არჩილ ჩიქოვანი - წლის ბოლოს ბათუმში 100 ოჯახი დაკმაყოფილდება ბინით

არჩილ ჩიქოვანი - წლის ბოლოს ბათუმში 100 ოჯახი დაკმაყოფილდება ბინით

წლის ბოლოს ბათუმში 100 ოჯახი დაკმაყოფილდება ბინით, - ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ჯავახიშვილის ქუჩაზე სოციალური სახლების მშენებლობის პროცესის გაცნობისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამა უმნიშვნელოვანესია, რომელიც საშუალებას აძლევს ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოქალაქეებს, რომელთაც საკუთრებაში ბინები არ გააჩნიათ, გამოისყიდონ საცხოვრებელი ფართები ქირის სახით.

,,წლის ბოლოს 100 ოჯახი „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში ბინებს მიიღებს. უკვე დასრულებულია ჯავახიშვილის ქუჩაზე 4 კორპუსის მშენებლობა და მიმდინარეობს შიდა კომუნიკაციების მოწყობა. ამ ეტაპზე პროგრამით უკვე 80-მა ოჯახმა ისარგებლა. მთლიანობაში, პროექტისთვის 13 მილიონამდე ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა, მიმდინარეობს შიდა კომუნიკაციების მოწყობა-მოპირკეთება, სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში, ბინებით უკვე დაკმაყოფილდა 80 ოჯახი და პროგრამა გათვლილია ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოსახლეობაზე, რომელთაც არ აქვთ ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვა შეუძლიათ. ბათუმის მერთან ერთად, სოციალური სახლების მშენებლობის ადგილზე ბათუმის ვიცე-მერი ლევან დავითაძე და საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი აკაკი ბერიძე იმყოფებოდნენ.