ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკატერინე ციმაკურიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ეკატერინე, 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად მმართველმა გუნდმა პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შექმნა. ყოველ დღე ვადევნებთ თვალს პროცესს, რომლის ფარგლებშიც საპარლამენტო კომისიები იკრიბებიან და სხვადასხვა თემებზე მუშაობენ.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას იღებს ამ პროცესში. ნაწილმა მასში მონაწილეობაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც მმართველმა გუნდმა ჩაშალა პრეზიდენტის მიერ დანიშნული რიგგარეშე სესია, რომელზეც პარლამენტარებს უნდა ემუშავათ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად.

რადგან, ხელისუფლება ოპოზიციას და არასამთავრობოებს თითქმის ყოველ დღე აკრიტიკებს საპარლამენტო კომისიებში არმონაწილეობის გამო, ხოლო კრიტიკის ადრესატები დამოუკიდებლად მუშაობენ, რასაც ხელისუფლებამ „პარალელური პროცესი“ უწოდა, სწორი იქნება, თუ ჩვენს საუბარს, 12 პუნქტიანი ევროპულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებით დავიწყებთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც მას შემდეგ ხდება, რაც მმართველმა გუნდმა ჩაშალა პრეზიდენტის ინიციატივით დანიშნული რიგგარეშე სესია, რომელზეც პარლამენტს ევროპული რეკომენდაციების შესამუშავებლად ერთობლივად უნდა ემუშავა?

- 12 პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხის რიგგარეშე სესიაზე, გადაუდებელი გადაწყვეტით „ქართულ ოცნებას“ შეეძლო ნდობა დაებრუნებინა პროცესისთვის ყველა იმ ადამიანის თვალში, რომელიც დღემდე არ მონაწილეობს სამუშაო ფორმატებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად და არც საპარლამენტო ოპოზიციას არ ექნებოდა პროცესის ბოიკოტირების საფუძველი.

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და „ქართული ოცნების“ მიერ 12 პუნქტის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა არასრულია.

„ქართული ოცნების“ მიერ 12 პუნქტის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა არასრულია

რამდენიმე ყველაზე თვალსაჩინო მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებენ, რაც სწორედ რიგგარეშე სესიის ფორმატში უნდა მომხდარიყო:

-სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების შესახებ ინიციირებულია კანონპროექტი, რომლის მიღება პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლომ დაავალა. მისი მიღება პარლამენტმა უკვე ძალიან დაიგვიანა. მარტივად იყო შესაძლებელი მისი განხილვა და მიღება რიგგარეშე სესიის ფარგლებში.

სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების შესახებ ინიციირებულია კანონპროექტი, რომლის მიღება პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლომ დაავალა. მისი მიღება პარლამენტმა უკვე ძალიან დაიგვიანა. მარტივად იყო შესაძლებელი მისი განხილვა და მიღება რიგგარეშე სესიის ფარგლებში

სასამართლოებმა ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში შეწყვიტეს გადაწყვეტილებების გამოქვეყნება, რაც სერიოზული პრობლემაა სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.

-წელიწადზე მეტია იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნაცვლად 15-სა 11 წევრის შემადგენლობით მუშაობს, რაც მის ლეგიტიმურობასაც კი აყენებს ეჭვქვეშ. აქაც გადაუდებელი მოქმედება იყო საჭირო.

-საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია და გაჩერებულია პარლამენტში. თუმცა, საარჩევნო სისტემის საკითხზე მმართველმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ცვლილებებს მიიღებს არა 12 პუნქტის შესრულების ფარგლებში, წლის ბოლომდე, არამედ მომდევნო წელს, რაც გაუგებარია.

არის სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც რიგგარეშე სესიის ფარგლებში, გადაუდებლად შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სესიის შემდეგ რიგგარეშე სესია არ მოიწვია.

არის სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც რიგგარეშე სესიის ფარგლებში, გადაუდებლად შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სესიის შემდეგ რიგგარეშე სესია არ მოიწვია

- ვითარებაში, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე დასავლელი ლიდერები საკმაოდ ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მათ დიდი შეცდომა დაუშვეს 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, რომ მათი რეაქცია კრემლის ქმედებაზე არაადეკვატური იყო, უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის აგრესიამ ცხადი გახადა პრეზიდენტ პუტინის გეგმები, აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე საქართველოს ხელისუფლება კვლავ საუბრობს იმაზე, რომ „სააკაშვილის ხელისუფლებამ ომი ვერ აიცილა“.

როცა ხელისუფლების რიტორიკა რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით შინაარსობრივად ბევრად არც შეცვლილა, ხელისუფლება ახერხებს მოსახლეობის იმაში დარწმუნებას, რომ აშშ-ს და ევროპას უნდა ქვეყნის ომში ჩართვა.

თქვენ რამდენად გაქვთ იმის განცდა, რომ მმართველ გუნდს მართლაც სურს 12-ვე ევროპული რეკომენდაციის შესრულება და ამისთვის კომისიებში სერიოზული საქმე კეთდება?

- შექმნილი ვითარება ყველაზე გამორჩეულია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების საკითხი საქართველოსთვის აქამდე არასოდეს დამდგარა და შესაბამისი პროცედურები არასოდეს დაწყებულა. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი სტატუსის მიღება უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, „ქართულ ოცნებასაც“ იგივე მიზანი ამოძრავებს თუ არა.

ხელისუფალი, რომლის მიზანი შედეგის მიღწევა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაა, უფრო ღიად და თავისუფლად იმსჯელებდა საკითხებზე, ის იქნებოდა მაქსიმალურად გახსნილი პრობლემების მოსმენისთვის და ერთპარტიულად არ დაადგენდა თუ რა პრობლემებს უნდა უპასუხოს სამუშაო ჯგუფმა

რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე სამუშაო პროცესს, ჯგუფების უმეტესობაში ახლა არის პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს გასატარებელი რეფორმების გზებზე შეჯერება.

მე სხვანაირად წარმომედგინა პროცესი. ხელისუფალი, რომლის მიზანი შედეგის მიღწევა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაა, უფრო ღიად და თავისუფლად იმსჯელებდა საკითხებზე, ის იქნებოდა მაქსიმალურად გახსნილი პრობლემების მოსმენისთვის და ერთპარტიულად არ დაადგენდა თუ რა პრობლემებს უნდა უპასუხოს სამუშაო ჯგუფმა.

ჩვენი მთავარი მიზანი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, „ქართულ ოცნებას“ იგივე მიზანი ამოძრავებს თუ არა

მთელ ამ პროცესში ის კი არ არის მთავარი, რა პრობლემებია მოსაგვარებელი „ქართული ოცნების“ გადმოსახედიდან, არამედ ის, თუ რა პრობლემებს ხედავენ ყველა სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სუბიექტები.

ამას ისიც ემატება, რომ რეალურ პრობლემებზე საუბრისგან არა მხოლოდ „ქართული ოცნება,“ არამედ ხშირად პროცესში ჩართული სხვა აქტორებიც იკავებენ თავს, რაც ძალიან მიუღებელია ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში.

შესაბამისად, რჩება ძალიან ვიწრო წრე ადამიანებისა, ვინც სამუშაო ფორმატებში რეალურ პრობლემებს აყენებს და შეუძლია საზოგადოებასაც რეალური ინფორმაცია მიაწოდოს გასატარებელი რეფორმების შესახებ.

ჩემი აზრით, როცა ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ არ სურთ მიიღონ მონაწილეობა მოჩვენებით პროცესში, ეს ორ რამეს გულისხმობს. პირველი, მათ არ სურთ პოტენციურად მოჩვენებითი პროცესის ნაწილი გახდნენ და ამის გამო თავიდანვე ემიჯნებიან პროცესს. მეორე, პროცესში მონაწილე ადამიანები იაზრებენ, რომ პროცესი შეიძლება მოჩვენებითი იყოს და იმისთვის მონაწილეობენ მასში, რომ დაუპირისპირდნენ მოჩვენებითობას რეალური საკითხების წამოწევით.

როცა ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ არ სურთ მიიღონ მონაწილეობა მოჩვენებით პროცესში, ეს ორ რამეს გულისხმობს. პირველი, მათ არ სურთ პოტენციურად მოჩვენებითი პროცესის ნაწილი გახდნენ და ამის გამო თავიდანვე ემიჯნებიან პროცესს. მეორე, პროცესში მონაწილე ადამიანები იაზრებენ, რომ პროცესი შეიძლება მოჩვენებითი იყოს და იმისთვის მონაწილეობენ მასში, რომ დაუპირისპირდნენ მოჩვენებითობას რეალური საკითხების წამოწევით

ესაა, რაც ყველამ უნდა გავაკეთოთ ამ პროცესში, ვისაუბროთ რეალურ და ამასთან, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ამ ეტაპზე საკმარის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. სხვაგვარად აზრს მოკლებულია მთლიანად სამუშაო პროცესი და ის არავითარ შედეგამდე არ მიგვიყვანს.

მეორე მხრივ, სამუშაო ფორმატები შედგა და თუ იქ რეალური პრობლემების გადაჭრის გზები არ შემუშავდა, ეს არავის ისე არ დააზიანებს, როგორც თავად ხელისუფლებას. პროცესის ჩავარდნა ბოიკოტს და ჩართულობის პრობლემას ვერ დაბრალდება.

სამუშაო ფორმატები შედგა და თუ იქ რეალური პრობლემების გადაჭრის გზები არ შემუშავდა, ეს არავის ისე არ დააზიანებს, როგორც თავად ხელისუფლებას. პროცესის ჩავარდნა ბოიკოტს და ჩართულობის პრობლემას ვერ დაჰბრალდება

- დამკვირვებელთა უმეტესობა კარგა ხანია თანხმდება, რომ ომი უკრაინაში კარგა ხანი არ დასრულდება. მეტიც, თავად რუსებიც არ გამორიცხავენ უკრაინაში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ მარცხს და იმას, რომ ეს ახლა მხოლოდ დროის საკითხია. ასეთ ვითარებაში სულაც არაა გამორიცხული, რომ კრემლს შიდა ვითარებაში კორექტივების შესატანად საქართველოსთან ომი დასჭირდეს.

არადა, ვხედავთ, რომ ნატოსთან მიმართებაში კი არა, ევროინტეგრაციის თემაზე, როგორც მინიმუმ, პოლიტიკა აშკარად გაუგებარი გვაქვს,

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რუსული საფრთხის რეალურად შექმნის შემთხვევაში საქართველო რუსეთთან პირისპირ აღმოჩნდეს?

- გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქართველ ხალხს ვერ მისცემს გარანტიას, რომ ის არ დაუშვებს საქართველოში პუტინის ომის დაწყებას. არავის და მით უფრო საქართველოს ხელისუფლებას ასეთი გარანტიის გაცემა ცხადია არ შეუძლია.

კარგად რომ დავაკვირდეთ, „ქართული ოცნების“ მთავარი მესიჯი, რომელსაც ის კამპანიურად აჟღერებს, „ქართული ოცნების“ პარტიიდან ახლახან გასული მისივე რამდენიმე წარმომადგენლის მეშვეობით, არის ის, რომ თითქოს ამერიკას სურს საქართველოში ხელისუფლების გადატრიალება.

მთელი ამ კამპანიის მთავარი მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განმტკიცებაა, რომელსაც პარტია ამართლებს ამერიკის მიერ საქართველოში ომის დაწყების სურვილით, რასაც თითქოს ვერ აღწევს „ქართული ოცნების“ პირობებში. ცხადია, საჭიროა არსებობდეს მიზანი, რის გამოც ვინმეს ენდომებოდა ხელისუფლების გადატრიალება.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ხუნდაძე-სუბარ-ყაველაშვილ-მაჭავარიანის მთელ ამ კამპანიას არავითარი კავშირი არ აქვს ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ომის თავიდან არიდებასთან ან საგარეო პოლიტიკასთან. ის მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით ერთი პარტიის ხელში ძალაუფლების განმტკიცებისთვის შექმნილი ახალი ნარატივია.

ვფიქრობ, რომ ხუნდაძე-სუბარ-ყაველაშვილ-მაჭავარიანის მთელ ამ კამპანიას არავითარი კავშირი არ აქვს ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ომის თავიდან არიდებასთან ან საგარეო პოლიტიკასთან. ის მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით ერთი პარტიის ხელში ძალაუფლების განმტკიცებისთვის შექმნილი ახალი ნარატივია

„ქართული ოცნების“ ასეთი პოლიტიკა რომ უვარგისია ამაზე ისიც მეტყველებს, რომ საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით, ასეთი პოლიტიკური კამპანია ქვეყანას ხელს უშლის დასავლეთისგან მიიღოს ისეთი დახმარება თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც პუტინის ომის თავიდან არიდებისთვის არის საჭირო, ასეთი საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში.

მათ შორისაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო პოლიტიკური მხარდაჭერაც. ქვეყნისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში პარტიის საარჩევნო მიზნების წინა პლანზე დაყენება სრულიად არაპატრიოტული საქციელია და საბოლოოდ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

- ევროინტეგრაციისა და ევროპული რეკომენდაციების შესრულების თემებს უნდა დავუბრუნდეთ. თქვენ სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ დაგიკავშირდით, რადგან თქვენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობთ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ალტერნატიული საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე.

და რადგან ასეა, ჩემი კითხვა ასეთი იქნება - რა თემებზე მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად? თქვენ რეკომენდაციების რომელ თემებზე მუშაობთ?

- არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი უმრავლესობა მზაობას აცხადებს ითანამშრომლოს „ქართულ ოცნებასთან“ 12 პუნქტის შესრულებისთვის, თუმცა ყველას არ მიეცა შესაძლებლობა უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა სამუშაო პროცესებში.

არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი უმრავლესობა მზაობას აცხადებს ითანამშრომლოს „ქართულ ოცნებასთან“ 12 პუნქტის შესრულებისთვის, თუმცა ყველას არ მიეცა შესაძლებლობა უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა სამუშაო პროცესებში

უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით პრობლემურია მართლმსაჯულების რეფორმების ჯგუფის სამუშაო ფორმატი, რომელიც ყველა ჯგუფისგან განსხვავებულია და არ აძლევს საშუალებას ამ საკითხებზე გამოცდილების მქონე ყველა ორგანიზაციას სრულფასოვნად ჩაერთოს დისკუსიებში.

ვფიქრობ, ეს საკვანძო საკითხია. მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლოსა და პროკურატურაში რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადადგმის გარეშე ვერ მოხდება ევროინტეგრაცია, სხვა ყველა საკითხი რომ შესრულდეს მაინც. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას იმ ფორმატში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განსაზღვრა ამ საკითხებისთვის.

მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლოსა და პროკურატურაში რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადადგმის გარეშე ვერ მოხდება ევროინტეგრაცია, სხვა ყველა საკითხი რომ შესრულდეს მაინც. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას იმ ფორმატში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განსაზღვრა ამ საკითხებისთვის

ამ დროისთვის სამი საკითხია რაზეც დემოკრატიის ინდექსი - საქართველო მონაწილეობს სამუშაო პროცესებში: მართლმსაჯულების რეფორმა, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება და საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებში ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებისთვის საჭირო ცვლილებები. აქედან სამუშაო ჯგუფს დასრულებული აქვს მუშაობა მესამე საკითხზე. სხვა უფრო მტკივნეულ საკითხებზე მუშაობა ჯერ მხოლოდ პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპზეა. ახალი ჯგუფების შექმნის პროცესი კიდევ მიმდინარეობს და შესაძლოა სხვა საკითხებზეც მივიღოთ მონაწილეობა.

- გვერდს ვერ აუვლით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უარს ცესკო-ს თავმჯდომარეობის იმ კანდიდატის პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენაზე, რომელიც მმართველი გუნდის ფავორიტი იყო.

ასევე საპარლამენტო კომისიებში ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით გამართულ მსჯელობას. ამ თემების განხილვამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არის თემები, რომელზეც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთმანეთთან აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდთან საპარლამენტო კომისიის ფარგლებში კი ცდილობს საქმიანობას, მაგრამ, ეს პარლამენტში ოპოზიციისა და ხელისუფლების სრულფასოვანი თანამშრომლობა რომ არაა, ფაქტია.

მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაციით დაინტერესებული პოლიტიკური ძალები ცალ-ცალკე მუშაობენ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე, გაქვთ მოლოდინი, რომ იგივე ძალები 2023 წლის ბოლომდე მოახერხებენ თანამშრომლობას და ერთობლივად თავისი წვლილის შეტანას იმაში, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს?

- ჩემი აზრია, რომ სამუშაო ჯგუფების ფორმატი უნდა ყოფილიყო გამოყენებული იმ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერაც, რომელიც ამჟამად გარედან მუშაობს. ასეთ შემთხვევაში მცირე რაოდენობის ადამიანების ხმა, რომლებიც ჯგუფებში რეალური პრობლემების წამოწევას ცდილობენ, უფრო გაძლიერდებოდა.

გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფის ფორმატი განსხვავდება საკომიტეტო განხილვის ფორმატისგან და ესეც არის მიზეზი, რომ სამუშაო ფორმატები კარგად იყოს გამოყენებული საზოგადოებამდე რეალური პრობლემების და მათზე „ქართული ოცნების“ პასუხების დროულად მისატანად.

სამუშაო ჯგუფის ფორმატი განსხვავდება საკომიტეტო განხილვის ფორმატისგან და ესეც არის მიზეზი, რომ სამუშაო ფორმატები კარგად იყოს გამოყენებული საზოგადოებამდე რეალური პრობლემების და მათზე „ქართული ოცნების“ პასუხების დროულად მისატანად

თქვენ სწორად ახსენეთ თემები, რომლებზეც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლონ. ასეთებია ცესკოს თავმჯდომარის არჩევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, გენერალური პროკურორის არჩევის წესის დადგენა და შემდეგ მისი არჩევა, ყველა სხვა საკითხი, რომლებზეც გადაწყვეტილება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას მოითხოვს.

ამ ეტაპზე ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა არ ჩანს, რაც ძალიან ცუდია ქვეყნის პერსპექტივისთვის. ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში ერთმანეთთან საგნობრივი საუბრის სერიოზული დეფიციტია და ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს.

- ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი თავის მიზნად ქვეყნის მმართველობიდან ივანიშვილის ჩამოშორებას ასახელებს. ამის შესახებ განცხადებები საჯარო სივრცეში ბევრჯერ გაკეთებულა.

დეოლიგარქიზაციაზე სპეციალური ჩანაწერი ევროპარლამენტის რეკომენდაციებშიც კი ჩაიწერა. ამის შემდეგ დაიწყო საუბრები შვეიცარულ ბანკსა და ივანიშვილს შორის დავაზე. ამ თემაზეც ბევრი ტყუილ-მართალი მოვისმინეთ. შემდეგ თავად ივანიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს თემა შვეიცარულ ბანკთან მის პრობლემად დარჩენილიყო.

ეს თემები იმიტომ გავიხსენე, რომ გასულ კვირას ოპოზიციური პარტიების ნაწილმა გაავრცელა განცხადება, რომ კარგი იქნებოდა თუ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდებოდა. მათ ივანიშვილს ღიად მოუწოდეს პოლიტიკაში დაბრუნება.

რას შეიძლება ნიშნავდეს ეს განცხადებები? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება ივანიშვილმა მართლაც მიიღოს?

- ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებამ შეიძლება გადაწყვიტოს არაფორმალური მმართველობის პრობლემა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირი მართავს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს ისე, რომ არც ერთი ფორმალური თანამდებობა არ უკავია. ცხადია არ ვიზიარებ იმ აზრს, თითქოს ივანიშვილი წასულია პოლიტიკიდან და არ ერევა ქართულ პოლიტიკაში.

თუმცა, დეოლიგარქიზაციის პრობლემას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა არ ყოფნა ვერ გადაწყვეტს. შეიძლება ივანიშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მაგრამ მმართველობა კვლავ ოლიგარქიული დარჩება თუ არ გატარდა რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

აქ იგულისხმება ძალაუფლების ისეთი განაწილება, როცა მაგალითად პარლამენტში წარმოდგენილია უმრავლესობა და ოპოზიცია, მაგრამ ყველა კომიტეტს მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები თავმჯდომარეობენ.

აქ იგულისხმება ვითარება, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავმოყრილია ყველა გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება და სასამართლოს შიგნით კონტროლის და ბალანსის სისტემა არ არსებობს, სამართლიანი საარჩევნო სისტემის შემოღება, რომელიც ზუსტად ასახავს ამომრჩევლის ნებას, აქ იგულისხმება ისეთი მექანიზმების შემოღება, რაც აუცილებელს გახდის ოპონენტებთან შეთანხმებას იმისთვის რომ შემცირდეს ოლიგარქიული გავლენები გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე და სხვა.

დეოლიგარქიზაციის პროცესის ნაწილი შეიძლება ასევე იყოს ვიწრო გავლენიანი ჯგუფის წევრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხიც, რაღაც იმის მსგავსი, „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ რასაც გულისხმობს, მაგრამ არა ინსტიტუტების გაძლიერებაზე მიმართული რეფორმების გარეშე.

აქვე უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ კანონპროექტის იდეა დეოლიგარქიზაციის შესახებ ერთ მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავს. ის ოლიგარქებად მოიაზრებს ოპოზიციას, იმ პირთა წრეს, რომელსაც არ აქვს გავლენა ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღებაზე. ოლიგარქი კი არის პირი ან პირთა ვიწრო ჯგუფი, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვვენლოვან გადაწყვეტილებებს შესაბამისი ინსტიტუტების ნაცვლად თავად იღებენ.

ასეთია ბიძინა ივანიშვილი და მისი კლანები სასამართლო სისტემაში, პარლამენტში და სხვაგან. შესაბამისად, თუ არ გატარდა ინსტიტუციური რეფორმები, რომელიც ოლიგარქის გავლენების შესუსტებაზე იქნება მიმართული, ვერ გვექნება მოლოდინი, რომ დეოლიგარქიზაციის პირობა შესრულებულად ჩაგვეთვლება.

თუ არ გატარდა ინსტიტუციური რეფორმები, რომელიც ოლიგარქის გავლენების შესუსტებაზე იქნება მიმართული, ვერ გვექნება მოლოდინი, რომ დეოლიგარქიზაციის პირობა შესრულებულად ჩაგვეთვლება

ცხადია, დეოლიგარქიზაციის პირობას „ქართული ოცნება“ სათანადო ზეწოლის გარეშე არ შეასრულებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველას ერთად, კომპლექსურად და არა ცალ-ცალკე და კომფორტულად მუშაობა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით