ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ბსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინოვაციების ლაბორატორია ბსუ-ს სტუდენტებს დაეხმარება, მრეწველობის და ბიზნესის სექტორისთვის ინოვაციური პროექტები მოამზადონ და განახორციელონ, ასევე სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიას ორმხრივად სასარგებლო სერვისებს შესთავაზებს: მრეწველობის სექტორს - პერსონალის შესაძლებლობის გაძლიერებისთვის მოკლევადიან სასწავლო კურსებს, სტუდენტებს კი სხვადასხვა პროგრამულ პაკეტებს და პროექტების შემუშავებისა და მათი რეალიზაციისთვის სივრცეს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ინოვაციების ლაბორატორია „ერაზმუს+“-ის პროექტის ფარგლებში გაიხსნა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნულ ლაბორატორიასა და სააგენტოს ფაბრიკალურ ლაბორატორიებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას გეგმავს.

























