მიხეილ ჩხენკელმა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის რიგით მე-15 საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAA) გახსნა, რომელსაც 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიადის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს და მოსწავლეებს ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

„ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, რომელსაც წელს განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი, ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით სივრცეს.

მოხარული ვარ, რომ დღეს 46 ქვეყნის 250-მდე მოსწავლეს სწორედ ამ ჭეშმარიტად ევროპულ, საერთაშორისო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტში ვმასპინძლობთ, სადაც ოლიმპიადის მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კომფორტულ და მეგობრულ გარემოში გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები.

დარწმუნებული ვარ, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ოლიმპიადა თქვენნაირი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი განსაკუთრებული ინტერესი აქვთ, ძალიან დიდი ასპარეზი იქნება.

მსურს, მადლობა გადავუხადო ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ორგანიზატორებს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ახალგაზრდებს, ასეთი მასშტაბური ტურნირის ფარგლებში, აქვთ შესაძლებლობა, გაიღრმაონ ცოდნა ასტროფიზიკის მიმართულებით და გაიუმჯობესონ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარები, რაც თანამედროვე სამყაროში მიმდინარე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მსურს, კიდევ ერთხელ მივმართო ახალგაზრდებს, თქვენი თაობა ნამდვილად უნიკალურია და მჯერა, თითოეული თქვენგანი გამორჩეულ მომავალს შექმნის. წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გელით საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეჯიბრებებსა და ტურნირებზე. დარწმუნებული ვარ, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებთ. წარმატებებს გისურვებთ!“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების სამინისტროს ცნობით, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 14-დან 22 აგვისტოს ჩათვლით ტარდება. მათი ინფორმაციით, 2022 წელს ტურნირში მონაწილეობას 46 ქვეყნის, 250-მდე წარჩინებული მოსწავლე იღებს.

„ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ოლიმპიადის საქართველოს ნაკრები გუნდი ფიზიკის ოლიმპიადებზე მოასპარეზე წარმატებული მოსწავლეებისგანაა დაკომპლექტებული. პირველ ეტაპზე ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატებმა შესარჩევი ტური გაიარეს, რომლის შედეგების საფუძველზეც საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე შეირჩა.

ოლიმპიადის ფარგლებში მოსწავლეები 10 დღის განმავლობაში განსაზღვრულ დროსა და პირობებში როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფურად იმუშავებენ თეორიულ ამოცანებზე და ჩართული იქნებიან დაკვირვებით სამუშაოებში. ყველა დავალება და ამოცანა, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივი ორგანიზატორების მიერ არის შემუშავებული და დამოწმებულია თითოეული ქვეყნის გუნდის ლიდერების მხრიდან.

საერთაშორისო ოლიმპიადის დასასრულს გამოვლინდებიან გამარჯვებული მოსწავლეები, რომელთაც მედლები და სხვადასხვა ჯილდო გადაეცემათ.

ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა 2007 წლიდან ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და მასში მონაწილეობას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები იღებენ.

გლობალური პანდემიის შემდეგ ოლიმპიადა ჩვეულ ფორმატში პირველად საქართველოში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმართება. 2020-2021 წლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა, რთული ეპიდვითარების გამო, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა