რა პლიუსები აქვს მუცლად მყოფი ნაყოფის გულის ულტრაბგერით კვლევას და რატომაა იგი მნიშვნელოვანი?

წლებია, რაც მსოფლიო პრაქტიკაში კარგად აპრობირებული და დანერგილია მუცლად მყოფი ნაყოფის გულის ულტრაბგერითი კვლევა, რაც საშუალებას იძლევა ინახოს ჯერ კიდევ მუცლადმყოფი ბავშვის გულის ანატომია, დადგინდეს და შეფასდეს არითმიის სახეობა და მისი კლინიკური მნიშვნელობა.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ბავშვთა კარდიოლოგი, ანტენატალური კარდიოლოგი გიორგი თოდრია დაწვრილებით გვეუსაუბრება, თუ რატომაა საჭირო და მნიშვნელოვანი ამ კვლევის ჩატარება და რაში ეხმარება მშობელსა და ექიმს წინასწარ იმის ცოდნა, თუ რამდენად ჯანმრთელი გულით იბადება ბავშვი. მუცლად მყოფი ნაყოფის კვლევის ეს მეთოდი 10 წელზე მეტია, რაც დანერგილია ჩვენს ქვეყანაში, გიორგი თოდრია კი ინტენსიურად 2015 წლიდან ჩაერთო ამ საქმეში.

- რას მოიცავს ეს კვლევა, კონკრეტულად რა დაავადებებისა და ნიუანსების გაგება შეუძლიათ მომავალ მშობლებს მისი წყალობით? რა მონაცემებს აჩვენებს?

- სტრუქტურული პათოლოგიების უმრავლესობის ნახვა შეგვიძლია, გულის მანკის სხვადასხვა ფორმის. სამწუხაროდ, ყველასი არა, მაგრამ უმრავლესობის - კრიტიკული და რთული მანკის. ჩვენ ბავშვის დაბადებამდე უკვე ვიცით, ექნება თუ არა მას ჯანმრთელი გული ან რაიმე დაავადება.

- თუ შეგვიძლია დავასახელოთ მაგალითები, გულის მანკის რომელი ფორმები ჩანს ამ კვლევის შედეგად და რომელია ყველაზე ხშირი, მუცლად მყოფი ნაყოფის შემთხვევაში?

- ყველაზე ხშირი, ასე ვთქვათ, „მარტივი“ მანკებიდან შეგვიძლია დავასახელოთ პარკუჭთა შუა ძგიდის დეფექტი, რომლის ნახვაც დიდი ალბათობით შესაძლებელია. ე.წ. ლურჯი მანკის დადგენაც ყველა შემთხვევაშია შესაძლებელია, ფალოს ტეტრადა.ე.წ. ერთპარკუჭოვანი მანკებიდან ყველაზე ხშირია გულის მარცხენა მხრივი ჰიპოპლაზიის სინდრომი.

- დიაგნოსტირების შემდეგ, რამდენადაა შესაძლებელი მუცლად მყოფი ნაყოფის მკურნალობა? როგორ უნდა მოიქცეს დედა? რაიმე შეზღუდვები ხომ არ არის საჭირო?

- მუცლად ყოფნის პერიოდში მკურნალობა არ ხდება და არც საჭიროებას წარმოადგენს, რადგან ნაყოფის სისხლის მიმოქცევა ისეა მოწყობილი, რომ ეს ყველაფერი კომპენსირებულია... პატარას გულის თუნდაც ცალი მხარე რომ არ ჰქონდეს, მუცელში მეტ-ნაკლებად უპრობლემოდ იტანს ამას. პრობლემები კი, როგორც წესი, დაბადების შემდეგ იწყება.

- რატომაა მნიშვნელოვანი ნაყოფის გულის ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება და წინასწარ ინფორმირებულობით, რა შეუძლია გააკეთოს მშობელმა?

- კვლევის წყალობით, როცა უკვე ვიცით დიაგნოზი, თარიღი, მიახლოებით როდის და სად უნდა დაიბადოს პატარა და ექიმები უკვე ინფორმირებული არიან, თუ რა დასჭირდებათ ჩვილის დაბადებისთანავე ან შემდეგ - ერთი ოპერაცია, თუ მეტი, რა მასშტაბის იქნება ეს, რა არის შორეული პროგნოზი და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- საქართველოში რამდენად ხშირად იკეთებენ მომავალი დედები ამ კვლევას? უკვე რამდენადაა დამკვიდრებული ეს კულტურა ორსულებში, რომ დასაწყისშივე ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემას?

- კი, საკმაოდ ხშირად მოდიან, პაციენტების ნაკადი ყოველწლიურად მზარდია. უმრავლესობა, საბედნიეროდ, სრულად ჯანმრთელია. მცირე ნაწილში არის პრობლემები, რომლებსაც უკვე შესაბამის რჩევა-დარიგებას ვაძლევთ...

- არასასურველი დიაგნოზის შემთხვევაში, როგორ ხვდებიან მშობლები ამ ფაქტს?

- ძალიან მძიმედ. ეს არის ყველაზე რთულად სათქმელი, ჩემი საქმიანობის ყველაზე მძიმე მომენტი... ემოციურად ხვდებიან, როცა უხსნი ორსულს პრობლემების მთელ სპექტრს, თუ რა ელოდება წინ... ეს დიდი ტვირთია ბავშვისთვისაც და მშობლებისთვისაც. ფეხმძიმე ქალბატონები ჩვეულზე მეტად მგრძნობიარეები, ემოციურები არიან, მითუმეტეს, თუ საქმე პირველ ბავშვს ეხება, ღვთის საჩუქარს ელოდება და უცებ, პრობლემა ატყდება თავს...

თუმცა, საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები ხშირი არ არის.

- მშობიარობის დროს, რაიმე გართულებას ხომ არ იწვევს თანდაყოლილი მანკი?

- უმრავლეს შემთხვევაში არავითარ გავლენას არ ახდენს, მხოლოდ მივესალმებით ფიზიოლოგიურ მშობიარობას. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ასეთ დროს, ფიზიოლოგიური მშობიარობა ჩვეულებრივად დასაშვებია.

- ორსულობის რომელ კვირაზეა სასურველი კვლევის ჩატარება?

- ყველასთვის მისაღები, ოპტიმალური და აღიარებული ვადა 18-22 კვირაა. ტექნიკურად კი მანამდეცაა შესაძლებელი დადგენა და ჩვენს ცენტრში კვლევა 14-15 კვირაზეც გაგვიკეთებია.

- ყოფილა შემთხვევა, რომ დიაგნოზის ადრეულ ეტაპზე დასმის შემდეგ, მშობელს ორსულობის შეწყვეტა გადაუწყვეტია?

- სამწუხაროდ, კი. ასეთი ერთეული შემთხვევაც ყოფილა, თუმცა ეს მშობლის არჩევანია და ამის გამო ვერანაირად ვერ გავკიცხავთ, რადგან გზა, რომელიც ასეთ დროს ელით წინ, ხშირ შემთხვევაში, ძალიან მძიმეა და ყველას არ შეუძლია დაძლიოს.

- როგორია თვითონ კვლევის პროცესი? რაიმე განსაკუთრებულ დისკომფორტს ხომ არ წარმოადგენს ქალისთვის?

- ეს არის სტანდარტული და არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი, რუტინული სამეანო კვლევისგან. როგორც ისინჯებიან ხოლმე ორსულები ნებისმიერი კვლევისას, ისეა ეს პროცედურაც. იგივე ტექნიკით ტარდება, ოღონდ განსხვავება მხოლოდ ექიმის პროფესიაშია - ამ შემთხვევაში ბავშვთა კარდიოლოგი სინჯავს და არა - რადიოლოგი ან გინეკოლოგი.

ზოგჯერ ჰგონიათ, რომ პრობლემა რთული და სერიოზულია, სინამდვილეში კი ასე არ აღმოჩნდება ხოლმე.

ნაყოფის გულის კვლევის ეს მეთოდი მსოფლიოში წლებია, აღიარებული, აპრობირებულია და საკმაოდ წარმატებით მუშაობს. ნელ-ნელა იხვეწება, თვითონ ტექნიკის მხრივაც - ექოსკოპიის აპარატების დახვეწა ხდება და ის, რის დანახვაზეც 10 წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით, ახლა უკვე მუცლად ყოფნის პერიოდშიც კი ვხედავთ ნაყოფთან. ეს ყველაფერი ტექნიკურ პროგრესს მიჰყვება.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა ნაყოფის პოზიციას?

- დიახ, ძალიან დიდი. ზოგადად, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, რაც ხელს უშლის ბგერის გავრცელებას. რაც უფრო დიდია მანძილი ჩემი აპარატიდან ნაყოფის გულამდე, მით უფრო ცუდია გამოსახულება. თუ ნაყოფი ზურგითაა, გული ახლოს აქვს დედის ხერხემალთან, ტექნიკურად რთულია ნახვა.

მოკლედ, მნიშვნელობა აქვს პოზიციას, თვითონ დედის სხეულის აგებულებას, წონას როგორია - ჭარბი თუ არა და ა.შ.

- დედის ორგანიზმში არსებული ინფექციები თუ ახდენს რაიმე ზეგავლენას მუცლად მყოფი ჩვილის გულის მანკის ჩამოყალიბებაზე?

- კი, ორსულობის შემთხვევაში არის გარკვეული ინფექციები, რომლებიც დაკავშირებულია გულის თანდაყოლილ მანკის განვითარებასთან. მაგალითად, ე.წ. „წითურა“. ასეთ შემთხვევაში დიდი რისკია, რომ პატარას რაიმე პრობლემა ჰქონდეს. თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება.

- მაგალითად, გენეტიკის გარდა, კიდევ რა იწვევს ამას?

- ცხადია, ერთ კონკრეტულ მიზეზს ვერ დავასახელებთ, მაგრამ არის მიზეზთა ერთობლიობა, რაც თავს იყრის ერთ კონკრეტულ წერტილში, ორსულობის დასაწყისში, პირველ რამდენიმე კვირას, როდესაც ორგანოების განვითარება მიმდინარეობს, სწორედ ამ პერიოდში ხდება ზემოქმედება და ირღვევა გულის ნორმალური ფორმირების პროცესი.

გენეტიკური ფაქტორი ცხადია, მოქმედებს, თუმცა მხოლოდ ეს არ არის. ასევეა სხვადასხვა გარემო ფაქტორები, გაუთვალისწინებელი მედიკამენტების გამოყენება, ვთქვათ, არ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო და ა.შ.

დედაზე ნაკლებადაა დამოკიდებული ეს ყველაფერი, შეიძლება სწორად იმოქმედოს, მაგრამ გულის მანკი მაინც განვითარდეს.

ეს რისკ-ფაქტორია, მაგრამ არა აუცილებელი. შეიძლება დედას არც ალკოჰოლი მიუღია არასდროს, არც რაიმე მედიკამენტს სვამდა იმ პერიოდში, მაგრამ ნაყოფში გულის მანკი მაინც განვითარდეს. არის რაღაცები, რასაც ადამიანები ვერ გავაკონტროლებთ...

- და ბოლოს, თქვენ შესახებაც გვიამბეთ. როდის დაიწყეთ სამედიცინო საქმიანობა და კონკრეტულად ამ მიმართულებით რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება?

- სამედიცინო საქმიანობა პირველად „სასწრაფოში“ დავიწყე, როდესაც ინსტიტუტი დავამთავრე. რამდენიმე წელი ვიმუშავე, შემდეგ იყო რეზიდენტურა მოზრდილთა კარდიოლოგიაში, ასევე, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, მერე იყო ჯო ენში სუბსპეციალობის პროგრამა და სრულიად შემთხვევით მოვხვდი ბავშვთა განყოფილებაში. აქედან კი უკვე გაგრძელდა ჩემი მუშაობა ბავშვთა განყოფილებაში, რასაც მოჰყვა მეორე რეზიდენტურა ბავშვთა კარდიოლოგიაში. ჩემი ძირითადი სპეციალობა ეს არის და ამ მიმართულებით ვმუშაობ. მუცლად მყოფი ნაყოფის გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა კი ჩემი ძირითადი საქმიანობა არ არის, ეს არის „მცდელობა“, ჩემთვის აქაც ბავშვზეა საუბარი და მნიშვნელობა არ აქვს, მას მუცლით მოიყვან თუ ხელში დაჭერილს.

ნაყოფის ექოსკოპია კარგი საშუალებაა, რომ დავეხმაროთ ბავშვებს.

- გულის რა დაავადებები გვხვდება ხშირად ჩვილ და მოზრდილი ასაკის ბავშვებში?

- ყველაზე ხშირი შედარებით მარტივი პათოლოგიის მანკებია, რომელთაც ზოგ შემთხვევაში ოპერაცია საერთოდ არ სჭირდებათ, ზოგში კი - ერთი ოპერაციით მთავრდება პრობლემა. ჩვენთან, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ყველა სახის კარდიოქირურგიული ოპერაცია ტარდება გულზე, გარდა გულის გადანერგვისა.

თქვენთვის საინტერესო სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

ნაყოფის გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა

რას ცვლის ეს კვლევა?

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი ხელშემშლელი პირობა ოპტიმალური გამოსახულების მისაღებად და სრულყოფილი კვლევის ჩასატარებლად (ნაყოფის პოზიცია და ასაკი, დედის ჰაბიტუსი და ა.შ.) ნაყოფის გულის ექოკარდიოგრაფიულ კვლევას მნიშვნელოვანი ეფექტის მოხდენა შეუძლია ახალშობილთა ავადობისა და სიკვდილობის მაჩვენებელზე. დაბადებამდე დასმული დიაგნოზი საშუალებას გვაძლევს სწორად დავგეგმოთ ორსულისა და ახალშობილის მკურნალობისა და მეთვალყურეობის ტაქტიკა (გადაწყდეს მშობიარობის დაჩქარება, დაიგეგმოს მშობიარობის ადგილი, სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადაყვანის დრო, სავარაუდო გადაუდებელი მანიპულაციები და ა. შ.). გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია ნაყოფის მკურნალობის დაწყება დაბადებამდე, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ და გავახანგრძლივოთ ორსულობა.

ვისთანაა რეკომენდებული კვლევის ჩატარება (მოცემულია ჩვენებები მხოლოდ მაღალი რისკის პროფილით):

  • თუ დედას აღენიშნება პრეგესტაციური შაქრიანი დიაბეტი ან შაქრიანი დიაბეტი დიაგნოსტირდა ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში;
  • თუ დედა დაავადებულია ფენილკეტონურიით (უკონტროლო);
  • თუ დედას აღენიშნება აუტოიმუნური დაავადებები;
  • თუ დედა იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
  • ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები;
  • რეტინოის მჟავა;
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ორსულობის მესამე ტრიმესტრი);
  • თუ დედამ ორსულობის პირველ ტრიმესტრში გადაიტანა წითურა;
  • დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადება, ეჭვით ნაყოფის მიოკარდიტზე;
  • დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების საშუალებით შემდგარი ორსულობა;
  • თუ ნაყოფის პირველი რიგის ნათესავს აღენიშნება გულის თანდაყოლილი მანკი;
  • თუ ნაყოფის პირველი ან მეორე რიგის ნათესავს აღენიშნება ისეთი გენეტიკური დაავადება, რომელის ასოცირებულია გულის თანდაყოლილ მანკთან;
  • თუ სამეანო ულტრაბგერითი კვლევის დროს გაჩნდა ეჭვი ნაყოფის გულის პათოლოგიაზე;
  • თუ სამეანო ულტრაბგერითი კვლევის დროს გაჩნდა ეჭვი ნაყოფის ექსტრაკარდიულ პათოლოგიაზე;
  • თუ დადგინდა ნაყოფის კარიოტიპის პათოლოგია;
  • თუ ნაყოფის კვლევისას დაფიქსირდა ტაქიკარდია ან ბრადიკარდია ან ხშირი და პერსისტირებადი არარეგულარული გულის ცემა;
  • თხემის ნაოჭის სისქე მეტი ან ტოლი 3მმ;
  • მონოქორიონული მრავალნაყოფიანი ორსულობა;
  • ნაყოფის წყალმანკი ან სითხის არსებობა რომელიმე ღრუში.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა