ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა

როგორი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებია მომხდარი მსოფლიოში 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლის შემდეგ, რა გავლენას ახდენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე, უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად აშშ-სა და დასავლეთის რუსეთთან დაპირისპირების ფონზე, სავარაუდოდ, რამდენად ადეკვატური და პრაგმატულია ოფიციალური თბილისის პოლიტიკა, „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეს, ანალიტიკოსს ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა და საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა.

გვახსოვს, რომ მომხდარზე აშშ-სა და ევროპას საკმაოდ სუსტი, არაადეკვატური და არაეფექტური რეაქცია ჰქონდა. აშშ-ს და ევროპას ასევე საკმაოდ სუსტი რეაქცია გქონდა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციასა და დონბასისა და ლუგანსკის ოლქების 1/3-ის ოკუპაციაზე.

მაგრამ, მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო, მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა. აშშ-ს და ევროპა პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და ეკონომიკურად ეხმარება უკრაინას რუსული აგრესიასთან გასამკლავებლად.

ფაქტია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დასავლეთი მთელი თავისი რესურსებით უპირისპირდება რუსეთს, რომელსაც ომის საწარმოებლად საკმაოდ ბევრი სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური რესურსი აქვს.

ფაქტობრივად, მსოფლიოში გლობალური მასშტაბის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, ენერგეტიკულ, საინფორმაციო და ჰიბრიდულ დაპირისპირებასა და ომს ვადევნებთ თვალს. ამაზე მეტყველებს უკრაინასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის რეზოლუციები, რამშტაინის ფარგლებში უკრაინის სამხედრო სახმარების ფარგლებში დაწყებული პროცესი.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რა პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით ცვლილებებია მომხდარი უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების ფონზე?

- დავიწყოთ იმით, რომ თუ 2008 წელს ვინმემ არ მისცა რუსეთს იმის უფლება, რომ მთელი ქვეყანა დაეპყრო, ეს ქართველი ჯარისკაცი და დასავლეთის პოზიცია იყო. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი იყო, დასავლეთი იმ პერიოდში უფრო მეტად გამოფხიზლებული ყოფილიყო. მაგრამ მსოფლიოში მაშინ არსებულ სიტუაციას ჩვენ ჩვენი ზომიდან გამომდინარე ვერ შევცვლიდით.

სამაგიეროდ, ეს მდგომარეობა შეიცვალა 2022 წლის 24 თებერვალს და ეს მოხდა საქართველოსა და უკრაინას შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავების გამო:

1) უკრაინა გაცილებით დიდია გეოგრაფიულადაც და მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ომი რუსეთისთვის ვერ იქნებოდა ადვილი გასეირნება და დღეს კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდა, რომ მას მთელი უკრაინის ოკუპაციის შანსიც კი არ აქვს;

2) უკრაინა გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა ევროპის ცენტრთან. ამიტომ მილიონობით ლტოლვილის დაძვრამ მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპის (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის) ქვეყნებისა და საზოგადოებების დამოკიდებულება რუსეთის აგრესიის მიმართ;

3) 2022 წელს, 2008 წლისგან განსხვავებით, სოციალური ქსელების საშუალებით კიდევ უფრო დაჩქარებულია ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე და ნებისმიერი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა (და განსაკუთრებით, რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაული და სიმხეცეები) რამდენიმე წუთში ექცევა ხოლმე მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ქვეშ.

თორემ, რუსეთმა თავისი რეალური სახე პირველად 1990-იან წლებში საქართველოში აჩვენა, როდესაც სოხუმსა და გაგრაში დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა. მხოლოდ ამის შემდეგ იყო გროზნო, 2008 წლის რუსული აგრესია და სირიის ომში რუსეთის ჩართვა.

4) დასავლეთი, ისევ გეოგრაფიული საზომის გათვალისწინებით, მიხვდა, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, ჯერი მიდგებოდა ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთზე. ეს კი რეალობაში იქნებოდა საბჭოთა კავშირის აღდგენა, ისტორიის შემობრუნება, რის უფლებასაც, რა თქმა უნდა პუტინს არავინ მისცემს.

მთელ ამ ამბავში პუტინმა არასწორი გათვლა (miscalculation) გააკეთა, რომელმაც ამერიკელების ავღანეთიდან გასვლა გლობალურ მასშტაბში დასავლეთის გარდაუვალ დაღმასვლად შეაფასა და გადაწყვიტა, რომ იდეალური დრო იყო იქით შესატევად და ახალი ფორმით საბჭოთა კავშირის აღსადგენად.

ამაში თავისი წვლილი ალბათ მისმა ასაკმა და კოვიდის გამო ორწლიან იზოლაციაში ყოფნამაც, მაქსიმალურადაა შემცირებული იმ ადამიანთა წრე, ვისაც მასთან წვდომა აქვთ შეიტანა. მსოფლიო ისტორიაც იმას გვიჩვენებს, რომ ზოგადად, ტოტალიტარულ სისტემებში მსგავსი არასწორი გათვლების შანსი მაღალია ხოლმე.

მაგრამ მოხდა პირიქით. დასავლეთმა არამხოლოდ აქამდე არნახული ერთიანობა და წინააღმდეგობა აჩვენა, არამედ მაქსიმალურად, მათ შორის, კიევის სერიოზული შეიარაღებითაც გვერდში დაუდგა უკრაინას.

შედეგად, დღეს ერთმანეთს უპირისპირდება არა მხოლოდ ტოტალიტარული და თავისუფალი სამყაროები, არამედ XX საუკუნის საბჭოთა ტექნიკა და XXI საუკუნის დასავლური ტექნოლოგიური მიღწევები. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, ვისი წარმატებით დასრულდება ეს დაპირისპირება უკრაინაში. დღეს ჩვენს თვალწინ თამაშდება მსოფლიო ისტორიის ერთი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც რუსეთის იმპერიის ნგრევა ჰქვია.

დღეს ჩვენს თვალწინ თამაშდება მსოფლიო ისტორიის ერთი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც რუსეთის იმპერიის ნგრევა ჰქვია

ისტორიის დაუწერელი კანონია, რომ ყველა იმპერია ერთ დღესაც დაინგრევა და რუსეთის იმპერიაც, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მის ოფიციალურ სახელს, აუცილებლად დაინგრეოდა, ოღონდ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდებოდა. პუტინმა კი თავისი არარაციონალური გადაწყვეტილებით მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესი. ცივილიზებული მსოფლიოს კი არსად ეჩქარება, იღებს შესაბამის ზომებს და მშვიდად ელოდება მოწინააღმდეგის აღსასრულს.

ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამყარო აღარ იქნება ისეთი, როგორიც 24 თებერვლამდე, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე იყო. ეს ისეთივე დონის მოვლენაა, როგორიც იყო მაგალითად, მეორე მსოფლიო ომი, რის შემდეგაც შეიქმნა ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელშიც დღემდეც ვცხოვრობდით.

ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამყარო აღარ იქნება ისეთი, როგორიც 24 თებერვლამდე, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე იყო. ეს ისეთივე დონის მოვლენაა, როგორიც იყო მაგალითად, მეორე მსოფლიო ომი, რის შემდეგაც შეიქმნა ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელშიც დღემდეც ვცხოვრობდით

ამ ომმა ისიც გვიჩვენა, რომ არსებული უსაფრთხოების სისტემა ვერ პასუხობს ახალი დროის საფრთხეებსა და მოთხოვნებს. შესაბამისად, ამ ომის შემდეგ შეიქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და ჩვენც უნდა ვიფიქროთ, სად იქნება ჩვენი ადგილი ამ ახალ სისტემაში.

- ფაქტია, რომ 14 წლის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისაგან განსხვავებით უკრაინაში რუსულ აგრესიაზე ევროპისა და აშშ-ს რეაქცია ადეკვატური და მკაფიო იყო.

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური სანქციები ჰქონდა დაწესებული, მაგრამ როგორც გაირკვა, 2020 წლის 24 თებერვლამდე მას გერმანიისა და საფრანგეთის კომპანიები საკმაოდ ხშირად არღვევდნენ.

მეტიც, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი აცხადებდა, რომ დასავლეთმა კრემლი კუთხეში არ უნდა მოიმწყვდიოს, მაგრამ, მაკრონის ამ ტიპის განცხადებების შემდეგ საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა. წინააღმდეგობების მიუხედავად ევროკავშირი ახერხებს რუსეთთან მიმართებაში ერთიანი ეკონომიკური სანქციების შენარჩუნებას.

მეტიც, რუსეთს ახლა ისეთი სახის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული, რომლის მსგავსი მსოფლიოს თანამედროვე ისტორიას არ ახსოვს.

თუ შეიძლება გავახსენოთ ჩვენს მკითხველს რა ტიპის სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ფინანსურ სანქციებზეა საუბარი და რა გავლენას ახდენენ ისინი რუსეთის ეკონომიკაზე?

- დასავლეთმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ამ ომში რუსეთი უნდა დამარცხდეს და ამისთვის კეთდება ყველაფერი. რუსეთი კი დგას ორ დიდ სვეტზე - სამხედრო ძალასა და ეკონომიკაზე. დღეს დასავლეთი მიზანმიმართულად ანგრევს რუსეთის ამ ორ დიდ საყრდენს.

რუსეთის სამხედრო ძალა დასავლური იარაღის გამოყენებით ნადგურდება უკრაინაში. უბრალოდ, რუსეთს საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით ერგო უამრავი სამხედრო ტექნიკა და ამუნიცია, რასაც მთელი საბჭოთა კავშირი ათწლეულების განმავლობაში აწარმოებდა და ბუნებრივია, მის განადგურებას დრო სჭირდება.

ამავე სტრატეგიული გადაწყვეტილების ნაწილია სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული და ფინანსური სანქციები - რუსეთი იქცა კეთროვან სახელმწიფოდ, რომელთან ურთიერთობას გაურბის ცივილიზებული სამყარო, დასავლეთში უკვე აღარავის სურს აღარც რუსული ინვესტიცია, აღარც რუსი ტურისტი და აღარც რუსული ენერგომატარებლები.

სტრატეგიული გადაწყვეტილების ნაწილია სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული და ფინანსური სანქციები - რუსეთი იქცა კეთროვან სახელმწიფოდ, რომელთან ურთიერთობას გაურბის ცივილიზებული სამყარო, დასავლეთში უკვე აღარავის სურს აღარც რუსული ინვესტიცია, აღარც რუსი ტურისტი და აღარც რუსული ენერგომატარებლები

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს და შედეგიანია. სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთის ეკონომიკა 4%-ით შემცირდა და მოსალოდნელია, რომ წელს ეს ციფრი 10%-მდე გაიზრდება. სანქციების ამუშავებას და ეფექტს დრო სჭირდება და შემოდგომაზე უკეთ გამოჩნდება ეს სურათი.

რუსეთში უკვე გაჩერდა ეკონომიკის მთელი რიგი სექტორები (მაგალითად, მანქანათმშენებლობა, ავიაცია და ა.შ.), სადაც გამოიყენებოდა უცხოეთიდან შემოტანილი ტექნოლოგიები. ამ სფეროების აღდგენას კი, თუ ეს როდისმე შესაძლებელი გახდა, კიდევ არაერთი წელი დასჭირდება.

რუსეთის ხელმძღვანელობაში კარგად ხედავენ ამ დიდ სურათს და სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ უკრაინასთან თუნდაც დროებითი ზავის გაფორმების აუცილებლობაზე.

მიზანი კი ისაა, რომ ტაიმ-აუტი აიღონ, მოიხსნას სანქციები და რუსეთმა მოიკრიფოს ძალები შემდგომი ახალი შეტევისთვის. მაგრამ ძალზედ ბუნებრივია, რომ არც კიევი და არც დასავლეთი ამ პირობას არ ეთანხმება.

- ფაქტია, რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა დიდი რესურსებით. პრეზიდენტმა პუტინმა ომის დაწყებამდე საკმაოდ დიდი რესურსების მობილიზება შეძლო. როგორც ჩანს, სულაც არ იყო შემთხვევითი, რომ 2021 წელს რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომელიც პუტინს რუსეთის პრეზიდენტის რანგში მართვას 2036 წლამდე აძლევს.

ბევრის მტკიცებით, სანქციების პირობებში მიღებული მოგებებითაც შეუძლია პუტინს აწარმოოს უკრაინის წინააღმდეგ ომი. სხვა საკითხია რამდენად წარმატებულია ეს სამხედრო მოქმედებები.

რა გავლენას ახდენენ რუსეთის ეკონომიკაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები?

- თეორიულად ალბათ ბევრი რამ არის შესაძლებელი. მაგრამ მეორეა რეალობა. სანქციების პირობებში გაჭირდა რუსეთში ცხოვრება და კიდევ უფრო გაჭირდება. მართალია, რუსული ნავთობი ახალ წლამდე ჯერ კიდევ იყიდება საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ ახალი წლიდან მასზეც გავრცელდება სანქციები.

ვთქვათ, მოხდა სასწაული და რუსულ ნავთობზე არ გავრცელდა სანქციები და რუსეთში შევიდა უცხოური ვალუტა ამ გაყიდვებით, მოსკოვი მაინც ვერ შეძლებს ომის საწარმოებლად აუცილებელი ამუნიციის ან ტექნოლოგიების შეძენას საერთაშორისო არენაზე. ეს ყველაფერი უკვე აკრძალულია. საკუთარი დასაწყობებული საბჭოთა ტექნიკა და ამუნიცია კი ამოწურვადია და თან მოძველებული.

კრემლში უფრთხიან საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებასაც, რადგან ეშინიათ, არ გამოიწვიონ უკმაყოფილება რუსეთის მოქალაქეებში. რიგით რუს მოქალაქეს სურს იმპერიის აღდგენა, ოღონდ ისე, რომ მას თავად არ შეეხოს ეს ომი.

კრემლში უფრთხიან საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებასაც, რადგან ეშინიათ, არ გამოიწვიონ უკმაყოფილება რუსეთის მოქალაქეებში. რიგით რუს მოქალაქეს სურს იმპერიის აღდგენა, ოღონდ ისე, რომ მას თავად არ შეეხოს ეს ომი

რუსეთის ისტორია გვასწავლის, რომ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება უპირველეს ყოვლისა, თავად რუსეთის ხელისუფლებისთვისაა ხოლმე საშიში და ამისი ნათელი მაგალითია თუნდაც 1917 წელია, როდესაც ჯარში ძალით გაწვეული მასების განწყობებმა საბოლოო ჯამში რევოლუცია და მეფის ჩამოგდება გამოიწვია.

- უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების მეორე დღიდან საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გაუგებარი იყო. როცა ლამის მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა, ჩვენმა პრემიერმა თქვა, რომ „ომი უკრაინაში“, მეტიც მმართველი გუნდის რიტორიკა პრაქტიკულად ადანაშაულებდა პრეზიდენტ ზელენსკის რომ მან „ომი ვერ აიცილა“.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უკრაინის სასარგებლოდ არა ერთი მხარდამჭერი ნაბიჯი გადადგა, უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები ასეთ უმძიმეს დღეებში კი რომ სამაგალითო არა, ფაქტია. ნუ ამის მრავალი მიზეზი არსებობს, რომელთა განხილვა შორს წაგვიყვანდა და ალბათ არც ღირს.

მიუხედავად იმისა, რომ რამშტაინის პირველ შეხვედრას საქართველოდ წარმომადგენელი არ ესწრებოდა, ყველა შემდეგ შეხვედრებში საქართველო მონაწილეობდა, მათ შორის ბოლო ონლაინ-რეჟიმში ჩატარებულსაც. თუმცა, არ ვიცით, ვეხმარებით თუ არა უკრაინას სამხედრო ტექნიკით.

ვითარებაში, როცა ლამის მთელი ცივილიზებული სამყარო ეხმარება უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პროცესში საქართველოს მონაწილეობას და იმ ნაბიჯებსა თუ პოლიტიკას, რომელიც ამ მიმართულებით იდგმება?

- მთელ ამ ამბავში ჩვენთანაც და მსოფლიოშიც ბევრს დაავიწყდა, რომ რუსეთმა ომის დაწყების წინ წინაპირობად დააყენა უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების პირობის გაუქმება. გეოგრაფიას ვერავინ შეცვლის და ჩვენ მუდამ ამ გარემოში მოგვიწევს ცხოვრება და ბრძოლა გადარჩენისთვის. ამ საქმეში კი სასიცოცხლოდ გვჭირდება დასავლეთის სიფხიზლე.

ახლა სწორედ ეს პერიოდია. საქართველოს მიეცა უნიკალური შანსი, არამხოლოდ საერთაშორისო არენაზე გაეტანა საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, არამედ აესრულებინა საუკუნებრივი ოცნება გამხდარიყო ევროპის, შესაბამისად, დასავლეთის განუყოფელი ნაწილი. ამდენადაც ახლა არის დასავლეთის ხელახალი კონსოლიდაციის პერიოდი, ჩვენთვისაც გაიხსნა შესაძლებლობების ახალი ფანჯარა დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.

საქართველოს მიეცა უნიკალური შანსი, არამხოლოდ საერთაშორისო არენაზე გაეტანა საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, არამედ აესრულებინა საუკუნებრივი ოცნება გამხდარიყო ევროპის, შესაბამისად, დასავლეთის განუყოფელი ნაწილი. ამდენადაც ახლა არის დასავლეთის ხელახალი კონსოლიდაციის პერიოდი, ჩვენთვისაც გაიხსნა შესაძლებლობების ახალი ფანჯარა დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით

ახლაა საჭირო მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინასთან, რომელიც აკისრია ერთგვარი ლოკომოტივის როლი დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში და ჩვენ ეს დავინახეთ მისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის შემთხვევაში. საუბედუროდ, ჩვენ ეს სტატუსი ვერ მივიღეთ და კიდევ ერთხელ ვუშვებთ უნიკალურ შანსს ხელიდან.

საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა. ეს ჩანს ყველგან, ყველა ფეხის ნაბიჯზე.

შეუძლებელია ერთი და იგივე დროს სტალინს ადიდებდე და თან საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე იყო. ეს ორი რამე ერთმანეთთან კატეგორიულად შეუთავსებელია. შეხედეთ ზოგიერთ ე.წ. „პოლიტიკოსს“ ან ე.წ. „მედიას“ და მათში ძალიან მარტივად დაინახავთ საბჭოთა მემკვიდრეობას.

გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, სამართლიანი არჩევნები, მედია ზეწოლის გარეშე? არა. ეს ის ფასეულობებია, რომელზეც დგას დასავლური ცივილიზაცია და ჩვენს გამო არავინ შეცვლის ამ სტანდარტებს. ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ უკეთესი საზოგადოება და უკეთესი ქვეყანა ვიყოთ.

ცარიელი სიტყვები, რომ თითქოსდა გვსურს ვიყოთ დასავლეთის ნაწილი და ამისკენ მივისწრაფვით, არაფერს ცვლის. ცარიელი სიტყვებით და ცრუ დაპირებებით XXI საუკუნეში ვეღარავის მოატყუებ. საქმით დამტკიცებაა საჭირო. არცერთ პიროვნებას, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი.

ცარიელი სიტყვებით და ცრუ დაპირებებით XXI საუკუნეში ვეღარავის მოატყუებ. საქმით დამტკიცებაა საჭირო. არცერთ პიროვნებას, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი

- როგორადაც არ უნდა იყოს, ყველაზე გასაკვირი ამ პროცესში სხვა რამაა. აგვისტოს ომის 14 წლის შემდეგ ევროკავშირისა და აშშ-ს ლიდერები პრაქტიკულად ერთ ხმაში საუბრობენ იმაზე, რომ 2008 წელს კოლექტიურმა დასავლეთი შეცდა, როცა საქართველოზე რუსულ აგრესიაზე რეაქცია არაადეკვატური, შემრიგებლური და არაეფექტური ჰქონდა.

იყო მოლოდინი, რომ დასავლელი ლიდერების ამ განცხადებებს ოფიციალური თბილისი აიტაცებდა, მაგრამ ასე არ მომხდარა. იყო თბილისში იმაზე მეტად მოზომილი და არაფრისმთქმელი რეაქციები, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

არადა სულ ცოტა ხნის წინ, 7 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა - კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“. იგულისხმება რუსების მიერ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარების გაყვანა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე უარის თქმა.

იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ გაუგებარია დასავლეთთან და უკრაინასთან მიმართებაში კოორდინატების რომელ სისტემაში მოძრაობს საქართველო.

რას შეიძლება ნიშნავდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოსკოვთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტადაც კი თავშეკავებული პოზიცია?

- დღეს დასავლეთი გამოფხიზლებულია ისე, როგორც არასდროს და მზადაა საქართველოს რეალური დახმარების ხელი გამოუწოდოს. მაგალითად, გვაქვს შანსი მივიღოთ იმ სახის და რაოდენობის დასავლური შეიარაღება, რაზეც ადრე ვერც ვიოცნებებდით.

მაგრამ, რა ხდება ჩვენი მხრიდან? ჩვენი მხრიდან არის ის სიტუაცია, რომელსაც ხშირად უწოდებენ „სტრატეგიულ ბუნდოვანებას“, სადაც საქართველოს ხელისუფლება განცხადებების დონეზე თითქოსდა დასავლეთისკენ მიისწრაფვის, სინამდვილეში კი ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია და დღითიდღე ეს უარესდება ეს სიტუაცია. ამ პრობლემების მიმართ სირაქლემის პოზიციის დაკავება და ინსტიტუციური პრობლემების უგულებელყოფა კიდევ უფრო ართულებს ისედაც მძიმე სიტუაციას.

ჩვენი მხრიდან არის ის სიტუაცია, რომელსაც ხშირად უწოდებენ „სტრატეგიულ ბუნდოვანებას“, სადაც საქართველოს ხელისუფლება განცხადებების დონეზე თითქოსდა დასავლეთისკენ მიისწრაფვის, სინამდვილეში კი ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია და დღითიდღე ეს უარესდება ეს სიტუაცია

სახელმწიფოს ხშირად ადარებენ ხოლმე ადამიანს და როგორც ყველა ადამიანი ფიქრობს საკუთარი თავის გადარჩენაზე, ასევე გეგმავს ან უნდა გეგმავდეს ქვეყანაც. ამიტომ ყველა ქვეყანას აქვს „საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“, რომელშიც არამხოლოდ ჩამოწერილია მოსალოდნელი საფრთხეები, არამედ მის შესაბამისად გაწერილი უნდა იყოს ის ზომები, რომელსაც ის მიიღებს ამა თუ იმ საფრთხის დადგომის შემთხვევაში და არ უნდა იმტვრიოს თავი ბოლო წამს, თუ რა უნდა მოიმოქმედოს.

საქართველოში ბოლო ასეთ დოკუმენტს 2018 წელს გაუვიდა ვადა. მოდი დავსვათ მარტივი კითხვა: აღარ არსებობს საფრთხეები და თავი ვერ მოვაბით ახლის შედგენას? რა თქმა უნდა, მეორე.

დიახ, როდესაც ვსაუბრობთ ინსტიტუციურ პრობლემებზე, სწორედ ამას ვგულისხმობთ და ეს გვხდის კიდევ უფრო დაუცველს და ადვილად მოწყვლადს იმ გარემოში, სადაც ერთი ათად არის მომატებული საფრთხეები.

- რუსეთის იმპერიული ბუნებიდან გამომდინარე გამორიცხული რომ არაფერია, ცხადია, მაგრამ, ახლა უკრაინის გამო მსოფლიოში ისეთი ვითარებაა, მხედველობაში მაქვს უკრაინის მხარდასაჭერად დაწყებული პროცესები, რომელიც ყველა მიმართულებით ხორციელდება, გაუგებარია საქართველოში აშშ-სა და აშშ-ს ელჩის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია.

რამდენადაც არ უნდა ამტკიცონ „ქართული ოცნების“ გუშინდელმა თუ დღესაც რეალურმა სახეებმა, რომ დამოუკიდებლად მოქმედებენ როცა თავს ესხმიან აშშ-ს და აშშ-ს ელჩს, ძნელი დასაჯერებელია, რომ ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ.

და ეს ხდება მაშინ, როცა აშშ-ს კონგრესმა ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ვაშინგტონი შავ ზღვაში თავისი ყოფნა უნდა გააძლიეროს. კანონის ძალაში შესვლას მხოლოდ პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერაღა აკლია, რაც როგორც ამბობენ, მალე იქნება.

ვითარებაში, როცა ვაშინგტონი და ბრიუსელი მოწადინებული არიან ევროპამ საქართველოს გავლით მიიღოს აზერბაიჯანული და ყაზახური ნავთობი, ასევე აზერბაიჯანული და თურქმენული ბუნებრივი აირი, გაუგებარია მმართველი პოლიტელიტის მტკიცება, რომ თურმე აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.

უცნაური კი ისაა, რომ რჩება შთაბეჭდილება რომ ამ ტიპის განცხადებების მკეთებლებს ასე არა მარტო სჯერათ, სხვასაც ამაში აჯერებენ.

ეგ კი არა, თუ მათ ასე გააგრძელეს, სულაც არაა გამორიცხული აშშ-ს ელჩის გაძევებაც კი მოითხოვონ.

რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი პარტიისა და მასთან დაახლოებული პოლიტიკოსების ანტიამერიკული და ანტიდასავლური განცხადებები?

- როგორც ყოფილი დიპლომატი, გეტყვით, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ნებისმიერი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, მითუმეტეს, ის ამბავი, რასაც ბოლო დროს ვხედავთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში, სააშკარაოზე მხოლოდ მას შემდეგ გამოდის ხოლმე, როცა გამართული მოლაპარაკებებისას მხარეები შედეგს ვერ აღწევენ.

დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების დეტალები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს, მთავარი თემა საგარეო ორიენტაცია იყო და ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა.

დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების დეტალები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს, მთავარი თემა საგარეო ორიენტაცია იყო და ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა

დაზუსტებით ალბათ ვერავინ იტყვის, ვის რა კუდები დარჩა რუსეთში ან ვინ ჰყავთ მრჩევლები საერთაშორისო ურთიერთობებში, რომლებმაც ურჩიეს, რომ ამერიკაზე შეტევის მიტანით რამეს მიაღწევდნენ, მაგრამ ერთი რამ ცხადია - დასავლეთთან ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები აქვთ და რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ამ ფარგლებში აშშ-ს ელჩზე (ანუ აშშ-ზე) შეტევის მიტანა მათთვის რამის მომტანი იქნებოდა.

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთთან შანტაჟის ენით საუბრით არაფერი გამოვა. ან დღემდე ვის, მაგალითად რუსეთს, ირანს, სირიას, ჩრდ. კორეას, გამოსვლია, რომ ამათ გამოუვიდეთ?

ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, ამოცანა კი მთელ ამ პროცესში უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზარალით გამოვიდეს ქვეყანა შექმნილი სიტუაციიდან, რადგან სერიოზული რეპუტაციული ჩრდილი ადგება არამხოლოდ „ოცნებას“, არამედ მთელ ქვეყანას.

- ასეთ ფონზე არც არავინ მალავს, რომ საქართველოში აქტიურად შემოდის რუსული ნავთობი. მართალია ფასებზე ეს ნაკლებად აისახება, მაგრამ მაინც. გარდა ამისა, მარტიდან ივლისის ჩათვლით საქართველოში გადმორიცხულია რუსეთის მოქალაქეების 700 მილიონ დოლარამდე თანხები. მათ მიერ დარეგისტრირებულია 6 ათასზე მეტი კომპანიები და რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უძრავ ქონებას იძენენ.

რუსეთის მოქალაქეების მოზღვავების ფონზე ხელისუფლება საჭიროდ არ თვლის რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას. მეტიც, როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის მიღების წესებიც დადგენილია.

დამკვირვებელთა ნაწილის თქმით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინაში ომის ფონზე საქართველოსვე ეკონომიკურ და მიგრაციულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ?

- როდესაც საქართველოში ცხოვრობ და შენი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და საშუალება რომ მისცე, დანარჩენ 80%-საც სიამოვნებით ჩაყლაპავდა, ძალზედ ლეგიტიმურია კითხვები რუსულ საფრთხეებთან დაკავშირებით.

არავინ არაა ვალდებული უყვარდეს საკუთარი ქვეყნის ოკუპანტი და ეს სულაც არ არის ქსენოფობია, როგორც ზოგიერთებს სურთ, რომ თავს მოგვახვიონ. იმპერიული რუსეთის მიმართ ყოველთვის სიფრთხილით უნდა ვიყოთ განწყობილი, რადგან მისი დამპყრობლური პოლიტიკა არასოდეს იცვლება.

არავინ არაა ვალდებული უყვარდეს საკუთარი ქვეყნის ოკუპანტი და ეს სულაც არ არის ქსენოფობია, როგორც ზოგიერთებს სურთ, რომ თავს მოგვახვიონ. იმპერიული რუსეთის მიმართ ყოველთვის სიფრთხილით უნდა ვიყოთ განწყობილი, რადგან მისი დამპყრობლური პოლიტიკა არასოდეს იცვლება

როდესაც 1917 წელს რუსეთში მომხდარ რევოლუციას ქაოსი, ყაჩაღობები და შიმშილი მოჰყვა, ათასობით რუსი ლტოლვილი გამოიქცა საქართველოში. საქართველომ ისინი მიიღო, დააპურა და გაათბო. ამ "ლტოლვილებმა" კუჭები კი ამოივსეს, მაგრამ "დიდი რუსეთის" იდეისთვის არასოდეს უღალატიათ.

ამიტომ, დიდი სიხარულით მუშაობდნენ ბოლშევიკური რუსეთის სასარგებლოდაც, სხვათა შორის სხვა ქვეყნებშიც და ხელი შეუწყვეს საქართველოს ანექსიას 1921 წელს.

რა თქმა უნდა, ყველა არ იყო სპეცსამსახურების წარმომადგენელი, მაგრამ როგორ გინდა აგენტი არააგენტისგან გამოარჩიო ამხელა მასაში.

ვერც ვერავინ დამარწმუნებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებს ამის გარჩევის თავი აქვთ. ეგენი ხომ ძირითადად საქართველოს მოქალაქეების უკანონო მოსმენებით არიან დაკავებულები.

ამიტომ, ძალიან სკეპტიკურად უნდა ვიყოთ განწყობილი ამ რუსი "ლტოლვილების" და რუსული კაპიტალის მიმართ, უნდა გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი რუსეთთან, ავუკრძალოთ მათ აქ საბანკო ანგარიშების გახსნისა და ქონების შეძენის შესაძლებლობა და ა.შ.

ძალიან სკეპტიკურად უნდა ვიყოთ განწყობილი ამ რუსი "ლტოლვილების" და რუსული კაპიტალის მიმართ, უნდა გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი რუსეთთან, ავუკრძალოთ მათ აქ საბანკო ანგარიშების გახსნისა და ქონების შეძენის შესაძლებლობა და ა.შ.

გასაგებია, რომ მათი ნაწილი ტურისტია. მაგრამ კითხვის ნიშნები ბუნებრივად ჩნდება ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მიმართ გამოთქმული რევერანსების გამო. ამასთან, ხელისუფლება არ გვეუბნება, რამდენი რუსი დარჩა საცხოვრებლად. ჩვენ რომ 85 მილიონიანი ქვეყანა ვიყოთ, ასეთი კითხვები ნაკლებად იქნებოდა. მაგრამ როდესაც მცირე მოსახლეობა გყავს და ისიც ყოველწლიურად 100 000-ით მცირდება, ასეთი კითხვები რელევანტურია და პასუხგასაცემია.

რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენთვის დასავლეთიდან არავის მოუთხოვია რუსეთთან ყველა სახის კავშირების გაწყვეტა. მაგრამ კითხვის ნიშნებს წარმოქმნის რუსეთის მოქალაქეების მიერ აქ დაფუძნებული უამრავი კომპანია, საქართველოსა და რუსეთს შორის მომატებული ტვირთბრუნვა და ა.შ.

ყველაფერი ეს აჩენს ეჭვს, რომ ხომ არ ხდება საქართველოს გამოყენებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა. თუ ეს ეჭვები დადასტურდა, დასავლეთისგან რა თქმა უნდა, მკვეთრი რეაგირება იქნება და ამის სიგნალებსაც უკვე ღიად ვხედავთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით