ელენე ხოშტარია საზოგადოებას მოუწოდებს, საქართველოში მყოფ უკრაინელ ოჯახებს, რომლებიც უსახლკაროდ არიან დარჩენილი, დაეხმარონ

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია საზოგადოებას მოუწოდებს, უკრაინელ ოჯახებს, რომლებიც უსახლკაროდ არიან დარჩენილი, დაეხმარონ.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში უკრაინელების დახმარების პროგრამა დასრულდა.

„ამ წუთებში, როდესაც რუსეთი უკრაინაში აგრძელებს კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენას, ხალხის წამებას, მკვლელობას, სამხედრო დანაშაულების ჩადენას და იქიდან ადამიანები იძულებით მოდიან საქართველოში, ჩვენმა ხელისუფლებამ ადამიანები სასტუმროებიდან და სახლებიდან გამოაგდო. დასრულდა რამდენიმეთვიანი პროგრამა, სადაც ადამიანებს შეეძლოთ უბრალოდ ეცხოვრათ და ეკვებათ. ეს არის გაუგონარი მტრული ნაბიჯი ომის პირობებში. ეს არის მტრული და პრორუსული ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის რაიმეს მოთხოვნას. არაერთი კომუნიკაცია მქონდა და სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან რაიმეს გაკეთების რესურსი ამოწურულია. თუ ეს ასე არ არის, მათ შეუძლიათ ახლავე იმოქმედონ. ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას, ბიზნესს და ხალხს, ვისაც შეუძლია სირცხვილი მოწმინდოს ჩვენს ქვეყანას და გვერდში დავუდგეს ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

როგორც მან აღნიშნა, უკვე გამოიყვანეს უკრაინელი ოჯახების ნაწილი, რომლებიც სასტუმროებში ან ოჯახებში უნდა დააბინავონ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არცერთ უკრაინელს ქუჩაში არ დავტოვებთ, გადავანაწილებთ ოფისებში, სახლებში, ყველგან და მოგიწოდებთ, რომ თქვენც მიიღოთ ამ ყველაფერში მონაწილეობა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. უკრაინის მოქალაქეები აცხადებენ, რომ გონიოში ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე მოითხოვს, რომ სასტუმრო, სადაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ცხოვრობენ, დატოვონ.

ამასთან, დღეს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. მერიის განცხადებასი ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს