ლადო მგალობლიშვილი - აჭარის მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული ცვლილება, პრაქტიკაში დაინერგა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში მათ მიერ ინიცირებული ცვლილება, პრაქტიკაში დაინერგა.
მათივე ცნობით, აღნიშნული საკანონმდებლო სიახლის მიღებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ ორ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ახალგაზრდული პროექტების განხორციელებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემის უფლებამოსილება მიენიჭა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, კანონის ამოქმედების შემდეგ, ნაცვლად გართულებული სატენდერო პროცედურებისა, რომელიც პროგრამების ეფექტურად განხორციელებას ხელს უშლიდა, სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი“ შეძლებს, სწრაფად და მარტივად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, გრანტის სახით ახალგაზრდების მონაწილეობა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში დააფინანსოს, როგორებიცაა: ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებში, საერთაშორისო საზაფხულო სკოლებში მონაწილეობა და ა.შ.
„კანონის ცვლილების მიღებით, სსიპ „აჭარის დასაქმების სააგენტოს“ შესაძლებლობა ეძლევა, შრომით ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში გადამზადებულ პირებზე, გრანტი სხვადასხვა სახის სამუშაო ინვენტარის შესაძენად გასცეს, რაც გადამზადებულ პირებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
საკანონმდებლო ცვლილების იმპლემენტაციის მიზნით, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, აჭარის მთავრობის აპარატის და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობით, ცვლილებები პრაქტიკაში უკვე დაინერგა. კერძოდ, 2022 წლის 28 ივლისს, აჭარის მთავრობამ შესაბამისი სამართლებრივი ზომები მიიღო, რითაც საკანონმდებლო სიახლის დანერგვის პროცესი დასრულდა.
უახლოეს მომავალში, ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციები, ნაცვლად გართულებული სატენდერო პროცედურისა, პროექტებს გრანტის ფორმით დააფინანსებენ. ეს კი, პროგრამებში მონაწილე პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.
ინფორმაციისთვის, 2021 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიულმა კომიტეტმა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის, საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელებისა და საკანონმდებლო საჭიროებების შესწავლის მიზნით, კვლევა ჩაატარა.
მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძისა და საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვლადიმერ მგალობლიშვილის ავტორობით, აჭარისა და საქართველოს მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობით, „გრანტების შესახებ“ კანონის პროექტი საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მომზადდა, რომელიც უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარადგინა, 12 აპრილს მიიღეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























