარიანობას ასუსტებს. ცალკე პრობლემაა პროვოკაციების საფრთხე, რადგან ცნობილია - რუსეთი მეზობელ ქვეყნებში შესაჭრელ მიზეზად იყენებს „საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას“

რაც შეეხება ეკონომიკურ ასპექტებს, აქაც არ გვაქვს დამშვიდების საფუძველი - „წარმატებული“ საკურორტო სეზონი ტურისტული რეგიონების და სტუმარმასპინძლობის დარგის იმგვარ დამოკიდებულებას გამოიწვევს რუსულ ნაკადებზე, რომ კრემლის მხრიდან ხელახალი ბლოკადის დაწესების ან გაცხადების შემთხვევაშიც კი ეს ფენა შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობის „დალაგების“ მომხრედ იქცეს.

რა ფასი ღირს რუსეთთან ურთიერთობის „დალაგება“, კრემლის მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა.

- ცალკე საუბრის თემაა რუსი მოქალაქეების აქტიურობა არა მხოლოდ ფეისბუქის ქართულ სეგმენტში, არამედ საჯარო სივრცეში. მხედველობაში მაქვს „თავისუფლების“ მეტროსთან რუსული სიმღერების გახშირებული დემონსტრირება.

თუ სოციალურ ქსელში „თავისუფლების“ მეტროსთან რუსეთის მოქალაქეების რუსული სიმღერების დემონსტრირებისას ინციდენტზე გავრცელებულ ვიდეორგოლს კარგად დავაკვირდებით, რომელშიც კარგად ჩანს, საქართველოს მოქალაქეებმა, ვინც მათი სიმღერა გააპროტესტა, არა თუ რამედ ჩააგდო ადგილობრივების პროტესტი, მეტიც, მოქმედებიდან კარგად ჩანდა, რომ ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს სულ არ აინტერესებთ, მათ გამომწვევ ქცევაზე რა რეაქცია აქვს ვინმეს.

არადა, თუ ისინი მართლაც გამოექცნენ პუტინის ხელისუფლებას, შეეძლოთ დაეგმოთ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ, ამის მსგავსი არაფერი ხდება.

ასეთ ფონზე გაუგებარია საუბრები იმაზე, რომ თურმე კარგია, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან კვალიფიციური აიტი-სპეციალისტები ოჯახებით ჩამოვიდნენ. სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ მაღალი დონის აიტი-სპეციალისტები თანამშრომლობის აქტიურ რეჟიმში არიან ან შსს, ან სხვადასხვა სპეცსამსახურებთან.

რას შეიძლება ნიშნავდეს თუნდაც ფბ-ის ქართულ სეგმენტსა და საჯარო სივრცეებში რუსეთის მოქალაქეების გააქტიურება?

- საქმე ის გახლავთ, რომ მცდარია შეხედულება, თითქოს საქართველოს ან დასავლურ სამყაროს მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება ებრძოდეს. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია საკითხში, იცის, რომ რუსეთში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ საკითხს სხვაგვარად უყურებდეს.

ეს კი პირდაპირაა გადაჯაჭვული რუსეთის მოსახლეობის შოვინისტურ და იმპერიალისტურ განწყობებზე. ძალიან იშვიათად შემხვედრია რუსეთის მოქალაქე, თუნდაც მისთვის სრულიად უსაფრთხო ადგილას, რომელიც მაგალითად რუსეთ - საქართველოს ომში საქართველოს არ ადანაშაულებდეს.

ყველაზე „პოზიტიური“, რაც შეიძლება მას წამოსცდეს, არის „პუტინის მმართველობა არ ვარგა, მაგრამ, თქვენც ყოფილიყავით ჩვენთან, სად მიდიოდით?“. ბუნებრივია, ამგვარი „ერთად ყოფნა“ საქართველოს სუვერენიტეტს გამორიცხავს.

აქედან გამომდინარე, ბევრი მათგანი სოციალურ ქსელში ნებაყოფლობით აქტიურობს და ავრცელებს რუსულ მიდგომას, ხედვას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს.

ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოფიციალური რუსეთი მეტად ოსტატურად იყენებდა და იყენებს სოციალურ ქსელებს საინფორმაციო-პროპაგანდისტული ზემოქმედებისათვის.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოფიციალური რუსეთი მეტად ოსტატურად იყენებდა და იყენებს სოციალურ ქსელებს საინფორმაციო-პროპაგანდისტული ზემოქმედებისათვის

რუსული პროპაგანდის ჰიდრა შედგება როგორც სატელეკომუნიკაციო არხებისაგან, როგორიცაა RT და Sputnik, ასევე მოსყიდული ჟურნალისტების, ტროლების, ბოტების და სოციალური მედიაში დამკვიდრებული სხვა კოორდინირებული მექანიზმებისაგან.

- ბოლო პერიოდში შიდა პოლიტიკაში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ საქართველოში სპეცსამსახურები პოლიტიზებულნი არიან. სულ უფრო ჭირს იმის გარკვევა ინსტიტუციურად თუ რამდენად ძლიერი სპეცსამსახურები გვყავს.

რამდენად შეუძლიათ ჩვენს სპეცსამსახურებს გაუმკლავდნენ როგორც შიდა, ისე საგარეო საფრთხეებს? ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გააკონტროლონ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები?

- დღემდე მმართველობაში მყოფმა არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ მოინდომა სპეცსამსახურის სრული დეპოლიტიზაცია და მისი გათავისუფლება პარტიული კონტროლისაგან, მიუხედავად მრავალი დასრულებული თუ შუა გზაზე მიტოვებული რეფორმისა. არადა, პარტიული სპეცსამსახური დიდი საფრთხის შემცველია.

ასეთ დროს ხდება რესურსების გაფანტვა პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად, რაც შეუძლებელს ხდის სპეცსამსახურის ძირითადი ფუნქციის შესრულებას - მოაგროვოს და დაამუშაოს ინფორმაცია პრიორიტეტულ მიმართულებებზე, გამოკვეთოს საფრთხეები და რისკები, მიაწოდოს ხელისუფლებას შესაბამისი ინფორმაცია.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური წნეხის ქვეშ, თანამდებობის შესანარჩუნებლად, სპეცსამსახური პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მხოლოდ მისთვის სასურველ ინფორმაციას აწვდის, ნაცვლად რეალურისა, რაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან მიღებულ არასწორ გადაწყვეტილებებს განაპირობებს.

სწორედ ამ ფენომენის მსხვერპლი გახდა რუსული პოლიტიკური ელიტა უკრაინაში შეჭრის წინ, როდესაც ფსბ კრემლს არასწორ ინფორმაციას აწვდიდა უკრაინელი ხალხის პრორუსული განწყობების შესახებ, რეალობა კი, საბედნიეროდ, სულ სხვა აღმოჩნდა.

არადა, რუსული საფრთხე რეალურია. სამწუხაროდ, მოსკოვს საკმაოდ კარგი სადაზვერვო პოზიციები აქვს საქართველოში. მიზეზი მრავალგვარია - მიმდინარე ოკუპაცია, არ- ან ვერჩატარებული ლუსტრაცია, მოქალაქეთა დიდი ნაკადები, რუსული პროპაგანდა, რომელიც მოსახლეობის ნაწილში საბჭოთა ნოსტალგიას აღრმავებს.

რუსული საფრთხე რეალურია. სამწუხაროდ, მოსკოვს საკმაოდ კარგი სადაზვერვო პოზიციები აქვს საქართველოში. მიზეზი მრავალგვარია - მიმდინარე ოკუპაცია, არ- ან ვერჩატარებული ლუსტრაცია, მოქალაქეთა დიდი ნაკადები, რუსული პროპაგანდა, რომელიც მოსახლეობის ნაწილში საბჭოთა ნოსტალგიას აღრმავებს

რუსეთის საქართველოსადმი მტრული დაინტერესების გამო, რუსული საფრთხე სუს-ის ანგარიშებში მუდმივადაა განხილული. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ფაქტია, რომ რუსული პროპაგანდის გავლენით საქართველოს დღეს გართულებული აქვს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან, ბუნებრივ მოკავშირესთან - უკრაინასთან კი ოფიციალურ დონეზე ლამის მტრული დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა, ევროპის დედაქალაქებსა თუ ვაშინგტონში კრიტიკა ისმის, ხოლო ქართული პოლიტიკური ელიტის და უპირველესად, მმართველი პარტიის კომუნიკაციაში პირდაპირ ჩანს რუსული პროპაგანდის დადგენილი მესიჯები.

მსოფლიო სპეცსამსახურების ანალიტიკურ დოკუმენტებში გამოკვეთილია ის ძირითადი პოსტულატები, რომლის დანერგვასაც რუსული სადაზვერვო ოპერაციების მეშვეობით ცდილობს კრემლი. ესენია:

- დასავლეთის ლიბერალური სამყაროს წესრიგი გაკოტრებულია და უნდა შეიცვალოს ევრაზიული ნეოკონსერვატიული პოსტლიბერალური წესრიგით, რომელიც იცავს ტრადიციებს, კონსერვატორულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას..

- დასავლეთი ახდენს რუსეთის დემონიზებას, რომელიც მხოლოდ ცდილობს საკუთარი სუვერენიტეტის და ინტერესების დაცვას.

- აშშ-ს განზრახული აქვს ჩაერიოს სუვერენული მთავრობების საქმეებში და/ან შეცვალოს ისინი.

გაუგებარი და მიუღებელია, რომ ეს მესიჯი დამკვიდრდა მმართველი პარტიის ან მასთან აფილირებული ჯგუფების გამოსვლებშიც. სწორედ რუსული სპეცსამსახურების მუშაობის შედეგია ის რეალობა, როცა რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს, აგრძელებს ტერიტორიების მიტაცებას, დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ცინიკურ და სასტიკ ომს აწარმოებს უკრაინაში, ქართული პოლიტიკურ სივრცეში დასავლეთის კრიტიკა, მკაფიო ანტიდასავლური რიტორიკა ისმის და არა ოკუპაციის საწინააღმდეგოდ მიმართული მსჯელობები.

სწორედ რუსული სპეცსამსახურების მუშაობის შედეგია ის რეალობა, როცა რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს, აგრძელებს ტერიტორიების მიტაცებას, დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ცინიკურ და სასტიკ ომს აწარმოებს უკრაინაში, ქართული პოლიტიკურ სივრცეში დასავლეთის კრიტიკა, მკაფიო ანტიდასავლური რიტორიკა ისმის და არა ოკუპაციის საწინააღმდეგოდ მიმართული მსჯელობები

აბსურდულია, ევროატლანტიკური ვექტორის მქონე სახელმწიფო, რომელიც ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსს ითხოვს, მსჯელობდეს სუვერენულ დემოკრატიაზე და ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფაში დასავლეთის საელჩოებს და ევროპარლამენტარებს ადანაშაულებდეს.

ეს პირდაპირ ჯდება რუსული სპეცსამსახურის სახელმძღვანელოში, რუსული ნარატივის ჩარჩოებში. იგივე ითქმის უკრაინასთან ურთიერთობებზეც - რაოდენ უსამართლო გამონათქვამების უფლებაც არ უნდა მიეცა საკუთარი თავისთვის ზოგიერთ უკრაინელ პოლიტიკოსს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გართულება მხოლოდ რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს და პრაგმატულ პოლიტიკურ ძალას უნდა შეეძლოს დიპლომატიურ კულუარებში დაარეგულიროს ეს პრობლემა ურთიერთსაწინააღმდეგო რიტორიკის გარეშე.

- უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავებამ და იმ წერილებმა, რომელიც მისი დაკავების შემდეგ მან გაავრცელა, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა სპეცსამსახურების მიმართ.

არა მხოლოდ იმიტომ, რომ გოგაშვილი ბევრ სკანდალურ თემებზე საუბრობს. თქვენი აზრით, რა მიზეზებმა გამოიწვია გოგაშვილის სკანდალი? რამ იმუშავა და რატომ? თუ საჭიროა სპეცსამსახურების რეფორმა, როგორ უნდა გატარდეს იგი?

- სპეცსამსახურის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივი მის არქივებში დაცული სადაზვერვო, ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის შედეგად შექმნილი ინფორმაციაა, რომელსაც სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ბუნებრივია, სწორედ ამიტომ, შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა სპეცსამსახურის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა და არსებობს თანამშრომელთა მიღებისა და დაწინაურების, ასევე მათი საიდუმლო მასალებზე დაშვების სპეციფიკური პროცედურა, არსებობს შიდა კონტროლის მექანიზმები, არსებობს წესდება და ინსტრუქციები, საოპერაციო უსაფრთხოების თანამედროვე და აპრობირებული მექანიზმები. როგორც ჩანს, არც ერთმა ამ მექანიზმმა არ იმუშავა, რადგან ვერ მოხერხდა გაჟონვის პრევენცია.

მსოფლიოს სპეცსამსახურების ისტორიაში არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც საიდუმლო მასალების გატანაში ამ რანგის მოხელე არის მხილებული. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ფიგურანტი წლებია, თავად წარმოადგენდა პარტიის დასაყრდენს სპეცსამსახურში და თავად უზრუნველყოფდა უშიშროების სამსახურის კანონიერი ბერკეტების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას.

მსოფლიოს სპეცსამსახურების ისტორიაში არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც საიდუმლო მასალების გატანაში ამ რანგის მოხელე არის მხილებული. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ფიგურანტი წლებია, თავად წარმოადგენდა პარტიის დასაყრდენს სპეცსამსახურში და თავად უზრუნველყოფდა უშიშროების სამსახურის კანონიერი ბერკეტების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას

თავი და თავი სპეცსამსახურში არსებული პრობლემებისა მისი პოლიტიზებაა. ზღვარი მმართველ პარტიასა და სპეცსამსახურს შორის წაშლილია. სწორედ პარტიული წნეხის შედეგად, შემთხვევითმა კადრმა მოახერხა სათანადო გამოცდილების და ეფექტური გადამოწმების გარეშე მიეღწია უმაღლეს იერარქიულ საფეხურამდე, გვერდი აევლო კონტროლის და დაცვის ნებისმიერ მექანიზმისთვის და გამოეტანა საიდუმლო მასალები.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობდა ამგვარი კადრი მისი თანამდებობაზე ყოფნისას.

თეორიულად და სტრუქტურულადაც არსებობს ამგვარი შემთხვევების პრევენციის ყველა ინსტრუმენტი. არსებობდა წინმსწრები ინფორმაციაც, მისი უეცარი, შემოსავლებთან შეუსაბამო გამდიდრების შესახებ. ამგვარი ინდიკატორის არსებობა განგაშია ნებისმიერი ბიზნესის უსაფრთხოების დანაყოფისთვისაც კი. აღარაფერს ვამბობ სპეცსამსახურზე. მიუხედავად ამისა, რეაგირება არ მოხდა მანამ, სანამ ფიგურანტი პოლიტიკურ პარტიას არ დაუპირისპირდა და საქმემ პოლიტიკური შეფერილობა არ მიიღო.

რეაგირება არ მოხდა მანამ, სანამ ფიგურანტი პოლიტიკურ პარტიას არ დაუპირისპირდა და საქმემ პოლიტიკური შეფერილობა არ მიიღო

შედეგად, სახეზე გვაქვს სააშკარაოზე გამოტანილი პერსონალური ინფორმაცია, ინციდენტით დემორალიზებული თანამშრომლები და სპეცკონტიგენტი, სახელმწიფოსადმი ნიჰილიზმით განმსჭვალული საზოგადოება. ცალკე პრობლემაა, რომ ამგვარი ფაქტები პარტნიორი სპეცსამსახურების ნდობას ამცირებს, რომელთა დაფინანსება და მხარდაჭერა გადამწყვეტია.

რაც შეეხება რეფორმას, მისი ძირითადი პრობლემატიკა საერთოა მთელი უსაფრთხოებისა თუ სამართალდამცავი სისტემისათვის. სამწუხარო რეალობაა, რომ ახლო წარსულში, მიუხედავად რეფორმის მცდელობებისა, მმართველ პარტიასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის წაშლილი ზღვრის გამო, სპეცსამსახური მუდმივად ემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესს.

პირველ რიგში აუცილებელია სპეცსამსახურს მოეხსნას მასზე საბჭოთა წარსულში შეგნებულად გადაფარებული დუმილისა და შიშის საფარი და მკვეთრი ზღვარი გაივლოს მმართველ პარტიასა და სახელმწიფო უწყებების ფუნქციურ დანაყოფებს შორის.

მინისტრს, პოლიტიკური თანამდებობის პირს არ უნდა ჰქონდეს უფლება უხელმძღვანელოს ოპერატიულ, პოლიციურ და სადაზვერვო ღონისძიებებს, ფარულ მოქმედებებს, დაგეგმოს, განახორციელოს მიყურადების ღონისძიებები ან გაეცნოს მის შედეგებს.

მნიშვნელოვანი საკითხია კონტროლის მექანიზმის არსებობა. დღევანდელ რეალობაში ეს მექანიზმები დიდწილად მმართველი ძალის კონტროლს განაპირობებს.

ამის კარგი მაგალითია გენერალური ინსპექციის სტრუქტურა. ცნობილია, რომ ორი ათწლეულის წინ საქართველომ სამთავრობო სტრუქტურებში დანერგა გენერალური ინსპექციის ამერიკული ინსტიტუტი. შეერთებულ შტატებში ეს მექანიზმი თითქმის 300 წელია წარმატებით მუშაობს.

ინსპექცია შეისწავლის კორუფციული საქმეებს, დისციპლინარულ გადაცდომებს, თანამშრომლის თუ მოქალაქის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, სპეცსამსახურის შემთხვევაში - მოქმედებების შესაბამის გეგმებთან თანხვედრასაც.

ჩვენში, „ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით“ გენერალური ინსპექციის უწყება მინისტრს ექვემდებარება და პოლიტიკურ გუნდზეა დამოკიდებული როგორც ფინანსურად, ასევე ოპერატიულ საქმიანობასა თუ ინსპექტირებაში. ეს გარემოება ინსტიტუტს პოლიტიკური ინტერესების განხორციელების მექანიზმად აქცევს.

ჩვენში, „ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით“ გენერალური ინსპექციის უწყება მინისტრს ექვემდებარება და პოლიტიკურ გუნდზეა დამოკიდებული როგორც ფინანსურად, ასევე ოპერატიულ საქმიანობასა თუ ინსპექტირებაში. ეს გარემოება ინსტიტუტს პოლიტიკური ინტერესების განხორციელების მექანიზმად აქცევს

წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრს ნებისმიერი არასასურველი გამოძიების ბლოკირება შეუძლია, რითაც ინსპექციის კეთილსინდისიერება დიდწილადაა დამოკიდებული მინისტრის - პოლიტიკური პირის კეთილსინდისიერებასა თუ შეხედულებებზე.

მნიშვნელოვანია სტრუქტურის, ორგანიზაციის, ძირითადი მიმართულებების გამჭვირვალეობა - არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ყველა სახელმწიფოს სპეცსამსახური მუშაობს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა მემარჯვენე თუ მემარცხენე ექსტრემიზმი, ტერორიზმი, რადიკალური ისლამი, ძალადობრივი რელიგიური მოძღვრებები, კიბერუსაფრთხოების საკითხები, შპიონაჟი თუ საბოტაჟი.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა