ნიკა მელია - ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს

ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

როგორც ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ეს არის რუსეთის „ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა“.

„აგვისტოს ომის დღეებში, როცა ვგლოვობთ და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ვისმა თავგანწირვამაც დღემდე მოგვიყვანა და გვიხსნა რუსის ბატონობისგან, აი, ამ დღეებში, უსამშობლო ხელისუფლებას სურს, რომ საზოგადოების ნაწილი გმირ ბიჭებს კი არ მიაგებდეს პატივს, არამედ თვითონ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას გლოვობდეს, რომელსაც ამ ბიჭებმა თავი შესწირეს. დღევანდელი უსამშობლო კაპიტულანტების, კოლაბორაციონისტების ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს. ეს ბრალდება კი აღარაა, ფაქტის კონსტატაციაა. სწორედ იმ დღეებში, როცა უნდა ვიხსენებდეთ, თუ როგორ იწერებოდა უდრეკობის, შეუპოვრობის, წინააღმდეგობის ისტორია, დღეები, რომელიც უნდა გვახსენებდეს, თუ რა გმირობამ მოიყვანა ქვეყანა დღემდე, რა ვნახეთ ჩვენ გუშინ? ვნახეთ, თუ როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს იმ რუსეთს, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ აქ, 2008 წელს და იბრძვიან ახლა უკრაინაში.

ვიხილეთ, თუ როგორ აღმოჩნდა მიხეილ ქამხაძის, გამოცდილი ჯარისკაცის პირადი საქმე, ოკუპანტების ხელში. ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. ეს უმძიმესი ფაქტი უკვე ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი დეტალური ინფორმაცია, რომელიც დასჭირდება ოკუპანტს, საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებზე, აღმოჩნდება მათ ხელში. ეს არ არის ინდივიდის მიერ გაყიდული ინფორმაცია, ეს არ არის ინდივიდუალური ღალატი, ეს არის რუსეთის „ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იქცა რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფად. თავდაცვის უწყება, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდეს, უკვე სრულად ქცეულია რუსული სპეცსამსახურების ხელქვეითად, ემორჩილება მათ და აწვდის ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ინფორმაციას, რაც კი მათ სჭირდებათ. ეს მოღალატე, უსამშობლო კოლაბორაციონისტები, მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას კი არ გვაკარგვინებენ და რუსეთის ხელში კი არ გვტოვებენ, მხოლოდ კი არ გვარბევენ და გავრილოვის გამო, თვალებს კი არ გვთხრიან მარტო, არამედ უკვე გვყიდიან! გვყიდიან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გვყიდიან თითოეულ ჩვენგანს და ყველას ერთად!“-განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ადრე ეჭვი არსებობდა, მაგრამ ახლა კონკრეტულ ადამიანებზე ფაქტობრივი მტკიცებულებები არსებობს.

„რუსული ოცნების“ ხელისუფლება ყიდის და ოკუპანტს აბარებს ყველას, ვისაც რუსეთი მტრად მიაჩნია და ყველას, ვინც რუსეთს მის მტრად მიაჩნია. დიახ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ომმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი, გაყო სამყარო ბნელ და ნათელ მხარეებად, არ დატოვა სივრცე შუალედური პოზიციისათვის. ჩვენმა უსამშობლო, რუსების ახდენილმა ოცნებამაც აირჩია მხარე. დადგნენ სამყაროს ბნელ მხარეს, თქვეს ხმამაღლა და გამოკვეთით, რომ მათ „ოცნებაში“ არაფერია ქართული! რუსული ოცნების ხელისუფლება, რუსეთს აბარებს ადამიანებს, რომელთაც აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა დაიცვან სამშობლო იქ, სადაც დღეს გადის ბრძოლის ხაზი თავისუფლებისთვის“,-განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ეთერში გასული რეპორტაჟის თანახმად, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული. მიხეილ ქამხაძე ვარაუდობს, რომ თავდაცვის სამინისტროს არქივის დეპარტამენტმა მისი საქმე გაყიდა და ახლა მის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა რუსეთს აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო