ზუგდიდში 8 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ზუგდიდში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდის სკეიტ პარკში, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„2008 წლის აგვისტო არის უმძიმესი თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, რუსეთის აგრესიის შედეგად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა და ყველაზე ტრაგიკული ადამიანური მსხვერპლი გახლავთ. ამ ომს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის და გმირი მებრძოლების სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ მათ გმირობას პატივს მივაგებთ და მადლობას ვუხდით. ჩვენი ბიჭები ვალმოხდილები შეუერთდნენ საქართველოსთვის თავშეწირული ქართველების ზეციურ დასს, მათი სისხლი არ იქნება ამაოდ დაღვრილი, ჩვენი ქვეყანა დეოკუპაციას და ტერიტორიების დაბრუნებას მოახერხებს, რა თქმა უნდა, მშვიდობითა და სიყვარულით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ამ თარიღს დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად საქართველოს", - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, მერმა მამუკა წოწერიამ.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.
აგვისტოს ომს ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან 4 კაპრალის ბადრი ბერანძის, დავით ჯიქიას, სერგეი გოროზიასა და კობა სერგიას სიცოცხლე შეეწირა.
დღესვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, ბადრი ბერანძისა და დავით ჯიქიას საფლავებზე იმყოფებოდა.

























