ქუთაისსა და ნანჩანგს შორის დამეგობრების შეთანხმებას ხელი მოეწერა

ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა და ჩინეთის ქალაქ ნანჩანგის მერმა ვან გუანმინმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, მემორანდუმის მიზანია ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მეგობრული თანამშრომლობის განვითარება ორ ქალაქს შორის.
უწყების ცნობით, მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
„დღეს ხელი მოვაწერეთ ჩინეთის ქალაქ ნანჩანგთან დამეგობრების მემორანდუმს. ნანჩანგი, ისევე როგორც ქუთაისი, უძველესი ქალაქია. სხვაც ბევრი რამ გვაქვს საერთო, მათ შორის ის, რომ ნანჩანგიც ვითარდება, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქი.
2015 წელს დავიწყეთ ურთიერთობა ნანჩანგთან და დღეს ოფიციალურად გავაფორმეთ ჩვენი დამეგობრება. ჩვენი მიზანია ორ ქალაქს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა, თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერების, ტექნოლოგიის, კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანდაცვის და ტურიზმის სფეროებში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

























