გივი მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების” არდაშვება მისი პირადი გადაწყვეტილებაა და თუ არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკურ მოთხოვნებს საჯაროდ გაემიჯნება“, კარი ღიაა

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის გივი მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების” არდაშვება მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიიღო თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ეს არის ჩემი პერსონალური გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენი გუნდის ნებისმიერ წევრს რომ ჰკითხოთ, ყველა დაადასტურებს ამ გადაწყვეტილების სისწორეს, რადგან ორგანიზაცია, რომელმაც ნეიტრალიტეტი დაკარგა, მისაღები ვერ იქნება ამ პროცესში ჩართულობისთვის”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ამასთან კითხვაზე, იყო თუ არა გადაწყვეტილების მიზეზი 2020 წლის არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების” მიერ ხმების პარალელური დათვლის საკითხი, მიქანაძე ამბობს, რომ არა. მისი თქმით, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ “სამართლიანმა არჩევნებმა” ნეიტრალიტეტი დაკარგა და “შეუერთდა პროცესებს, რითაც მხარედ ჩამოყალიბდნენ”.

„გადაწყვეტილება ხმების პარალელურ დათვლას არ უკავშირდება. ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება იმ პოლიტიკურ განცხადებებს და იმ პროცესებში თანამონაწილეობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე თვის წინ პარლამენტთან, როდესაც მოთხოვნილი იქნა მთავრობის გადაყენება და ტექნიკური მთავრობის დაყენება”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, თუ „სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკურ მოთხოვნებს საჯაროდ გაემიჯნება, მათი კარი ღიაა.

„თუ „სამართლიანი არჩევნები” ამბობს, რომ ისინი ამ პროცესში არ მონაწილეობენ, განცხადება გააკეთონ. ჩვენი კარი ღიაა. მიტინგები არ გრძელდება, თუმცა მოთხოვნები ამ ადამიანების მხრიდან კვლავ აქტუალურია. თუ ისინი არ არიან ამ მოთხოვნების მონაწილე, მარტივია ამ პროცესს საჯარო განცხადებით გაემიჯნონ, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ და ფაქტია, რომ რჩებიან ამ განცხადების მონაწილედ”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში დღეს გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს. შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა და განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფში ISFED-ის არდაშვება დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს