ზაზა ფირალიშვილი -  ომი საქართველოში მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას სულ უფრო გაუგებარი ტრაექტორიების ფორმებს იძენს. იმდენად გაუგებარსაც კი, რომ კითხვაზე პასუხი კოორდინატების რომელ სისტემაში მოძრაობს ქვეყანა, პასუხგაუცემელი და რიტორიკული კითხვების გაჩენის საფუძველსა და საბაბს იძლევა.

უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებულ რეალობის თემებს, ამ ომის გამო საქართველოსთვის გაჩენილ ახალ შესაძლებლობებზე ოფიციალური თბილისის გადადგმულ, გადასადგმელ თუ არგადადგმულ ნაბიჯების საკითხებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით.

ვიდრე ამ თემებს შევეხებით, უპრიანი იქნება, თუ საუბარს საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებებზე მსჯელობით დავიწყებთ. მმართველი გუნდი, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა თურმე „ხაფანგი იყო“, ამ სტატუსის მისაღებად ბევრი არც არაფერი გააკეთა, ახლა ამტკიცებს, რომ მზადაა ევროპული 12-ვე რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერი გააკეთოს.

შექმნა საპარლამენტო კომისიები, რომელშიც ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას არ იღებს. მეტიც, ოპოზიციის ეს ნაწილი არასამთავრობოებთან აქტიურად მუშაობს იმავე რეკომენდაციების შესასრულებლად კანონპროექტების მომზადებაზე, მაგრამ, უკვე ვიცით, რომ მათ განხილვას მმართველი გუნდი არც აპირებს.

ის იყო დავიჯერეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად დაიწყო მუშაობა, როცა ჯერ პრემიერმა ღარიბაშვილმა მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფორ დერ ლაინს და სთხოვა გამიჯვნოდა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს. შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერშიფმა დაიწყო აშშ-ს ელჩ დეგნანის მიმართ თავდასხმები და იმის მოთხოვნა, რომ ისიც გამიჯვნოდა ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელიც ივანიშვილს ეხება.

როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ხდება? ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციის მხრიდან?

- არა მგონია, რეკომენდაციებთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული ხდებოდეს. არ სრულდება ერთ-ერთი მთავარი პირობა იმის შესახებ, რომ რეკომენდაციებზე მუშაობა საერთო პოლიტიკური კონსესუსის პირობებში უნდა მიმდინარეობდეს. ევროკავშირის წარმომადგენლებისათვის არსებითია ამ პირობის შესრულება. ეს არ გახლავთ რაიმე კაპრიზი ან გადაჭარბებული მოთხოვნა. ევროკავშირში სურთ, იცოდნენ, თუ ვინ აპირებს მათი ოჯახის წევრობას - ქვეყანა, რომელსაც პოლიტიკურად ზრდასრული პოლიტიკური კლასი ჰყავს, თუ პოლიტიკურ სექტებად დაყოფილი პოლიტიკური კლასი.

ხელისუფლების განცხადებებმა უკვე შეძლო, რაღაც ბზარის მსგავსი გაეჩინა საერთო ეროვნულ თანხმობაში იმის შესახებ, რომ ევროპული ოჯახის წევრობა გვსურდა. ომის საშიშროებასთან ამ თემის დაკავშირება, რბილად რომ ვთქვათ, უვარგისი პოლიტიკური ხერხია, რომელსაც ცუდი შედეგები მოსდევს.

ხელისუფლების განცხადებებმა უკვე შეძლო, რაღაც ბზარის მსგავსი გაეჩინა საერთო ეროვნულ თანხმობაში იმის შესახებ, რომ ევროპული ოჯახის წევრობა გვსურდა. ომის საშიშროებასთან ამ თემის დაკავშირება, რბილად რომ ვთქვათ, უვარგისი პოლიტიკური ხერხია, რომელსაც ცუდი შედეგები მოსდევს

იოლია, ადამიანებში ომის ირაციონალური შიში გააჩინო და ისე მართო მათი განწყობები. ოპოზიციამ ამას ვერაფერი დაუპირისპირა. გუშინ გამოქვეყნდა დეპუტატების ჯგუფის საკმაოდ კარგი განცხადება ამ თემაზე. სამწუხაროდ, მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აწერს ხელს.

რადიკალური ურთიერთდაპირისპირების ტრადიცია იმდენად ძლიერია, რომ ორ მხარეს არა თუ თანამშრომლობა არ შეუძლია, ფსიქოლოგიურადაც კი უჭირთ ამის დაშვება. ცხადია, თანამშრომლობის საქმეში ინიციატივა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. სწორედ მასზეა საერთო ეროვნული კონსენსუსის მიღწევის მთელი ტვირთი, სწორედ ის არის ვალდებული, უფრო მომთმენი და თავშეკავებული იყოს.

ამის ნაცვლად, საკმარისია, ოპოზიციურ ძალებში თანამშრომლობის რაღაც სურვილის მსგავსი გაჩნდეს, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის განცხადება მყისიერად ახშობს ამ სურვილს და ოპოზიციაში ისევ რადიკალური განწყობები ბატონდება. თითქოს ვიღაც მესამე მართავს ერთსაც და მეორესაც.

საკმარისია, ოპოზიციურ ძალებში თანამშრომლობის რაღაც სურვილის მსგავსი გაჩნდეს, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის განცხადება მყისიერად ახშობს ამ სურვილს და ოპოზიციაში ისევ რადიკალური განწყობები ბატონდება. თითქოს ვიღაც მესამე მართავს ერთსაც და მეორესაც

რაც შეეხება „ოცნების“ ლიდერების მიმართვებს, უხერხულობის მეტს ვერაფერს იგრძნობ კაცი. ასე უხერხულად თავი არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის დროს არ მიგრძნია. ყველაფერი ეს უკვე დიდი ხანია, პოლიტიკური კულტურის ფარგლებს გარეთ არის გასული და უფრო პლებეურ თავდასხმებსა და კინკლაობას ჰგავს, ვიდრე პოლიტიკურ მეტყველებას.

- თქვენ ბევრჯერ გითქვამთ, რომ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც ახლა სცენაზეა, დაკარგული აქვთ საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა. ეს ეხება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.

იმის ფონზე, როცა ოპოზიციამ მოახერხა და არჩევნების შემდეგ გადაქანცა საზოგადოება უსასრულო დაძაბულობით, „ქართული ოცნება“ სრულად აკონტროლებს სიტუაციას.

ვითარებაში, როცა მმართველ გუნდს ევროპული რეკომენდაციების შესრულება ისე წარმოუდგენიათ, რომ იგი ბიძინა ივანიშვილს, სასამართლო სისტემას არ შეეხოს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მათ მიერ ძალაუფლებას დაკარგვას საფრთხე არ უნდა შეექმნას, ხოლო ოპოზიცია ვერ ახერხებს ევროპულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბებას, თქვენი დაკვირვებით რა პერსპექტივა აქვს ევროპული რეკომენდაციების მიღებას, რის შემდეგაც ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს?

- ვფიქრობ, დღევანდელი მოცემულობით პერსპექტივა მცირეა. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ყველაფერი დეოლიგარქიზაციის პრობლემაზე შეჩერდება. „ქართული ოცნების“ სურვილები დასავლეთისათვის გაუგებარი და მიუღებელია. არ არის სერიოზული, პარტნიორებს წინასწარ ისეთი პირობები დაუდო, იმთავითვე რომ მიუღებელია. ხელისუფლების წარმომადგენლები თავისი განცხადებებით თავად აძლიერებენ შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანას, მართლაც, ოლიგარქი მართავს.

არ არის სერიოზული, პარტნიორებს წინასწარ ისეთი პირობები დაუდო, იმთავითვე რომ მიუღებელია. ხელისუფლების წარმომადგენლები თავისი განცხადებებით თავად აძლიერებენ შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანას, მართლაც, ოლიგარქი მართავს

საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების კლასი რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა და ეს მხოლოდ ხელისუფლებას არ ეხება. უცხოელები ლამის ყოველდღიურად გვიმეორებენ, რომ ჩვენი პოლიტიკური წრეები ვერ გარკვეულან პრიორიტეტებში, აქვთ ინფანტილური მოლოდინები და რომ პარტიული კორპორატიული ეგოისტური მიზნები სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მაღლა დგას.

უკვე რამდენიმე ფაქტი ვიცი, როდესაც ოპოზიციონერები განცხადებას ხელს არ აწერენ არა იმიტომ, რომ მის შინაარსს არ ეთანხმებიან, არამედ იმ მიზეზით, რომ მას „ვიღაც“ აწერს ხელს. ეს უკვე პოლიტიკური კულტურისადა ეროვნული ინტერესების ხედვის დეფიციტს ნიშნავს.

- თუ სწორად ვხდები თქვენს ლოგიკას, არა გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ეს პროცესი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის კარგად დასრულდება. რადგან ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია, კითხვას ასე დავსვამ - რა შეიძლება მოხდეს ან ქვეყნის საშინაო, ან საგარეო პოლიტიკაში ისეთი, რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივა საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგის #1 საკითხი არა მარტო გახდეს, არამედ რეალური ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით?

- ამისთვის საჭიროა, ხელისუფლება გათავისუფლდეს რუსეთის შიშებისაგან თუ რუსული იარაღის ძლევამოსილების რწმენისაგან და გაიხსენოს, რომ პარტნიორების გარეშე და დასავლეთისაკენ სვლის შენელებით რუსეთი კიდევ უფრო სახიფათო გახდება ჩვენთვის. თუნდაც კრისტალურად მართლები იყვნენ სანქციებთან და ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით, ამის გამოთქმას თავისი ფორმები აქვს და არა ისეთი უკულტუროდ პოპულისტური, ყოველდღიურად რომ ვუცქერთ.

სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ ჩვენი ბედის განსაზღვრაში მხოლოდ უარყოფითად ვმონაწილეობთ. ჩვენ, როგორც გეოპოლიტიკური ერთეული, განსაკუთრებით, ევრაზიული დერეფნის რუსული შტოს პარალიზების შემდეგ, იმდენად მნიშვნელოვნები გავხდით, რომ არც დასავლეთი და არც ჩინეთი იოლად არ დაუშვებს ჩვენს ჩართვას საომარ მოქმედებებში.

ამ კონტექსტში საქართველოში რუსული იდეის გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი და „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვანი მონაკვეთი რუსულ კონტროლს დაექვემდებაროს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ომი სწორედ რუსეთის ინტერესებშია. ეს არა მხოლოდ დასავლეთს, ჩინელებსაც არ აწყობთ.

საქართველოში რუსული იდეის გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი და „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვანი მონაკვეთი რუსულ კონტროლს დაექვემდებაროს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ომი სწორედ რუსეთის ინტერესებშია. ეს არა მხოლოდ დასავლეთს, ჩინელებსაც არ აწყობთ

ჩინეთის პოზიცია არ არის ცალსახა. ნუ ვიფიქრებთ, რომ მათთვისაა მისაღები ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკური მიზნებისათვის ასეთი პირდაპირი და ხეპრული გამოყენება, ბირთვული იარაღით მუქარა და ა.შ. პოლიტიკაში ასეთი მუქარები ნიშანია არა ძალისა, არამედ დაბალი პოლიტიკური კულტურისა. ყველაფერი არ ითქმის, რაც იგულისხმება.

ყველაფერს თავისი ფორმები და პირობითობები აქვს. ცხადია, პოლიტიკა არ არის წმინდანების ადგილი, მაგრამ ვერც ლაგერების ენაზე მეტყველ ბარბაროსებს ჰგუობს. გარდა ამისა, ჩინეთის - დედამიწის ზურგზე ყველაზე ძველი სახელმწიფოებრიობის ხელმძღვანელებმა კარგად იციან, რომ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ერთ დღესაც ეს მათაც შეეხება და უკვე მათ მიმართ ამეტყველდებიან ამ ენით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩინელებისა და რუსების სიახლოვე უფრო სიტუაციურია, ვიდრე არსებითი.

ჩვენ ჩვენი ბოლოდროინდელი ქცევით არა მხოლოდ ათწლეულების განმავლობაში შექმნილ საგარეო ურთიერთობათა სისტემას ვაზიანებთ, არამედ არანაირად არ ვმონაწილეობთ საგარეო მოვლენებში და უაზროდ ვიხარშებით საშინაო პროცესებში, უსაგნოდ ვხარჯავთ საზოგადოებრივ ძალებს.

ჩვენ ჩვენი ბოლოდროინდელი ქცევით არა მხოლოდ ათწლეულების განმავლობაში შექმნილ საგარეო ურთიერთობათა სისტემას ვაზიანებთ, არამედ არანაირად არ ვმონაწილეობთ საგარეო მოვლენებში და უაზროდ ვიხარშებით საშინაო პროცესებში, უსაგნოდ ვხარჯავთ საზოგადოებრივ ძალებს

ყარაბაღის მეორე ომმაც კი თავისი შედეგებით ისე ჩაიარა, რომ ჩვენ პოლიტიკურ კლასს არ შეხებია.ისევ და ისევ ფატალურად ვართ დამოკიდებულები იმაზე, რა მოხდება ჩვენს გარეთ, თავად კი ან არანაირად, ან უარყოფითი ნიშნით ვმონაწილეობთ ამაში.

- ბრძანეთ - „გარე საკითხებში საქართველო არ მონაწილეობს, ისეთ საკითხებშიც კი, რომლებშიც შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ“... „უაზროდ ვიხარშებით საშინაო ამბებში“. დიახ, მართლაც ასე ჩანს. რადგან, ფაქტია, რომ საქართველო რამშტაინის პროცესში კი მონაწილეობს, მაგრამ, ეს ის შემთხვევაა, როცა მონაწილეობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თვალსაზრისით პრაქტიკულად არც არაფერს ნიშნავს.

ეს ის თემაა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მისი მიზანი ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანებაა. მაგრამ, უკვე ცხადად ჩანს რომ ევროპული მიმართულებით ბევრი არც არაფერი გაკეთდება.

რაც შეეხება აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას, აქაც, არა თუ ბევრ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, არამედ თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად აშშ-ს ელჩთან, შესაბამისად აშშ-სთან ღია კონფრონტაციას. სულ ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ სახეები ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილი ისე ესხმოდნენ თავს ელჩ დეგნანს, ამის მსგავსი მათგან რუსეთის ხელისუფლების მისამართით არაფერი გვახსოვს.

ისინი ამტკიცებდნენ, და ახლაც აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ აშშ აიძულებდა საქართველოს რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას. ამ თემაზე ივანიშვილის პასუხმაც ორაზროვნებებისთვის ადგილი დატოვა. ახლა იგივე ჯგუფი, გაძლიერებული დეპუტატ მაჭარაშვილით ისევ ითხოვს ელჩისგან პასუხს კითხვაზე ითხოვდა თუა არა იგი საქართველოსაგან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებთან მიერთებას და ივანიშვილისგან პოლიტიკაში დაბრუნებას.

ამ პროცესმა ისეთი სახე მიიღო, რომ აშკარაა, საქმე ხელისუფლების აშშ-სთან და ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით იმაზე რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველ გუნდის და ამავე გუნდთან და პირადად ივანიშვილთან აფილირებული ფიგურების შეტევები აშშ-ს ელჩზე?

- დარწმუნებული ვარ, დასავლეთი გაგებით მოეკიდებოდა იმას, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, თუკი ამის მიზეზებს კარგად აუხსნიდნენ და ჩვენი ხელისუფალნი გაუგებარი ენთუზიაზმით არ განაცხადებდნენ მიუერთებლობის შესახებ, მითუმეტეს, ერთ-ერთ მინისტრს ამ მიუერთებლობაში ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შანსების შესახებ საჯაროდ რომ არ ესაუბრა. ამგვარი განცხადებების შემდეგ კი ბუნებრივად გაჩნდა ეჭვები.

რაც შეეხება სამეულის განცხადებებს, მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, თუ როგორ შეიძლება აღიქმებოდეს ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ კი ეს იოლია მიიჩნიონ ფეხმოკლე შანტაჟად და პარტიის ფარული სტრატეგიის გამჟღავნებად.

რაც შეეხება სამეულის განცხადებებს, მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, თუ როგორ შეიძლება აღიქმებოდეს ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ კი ეს იოლია მიიჩნიონ ფეხმოკლე შანტაჟად და პარტიის ფარული სტრატეგიის გამჟღავნებად

ამ სამეულის გაჩენა წმინდა მორალურად ძალიან მძიმე ფაქტია. ეს შესაძლებელი გახდა ჩვენი მთელი უახლესი ისტორიის შემდეგ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ ფსონი ომში რუსეთის გამარჯვებაზე დადეს და ეჭვი არ მეპარება, რომ სულ ორიოდე წელიწადში ეს ძალიან ძვირი დაუჯდებათ. რამდენადაც „ოცნებაში“ არავინ უპირისპირდება მათ „რადიკალიზმს“, როგორც ჩანს, ამ პარტიაშიც მრავლად არიან, ვინც რუსეთის გამარჯვებაზე დადო ფსონი. ვერ გამიგია, როგორც შეიძლება თავი ასე გაწირო ისტორიის სამსჯავროს წინაშე.

სამეულის გაჩენა წმინდა მორალურად ძალიან მძიმე ფაქტია. ეს შესაძლებელი გახდა ჩვენი მთელი უახლესი ისტორიის შემდეგ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ ფსონი ომში რუსეთის გამარჯვებაზე დადეს... რამდენადაც „ოცნებაში“ არავინ უპირისპირდება მათ „რადიკალიზმს“, როგორც ჩანს, ამ პარტიაშიც მრავლად არიან, ვინც რუსეთის გამარჯვებაზე დადო ფსონი. ვერ გამიგია, როგორც შეიძლება თავი ასე გაწირო ისტორიის სამსჯავროს წინაშე

წარმოვიდგინოთ, რომ მათი იმედები გამართლდა რაც, ვიმეორებ, შეუძლებელია. გაივლის სულ ორი ათეული წელი და ისინი ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში ისეთივე ადგილს დაიკავებენ, როგორიც ქართველმა ბოლშევიკმა ლიდერებმა დაიკავეს. როგორც ჩანს, იძულებულები არიან, ძალზე სერიოზულ ბერკეტებს დაემორჩილონ. სხვაგვარად ვერ ამიხსნია.

როგორც ჩანს, მავანთ ატყუებთ ის, რომ დასავლეთმა სწრაფი სამხედრო ოპერაციებით არ დაამარცხა რუსეთი და ამას რუსული იარაღის ძლევამოსილებით ხსნიან. საქმე ისაა, რომ დასავლეთს საქმე აქვს ბირთვული იარაღის მფლობელ ბარბაროსთან, რომლის დამარცხებასაც დროში გაჭიმული ფილიგრანული ტექნიკა სჭირდება.

სანამ რუსეთი ფსიქოლოგიურად მონოლითურია და სანამ სანქციების შედეგები რუსული მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არ იგრძნო, სანამ რუსული ეკონომიკა დაგროვილი რესურსების ხარჯზე ჯერაც ახერხებს ფუნქციონირებას, სწრაფ გამარჯვებას შეიძლება რევანშისტული ვნებები და ხელისუფლების სათავეში პუტინზე აგრესიული ფიგურის მოსვლა მოჰყვეს.

ამიტომაც, დასავლეთი ელოდება, როდის დაიწყება ეროზია თავად რუსულ საზოგადოებაში და როდის ამოძრავდებიან ნაციონალური რესპუბლიკები. სწრაფ სამხედრო ოპერაციებს მაშინ ექნება მაქსიმალური შედეგი, როდესაც რუსული საზოგადოების კრიტიკულად დიდ ნაწილში დაბნეულობა და ხელისუფლების მიმართ უიმედობა გაჩნდება.

დასავლეთი ელოდება, როდის დაიწყება ეროზია თავად რუსულ საზოგადოებაში და როდის ამოძრავდებიან ნაციონალური რესპუბლიკები. სწრაფ სამხედრო ოპერაციებს მაშინ ექნება მაქსიმალური შედეგი, როდესაც რუსული საზოგადოების კრიტიკულად დიდ ნაწილში დაბნეულობა და ხელისუფლების მიმართ უიმედობა გაჩნდება

დასავლეთში უკვე დაუფარავად ამბობენ, რომ რუსულმა სახელმწიფომ ძველი ფორმით აღარ უნდა იარსებოს.ამ მიზნისაკენ ისინი აუცილებლად ივლიან, თუნდაც, პროცესების საგანგებო გაჭიანურებისა და დიპლომატიური ფიგურების თანხლებით. „ცივმა ომმა“ დასავლეთს გაჭიანურებული და თავისთვის უსისხლო ომის დიდი გამოცდილება შესძინა.

- ამ თემაზე აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირებისა და გავლენიანი პოლიტიკოსების კომენტარები იმაზე მეტყველებს, ვაშინგტონში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკაში იმ ტიპის ცვლილებები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორთან პარტნიორულ ურთიერთობებს სულაც არ ჰგავს.

„ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ - „აშშ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს“

ახლა როცა მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი და სერიოზული ცვლილებები ხდება, საკმაოდ გაზრდილია სხვადასხვა ტიპის საფრთხეები, მათ შორის საქართველოსთვის, აქტუალური თემაა როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოს მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკაზე და რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა?

- ცხადია, ცუდად შეიძლება აისახოს, თუმცა არის რაღაც რაც იმედს მიტოვებს. ვაშინგტონში კარგად იციან ჩვენი მოსახლეობის განწყობა. ისიც კარგად იციან, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიცია ვერ ახერხებს ამ განწყობების პოლიტიკურ კაპიტალად კონვერტირებას. ამას დავუმატოთ ისიც, რაც უკვე ვთქვი: ჩვენ „აბრეშუმის გზის“ სამხრეთი განშტოების მნიშვნელოვან მონაკვეთს ვფლობთ და ამ ფაქტის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება.

ამიტომაც, არა მგონია, ვაშინგტონმა ასე იოლად დათმოს თავისი ინტერესები. ხოლო თუ ეს ასეა, რაც უფრო ნათელი გახდება რუსეთის წარუმატებლობა ომში, მით უფრო დამძიმდება „ქართული ოცნების“ მდგომარეობა. როგორც ჩანს, „ოცნებაში“ ეს ბევრს არ ესმის და გულმოდგინედ ანადგურებენ ყველა ხიდს.

რაც უფრო ნათელი გახდება რუსეთის წარუმატებლობა ომში, მით უფრო დამძიმდება „ქართული ოცნების“ მდგომარეობა. როგორც ჩანს, „ოცნებაში“ ეს ბევრს არ ესმის და გულმოდგინედ ანადგურებენ ყველა ხიდს

ყველაზე მძიმე ის არის, რომ „ოცნების“ ხელისუფლების წლებში კვლავ თავი წამოყვეს იმ ადამიანებმა, ვინც უცნაური ფსიქოლოგიური ბმებით არის დაკავშირებული ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან. არადა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი უკვე სამუდამოდ იყვნენ პერიფერიაზე გადასროლილი.

ამაში როლი მხოლოდ „ოცნებას“ არ მიუძღვის. საკმარისად დიდი როლი შეასრულეს ჩვენმა „ბრტყელმა“ ლიბერალებმა, რომლებიც პრიორიტეტებში ვერ გარკვეულან და რუსულისაგან განსხვავებული სამყაროს ისეთი სურათი დახატეს, თანაც ენთუზიაზმით, სრულიად მიუღებელი რომ არის უბრალო ადამიანისათვის.

ისინი არასამთავრობო სექტორთან დიალოგში თხზავდნენ პრიორიტეტებს და საბოლოოდ, არა მხოლოდ თავად გაუცხოვდნენ ჩვენი საზოგადოებისაგან, არამედ ხელი შეუწყვეს ბევრი უბრალო ადამიანის გაუცხოებასაც დასავლეთისაგან. მოკლედ, იქ არ არიან, სადაც არიან.

- რადიო „დარიოსთან“ ვრცელ ინტერვიუში თქვენ არაერთ საინტერესო საკითხს შეეხეთ. მათ შორის იმას, რაც ივანიშვილს ეხება. გადაცემის ავტორის კითხვაზე, სავარაუდოდ, რა ვალდებულებები შეიძლება ჰქონდეს ივანიშვილს რუსეთთან? თქვენი მსჯელობა საკმაოდ საინტერესო იყო.

რა საფრთხეების წინაშე შეიძლება იყოს ახლა ივანიშვილი, როგორც პიროვნება, რომელიც როგორც მოსკოვში, ისე ვაშინგტონში მიიჩნევა საქართველოში გადაწყვეტილებების მიმღებად?

- ივანიშვილის წინაშე მთავარი საფრთხე ისაა, რომ თუ ანტიდასავლური რიტორიკა გაგრძელდა და „ოცნების“ ლიდერებმა კვლავ განაგრძეს მისი და სახელმწიფოებრივი ინტერესების გაიგივება, ყველა სიკეთე, რაც მას გაუკეთებია მომავალში უარყოფითად და პოლიტიკური მიზნებისათვის გაკეთებულად აღიქმება და ასევე შეფასდება.

გაიხსენეთ, შეცდომებმა როგორ იოლად დაგვავიწყეს ყველა ის სიკეთე, რაც გამსახურდიამ, შევარდნაძემ ან სააკაშვილმა გააკეთეს. ერთხელაც გავიხსენებ - როდესაც გამარჯვებების შარავანდედით მოსილი ნაპოლეონი პარიზში დაბრუნდა, მთელი ქალაქი აღტაცებით გამოეგება. გენერალი ოჟერო მისკენ დახრილა და უთქვამს, ნახე, როგორი აღტაცებულები გხვდებიანო. ესენი ასევე შემხვდებოდნენ, ახლა გილიოტინაზე რომ მიგყავდეო, უპასუხია ნაპოლეონს.

ადამიანების განწყობები მყისიერად იცვლება, მითუმეტეს, რომ ყოველდღიურად იძლევი ამის საბაბს. თუ ასე გაგრძელდა, შორი არ არის დრო, როდესაც ადამიანების კრიტიკულად დიდი ნაწილი აღიარებს, რომ „ოცნების“ მთელი მმართველობა თავის პრელუდიასთან და მოსახლეობის ფსიქოლოგიურ შემზადებასთან ერთად სხვა არაფერი იყო, თუ არა რუსული სპეცოპერაცია, რომელშიც ჩრდილოელებმა მილიარდები დახარჯეს.

თუ ასე გაგრძელდა, შორი არ არის დრო, როდესაც ადამიანების კრიტიკულად დიდი ნაწილი აღიარებს, რომ „ოცნების“ მთელი მმართველობა თავის პრელუდიასთან და მოსახლეობის ფსიქოლოგიურ შემზადებასთან ერთად სხვა არაფერი იყო, თუ არა რუსული სპეცოპერაცია, რომელშიც ჩრდილოელებმა მილიარდები დახარჯეს

ნამდვილად არ ვუსურვებდი, რომ ვინმე ისტორიაში ასეთი სახელით შესულიყო. ჩვენმა ყველა თაობის ლიდერებმა იციან ისტორია, ახსოვთ წინამორბედების ბედი, მაგრამ ინფანტილური რწმენა აქვთ, რომ „ეს მათ არ მოუვა.“ ჩვენში დემოკრატიის დამკვიდრების ერთ-ერთ ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ ის მომენტი, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ძალა ისტერიულად აღარ ჩააფრინდება ძალაუფლებას და პოზიციებს დათმობს ისე, რომ უკან დაბრუნების შანსი ჰქონდეს. აქამდე ეს არავის გამოუვიდა.

- თუ ისევ საშინაო პოლიტიკის თემებს დავუბრუნდებით, ცხადად ჩანს, რომ პოლიტიკური პროცესის სასიკეთოდ განვითარების პერსპექტივა აშკარად არ ჩანს.

სასიკეთოში ვგულისხმობ იმას, რომ შეიქმნას ისეთი ვითარება, რომლის პირობებშიც ქვეყნის ევროპულ და ატლანტიკურ საგარეო პოლიტიკას დაკავშირებულ საკითხში ფართო კონსენსუსი იქნება მიღწეული.

რაც იმასაც ნიშნავს, რომ ოფიციალურ თბილისს, როგორც ვაშინგტონთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი სუვერენიტეტის გარანტორები არიან, პრობლემები არ ექნება.

სამწუხაროდ, არ ჩანს, რომ ეს იმ მოცემულობაში, რომელშიც ვართ, მიღწევადია. ასეა, რადგან საზოგადოებას სტაბილურობა სურს. სტაბილურობის გარანტად „ქართული ოცნება“ მიიჩნევა, რომელიც ყოველ დღე გვეუბნება - „ომი გინდათ“!

ცხადია, რომ ომი არავის უნდა, მაგრამ, ფაქტია, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ განუცხადა - „რუსული საფრთხე რეალურია.“ ასეთ ვითარებაში საშინაო პოლიტიკაში მოვლენათა განვითარების როგორი სცენარი იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური და ქვეყნის პერსპექტივისთვის საუკეთესო?

- საუკეთესო იქნებოდა ის, რისი ნიშნებიც ჯერ არ ჩანს - ყველა პოლიტიკური ძალის კონსენსუსი ქვეყნის განვითარების უმთავრეს საკითხებზე, კონკურენტულ ბრძოლასთან ერთად, კორპორატიული ეგოიზმისა და მავანთა პიროვნული მესიანიზმის დაძლევა და დიალოგისა და თანამშრომლობის უნარის გამოჩენა.

ვეთანხმები ბატონ ანდროს, რომ რუსეთის მხრიდან აგრესია რეალურია და თუ პუტინმა მიიჩნია, რომ უკრაინაში წარუმატებლობის გადასაფარად მას სადმე მაინც სჭირდება ხმაურიანი წარმატება, ასეთი „სადმე“ შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ მან თავისი აგრესია ბალტიისპირეთის წინააღმდეგ შეიძლება მიმართოს. ნატოსთან პირდაპირ კონფრონტაციაზე ის იოლად არ წავა, მითუმეტეს, რომ ნატო გამოფხიზლებულია ფსიქოლოგიურადაც მზად არის მოვლენათა ამგვარი განვითარებისათვის.

თუ პუტინმა მიიჩნია, რომ უკრაინაში წარუმატებლობის გადასაფარად მას სადმე მაინც სჭირდება ხმაურიანი წარმატება, ასეთი „სადმე“ შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ

აი, საქართველო კი თავისი ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკით და კაპიტულაციისათვის ფსიქოლოგიური მზაობით და ოპოზიციის სისუსტის შემხედვარე შეიძლება იოლ ლუკმადაც მიიჩნიოს და ჩათვალოს, რომ თუ უკრაინაში არ დახვდნენ ყვავილებით, აქ მაინც მოიძებნებიან ისეთები, ვინც სიხარულით შეხვდება. დიდი ახსნა არ უნდა, რომ მლიქვნელობით თავხედს კი არ აშოშმინებ, არამედ კიდევ უფრო არწმუნებ, რომ ყველაფერი გაუვა. ჩვენი ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა კი შეიძლება იოლად გამოჩნდეს ასეთ ირიბ მლიქვნელობად.

კითხვა „ომი გინდათ?“, სრული გაუგებრობის შედეგია და ამაზე უკვე ვილაპარაკე. დამატებით იმასაც გაგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელები დათანხმდნენ, ევროპისათვის გაზის მიწოდება გააორმაგონ და ეს გაზი ჩვენს ტერიტორიაზე გაივლის.

ჰოდა, დავსვათ კითხვა, რომელზეც პასუხიც, ჩემი აზრით, ნათელია - შეიძლება კი დასავლეთს ჩვენი ომში ჩართვა უნდოდეს? შეიძლება ვინმე დასავლელს ეს აზრად მოუვიდა და თქვას კიდეც, მაგრამ საერთო არა აქვს იმათ აზრთან, ვინც დასავლურ პოლიტიკას ქმნის.

უკრაინელებზე არაფერს ვამბობ. მათი მდგომარეობა განსაკუთრებულია. ძნელია, რაციონალური აზრი და თავშეკავება მოთხოვო ხალხს, რომლის ტერიტორიაც ყოველდღიურად რაკეტებით იბომბება და შველას თხოულობს.

მხოლოდ ეს არგუმენტია საკმარისი იმის სათქმელად, რომ კითხვის - „ომი გინდათ?“ ავტორი ან ძალიან ცუდად ერკვევა იმაში, რაც ხდება და ან, უბრალოდ, მას რაღაც სხვა მიზნები აქვს და უბრალო ადამიანების ემოციებზე თამაშობს. როგორც ჩანს „ომი არ გვინდას“ არგუმენტით ჩაშალეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიც.

თუკი ვინმეს ომი უნდა ჩვენს ტერიტორიაზე, ესაა რუსეთი, რომელიც თუნდაც იმის მოსურნეა, რომ ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიული გზები არ არსებობდეს. დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებით ამ ომს უფრო და უფრო ალბათურს ვხდით. თანაც, არავინ იცის, თუ ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსული რუსეთის ათიათასობით მოქალაქიდან რამდენია სპეცსამსახურებთან დაკავშირებული და რას შეიძლება მათგან ველოდეთ.

თუკი ვინმეს ომი უნდა ჩვენს ტერიტორიაზე, ესაა რუსეთი, რომელიც თუნდაც იმის მოსურნეა, რომ ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიული გზები არ არსებობდეს. დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებით ამ ომს უფრო და უფრო ალბათურს ვხდით. თანაც, არავინ იცის, თუ ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსული რუსეთის ათიათასობით მოქალაქიდან რამდენია სპეცსამსახურებთან დაკავშირებული და რას შეიძლება მათგან ველოდეთ

ხელისუფლების მთავარი უარყოფითი საგარეო მონაპოვარი არის ის, რომ დასავლეთის მხრიდან თვალდათვალ იკარგება ჩვენი ხელისუფლების მიმართ ნდობა. ხელისუფლება აპელირებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ ხორციელდება გარკვეული პროექტები.

იმედი მაქვს, თავად ის მაინც ესმით, რომ ამ პროექტების შეწყვეტა ურთიერთობათა განადგურებისა და პერსპექტივაში ქართული სახელმწიფოებრივი კრახის ნიშანი იქნება და დასავლეთი ასეთ მკვეთრ ნაბიჯებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დგამს.

როგორც ბატონი თედო ჯაფარიძე მიანიშნებს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ, მიუხედავად ზვიად გამსახურდიას მცდელობებისა, მაშინდელი ხელისუფლების კულუარებში ჩასაფრებულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, ეს ნდობა არ ჩამოყალიბებულიყო.

შემდეგში ნდობის მნიშვნელოვანი ხარისხი არსებობდა როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის ხელისუფლებათა მიმართ და ამასთან იყო დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტების განხორციელება.

„ოცნებამ“ თავისი გზა ამ ნდობის მოპოვებით დაიწყო. დღეს კი ამ ნდობაში აშკარა ბზარია. ეს ამ ბზარის შემოქმედებს ან არ ესმით, ან საგანგებოდ ზრუნავენ მის გაჩენაზე. ორივე შემთხვევა სავალალოა ქართული სახელმწიფოსათვის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა