ქართული პრესის მიმოხილვა 01.08.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 01.08.2022

სანდრო თვალჭრელიძე - “კულუარული პროცესები მიდის, შემოდგომაზე ცვლილებებია მოსალოდნელი”...

შემოდგომით ოპოზიციის პროტესტი 12 პუნქტზე უნდა იყოს მიმართული და არა ხელისუფლების შეცვლაზე - ძაბირაძე

ანა დოლიძე - “ჩვენ დღეს ეკონომიკური ოკუპაციის საფრთხის წინაშე ვდგავართ”

მოლდოვა რუმინეთს სამხედრო დახმარებას სთხოვს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში

პაატა ზაქარეიშვილი - “ომით რატომ უნდა აიღოს კრემლმა ის, რასაც უომრად იღებს?!”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “კულუარული პროცესები მიდის, შემოდგომაზე ცვლილებებია მოსალოდნელი”...

“ივანიშვილმა წერილში ილაპარაკა ომში ჩათრევის საფრთხეზე, თუმცა არაფერი დაუკონკრეტებია, დააზუსტა კელი დეგნანთან 3-საათიანი შეხვედრა როდის გაიმართა, მაგრამ არ უთქვამს, რაზე ისაუბრეს. მოგვიანებით, თავად ელჩისგან მოვისმინეთ, რომ არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე და მე ამის მჯერა. არ ვიცი, შესაძლოა უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, განსაკუთრებით ომის დაწყების პირველ პერიოდში, მართლაც ჰქონდა აქ მეორე ფრონტის გახსნის სურვილი, მაგრამ ეს ვერაფრით იქნებოდა ევროპის ან ამერიკის ინტერესებში. მათგან არავის სურს საქართველოს ომში ჩათრევა”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კულუარული პროცესები მიდის, შემოდგომაზე ცვლილებებია მოსალოდნელი”...

“მაგრამ, ვფიქრობ, უკრაინისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებამ გარკვეულწილად გამოიწვია ურთიერთობების გართულება საქართველოსა და დასავლეთს შორის. საქმე ისაა, რომ ამერიკასაც და ევროპასაც სურთ უკრაინისადმი დამოკიდებულება იყოს ერთიანი, სინერგიული და ამასთანავე იყოს მკაფიოდ გაცხადებული. ამას ითხოვდნენ საქართველოსგანაც. სანქციების ნაწილს საქართველო ისედაც შეერთებულია, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. უცნაურია, რომ მოლდოვისთვის არ წაუყენებიათ იმგვარი მოთხოვნები, როგორიც ჩვენთან ჰქონდათ, არადა, მასაც არ შემოუღია ორმხრივი სანქციები რუსეთისთვის. მე ამას იმით ვხსნი, რომ ჯერ ერთი, ჩვენთან უფრო ძლიერია ოპოზიცია და მეორეც, მას უკრაინაში ძალიან ძლიერი ლობი ჰყავს. სწორედ მათ იმუშავეს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. საქართველოსა და უკრაინას შორის უთანხმოება ახლა არ დაწყებულა, დაიწყო პოროშენკოს ხელისუფლების დროს, როდესაც მან ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გუბერნატორად დანიშნა. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის დიდი სილის გაწვნა იყო. შემდგომ ზელენსკიმ დააბრუნა სააკაშვილი სახელმწიფო სამსახურში, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არ დაივიწყა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ამიტომაც ომის დროს დაახლოებით ამგვარი მიდგომით გააგრძელეს მოქმედება, თქვენ არ გაითვალისწინეთ ჩვენი პოზიცია და ახლა ჩვენც ისე მოვიქცევით, როგორც გვაწყობსო. საბოლოოდ ამას მოჰყვა საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გამწვავება, ეს ომის თემაც “ქართულ ოცნებაში” ამიტომ აიკვიატეს - ევროპელების თუ ამერიკელების უკმაყოფილება უკრაინიდან რამდენჯერმე ნათქვამ “მეორე ფრონტის” თემას მიაბეს, თუმცა დასავლეთის ამ უკმაყოფილებას, უკრაინის საკითხის გარდა, სხვაც არაერთი მიზეზი აქვს...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამ ომზე არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს უსაფრთხოებაა ჩამოკიდებული. ღმერთმა დაიფაროს და, რუსეთმა თუ ომი მოიგო, ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი და საქართველო-უკრაინის ურთიერთობა აღარავის გაახსენდება. მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დადგება, თუმცა, ჩემი აზრით, რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს. ის მარცხისთვის განწირულია, ეს ახლა მხოლოდ დროის საკითხია. მე პრობლემას ვერ ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლებას პროცესების განვითარების ყველა სცენარი გაეთვალისწინებინა და ამ ომთან დაკავშირებით მოზომილი პოლიტიკა ეწარმოებინა. ამის გამო მას არავინ დაძრახავდა, მაგრამ მათი ნარატივი სხვა უნდა ყოფილიყო. არ შეიძლებოდა ისეთი განცხადებების გაკეთება. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი ჯერ ლაპარაკობს და მერე ფიქრობს. სამწუხაროდ, “ქართულ ოცნებაში” აღარავინ არის, ვინც დიპლომატიური ენით გამოხატავდა ამა თუ იმ მიდგომას. ეს შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილიდან მოდის, ის ხომ პიარს არ ცნობდა, ფიქრობდა, რომ რასაც ამბობდა, ყველაფერი საუკეთესო იყო. სამწუხაროდ, ჩვენს მთავრობაში სტრატეგიული აზროვნების ადამიანები არ არიან”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ჯერ კიდევ მაშინ, როცა გიორგი გახარია იყო უშიშროების საბჭოს მდივანი, შევთავაზე, რომ შეგვექმნა სტრატეგიული ანალიზის ცენტრი. მსგავსი ორგანო არის უსაფრთხოების სამსახურში, მაგრამ საკმარისი არ არის. საჭიროა ცენტრი, რომლის მუშაობაშიც ჩაერთვებიან არა მარტო ვიწრო, არამედ უფრო ფართო სპექტრის პროფესიონალებიც. ყველა ნორმალურ ქვეყანაში მუშაობს ამგვარი ცენტრები. რა თქმა უნდა, ჩემს წერილზე არავის უპასუხია. საჭიროა ინსტიტუცია, რომელიც სტრატეგიულად დაგეგმავს ჩვენს პოლიტიკას და არა ისე, როგორც ირაკლი კობახიძე აკეთებს - დღეს კელი დეგნანი რაღაცას რომ იტყვის, 15 წუთში ის გამოვარდება და პასუხობს - ეს არის მთელი მისი პოლიტიკა. ეს არასწორია, თან დაუჟინია, დასკვნა მარტივიაო, არადა, ანალიზი და დასკვნის გამოტანაა ყველაზე რთული. ჩვენს პოლიტიკას მე შევადარებდი უთავო მხედარ - მიქრის ცხენი და ვინც მას უნდა მართავდეს, უთავოდ არის დარჩენილი.სად მიგვიყვანს ეს “უთავო მხედარი”? ფაქტია, ამგვარი პოლიტიკით ქვეყანა ზიანდება, მაგრამ ეს მოცემულობაა. ეს პროცესი ან მივა უმრავლესობის დაშლამდე და არჩევნებამდე, ან მთავრობა შეიცვლება”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“ივანიშვილი წერილში აქებს მთავრობას და უწონებს, რომ მან ომი აარიდა ქვეყანას. როცა ის მთავრობის განსაკუთრებულ ქებას იწყებს, იმის მერე ბევრი რამ იცვლება ხოლმე. გაგახსენებთ, ღარიბაშვილსაც ძალიან აქებდა მის პირველ ჯერზე პრემიერობისას და უცებ, სადღაც 5 დღეში, გადადგა... ჩემი აზრით, ახლა კულუარული პროცესები მიდის, ივანიშვილი მოწადინებულია თავისი პრობლემები მოაგვაროს. შემოდგომაზე ცვლილებებია მოსალოდნელი. ამას, მგონი, გრძნობენ “ქართულ ოცნებაშიც”, ბევრი უკვე ეძებს თავის ადგილს სამომავლო პოლიტიკურ კოლაჟში. ცხადია, რომ 2024 წლის არჩევნებში მათ არავითარი პერსპექტივა არა აქვთ, ამიტომ სურთ რაღაცის დაფუძნება. მათი პოზიცია ანტიდასავლური იქნება თუ პროდასავლური, არავინ იცის, რაც მთავარია, თვითონაც არ იციან. ისინი ჯერ საკუთარ თავზე ფიქრობენ, მერე ქვეყანასა და იდეოლოგიაზე”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“ისევ სრულ აბსურდში ვართ, ისევ ყველა მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. არადა, უპირველესი რეკომენდაცია დეპოლარიზაციაა და ჩვენ რას ვხედავთ ამის სანაცვლოდ? - უარეს დაპირისპირებას, უარეს პოლარიზაციას. მეტიც, პოლიტიკოსები პირდაპირ უბიძგებენ ამისკენ საზოგადოებას. ლოგიკას თუ მივყვებით, ამ რეკომენდაციების შესრულება მთავრობის ვალდებულებაა, ამიტომ სასურველია ყველამ მთავრობასთან იმუშაოს. შეუძლიათ იჩხუბონ, იკამათონ სამუშაო ჯგუფებში და საბოლოოდ რაღაც კონსენსუსამდე მივიდნენ, მაგრამ ასე იქცევიან ევროპულ ქვეყნებში და არა საქართველოში. ისე, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც უნდა აღიარონ შეცდომები, ეს ყველაფერი დიდწილად მათ მიერ თავს მოხვეული კოაბიტაციის შედეგია. რა თქმა უნდა, თუ რამე არ მოგვწონს, შეგვიძლია გავაკრიტიკოთ ევროკავშირიც, ამერიკის ელჩიც და ასე შემდეგ, მაგრამ ისე არა, როგორც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს. მათი განცხადებები ლანძღვა-გინების ზღვარზეა. ისინი არ შედიან საგნობრივ დისკუსიაში. ეს, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კლასის ძალიან დაბალი კულტურის მაჩვენებელია”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ბიჭვინთისა და მიმდებარე ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემაზს, პრემიერმა ბრძანა, არ ღირს ზედმეტი ხმაურის ატეხაო”, - პასუხობს:

“არ ვიცი, ხელისუფლებას რა და როგორ აქვს გათვლილი, მაგრამ ამ ეტაპზე ნაკლებად ხმაურის პოლიტიკა მეც გამართლებული მგონია. აფხაზები მიხვდნენ ერთ რამეს - რუსეთი მათ არსებობას უქმნის საფრთხეს. იმ აგარაკების მითვისება ძალიან დიდი დარტყმაა. ვფიქრობ, აფხაზები რაც უფრო ცხადად დაინახავენ, რა ჩიხშიც არიან მოქცეული, მით უფრო სწრაფად მოვლენ ჩვენთან. ნაწილობრივ ეს უკვე დაწყებულია, არაერთი სამედიცინო დაწესებულება ვიცი თბილისში, რომელიც გადაჭედილია აფხაზებით, რომლებიც უფასოდ მკურნალობენ ჩვენთან. ასევე არაერთი აფხაზი ახალგაზრდა სწავლობს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში. ეს ჩუმი, ე.წ. ლატენტური პოლიტიკა სტრატეგიულად სწორია. კონკრეტულად ამ აგარაკებთან დაკავშირებით, ალბათ, არ იქნებოდა ურიგო ერთი განცხადება გაეკეთებინა, მაგალითად, სახელმწიფო მინისტრს. ისინი, ვინც დღეს ამისთვის აკრიტიკებენ ხელისუფლებას, უნდა დაფიქრდნენ, არ შეიძლება ყველა საკითხი გამოიყენო საკუთარი ინტერესებისთვის და სულ მზად იყო მთავრობისთვის ზურგში დანის ჩასაცემად. არის თემები, რომლებითაც მანიპულირებისას შეიძლება ეგ დანა ქვეყნის ზურგში აღმოჩნდეს”...

შემოდგომით ოპოზიციის პროტესტი 12 პუნქტზე უნდა იყოს მიმართული და არა ხელისუფლების შეცვლაზე - ძაბირაძე

“როცა საპარლამენტო დებატები დაიწყება, ოპოზიციამ ალბათ ქუჩაც უნდა გააქტიუროს, ეს ყველაზე ქმედითი პროცესი იქნება. ოპოზიციამ არ უნდა დასვას თემა, რომ ხელისუფლებას შეცვლის, ასეთი მეთოდებით არ უნდა დაიწყოს. საპროტესტო აქციებს მობილიზება უნდა გაუკეთოს, მაგრამ 12 პუნქტთან მიმართებაში. რომელი საკითხიც შესასრულებელი იქნება, იქ ოპოზიციის მხადრაჭერა ქუჩის მხრიდანაც იყოს, რომ კონკრეტული კანონპროექტი სწორედ ისეთი გავიდეს, როგორიც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება - ამის შესახებ “რეზონანსთან” ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შემოდგომით ოპოზიციის პროტესტი 12 პუნქტზე უნდა იყოს მიმართული და არა ხელისუფლების შეცვლაზე - ძაბირაძე.

“ქართულ ოცნებას” 76 მანდატი აქვს, ამიტომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა შეუძლია გაიტანოს და გადაწყვეტილება მიიღოს. მეორე მხრივ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ დებატებში მონაწილეობას არ იღებს, ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა ამ პუნქტებთან დაკავშირებით კანონპროექტი ცალკე უნდა შეიმუშავონ და შემდეგ პარლამენტს წარუდგინონ. საბოლოო გადაწყვეტილება მაინც პარლამენტმა უნდა მიიღოს. ვადების შემცირების შემთხვევაში რთული ვითარება იქნებოდა,მაგრამ ახლა ვადები საკმაოდ დიდია. ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენა იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში უკვე პლენარურ სხდომებზე დებატები დაიწყება. როგორც ჩანს, ოპოზიციას უნდა, რომ დებატები გამოიწვიოს და დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს თუ იმ 12 პუნქტში ჩადებული მოთხოვნების შესრულებას როგორ უყურებენ. პრინციპში ისინი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ანგარიშს არ უწევენ, მაგრამ ალბათ ფიქრობენ, რომ ეს უკეთესი ხერხია და უმჯობესია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ნახონ პოლიტიკური ოპოზიცია რას ფოქრობს. ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება, იმის იმედი, რომ ამ 12-ივე პუნქტს დეკემბრის ბოლომდე მიიღებენ, რა თქმა უნდა არ მაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ივანიშვილის წერილმა საკმაოდ მძაფრი რეზონანსი გამოიწვია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენს პარტნიორებში, ძირითადად ეს აშშ იყო - განცხადებები წამოვიდა, როგორც სენატორების, ისე თეთრი სახლის წარმომადგენლების მხრიდან, აღარაფერს ვსაუბრობ ელჩი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე და ინტერვიუზე, რომელიც მან “ამერიკის ხმას” მისცა. წერილი და შემდეგ მასთან დაკავშირებით ის განმარტებები, რაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან მოჰყვა, რეალურად აღქმული იქნა, როგორც ანტიდასავლური. როგორც ჩანს, ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებს შორის ვითარება საკმაოდ დაიძაბა, მაგრამ როგორც ჩანს ხელისუფლება პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, იმ განცხადებებვიდან გამომდინარე, რაც მათი მხრიდან გაკეთდა. ქვეყანა ნელ-ნელა საგარეო მოკავშირეებთან მიმართებაში კრიზისში შედის. ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ბოლო 30 წელია ასეთი ურთიერთობა არ გვქონია. გაგრძელება ალბათ ისეთივე იქნება, როგორიც იყო, დიდი იმედები არ მაქვს, რომ ხელისუფლება რიტორიკას შეცვლის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გასული “ოცნების” დეპუტატების მხრიდან ახალი პოლიტიკური პარტიის კონტურები, რა თქმა უნდა იკვეთება, აქ ყველაფერი ნათელია, რეგიონების საკრებულოებიდან გარკვეული ნაწილი “ქართული ოცნების” რიგებს დატოვებს და ამ ოთხეულს შეუერთდება, ფაქტიურად პარტიული სტრუქტურული ვერტიკალი ასეთი წესით იქნება გაკეთებული. შემდეგ გააჩნია რა ვითარება იქნება და იმ დროისთვის საარჩევნო სისტემა როგორი იქნება, როცა არჩევნები ჩატარდება და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ეს დეპუტატები არც თავად უარყოფენ, რომ “ოცნებას” გაემიჯნენ, ამბობენ, რომ ჩვენ მოლაპარაკე ადამიანები ვართ, რომლებიც ყველაფერს ვილაპარაკებთ. ამ ლაპარაკში ტყუილ-მართალი სად იქნება, ეს უკვე საზოგადოებამ უნდა გაარჩიოს. ამასთანავე “ოცნება” ცდილობს, რომ ის ხმები, რომელიც ანტიდასავლურია თავისკენ მიიზიდოს და როგორც ჩანს ასე წარმოუდგენიათ, რომ ეს კონკურეტული პარტია იქნება “პატრიოტთა ალიანსის”, “ალტ-ინფოსი” და ყველა იმ პარტიისა, რომელიც ამ ნარატივს მიჰყვება. ხელისუფლება ალბათ ამით ცდილობს, რომ არჩევნებისთვის ხმების მაქსიმალური მობილიზება მოახდინოს. ყოველ შემთხვევაში, ეს ხმები სხვა პოლიტიკურ ძალებთან არ წავიდეს”, - დაასკვნის ძაბირაძე და შეკითხვაზე - “შემოდგომიდან ოპოზიციის რა ტიპის გააქტიურებას ელოდებით?” - პასუხობს:

“ალბათ გააქტიურება იქნება. კონცენტრირება 12 პუნქტთან დაკავშირებით უნდა მოხდეს - როცა საპარლამენტო დებატები დაიწყება, მაშინ ოპოზიციამ ალბათ ქუჩაც უნდა გააქტიუროს, ეს ყველაზე ქმედითი პროცესი იქნება. ოპოზიციამ არ უნდა დასვას თემა, რომ ხელისუფლებას შეცვლის, ასეთი მეთოდებით არ უნდა დაიწყოს. საპროტესტო აქციებს მობილიზება უნდა გაუკეთოს, მაგრამ 12-პუნქტთან მიმართებაში. რომელი საკითხიც შესასრულებელი იქნება იქ ოპოზიციის მხადრაჭერა ქუჩის მხრიდანაც იყოს, რომ კონკრეტული კანონპროექტი სწორედ ისეთი გავიდეს, როგორიც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება”.

ანა დოლიძე - “ჩვენ დღეს ეკონომიკური ოკუპაციის საფრთხის წინაშე ვდგავართ”

“რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, პირიქით, ვფიქრობთ, მათი ტურისტებად შემოსვლა ქვეყნის ეკონომიკას სასიკეთოდ წაადგება. ჩვენს პარტიას ცალსახად აქვს გამოცხადებული, რომ პრეტენზიები არ შეიძლება გვქონდეს რუსეთის რიგით მოქალაქესთან, ჩვენ პრობლემა გვაქვს რუსულ ხელისუფლებასა და რუსეთის იმ მოქალაქეებთან, რომლებიც საოკუპაციო კანონს არღვევენ. რუსული ტურისტული კომპანიები არა, მაგრამ რუსების ეკონომიკური აქტიურობა, მათ მიერ ბიზნესების დარეგისტრირება და უძრავი ქონების შეძენა ნამდვილად პრობლემაა. სტატისტიკის სამსახურის დათვლით, ამ წლის გაზაფხულისთვის რუსებს უკვე შეძენილი ჰქონდათ 24 000 ერთეული უძრავი ქონება. ჩვენ ეს ინფორმაცია შსს-დან და სტატისტიკის სამსახურიდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ. სხვათა შორის, ინფორმაციის მოწოდებას თვეობით აგვიანებენ, მიზეზად კი ასახელებენ...” - აცხადებს პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენ დღეს ეკონომიკური ოკუპაციის საფრთხის წინაშე ვდგავართ”.

“ხომ იცით, რისთვის შეიჭრა რუსეთი ყირიმში? შემთხვევით, საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვის საბაბით ხომ არა?! აუცილებელია გამკაცრდეს ბინადრობის მოპოვება, რაც უძრავი ქონების შეძენას უკავშირდება. ჩვენ დღეს ეკონომიკური ოკუპაციის საფრთხის წინაშე ვდგავართ. მთავარი ის კი არ არის, ჩვენ რა დასკვნებს გავაკეთებთ, მთავარია, სახელმწიფომ გვითხრას, რა კეთდება საფრთხეების პრევენციისთვის, მაგრამ რომ არ გვეუბნება?! ჩვენ ისიც კი არ ვიცით, საერთოდ ფიქრობს თუ არა სახელმწიფო ამაზე. სამი თვის წინ მივმართე პარლამენტს, რომ რუსებისთვის ქონების შეძენაზე მორატორიუმი გამოეცხადებინა და ბინადრობის მოპოვება გაემკაცრებინა. დღემდე არა მაქვს პასუხი არაფერზე! ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შეაჩერეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა, სასწავლო ვიზების გაცემაც შეზღუდეს. ესე იგი, ნატოს წვერი ქვეყნებიც კი იაზრებენ საფრთხეს, რომელიც მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნების წინაშე დგას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანა დოლიძე.

“ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიც ამერიკა და კანადაა, ახერხებენ დიდი ემიგრაციის ათვისებას, ჩვენი ქვეყანა კი ამისთვის მზად არ არის და რაც მთავარია, არც ვემზადებით. ჩვენ არა გვაქვს სამუშაო ნებართვების გაცემის პოლიტიკა, არც ემიგრაციის პოლიტიკა, იყიდი ბინას და მორჩა, ბინადრობა გვაქვს, კაციშვილი არ გკითხავს, ვინ ხარ და რა გინდა... როდესაც საქართველოში შუქი, გაზი და წყალი არ იყო, აქ ცხოვრება არავის უნდოდა. დღეს რეალობა რადიკალურად შეცვლილია, ძალიან დიდი მოთხოვნაა უძრავ ქონებაზე. შესაბამისად, არ შეიძლება ბინადრობის მოწმობა მხოლოდ იმიტომ გასცე, რომ ბინას 100.000 დოლარად ყიდულობენ. საშუალო კლასის რუსისთვის, მით უფრო თუ მის უკან სახელმწიფო დგას, 100.000 დოლარი არაფერია. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ბინადრობის უფლების მოპოვება ძალიან ძნელია. ამას გარდა, ყველა ნორმალურ ქვეყანაში დასაქმებაში პრივილეგიები აქვთ ადგილობრივებს. არც ეს წესია გათვალისწინებული საქართველოში. აბა, წადით, დასაქმდით საფრანგეთში. იქ და ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც ემიგრანტებს ისეთ სამსახურებში ასაქმებენ, რომლებითაც დიდად დაინტერესებული არ არის მკვიდრი მოსახლეობა. ნუ ვაქცევთ ჩვენს სახელმწიფოს ნინიას ბაღად ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ბინადრობის გამკაცრების ჩვენს კანონპროექტზე საოცრება ხდება. პირველ ჯერზე გამოგვიგზავნეს წერილი, რომლითაც განხილვის ივნისამდე გადადებას გვთხოვდნენ. ივნისის შემდეგ ხმას აღარ გვცემენ, არც დასკვნა, არც განხილვა, არადა, დასკვნისთვის მოითხოვეს 30 დღე. “ოცნებას” ნუ ექნება იმედი, რომ ამ საქმეს შევეშვები. ამ ინიციატივას ათიათასობით ადამიანი უმაგრებს ზურგს. ძალიან ცოტა საკითხს თუ აქვს ასეთი მხარდაჭერა... ლარსის გამშვებ პუნქტთან ჩვენ აქციის არსი ის იყო, საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ ქვეყანაში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით რუსი შემოდის, სახელმწიფო კი ამას ყურადღებას არ აქცევს. მხოლოდ ლარსზე გამართული აქციით არ დასრულებულა ყველაფერი, მალე პარლამენტთანაც მივალთ. მე ისიც მაინტერესებს, მოქმედებს თუ არა დღეს კანონი “ოკუპაციის შესახებ” და ამოწმებენ თუ არა ლარსზე გადმოსულ რუსებს, არიან თუ არა ნამყოფი ისინი აფხაზეთში. მე პოლიტიკოსი ვარ, პარტიის თავმჯდომარე, და არ ვიცი! რატომ არ ვიცი?! არ მეუბნებიან და იმიტომ! გვიმალავენ რამეს?­ იქნებ ეკონომიკური ოკუპაციისთვის გვამზადებენ?!” - ამბობს პარტია “ხალხისთვის” ლიდერი.

“ჩემი აზრით, “ქართული ოცნება” არც პრორუსულია და არც პროდასავლური. მე მათ ბიძინა ივანიშვილის ქონების დაცვის კომპანია დავარქვი. თქვენ იცით, რომ იყო დრო, როდესაც ამ ხელისუფლებასთან მე ვთანამშრომლობდი, კერძოდ, ამერიკასთან სტრატეგიულ მოლაპარაკებებში. ვიცი, სინამდვილეში რაც არიან. სჭირდებოდათ? იყვნენ ამერიკის მეგობრები. დასჭირდებათ? სხვა ალიანსებში იქნებიან. დღეს ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ანტიდასავლურ ალიანსში არიან. სხვაგვარად ვერ აიხსნება მათი ბოლოდროინდელი განცხადებები. ჩემი შეხედულებით, ივანიშვილმა მიიღო სიგნალები, რომ დეოლიგარქიზაციაში უნდა მოყოლილიყო. “ქართული ოცნება” მზად არის საკუთარი ინტერესებისთვის ცეცხლი გაუხსნას ყველას, მათ შორის ამერიკის ელჩს. ასეთი ანტიდასავლური განცხადებები მაშინაც კი არ კეთდებოდა, როდესაც საქართველო დსთ-ში შევიდა. ქართველმა ხალხმა უკვე ნახა ვიზალიბერალიზაციის სიკეთე, ის მაინც იცის ყოველმა ჩვენგანმა, რომ მილანი და პარიზი სჯობს უფას და კრასნოდარს”, - დაასკვნის ანა დოლიძე.

“ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის გამოსავალი შედარებით ადვილად მოიძებნებოდა, “ნაცმოძრაობა” ერთი-ორი ლიდერის, უფრო სწორად, სააკაშვილის ჭკუაზე რომ არ დადიოდეს. ასე რომ არ იყოს, პარტია მოუსმენდა ქართველ ხალხს, დასავლელ პარტნიორებს და მიიღებდა სწორ გადაწყვეტილებებს. დადონ კანონპროექტები და უთხრან ხელისუფლებას, აჰა, თქვენ და მიიღეთო! სათქმელი ექნებათ, დავუწერეთ კანონი და არ მიიღესო, მაგრამ არა, - ისეთი რაღაც უნდა გააკეთონ, რომ “ოცნების” წისქვილზე დაასხან წყალი. “ნაცმოძრაობა” “ოცნების” მეხამრიდია. თავის მხრივ, “ნაცმოძრაობას” აცოცხლებს “ოცნება”. ორივე გასაგდებია ქართული პოლიტიკური სივრციდან. ერთ მაგალითს მოგიყვანთ ბიჭვინთის საკითხზე. პირველად მე გავაკეთე განცხადება, ტელეგადაცემაშიც ვისაუბრე, საგაზეთო სტატიაშიც განვიხილე, ნიუსიც გავაკეთე, მაგრამ გამოხმაურება იყო ნული. როგორც კი “ნაცმოძრაობამ” ხმა ამოიღო, მაშინვე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითძვაზე - “პრემიერმა პოლიტიკურ სპექტრს ურჩია ზედმეტი ხმაური არ აეტეხათ ამ საქმეზე”, - პასუხობს:

“ეს იყო კაპიტულანტური განცხადება! საერთაშორისო სამართალი გვეუბნება, რომ ახალი ნორმა არ დამკვიდრდება, თუ რომელიმე ქვეყანა საკითხს მუდმივად აპროტესტებს. ჩვენ ამიტომ ვიღებთ მუდმივად გაეროს დეკლარაციებს. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ საპროტესტო ნოტებს არ გზავნის და განცხადებას არ აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთს ლეგალურად გაუფორმდეს ბიჭვინთა”...

მოლდოვა რუმინეთს სამხედრო დახმარებას სთხოვს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში

“მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლდოვა დახმარებისთვის რუმინეთს მიმართავს, თუ კონფლიქტი უკრაინაში მის ტერიტორიაზეც გავრცელდება. ანალიტიკოსთა მოსაზრებით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ მოლდოვა მარტო არ იქნება თავდასხმის შემთხვევაში. რუმინეთი ორ იმდენს გააკეთებს, რაც ახლა უკრაინაში კეთდება და არა მარტო ის. ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ რუმინეთი აუცილებლად დაეხმარება მოლდოვას, რადგან ისინი თითქმის ერთი ერის წარმომადგენლები არიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოლდოვა რუმინეთს სამხედრო დახმარებას სთხოვს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში - “რუმინეთმა შესაძლოა ჯარიც კი განათავსოს მოლდოვას ტერიტორიაზე, რადგან ისინი არიან ერთი ერი”.

“გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მანამდე კი საქართველოს, არ არის გამორიცხული შემდეგი იყოს მოლდოვა, რადგან პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი აირჩია ამ ქვეყანამ. განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ მან, საქართველოსგან განსხვავებით, უკვე მიიღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან. თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია რუსეთი თავს დაესხას მოლდოვას. შესაძლებელია თავდასხმა არ იყოს პირდაპირი, მაგრამ მოხდეს გარკვეული დივერსიული აქტივობების გახორციელება. მაგალითად, მოაწყონ პროვოკაცია დნესტრისპირეთის ოკუპირებული რეგიონიდან. მე მაინც მიმაჩნია, რომ აღნიშნულის გაკეთება გაუჭირდება რუსეთს მოლდოვის გეოგრაფიულად დაშორების გამო რუსეთისგან. ამ ქვეყნებს შორის არ არსებობს პირდაპირი საზღვარი და მოლდოვის მიმდებარე ტერიტორიას არ აკონტროლებს რუსეთის არმია. მოლდოვის საზღვრამდე მიღწევისთვის, აუცილებელია რუსულმა მხარემ მოახდინოს უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების ოკუპაცია, მათ შორის, ოდესისა და მთელი შავი ზღვისპირეთის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“გარდა ამისა, თავად მოლდოვას არ გააჩნია შავ ზღვაზე გასასვლელი. ამიტომ რუსეთი ვერ განახორციელებს თავდასხმებს ზღვიდან. ასე რომ, ყველაფრის მიუხედავად, ერთის მხრივ, თეორიულად, შესაძლებელია თავდასხმა მოლდოვაზე, მაგალითად საჰაერო იერიშის მიტანა მოლდოვის სამხედრო ობიექტებზე, ან გარკვეული პროვოკაციების მოწყობა, მაგრამ აღნიშნულის გაკეთება გაუჭირდებათ. რაც შეეხება რუმინეთის დახმარებას, ის აუცილებლად დაეხმარება მოლდოვას, რადგან ისინი არიან ერთი ერი, საუბრობენ ერთ ენაზე და მოლდოვა ისტორიულად ყოველთვის ეკუთვნოდა რუმინეთს, ვიდრე მისი ოკუპაცია არ განახორციელა საბჭოთა კავშირმა. მართალია, მოლდოვა არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ შესაძლებელია რუმინეთმა მიაწოდოს შეიარაღება და თუ საქმე მივიდა თავდასხმამდე, შესაძლოა ჯარიც კი განათავსოს მოლდოვის ტერიტორიაზე”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ხოლო თუ რუმინეთის შეიარაღებულ ძალებზე მიიტანს შეტევას რუსეთი, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება ნატოსაც, რადგან ის არის ალიანსის წევრი ქვეყანა. ფაქტია, რომ ფაქტიურად ერთი ერის წარმომადგენლები არიან რუმინელები და მოლდოველები, ამიტომ ეს ფაქტორი გადამწყვეტი იქნება ამ საკითხში”, - დაასკვნის ჩიტაძე. ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” ამბობს, რომ მსგავსი სცენარის განვითარების შემთხვევისთვის პრევენციულ ზომებს იღებს მოლდოვა. მისივე თქმით, შესაძლოა არსებობდეს გარკვეული ინფორმაციები თავდასხმის საშიშროებაზე, მაგრამ რუსეთს ახლა ნამდვილად არ აქვს ამის თავი”, - წერს სტატიის ავტორი.

“უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მოლდოვას ნამდვილად სჭირდება პრევენციული ზომების მიღება. მათ შორის, მოლაპარაკებების წარმოება რუმინეთთან. ამასთან უნდა გააფრთხილონ რუსეთი, რომ მოლდოვა, ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, არ იქნება მარტო და რუმინეთი, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო, გაუწევს დახმარებას. ამ ეტაზე, შესაძლოა არარეალურია რუსეთის თავდასხმა, ეს უფრო პრევენციულ გაფრთხილებას ჰგავს, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ რუსეთს ჰქონდეს იმის თავი, შეუტიოს მოლდოვას.თუმცა, დიდი ალბათობით, თავდასხმის შემთხვევაში რუმინეთი დაეხმარება მოლდოვას, ამ სახელმწიფოებს შორის არსებული ახლო ურთიერთობების გამო. არავინ იცის, ეს როგორ მოხდება, მაგრამ მგონი, არავის არ ეპარება ეჭვი, რომ აუცილებლად გაუწევენ დახმარებას”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“შესაძლებელია დახმარება იყოს შეიარაღების გადაცემის სახით, ასევე სამხედროების გადამზადებისა და ჯარის გაწვრთნით. რუმინეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და შიეძლება პირდაპირ ვერ გააგზავნოს საკუთარი ჯარი, მაგრამ, რასაც უკრაინის შემთხვევაში აკეთებენ, ორ იმდენს გააკეთებს რუმინეთი და არა მარტო ის, დაეხმარებიან სხვა ნატოს წევრი სახელმწიფოებიც”, - ამბობს კაკაჩია. მაია სანდუს განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა სულ უფრო უარესდება. “შეშფოთებულები ვართ. განვიხილავთ ყველაზე პესიმისტურ სცენარებს. შესაბამისად, ვემზადებით კიდეც ყველა სცენარისთვის. ვითარებაში, როდესაც რუსეთი შეეცდება თავს დაესხას მოლდოვის რესპუბლიკას, ჩვენ, მოვითხოვთ დახმარებას”, - განაცხადა მაია სანდუმ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

პაატა ზაქარეიშვილი - “ომით რატომ უნდა აიღოს კრემლმა ის, რასაც უომრად იღებს?!”

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი აფხაზეთში 49-წლიანი იჯარით შედის, მაგრამ აქამდე ეს მხოლოდ შენობებს ეხებოდა. ასეთივე ხელშეკრულებით აქვთ წაღებული სანატორიუმები, პანსიონატები, სახელმწიფო აგარაკები... მაგალითად, ბიჭვინთა-მიუსერის ტერიტორიაზე არსებული აგარაკები ამდენივეწლიანი იჯარით არის გაცემული. ამჯერად რუსეთს დასახლებული პუნქტები, სოფელი ლიძავა და მთლიანი მიმდებარე ტერიტორია მიაქვს. რუსები სოფლების აყრას, მოსახლეობის გაძევებას აპირებენ. ქართულ სოფლებში, სადაც ომამდე ქართველები ცხოვრობდნენ, შემდეგ კი აფხაზები ჩასახლდნენ, მათაც ყრიან. ვისაც აყრა არ მოუწევს, ანუ მიმდებარედ ცხოვრობენ, სპეციალური საშვებით მოუწევთ მიმოსვლა. იქ ადრეც იდგა უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი, რომელიც მოსახლეობისგან ორმეტრიანი ღობით იყო გამიჯნული, ახლა კი მიმდებარე სოფლები და ფიჭვის ტყეებიც მიაქვთ”, - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რატომ უნდა აიღოს კრემლმა ომით ის, რასაც უომრად იღებს?!”

“რაც შეეხება გალის რაიონში ე.წ. ჯაშუშობისთვის დაკავებული გოგონას საქმეს, არა მგონია, აფხაზებს ამის სჯეროდეთ. ბჟანიას გუნდი ცდილობს საპროტესტო მუხტი, რაც ბიჭვინთის ამბებს მოჰყვა, სხვა მიმართულებით წარმართოს, რადგან იცის, რომ ხალხი შეეცდება ამ დოკუმენტის რატიფიცირება არ მოხდეს. თუ მოახდენს, ამის შემდეგ გამოჩნდება, ხალხი რამდენად აღშფოთებულია და შესაძლოა ქუჩაში გამოვიდეს. თუ პროტესტი მცირე მასშტაბის იქნება, რუსეთი ამ უკანონობას დააკანონებს და ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება. საქმე ის არის, რომ ამ უკანონობას არც საქართველოს ხელისუფლება აპროტესტებს. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ასეთი დიდი საფრთხის პირისპირ ერთიანობა არ ყოფილიყო - ყოველთვის, როდესაც მსგავსი შემთხვევები ხდებოდა, ჩვენ და აფხაზები ვერთიანდებოდით. ახლა კი რა ხდება? მხოლოდ პრეზიდენტი აკეთებს განცხადებებს, მაგრამ მას არა აქვს იმხელა უფლებამოსილება, რამე შეცვალოს, პარლამენტი კი დუმს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“არადა, გაწონასწორებულმა პოლიტიკამ არ მოგვიტანა სასურველი შედეგი, რუსეთი­ თავხედურად განაგრძობს ანექსიას. ვცდილობ ჩვენი ხელისუფლების რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკას გავუგო, მაგრამ ვერ ვხვდები, რა არის ამის ფასი, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს რუსეთის გულის მოსაგებად. რუსეთს შავი ზღვისპირეთი სჭირდება და ცდილობს იპოვოს გზები, თუ როგორ გამოძვრება სიტუაციიდან, რადგან აცნობიერებს უკრაინაში დამარცხების ალბათობას. როდესაც ყარაბაღში საომარი მოქმედებები დასრულდა, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი - პუტინმა საომარი მოქმედების დასრულებიდან ორ დღეში მოულოდნელად გამონახა დრო ბჟანიასთვის, სოჭში შეხვდა და იმ ყბადაღებულ ე.წ. ჰარმონიზაციის 45-პუნქტიან დოკუმენტს ხელი მოაწერა - ანუ წინასწარ დაიბევა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“კავკასია არასტაბილური რეგიონია, ხვალ-ზეგ რა მოხდება, არავინ იცის, რა მოხდება და პუტინმა შავი ზღვისპირეთზე გავლენის გაფართოების უფლება დაიტოვა. ახლა რაკი უკრაინას კარგავს, გეგმა “ბეს” ამუშავებს, - ამისთვის სჭირდებოდა მას ქართული მხარის სიჩუმე და თუ ”ოცნება” დუმს, ოპოზიციამ და საზოგადოებამ უნდა ამოიღონ ხმა. თუკი ადრე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას “სტრატეგიულ დუმილს” უწოდებდნენ, ასე აპირებენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასო, ახლა ახსნან, რა მოუტანა ქვეყანას ამ დუმილმა და რის დაბრუნებაზეა საუბარი. დუმილის პოლიტიკას საქართველოსთვის სიკეთე არ მოუტანია. რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილებით ომი ავიცილეთო... ომით რატომ უნდა აიღოს კრემლმა ის, რასაც უომრად იღებს?!” - დასძენს ზაქარეიშვილი.