ზაზა ფაჩულიას სახელობის ”გალფის’’ რიგით მეოთხე საკალათბურთო მოედანი, რუსთავში გაიხსნება

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, საკალათბურთო კორტის მოწყობის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, კომპანია ,,გალფის’’ წარმომადგენლებმა და ზაზა ფაჩულიამ მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' წევრები, რუსთაველი კალათბურთელები და მწვრთნელები, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანს, რომელიც საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტების შესაბამისი იქნება, კომპანია ,,გალფი“ააშენებს, რუსთავის მერია კი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე იზრუნებს.

"ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი. სულ მალე აქ დაიწყება ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო სივრცის მშენებლობა. ეს ჩვენთვის საამაყოცაა და ღირებულიც, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტი. მუნიციპალიტეტი თავის მხრივ, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეს სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი თანამედროვე და ლამაზი სპორტული და დასასვენებელი სივრცე შეემატება ჩვენს ქალაქს",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ზაზა ფაჩულიას განცხადებით, სპორტული მოედნები ერთ-ერთი მოტივაციაცაა, რომ ბავშვები გარეთ გამოვიდნენ და ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდნენ.

"ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი აღზრდისთვის, განათლებისთვის, მოტივაციისთვის, ინსპირაციისთვის. ძალიან ბევრი დადებითი რამ მოაქვს სპორტს, ესაა დისციპლინა, პროფესიონალიზმი, სწრაფი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, დღევანდელ რეალობაში კარგად გვესმის, სახლში ჩაკეტილი ბავშვი, დიდ დროს რომ ატარებს ეკრანთან, ტელეფონთან, რამდენად მავნებელი შეიძლება იყოს ეს. სპორტული მოედნები ერთ-ერთი მოტივაციაცაა, რომ ბავშვები გარეთ გამოვიდნენ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

რუსთავში საკალათბურთო მოედნის მშენებლობის პროექტი, ნავთობკომპანია ,,გალფის’’ ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით განხორციელდება. სპორტული მოედანი 2022 წლის ოქტომბერში გაიხსნება. ზაზა ფაჩულიას სახელობის სამი საკალათბურთო მოედანი უკვე გახსნილია თბილისში, გორსა და სენაკში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა