თორნიკე შარაშენიძე - “დასავლეთში მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რა იყო 2008 წლის აგრესიის რეალური მიზეზი...”
რატომ დაიწყეს რუსებმა გადაჯგუფება სამხრეთში და რამდენი “ჰაიმარსი” სჭირდება უკრაინას ომში გარდატეხის მოსახდენად
“რუსო ტურისტო”, ანუ საფრთხე თუ თითიდან გამოწოვილი პრობლემა?!
რუსები საქართველოში - შესაძლო ონციდენტები, პოტენციური საფრთხეები და სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა
ვახტანგ ძაბირაძე - „დარწმუნებული ვარ, უკიდურეს მომენტამდე „ოცნება“ სააკაშვილს ციხიდან არ გაუშვებს“.
* * *
თორნიკე შარაშენიძე - “დასავლეთში მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რა იყო 2008 წლის აგრესიის რეალური მიზეზი...”
“მართალია, დღეს ყველა აღიარებს, რომ 2008 წელს დასავლეთის დამოკიდებულება გაცილებით რადიკალური და მკაცრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ჩემი აზრით, ვერ იქნებოდა და ამას არაერთი მიზეზი ჰქონდა. უპირველესად ის, რომ 2008 წელს კონტექსტი სრულიად განსხვავებული იყო. მაშინ ყველა მხარემ აღიარა, რომ დაეთანხმებოდა ევროკავშირის ეგიდით შექმნილი ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნას, რომელშიც ჩაიწერა, რომ ომის დაწყებაში ორივე მხარე იყო დამნაშავე... ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იდგნენ რუსი სამშვიდობოები, რაც ხელზე დაიხვიეს რუსებმა და ამტკიცებდნენ, ქართულმა მხარემ ჩვენს სამშვიდობოებს ესროლაო. მოკლედ, რუსეთმა ომის დასაწყებად ფორმალური მიზეზი გამოძებნა. ასეთი პირდაპირი და აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესია, რაც უკრაინაში მოხდა, 21-ე საუკუნეში სხვა არც ყოფილა”, - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დასავლეთში მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რა იყო 2008 წლის აგრესიის რეალური მიზეზი...” / “თუ დღემდე გვეშინია „რბილი ძალის“, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ახალგაზრდა თაობა რუსულად აღარ ლაპარაკობს, დავღუპულვართ"...
“ის, რასაც ახლა აკეთებს რუსეთი, ამ საუკუნეში არსად მომხდარა, არც 2008 წელს. მაშინ რუსებს რაღაც მაინც ჰქონდათ სათქმელი. ეს ერთი მიზეზია, რატომ არ იმოქმედა დასავლეთმა უფრო რადიკალურად. გარდა ამისა, იმხანად ისევ იყო ილუზია, რომ პუტინთან შერიგება შეიძლებოდა - გვახსოვს ობამას “გადატვირთვის პოლიტიკა”... და დასავლეთმა ამ ილუზიით იცხოვრა 2022 წლის 24 თებერვლამდე. ხოლო 2014 წელსაც იპოვეს რაღაც ხელმოსაჭიდი: ამბობდნენ, ყირიმი უკრაინას რუსეთმა გადასცა ხრუშჩოვის დროს, იქ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი დგასო და ა.შ. ისევ გაამართლა პუტინი იმ ხალხმა, ვისაც სურდა, დაეჯერებინა, რომ კიდევ შეიძლებოდა მასთან მორიგება, რაც შეცდომა იყო და ეს დღეს თვალსაჩინოა... ამბობენ, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო... ეს დაემართა დასავლეთსაც. მაშინ მათ ვერ დაინახეს, ვერ გათვალეს, რა მოტივით ხელმძღვანელობდა პუტინი, მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რაც იყო 2008 წლის აგრესიის რეალური მიზეზი. მიუხედავად განსხვავებული კონტექსტისა, პუტინის გეგმები 2008 წელსაც იგივე იყო, რაც დღეს არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
“ჩემი აზრით, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. გადაწყვეტილებამ, რომ საქართველოსთვის მაპ-ი არ მიეცათ, რუსები გაათამამა. მათ დამატებითი ჯარი შემოიყვანეს აფხაზეთში და გახსნეს ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობები სოხუმსა და ცხინვალში, ანუ ისინი ამ ტერიტორიების წაღებაზე უკვე ფიქრობდნენ, ოკუპაცია ჩაფიქრებული ჰქონდათ, თუმცა, შესაძლოა, ეს გაეკეთებინათ სამხედრო ოპერაციის გარეშეც, არ ვიცი... მხოლოდ ჰიპოთეზურად შეიძლება დავუშვათ, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება 2006-2007 წლებში უფრო ფრთხილ საგარეო პოლიტიკას გაატარებდა, თუმცა, სავარაუდოდ, ამის ჰიპოთეზურად დაშვებისასაც ვცდები”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“დღეს მე სამხედრო საფრთხეს ტურისტებისგან ნაკლებად ვხედავ. სამხედრო საფრთხეა, უპირველესად, ის რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ცხინვალთან დგას, თბილისიდან 40 კილომეტრის მოშორებით. თუ პუტინი საქართველოში სამხედრო აგრესიას გადაწყვეტს, ამას ტურისტების გარეშეც გააკეთებს. თუ სამხედრო აგრესია გადაწყვიტა, შეიძლება რამე პროვოკაციის მოწყობა არც სცადოს. ჩვენ დავინახეთ, რომ მან უკრაინასთან სრულიად არაპროვოცირებული ომი დაიწყო. ჩემი აზრით, თუ პუტინს თავში რაღაც გადაუბრუნდა, აგრესიისთვის საბაბის მოფიქრება არ დასჭირდება, ამის მაგალითი უკრაინაა. თუ დღემდე გვეშინია “რბილი ძალის”, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ახალგაზრდა თაობა რუსულად აღარ ლაპარაკობს, დავღუპულვართ... რაც შეეხება ხელისუფლებას, მათი პოზიცია გასაგებია: ცდილობენ იყვნენ ჩუმად და როგორმე აიცილონ რუსული აგრესია. გარდა ამისა, იმედი აქვთ, რომ რუსი ტურისტი შემოვა, ფულს დახარჯავს და ასე ჩვენს ეკონომიკას ეშველება”, - განმარტავს ექსპერტი.
“ხელისუფლება ნებისმიერი საშუალებით ცდილობს გაამართლოს თავისი პოზიცია. ამისთვის ყველაფერს კადრულობს, მათ შორის ქსენოფობების ძახილსაც, რაც პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს, ეს კი არასწორია. ჩემი აზრით, ოპოზიციაც სცოდავს, როდესაც ძალიან მოსაფრთხილებელ თემებს ხშირად საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. ამ ქვეყანაში იარლიყების მიკერება ხომ ჩვეულებრივი ამბავია! ხელისუფლებაც მზად არის, იარლიყი მიაკეროს ყველას, ვინც მისი პოლიტიკის წინააღმდეგია... უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკურ ბრძოლაში ომის თემით ძალიან იხეირა. მან მოუგო პიარი ოპოზიციას. როგორც ჩანს, ხელისუფლება ფარულად ხშირად ატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს და იციან, რომ საქართველოში ომის ძალიან ეშინიათ, რასაც ოპოზიცია ვერა და ვერ მიხვდა. მან ომში ჩართვა-არჩართვის საკითხი ხუმრობისა და ღლიცინის თემად აქცია. ამაზე სულ ოხუნჯობენ, არადა, ხალხს მართლა ეშინია ომის. ხელისუფლებამ შეძლო და ოპოზიცია ამ საკითხზე წამოიკიდა, შესაბამისად, ყველა საკითხს, რომელსაც ოპოზიცია სვამს, კობახიძე ომში ჩათრევის მცდელობას აბამს. ეს მესიჯი, რომელიც ხელისუფლებამ აამუშავა, დღემდე მუშაობს და ალბათ მომავალშიც ხშირად მოვისმენთ ამგვარ განცხადებებს, რადგან მათ იციან, რომ ეს განცხადებები თავის საქმეს აკეთებს”, - დაასკვნის თორნიკე შარაშენიძე.
“რა თქმა უნდა, მათი ყველა მოქმედება და განცხადება განპირობებულია ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით. რაც შეეხება საგარეო ვექტორს, რა ვიცი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რომ მოეცათ, ვითომ უარს იტყოდნენ? არა მგონია. ჩვენ ვნახეთ, რომ სტატუსის მიუღებლობას სერიოზული გართულება მოჰყვა ქვეყნის შიგნით: დემონსტრაციები, პროტესტი... არა მგონია, ამის გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლებამ გაბედოს და მიზანმიმართულად სცადოს საგარეო კურსის შეცვლა. ქვეყნის ევროინტეგრაციისადმი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის დამოკიდებულება მათთვის კარგად არის ცნობილი. მათ სურდათ სტატუსის მიღება იოლი გზით, არ უნდოდათ კონკრეტული რეფორმების გატარება, იმედი ჰქონდათ, რომ ამის გარეშეც გავხდებოდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რაც არ გამოვიდა”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
დღეს ქმნიან რაღაც ჯგუფებს, ცდილობენ წამოიწყონ პროცესი და აჩვენონ დასავლელ პარტნიორებს, რომ აპირებენ ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულებას. ვნახოთ, რა იქნება ერთი წლის შემდეგ მსოფლიოსა და ევროპაში, როგორ წარიმართება მოვლენები. გამარჯვებას ვუსურვებ უკრაინას, მაგრამ ჯერ არავინ იცის, ეს ომი როდის დამთავრდება. თუ ყველაფერი კარგად იქნება, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენც მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს”, - დასძენს შარაძენიძე და შეკითხვაზე - “გასული კვირის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი, რამაც აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გაართულა...” - პასუხობს:
“ჩინეთი რუსეთს აქამდეც ეხმარებოდა და ამის გაკონტროლება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ვერავინ დააყენებს მათ საზღვარზე დამკვირვებლებს, რათა შემოწმდეს, რა ტვირთი შედის ჩინეთიდან რუსეთში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც რუსეთს სანქციების არ ეშინია, თუმცა ჩინეთი რუსეთისთვის დასავლეთს, როგორც ტექნოლოგიების მიმწოდებელს, მთლად ვერ ჩაანაცვლებს... ტაივანში ჩინეთმა ისევ ვერ გაბედა აშშ-ის წინააღმდეგ წასვლა. ჩინეთი ომს ნამდვილად არ აპირებს, მაგრამ ალბათ უფრო მეტად ეცდება რუსეთის ფარულ დახმარებას. საკითხავია, ეს ეყოფა თუ არა რუსეთს, რადგან დაწესებული სანქციები 3-4 წელიწადში მას ძალიან მძიმედ დააწვება. სწორედ ამიტომ რუსეთი ეცდება, ომი მანამდე დაასრულოს, ვიდრე ეს დრო დადგება”...
რატომ დაიწყეს რუსებმა გადაჯგუფება სამხრეთში და რამდენი “ჰაიმარსი” სჭირდება უკრაინას ომში გარდატეხის მოსახდენად
“რუსებმა თავისი ძალების უკრაინის სამხრეთისკენ გადასროლა დაიწყეს, სადაც უკრაინელებმა ცოტა ხნის წინ კონტრშეტევა დაანონსეს. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, კიევის მხრიდან კონტრშეტევის ღიად გამოცხადება უცნაური იყო და მახეს ჰგავდა. შესაბამისად, ეს, დიდი ალბათობით, შესაძლოა საოკუპაციო ძალებს გააზრებულიც ჰქონდეთ და ამიტომ აღმოსავლეთ ფრონტსაც არ შეეშვებიან და შეეცდებიან, რომ სამხრეთის მიმართულებაზე კონტრშეტევა უკრაინელებს დაასწრონ. ამის პარალელურად, “სი-ენ-ბი-სი”-მ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ თეთრმა სახლმა ყველა შეზღუდვა გააუქმა, რომელიც უკრაინისთვის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და 300 კმ-ზე მოქმედი ტაქტიკური რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას ეხებოდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამერიკელები ხვდებიან, რომ არსებული პოლიტიკით, რომელიც მათ აქამდე ჰქონდათ, ომი სწრაფად ვერ დამთავრდება. ამიტომაც უკრაინისათვის უკვე ყველა იარაღის მიწოდებაზე არიან თანახმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ დაიწყეს რუსებმა გადაჯგუფება სამხრეთში და რამდენი “ჰაიმარსი” სჭირდება უკრაინას ომში გარდატეხის მოსახდენად.
“ამის პარალელურად, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით თურქეთისა და გაეროს ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებაც ამოქმედდა. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, კვირას უკრაინის პორტებიდან ხორბლით დატვირთული კიდევ ოთხი გემი გავიდა, რომელთა ბორტზეც თითქმის 170 000 ტონა მარცვლეულია განთავსებული. უახლოეს მომავალში კი იგეგმება, რომ პორტებმა თვეში მინიმუმ 100 გემის გაყვანა შეძლონ. გემები იტალიის, ჩინეთისა და თურქეთის პორტებში იგზავნება…როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რუსების სამხრეთით გადაჯგუფება უკრაინის მიერ დაანონსებული კონტრშეტევის გამო ხდება. ეს შესაძლოა უკრაინელების მხრიდან მახე იყოს, რაც რუსებს გააზრებული ექნებათ, თუმცა თავის უპირატესობაში დარწმუნებული არიან. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს,რომ სამხრეთის მიმართულებით რუსების გააქტიურება ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ უკრაინელებს კონტრშერევა დაასწრონ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“იმ ფონზე, რომ უკრაინელებს კონტრშეტევა ჰქონდათ დაანონსებული, როგორც ჩანს რუსები პრევენციული დარტყმის განხორციელებას ცილობენ. ანუ ისინი ცდილობენ შეტევაზე მანამ გადავიდნენ, სანამ უკრაინელები რამეს მოახერხებენ. მაგრამ უკრაინელებს კონტრშეტევა იმდენად ნათლად და ღიად ჰქონდათ დაანონსებული, რომ ეს შესაძლებელია რუსული შეტევის ერთგვარი პროვოცირება იყოს. უკრაინელთა მხრიდან ასე ღიად კონტრშეტევაზე საუბარი ძალიან უცნაური იყო და მათ შესაძლოა რაიმე სხვა გეგმა ჰქონდათ მომზადებული. ამასთანავე, რუსებს ოდესის მიმართულების გაჭრაზე ხელი რა თქმა უნდა არ აუღიათ და შესაბამისად, რუსების მხრიდან შესაძლოა გააზრებულიც იყოს, რომ ისინი უკრაინულ მახეში ებმებიან. მაგრამ ამასთანავე ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინელებთან შედარებით იმდენად დიდი უპირატესობა აქვთ, რომ წარმატებას მიაღწევენ, რაც ერთობ საეჭვოა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.
“რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ფითარებას, რუსებს ორი ძირითადი მიმართულება აქვთ - დონეცკის და ხერსონის. მაგრამ ეს ორი მიმართულება დიდი ხანი აქვთ, უბრალოდ ჯარები გადასროლა-გადმოსროლა და გამაგრება მას შემდეგ მოუწიათ, რაც ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის ბაზის ძალიან დიდი ნაწილები დაკარგეს და შევსება სჭირდებოდათ, იძულებულები გახდნენ ახლა ძალები ნელ-ნელა შეევსოთ და ამისთვის დრო დასჭირდათ, თორემ მათ სამხრეთის მიმართულებაზე უარი არასდოს არ უთქვამთ… დასავლეთი უკვე ყველა იარაღის მიწოდებაზეა თანახმა, რადგან, რაც დრო გადის, ომი იწელება და ამერიკელებიც ხვდებიან, რომ არსებული პოლიტიკა, რომელიც მათ აქამდე ჰქონდათ, ომს სწრაფად ვერ დაამთავრებს. ომის შედარებით სწრაფად დამთავრებისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემა და ახალი სტრატეგიის შემუშავება აუცილებელია. ეს კარგი სიგნალია. 5-6 დღის განმავლობაში ტენდენციამ აჩვენა, რომ უკრაინელები სრულად მზად არიან იმისათვის, რომ არა მხოლოდ ქვეყანა დაიცვან, არამედ დასავლური შეიარაღება ძალიან ეფექტურად გამოიყენონ. დასავლეთის მიერ დაყენებულ მოთხოვნებს, რომ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით არ მოხდეს აღნიშნული ტექნიკით შეტევა, უკრაინელები პრაქტიკულად ასრულებენ”, - მიიჩნევს ჯიპას პროფესორი.
“უკრაინისათვის შორსმსროლელი შეიარაღებისა და რაკეტების დამატებითი რაოდენობის გადაცემის შედეგად უკრაინული შეტევა ძალიან დაცული იქნება. ეს ნიშნავს, რომ მტრის ზურგში უკვე ნებისმიერ სიღრმეში მისწვდება, მათ შორის როგორც კი დამატებითი რუსული ტექნიკა საზღვართან გადმოვა, ამას უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტა მოხვდება, რაც რუსეთის შემტევ პოტენციალს პრაქტიკულად გაანადურებს. რუსების მიზანია შეტევის სიღრმის მოპოვებაა, რომ ზურგი დაიცვან. მაგრამ ამ ზურგის დაცვა შეუძლებელი გახდება, როგორც კი უკრაინელებს შორსმსროლელი რაკეტები ექნებათ, რომლებიც ამ ზურგსაც პრაქტიკულად დაუცველს გახდის”, - დაასკვნის კობერიძე.
“რუსები სამხრეთის მიმართულებით იმიტომ აქტიურდებიან, რომ უკრაინელებს დაასწრონ და ნიკოლაევი-ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა განავითარონ. როგორც რუსული მედია ამბობს, რუსულმა ძალებმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული სოფელი დაიკავეს, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ ქალაქ ნიკოლაევს 27 კილომეტრზე მიუახლოვდენ. აქ რუსების კონცენტრაცია იმითაა განპირობებული, რომ უკრაინელებმა ათიათასიანი დაჯგუფება განათავსეს და კონტრშეტევაზე გადასვლას აპირებენ, რათა დონეცკის ოლქის მიმართულებით რუსული შეტევები შეასუსტონ. ახლა იქ პოზიციური ბრძოლები მიდის, რუსებმა უკრაინული ე.წ. მარენჰეიმის ხაზი ჯერ კიდევ ვერ გაარღვიეს - ესაა ბახმუტი, სოლედარისა და ავდეევკას ფრონტის თავდაცვის ზღუდე. რუსები ნიკოლაევის მიმართულებითაც გააქტიურდნენ. სამხრეთის მიმართულებაზე ველოდები, რომ რუსები კონტრშეტევას განახორციელებენ, ყოველ შემთხვევაში ისინი ამას შეეცდებიან. თუმცა, რამდენად გამოუვათ და წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე პოზიციური ბრძოლები მიდის და არცერთ მხარეს მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“თუ უკრაინას დასავლური შეიარაღების კომპლექსების კრიტიკული რაოდენობა არ მიეწოდა, რომლებიც სიტუაციას მართლაც ფუნდამენტურად შეცვლიან, ასეთ ეპიზოდურ მიწოდებას აზრი არ აქვს. ეს გინდა 80 კილომეტრის რადიუსში მოქმედი არტილერია იყოს იყოს და გინდა 300. ტაქტიკურ დონეზე რაღაცეებს კი შეცვლის, მაგრამ სტრატეგიულად ვერა, რადგან რუსებმა კონტრსაბატარეო შენაერთები შექმნეს, რომლებიც “ჰაიმარსებზე” ნადირობენ, ამტკიცებენ, რომ დაახლოებით 3-4 “ჰაიმარსი” გაანადგურეს, თუმცა ამას უკრაინა უარყოფს. თუ მინიმუმ 60-80 ერთეული არ იქნება, მანამდე ისეთ გარდატეხას ვერ შექმნიან. კი, ეფექტურობა აჩვენა, მაგრამ ამასაც გონივრული საზღვარი აქვს. მაგალითად, ომის პირველ ეტაპზე “ბაირაქტარიც” ეფექტური იყო, მერე რუსებმა მისი ჩამოგდება უკვე ისწავლეს და ჩვეულებრივ იარაღაც გადაიქცა”, - დასძენს მაისაია.
“რუსო ტურისტო”, ანუ საფრთხე თუ თითიდან გამოწოვილი პრობლემა?!
“ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის მიზანი დგას”, - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ოპოზიციის იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი დაწესდეს. პრობლემას ის ქმნის, რომ რუსეთიდან მხოლოდ ტურისტული მიზნებით არ ჩამოდიან და ამას ადასტურებს ბოლო თვეებში მათ მიერ საქართველოში ნაყიდი უძრავი ქონებისა და დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობა, რასაც საზოგადოების ერთი ნაწილი ქვეყნისთვის საფრთხედ მიიჩნევს და ხელისუფლებას პრობლემების პრევენციას სთხოვს. პასუხად ირაკლი კობახიძემ ამას `გოიმობა~ უწოდა, საზოგადოებას ქსენოფობია დააბრალა. რეალურად რა საფრთხეების შემცველია საქართველოში რუსების უკონტროლო შემოსვლა და რამდენად მოაგვარებდა ამ პრობლემებს რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება, “კვირის პალიტრა” ანალიტიკოს გია ხუხაშვილსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “რუსო ტურისტო”, ანუ საფრთხე თუ თითიდან გამოწოვილი პრობლემა?!
“დღეს რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომლის ნაწილადაც ჩვენს თავს განვიხილავთ, მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, რომელსაც ბევრი განზომილება აქვს, მათ შორის ეკონომიკური, კულტურული, საინფორმაციო. ამ ომში ჩვენ ჩვენი ადგილი გვაქვს და ეს არ ნიშნავს, რომ რუსებს უნდა ვებრძოლოთ და თუნდაც ტურისტებზე ექსტრემისტული რეაქცია გვქონდეს. თუმცა საქართველოში ტურისტების დიდი ნაწილი სულ სხვა მიზნებით არის ჩამოსული - ყიდულობენ ქონებას, გრძელვადიანად ქირაობენ ფართობებს, ბიზნესებს იწყებენ. ავიღოთ სტატისტიკა და ვნახავთ, რომ ნებისმიერ ტურისტულ სეზონზე გადმორიცხვები თვეში 25-27 მილიონის ფარგლებში მერყეობდა, ახლა კი აპრილში 133 მილიონი იყო, მაისში 303 მილიონი - ანუ გადმორიცხვები, მინიმუმ, გაათმაგდა. გარდა ამისა, ბოლო ორ თვეში დარეგისტრირდა წმინდა რუსული ბიზნესი იმდენივე, რაც ჯამში მთელი ისტორიის განმავლობაში არ დარეგისტრირებულა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ეს ნიშნავს, რომ ისინი ქართულ სინამდვილეში ფეხს საფუძვლიანად იკიდებენ და რაც მთავარია, ისევ რუსულ სახელმწიფოს ემსახურებიან. თავი რომ დავანებოთ წმინდა ტურისტებს, ეს მიგრანტები ორ ნაწილად იყოფიან - ნაწილი არის ის ხალხი, რომელიც დისტანციურად მუშაობს რუსულ ეკონომიკაზე და ცალკე საკითხია, ამ დროს რა ამოცანებს ასრულებენ, და მეორე ნაწილი, რომელიც რუსეთიდან პრობლემებს გამოექცა. ეს ხალხი რისკის ზონაა - ჩემი ინფორმაციით, დადის ეფ-ეს-ბეს აგენტურა, აკეთებს ხალხის იდენტიფიცირებას, ეუბნებიან, რომ ან იმუშავებენ რუსულ სპეცსამსახურებზე, ან პრობლემები შეექმნებათ, როდესაც რუსეთში დაბრუნდებიან. რაც მთავარია, მათი უდიდესი ნაწილი მუშაობს რუსეთის სანქციების გვერდის ავლის სისტემების შექმნაზე - ბანკებში ხსნიან ანგარიშებს, რომლებზეც დიდი ფული ირიცხება, რაც, მაღალი ალბათობით, რუსეთის ლოჯისტიკური და საერთოდ, ეკონომიკური შეზღუდვების გვერდის ავლას ხმარდება”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ფაქტობრივად, გამოდის ჩვენ უკვე ომში ვართ, რადგან დასავლეთმა რუსეთთან ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად ეკონომიკური სანქციები აიღო და ჩვენ რუსეთის მხარეზე ვართ - რუსეთს ვეხმარებით დასავლეთთან ომში პრობლემების გადაწყვეტაში... თავი გავანებოთ იმას, რომ რუსები სადაც ჩადიან, ყველგან თავს მასპინძლად გრძნობენ, საქართველოსაც თავიანთ საკუთრებად თვლიან და ცხადია, ეს საზოგადოებაში პროტესტს აჩენს, ხოლო როდესაც საზოგადოებაში პროტესტი ჩნდება, ამას შესაძლოა მოჰყვეს აგრესიული გამოვლინებები, რასაც ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ და ამაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი... როდესაც ვხედავთ რბილი ძალის ექსპანსიის ნიშნებს, ძალიან მარტივი ნაბიჯებია გადასადგმელი. რაზეც უნდა ვილაპარაკოთ, ხელისუფლება ყველაფერზე ამბობს, მაშინ ომი გინდათო და რა ნაბიჯებზე შეიძლება ვილაპარაკოთ. სავიზო რეჟიმი თავად რუსეთს აქვს დაწესებული საქართველოსთვის და ძალიან მკაცრიც”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რომ მოინდომოთ რუსეთში წასვლა, ვერ წახვალთ, საერთაშორისო პრაქტიკაში კი მიღებულია სარკისებური დამოკიდებულება. რას ჰქვია, სავიზო რეჟიმს ვერ შემოვიღებ მაშინ, როცა მეორე მხარეს შენთან მკაცრი სავიზო რეჟიმი აქვს? რუსეთს გაღიზიანების არავითარი საფუძველი არა აქვს, რადგან თავად აქვს რეჟიმი დაწესებული. ეს ყველა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ მიგრაციული ნაკადები დავარეგულიროთ, წინასწარ შევისწავლოთ და შემოსვლის წინასწარი კონტროლი გვქონდეს. სავიზო რეჟიმს უნდა მოჰყვეს კომპლექსური ნაბიჯები: პირველი - საქართველოს ტერიტორიაზე ქონების შეძენა განსაზღვრული ვადით უნდა დაკონსერვდეს; მეორე - ბანკებში ანგარიშების გახსნა უმკაცრესად უნდა გაკონტროლდეს. ცხადია, უკეთესი იქნება, თუ მათ საქართველოში ანგარიშების გახსნის და ამით შავი თუ თეთრი ფულის ნაკადების მართვის საშუალება საერთოდ არ ექნებათ. როდესაც რუსეთთან ჩვენი პარტნიორების გლობალური ომი მიდის, არ უნდა დავუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე “ტროას ცხენის” ფორმირება” - ამბობს გია ხუხაშვილი.
“კობახიძის განცხადებებს რაც შეეხება, კრემლსაც კი არ უკადრებია ასეთი რაღაც, როდესაც საზოგადოება ითხოვს კონტროლის გამკაცრებას, ქსენოფობია ეწოდებინოს. ეთნიკურ რუსთან ჩვენ პრობლემა არასოდეს გვქონია. ღმერთმა ნუ ქნას და, თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა რუსეთის მოქალაქის მიმართ, ფიზიკურად გაუსწორდა ან რაღაც მსგავსი, ცხადია, უნდა დაისაჯოს, მაგრამ ხელისუფლება თვითონ ქმნის იმის საფუძველს, რომ უმართავი პროცესი დაიწყოს... შეთქმულების თეორიები არ მიყვარს, მაგრამ დღეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ უნდა ვეფეროთ რუსეთს, ხოლო ვაგინოთ დასავლეთს და ეს რას ნიშნავს? რას და, რუსეთის ინტერესების გატარებას. დღეს ანტიდასავლურობა თავისთავად პრორუსულობას ნიშნავს, რადგან სამყარო ორ ნაწილად გაიყო. როდესაც ხელისუფლება ევროსკეპტიციზმს ნერგავს სპეკულაციით, რომ ვითომ ომში გვითრევენ, ეს მხოლოდ რუსული ინტერესების გატარებას ნიშნავს. ამას შეგნებულად აკეთებენ, სიბრიყვით თუ სიშტერით, მნიშვნელობა არა აქვს, რადგან დღეს ანტიდასავლურობა ავტომატურად ნიშნავს პრორუსულობას”, - დაასკვნის ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ამ პირობებში რა შანსია, რომ რუსების შემოდინების პრობლემა გადაიჭრას?” - პასუხობს:
“თუ ხელისუფლება არაფერს გააკეთებს, მაშინ ეს საფრთხე გაიზრდება. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, უკრაინაში ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, რამდენი ბავშვია დაღუპული და რამდენი ადამიანი ნაწამები. გააჩერეთ აქ ჩამოსული რუსი და ჰკითხეთ, იტყვის თუ არა, რომ რუსეთს საქართველო ოკუპირებული აქვს და ნახავთ, რომ არ იტყვის. სამაგიეროდ, ბატონებად თვლიან თავს, თითქოს ყველა მათ უნდა ემსახუროს. ამას ჩვენი საზოგადოება არ მიიღებს, დაიწყება ლოკალური შეჯახებები და მერე შეიძლება სისტემური ხასიათიც მიიღოს. ამიტომ უნდა გააკონტროლოს ხელისუფლებამ მიგრაციული პროცესები”.
“დიდი ხანია, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. ალბათ, ტურიზმიც არის, მაგრამ ფაქტორი უფრო უსაფრთხოება და კომფორტული ცხოვრებაა. როგორც ჩანს, სამეზობლოში რუსეთის მოქალაქეებს ყველაზე კარგი პირობები საქართველოში აქვთ. ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, ტრაგედია ის არის, რუსები რომ თავხედობენ. ყველას ზემოდან უყურებენ, ელაპარაკებიან როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს, არადა, თავად არიან ველურები. ცხადია, ამას ბევრი ვერ ეგუება და ვითარება იძაბება. მათ უნდა უთხრან, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი “ოკუპაციის შესახებ” და მოიქცნენ ადეკვატურად და მორიდებულად. უნდა იცოდნენ, რომ ყველაფრის უფლება არა აქვთ. შეიძლება ბუკლეტების დაბეჭდვა, რომელთაც საზღვრის გადმოკვეთისას დაურიგებენ და სადაც კორექტულ ფორმებში იქნება აღწერილი, რომ საქართველოს კანონმდებლობით რუსეთი ოკუპანტია, მივესალმებით მათ ყოფნას საქართველოში, მაგრამ ვთხოვთ გაითვალისწინონ ქცევის წესები. ჩამოწერილი უნდა იყოს, რომ საჯარო სივრცეში არ შეიძლება რუსულად სიმღერა, პუტინის სადღეგრძელოები და ა.შ., რაც გამოიწვევს საზოგადოებაში მღელვარებას, მაგალითად, რომელიმე დევნილმა რატომ უნდა აიტანოს ვიღაც რუსის თავხედობა?” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“მე არ მესმის კობახიძისა და სხვების განცხადებები, თუ რატომ უნდა იყოს სავიზო რეჟიმზე ლაპარაკი ომის სურვილი. ეს უკვე ბოდვაა. სავიზო რეჟიმი ბუნებრივი მოვლენაა მთელ მსოფლიოში. ამაზე ლაპარაკით ომი რატომ უნდა დაიწყოს, “ოცნებას” მოსახლეობა მართლა ასეთი რეგვენი ჰგონია?! ევროკავშირი განიხილავს საკითხს, რომ აღარ გასცენ ვიზები რუსეთის მოქალაქეებზე და იმის თქმა, რომ რუსეთისთვის ვიზების დაწესებაზე ვინც ლაპარაკობს, ომი სურს, ბოდვაა. ომის სურვილს ნიშნავს აბსოლუტურად ცივილიზებული ფორმებით რუსების შემოსვლის შეზღუდვა? სტატისტიკა აჩვენებს, რომ შემოსული რუსები ძალზე ბევრი არ არიან, მაგრამ მათი თავხედური ქცევები აჩვენებს, რომ საჭიროა მათი შემოსვლის წინასწარ დარეგულირება. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი ქცევა რეაგირების გარეშე არ დარჩება”, - თვლის კონფლიქტოლოგი და შეკითხვაზე - “ფიქრობთ, რომ რუსეთისა და რუსების მიმართ “ქართული ოცნების” დამოკიდებულება საზოგადოების დიდ ნაწილს მოსწონს?” - პასუხობს:
“თუ არ მოსწონს, არც აღელვებს. მეტიც, არც იციან, რა უნდა ქნან. ჩვენთან ხომ პოლიტიკური აქცია მხოლოდ ერთხელ ჩატარდა, 20 ივნისს, როდესაც გვინდოდა ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი მოეცა და ამისთვის რუსთაველზე ასი ათასზე მეტი კაცი გამოვიდა, მაგრამ როგორც კი გაისმა ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა, ხალხი აღარ გამოვიდა. გამოდის, ხალხისთვის პოლიტიკური ფასეულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ შიდა კინკლაობა აღარ არის მისაღები და ვერ ხედავენ, რატომ არ უნდა მისცენ “ოცნებას” ხმა, როდესაც არჩევანი რჩება მხოლოდ “ნაცმოძრაობის” სახით, რომელიც უფრო არ მოსწონთ. ჩატარდა კვლევა, ხალხს მოსწონს თუ არა რუსების მოზღვავება? ან რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ჩაატარა აქცია, რომ რუსეთის ასეთი მოზღვავების წინააღმდეგია და რამდენი კაცი გამოვიდა? ესაა რეალობა, ოპოზიციას არა აქვს ხალხის მხარდაჭერა”.
რუსები საქართველოში - შესაძლო ონციდენტები, პოტენციური საფრთხეები და სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა
“უნდა დაწესდეს თუ არა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის - ეს საკითხი აგვისტოს ომის მორიგი წლისთავის მოახლოებასთან ერთად უკიდურესად აქტუალური გახდა. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს, ხელისუფლება კია მათ ამის გამო ქსენოფობიაში ადანაშაულებს. ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, რუსებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება, მიოთუმეტეს საკურორტო სეზონის პიკზე, გაუმართლებელი იქნება. ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესები კი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დაიწყება, როდესაც საქართველოში მყოფი რუსების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება და ნაწილი აქ დარჩენას გადაწყვეტს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ლატვიამ და ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებისათვის ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩერეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსები საქართველოში - შესაძლო ონციდენტები, პოტენციური საფრთხეები და სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა.
“რაც შეეხება საქართველოს, კოვიდამდელ პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით, წელს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გაცილებით მციმე რაოდენობაა შემოსული. ხელისუფლების წარმომადგენელთა და ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ეს ნიშნავს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი კი ამ მონაცემების ინტერპრეტირებას სხვაგვარად ახდენს - წელს საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა უკვე საქართველოს მოსახლეობის 10%-ს უტოლდება, რაც სერიოზულ რისკებს ქმნის. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ გამკაცრდეს რუსეთის მოქალაქეებისათვის ბინადრობის უფლების მინიჭება და ეკონომიკური საქმიანობის უფლების მიცემა. 3 აგვისტოს რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ამ დროისთვის უკვე 14 000-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს. საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წლის თებერვლის ბოლოს გააუქმა. თავდაპირველად, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში 90 დღით დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდათ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ეს ვადა 1 წლამდეა გაზრდილი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა მიზეზით რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედებას ითხოვს. აღნიშნულის თაობაზე ერთ-ერთი ბოლო მოთხოვნა მიმდინარე წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსი ვიზიტორების მზარდ რაოდენობას მოჰყვა. საქართველოს უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ქვეყანაში “ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლის” თავიდან ასაცილებლად, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება ერთ-ერთმა პირველმა სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” მოითხოვა და მას შემდეგ საკითხი დღის წესრიგში არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ დააყენა. მარტის დასაწყისში, რუსეთთან მოკლევადიანი სავიზო რეჟიმის ამოქმედება მოითხოვა ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმაც, რომელიც 29 ასოციაციას აერთიანებს. პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განაცხადებით, საქართველოში რუსი ტურისტების განსაკუთრებული რაოდენობა არ არის და ამ საკითხზე “ოპოზიციის მიერ წამოწყებული კამპანია მთლიანად სიცრუესა და სიყალბეზეა აგებული” და “ეს რა თქმა უნდა, არის ქსენოფობია, ეს არის შოვინიზმი”, - დასძენს გამოცემა.
“კობახიძის შეფასებებს ოპონენტების მხრიდან მკვეთრი განცხადებები მოჰყვა. “ქართული ოცნების” სტანდარტით, ეროვნული ღირსების დაცვა ქსენოფობია და გოიმობაა, ოკუპანტის ფეხქვეშ გაგება კი - კარგი ტონი”, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა მელია წერს. ის ამბობს, რომ ახლა საქართველოს მოსახლეობას ძალიან ცოტა დრო აქვს, რადგან არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა 20%-ზე ბევრად მეტ ტერიტორიას დაკარგავს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსული რუსების დიდი ნაწილი არიან არა ტურისტები, არამედ ის ადამიანები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის საპასუხოდ დაწესებულ სანქციებს გამოქცნენ. საქართველო კი მათთვის მეტ-ნაკლებად ევროპული სტილის ქვეყანა, სადაც იმ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ, რომელიც რუსეთში დაწესებული შეზღუდვების გამო აღარ აქვთ. კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი ამბობს, რომ საქართველოში შემოსული რუსი ტურისტის რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით მცირეც კია. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ბევრი რუსია შემოსული, არასწორია”, - წერს სტატიის ავტორი.
“რუსების უმრავლესობა აქ უსაფრთხო და კომფორტული გარემოს გამო არის ჩამოსული. რეჟიმს გამოქცეული ხალხის რაოდენობა აქ დიდი არ არის. ძირითადად მოდიან ადამიანები, რომლებიც რუსეთში სანქციების გამო შექმნილ პრობლემებს გაურბიან. არიან ასევე ახალგაზრდა ბიჭები, რომელთაც უკარინაში ომში გაწვევის ეშინიათ. ამიტომ, ვიდრე ომი არ დასრულდება, ისინი აქ ყოფნას აპირებენ… სანამ საბანკო სისტემებზე შეღუდვები არ მოიხსნება, ეს ხალხი აქ დარჩება. პუტინის რეჟიმს არ გაურბიან, ესენი არიან კარგ ცხოვრებას შეჩვეული ხალხი, რომელთათვისაც საქართველო ევროპის ალტერნატივაა. ვიდრე კანონს არ შევცლით და პოლიტიკური სპექტრი მოქმედებაზე არ გადავა, ლაპარაკს აზრი არ აქვს. ოპოზიციას მოვუწდებ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივები შეიტანონ, რომელიც იმ სიტუაციის დარეგულირებას უზრუნველყოფს, რომელიც მათ ასე აღიზიანებთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“რუსების გამომწვევ ქმედებებზე საუბარი ცოტა გადამეტებული მეჩვენება. წელს სად არ ვიყავი და რამდენი რუსიც შემხვდა, ყევლა ზრდილობიანად და მორიდებულად იქცეოდა. არ ვიცი სად ნახულობენ რუსებს, რომლებიც აგრესიულები არიან, მაგრამ ქართველებისაც მესმის, რომ რუსების სიყვარულს ვერ ვაიძულებთ და ეს შიშიც ბუნებერივია. ის რაოდენობა, რაც მარტიდან საქართველოში შემოვიდა, სხვა წლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, თუნდაც 2019 წლის, უფრო ნაკლებია, ამიტომ არ არის დიდი და საგანგაშო. თუნდაც ბინების ყიდვის მხრივ არ არის იმ რაოდენობის, რაც გასულ წლებთან შედარებით იყო. ამიტომ ეს ისტერიკა არ მგონია სწორი იყოს. აქ საუბარი იმაზეა, რომ უნდა მოხდეს რუსების მხრიდან ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვა. გაკონტროლდეს ის ბიზნესები, რომელიც აქ, საქართველოში რეგისტრირდება. დანარჩენი, ტურისტების შემოსვლაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. პირიქით, ქართველები ამით ეკონომიკურ სარგებელს ნახულობენ და ეს ხალხი უკან სახლში დაბრუნდება. ვიმეორებ, უნდა გაკონტროლდეს ის ხალხი, რომლებიც აქ დარჩენას მოისურვებენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბენდიანიშვილი.
ვახტანგ ძაბირაძე - „დარწმუნებული ვარ, უკიდურეს მომენტამდე „ოცნება“ სააკაშვილს ციხიდან არ გაუშვებს“.
“საგულისხმოა კულუარებში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატები “ქართულ ოცნებასთან” აწარმოებდნენ ფარულ მოლაპარაკებას. ითქვა ისიც, რომ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე სააკაშვილი თავად გააკეთებდა განცხადებას. ვინაიდან ექსპრეზიდენტი ასეთ განცხადებას ჯერ არ აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას ელოდება. ძალიან კარგად მესმის მისი, არ სურს თავად გაახმოვანოს ის, რასაც ადვოკატები ამბობენ და მისი ნათქვამი ხელისუფლებამ უპასუხოდ და ურეაქციოდ დატოვოს. ახლა იმაზეც ლაპარაკობენ, თითქოს საქმეში ამერიკელები აპირებენ ჩართვას და სიტუაცია მათი ექსპერტების ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „დარწმუნებული ვარ, უკიდურეს მომენტამდე „ოცნება“ სააკაშვილს ციხიდან არ გაუშვებს“.
“მთელ ამ ამბავში ყველაზე დიდი სიმართლე ის არის, რომ სააკაშვილს ციხიდან თავის დაღწევა სურს. ის დარჩება ფაქტორად ქართულ პოლიტიკაში, იმისდა მიუხედავად, იქნება თუ არა ქვეყანაში. “ნაციონალურ მოძრაობაში” ისევ დარჩებიან მისი მხარდამჭერები, როგორი განცხადებაც უნდა გააკეთოს ხვალ-ზეგ. საქართველოს ისტორიაში ყოფილა ასეთი ან მსგავსი ფაქტები, როდესაც ამომრჩეველი თავისი ლიდერის ერთგული დარჩა. ზვიად გამსახურდია ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ ხალხი მის გამოჩენას მაინც ელოდა. ჩვენ მოგვწონს თუ არა, ფაქტი ფაქტად რჩება. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტს ხელისუფლება. თუ ხელისუფლების განცხადებებს დავუჯერებთ, სააკაშვილმა ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი. “ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ მათ არა აქვთ სასამართლოზე ზემოქმედების ბერკეტი და ოპოზიცია მათგან აბსურდულ რაღაცას ითხოვს. ეს განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილის შეთავაზება, გამიშვით ციხიდან და გავალ პოლიტიკიდანო, ჰაერშია დარჩენილი. თუმცა მაინც მგონია, ხელისუფლებასთან ამ საკითხზე მოლაპარაკება ისევ გრძელდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“რაც შეეხება “გირჩისა” და “მოქალაქეების” ინიციატივას, - ნუთუ ასეთი გულუბრყვილონი არიან? ვის აწყობს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება ასეთი ფორმით? არც “ქართულ ოცნებას” და არც “ნაციონალებს”. “ქართულ ოცნებას” სააკაშვილის სახით მტრის ხატი სჭირდება და ჰყავს კიდევ, რატომ გაუშვებს ამ კოზირს ხელიდან? მით უფრო ყველამ ვიცით, რა მოტივითაც ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” სააკაშვილის გათავისუფლება კი აწყობს, მაგრამ იმ ფორმით არა, როგორც “გირჩი” და “მოქალაქეები” ამბობენ. დაკვირვებული თვალი შენიშნავს, რომ პარტიაში სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლას უმრავლესობის მხარდაჭერა არა აქვს. პოლიტიკისგან თავისუფალი სააკაშვილი არავის სჭირდება, მისი ოჯახისა და მეგობრების გარდა. ასე რომ, ხელისუფლება სააკაშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება და ფატალური შედეგის საფრთხე დადგება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“აშკარაა, მმართველი გუნდი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კარგად იცნობს. ეჭვიც კი არ მეპარება, რომ კონსულტაციები აქვთ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ექიმებთან, უბრალოდ, ამის სააშკარაოზე გამოტანა არ აწყობთ. ჩემი აზრით, “ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილს 2024 წლამდე ციხეში შეინარჩუნებს, რა თქმა უნდა, თუ მისი სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ არ დადგა. რატომღაც დარწმუნებული ვარ, უკიდურეს მომენტამდე “ქართული ოცნება” სააკაშვილს ციხიდან არ გაუშვებს. თუმცა, განვიხილოთ თეორიული შანსი, თუ რა შეიძლება მოხდეს მისი პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში “ნაციონალურ მოძრაობაში” და საზოგადოდ, ოპოზიციურ ველზე”, - ამბობს ანალიტიკოსი.
“ნაციონალურ მოძრაობაში” სერიოზული ბრძოლაა ძალაუფლებისთვის. ყველა ცდილობს მოხვდეს 2024 წლის სადეპუტატო სიაში. ამომრჩეველი ჰყავთ და ახლა პირველი ვეზირობისთვის მიდის ბრძოლა. არის ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” ისევ სააკაშვილის გამო აძლევს ხმას. პარტიაში ლიდერების დაპირისპირება სწორედ სააკაშვილის საკითხს უკავშირდება. ერთი ჯგუფი ნიკა მელიას ადანაშაულებს, რომ საკმარისი არ გააკეთა სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად. მაგრამ პოლიტიკურმა ელიტამ კარგად იცის, რომ მელიამ მართლა ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რეალობა იყო ისეთი, არ გამოვიდოდა სააკაშვილის გათავისუფლება. ეს იციან და მელიას იმიტომ ადანაშაულებენ, რომ სააკაშვილის გულმხურვალე ამომრჩეველი მიიმხრონ. ვერ გეტყვით, `ნაციონალური მოძრაობის~ ამომრჩევლის რამდენ პროცენტს შეადგენს კონკრეტულად სააკაშვილის ელექტორატი, მელიას მათზე რა გავლენა აქვს, მაგრამ ფაქტია, გუნდში დაპირისპირების მთავარი საგანი სწორედ სააკაშვილის პატიმრობაა - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში შეიძლება “ნაციონალური მოძრაობა” ისევ გაიყოს?” - პასუხობს:
“არ არის გამორიცხული. 2016 წელსაც მოხდა განხეთქილება, პარტიის პოლიტიკურმა ბირთვმა დატოვა “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” შექმნა. მაშინ ელექტორალურადაც გაიყო პარტია, მაგრამ უმრავლესობა სააკაშვილის გუნდის მხარეს დარჩა. თუმცა მაშინ ერთი ასეთი ფაქტორი იყო - სააკაშვილი, როგორც ლიდერი, ჯერ კიდევ ზენიტში იყო. დღეს მისი იმიჯი მთელი ამ ექვსთვიანი ეპოპეისა და კიდევ ბევრი მიზეზის გამო ისეთი აღარ არის. ამიტომ ძნელად სათქმელია, როგორ გაიყოფა ელექტორატი. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია დაზუსტებით - ხუთპროცენტიან ბარიერს ორივე “გადმონაშთი” გადალახავს. აი, ასეთი რეალობა შეიქმნება, თუ სააკაშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან, თუმცა ეს ძნელად წარმომიდგენია და არც ამომრჩეველი დაიჯერებს. რაც უნდა მოხდეს, მისი ელექტორატი იტყვის, რომ სააკაშვილმა ასეთი განაცხადი მხოლოდ ციხიდან თავის დაღწევის მიზნით გააკეთა, აბა, თავს ხომ არ შეაკლავდა “ოცნებასო”. ასე რომ, წავა თუ არა სააკაშვილი, მისი ფაქტორი მაინც დარჩება პარტიაში”.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"