დავით უსუფაშვილი - უმრავლესობის გარეშე ახალი ომბუდსმენი ვერ დაინიშნება? ვერც ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე  დაინიშნება, ამიტომ ვმსჯელობთ შესაძლო საკანონმდებლო მექანიზმებზე, რაც კონსენსუსისკენ უბიძგებს ყველა მხარეს

თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე ადამიანმა წინა პარლამენტში დაარწმუნეს კოლეგები, რომ სჯობდა ომბუდსმენის პოსტზე­ არასამთავრობო სექტორიდან წარმოდგენილ კანდიდატებს შორის გაკეთებულიყო პოლიტიკური არჩევანი. დღეს მსგავსი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან არასამთავრობო სექტორს უმრავლესობა ქვეყნის მტრებად აცხადებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა სექტემბრისთვის საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს მზად ექნება, შესაძლოა, ასევე წარადგინონ საკანონმდებლო ცვლილებებიც.

„ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა ასე მკაფიოდ გაგვიხაზა დამოუკიდებელი კანდიდატებისგან შეარჩიეთ ომბუდსმენი და გამჭვირვალე პროცესი იყოსო, მიანიშნებს იმაზე, რომ იქამდეც ჩავიდა ამბავი იმის შესახებ, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ კანდიდატებს ერჩის. ლომჯარიასიც სწორედ ის არ მოსწონდათ, რომ ის არ იყო ხელისუფლებაზე ორიენტირებული. ეს როგორ უნდა მივაღწიოთ იმ პირობებში, როცა უმრავლესობის გარეშე ახალი ომბუდსმენი ვერ დაინიშნება? აქ ოპოზიციას აქვს გარკვეული ბერკეტი, რადგან ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშეც ვერ დაინიშნება ომბუდსმენი, მაგრამ ჩვენ გვინდა ომბუდსმენი და არა ის, რომ ვინმეს რამე დავუბლოკოთ, ამიტომ ვმსჯელობთ როგორც შესაძლო საკანონმდებლო მექანიზმებზე, რაც კონსენსუსისკენ უბიძგებდა ყველა მხარეს, ისე თავად პროცესზე. ამ საკითხებზე სექტემბრის ბოლომდე ჩვენ გვექნება კონკრეტული წინადადებები“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად არსებობს მოლოდინი, რომ შერჩევის პროცესში უმრავლესობა არასამთავრობო სექტორის აზრს გაითვალისწინებს, როგორც ეს გაითვალისწინა ლომჯარიას შერჩევის დროს, რომელიც მაშინ სწორედ არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი იყო, უსუფაშვილი პასუხობს, რომ ამის მოლოდინი არ აქვს.

„ლომჯარიას შერჩევის დროს „ოცნებას“ ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა დემოკრატობანას თამაშის სურვილი. მაშინ ეს იყო მათი მხრიდან რეალობაში განხორციელებული პროცესი და არა საკანონმდებლო ჩარჩო. მაშინ ამ საკითხში სერიოზული როლი შეასრულა თამარ ჩუგოშვილმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა, ვინც წინა პარლამენტში იყვო ამ სფეროში წამყვანი პირი და მათ დაარწმუნეს კოლეგები, რომ სჯობდა არასამთავრობო სექტორიდან წარმოდგენილ კანდიდატებს შორის გაკეთებულიყო პოლიტიკური არჩევანი. დღეს მსგავსი მოლოდინი მგონი, არ გვაქვს, რომ დღევანდელმა უმრავლესობამ შესთავაზოს ეს იმ ხალხს, ვისაც ქვეყნის მტრებად აცხადებს,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ომბუდსმენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში არასამთავრობო სექტორს ხვდება.

ომბუდსმენის არჩევის საკითხი ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შორისაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო