შალვა პაპუაშვილი არასამთავრობოების მიერ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის შეჩერებაზე - ნაცვლად ჯანსაღი სოლიდარობისა ვხედავთ წმინდა კორპორატივიზმს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის დროებით შეჩერება „არაჯანსაღი სოლიდარობა და „წმინდა კორპორატივიზმია“.

პაპუაშვილის თქმით, მსგავსი პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც გამოვლინდა, რაც „ყალბი და არაჯანსაღი“ სოლიდარობაა.

„ერთი მხრივ, ეს არის გარკვეული სოლიდარობა, ეს არის არაჯანსაღი სოლიდარობა. ზღვარი სოლიდარობასა და კორპორატივიზმს შორის არის ძალიან ვიწრო. ნაცვლად ჟანსაღი სოლიდარობისა ვხედავთ წმინდა კოორპორატივიზმს, რომელიც ვნახეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ISFED-ი ერთი თვე მალავდა პარალელური დათვლის ნამდვილ შედეგებს. მაშინაც მივმართავდით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დაგვხმარებოდნენ პარალელური დათვლის რეალური შედეგები გვენახა, ყველა ეს ორგანიზაცია დისტანცირდა ამ თემიდან. ამბობდნენ, რომ მათი პროფილი არ არის პარალელური დათვლა. სწორედ ეს არის ყალბი და არაჯანსაღი სოლიდარობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა განმარტა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ISFED-ის მიერ ულტიმატუმის საუბრის პირობებში კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე რთული იქნება საუბარი.

„რამდენიმე დღეა ვხედავთ მცდელობას, რომ აღქმით იყოს მანიპულირება, ნაცვლად ფაქტებისა. ფაქტები სინამდვილეში არის მარტივად. რაც შეეხება არასამთავორობო ორგანიზაციას „სამართლიანი არჩევნები“. გახსოვთ, რომ ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მეორე დღეს, 24 ივნისს, მათ შორის ISFED-ის ორგანიზებით, გაიმართა აქცია, სადაც ISFED-მა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს ერთკვირიანი ულტიმატუმი წამოუყენა, რომ პარლამენტს უნდა დაეთხოვა მთავრობა და შეერჩია ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომლის ფორმირების პროცესში ISFED-ს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ, ექნებოდათ ვეტოს უფლება. მათ ეს ულტიმატუმი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, რადგან ხალხმა ზურგი აქცია ამ რადიკალურ მოთხოვნას, თუმცა ეს მოთხოვნა ჰაერში კიდია და მათ ეს ულტიმატუმი არ მოუხსნიათ.

მას შემდეგ, რაც ISFED-მა გამოხატა ინტერესი, პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მუშაობის თაობაზე ჩვენი კითხვა იყო ISFED-ის მიმართ, ისინი კვლავ იზიარებენ ამ ულტიმატუმს, კვლავ მხარს უჭერენ ამ მოთხოვნას? საქმე ეხება ულტიმატუმს, რომ მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის ISFED-მა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი დემოკრატიული ლეგიტიმაცია და შესაბამისად, ეს პროცესი ყოველგვარ დემოკრატიულ ფარგლებს მიღმაა.

ჩვენს შეთავაზებაზე, რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუკი ისინი არ იზიარებენ ამ მოთხოვნას, შეეძლოთ მიეღოთ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფში, თუკი ისინი კვლავ აგრძელებენ ულტიმატუმის ენით საუბარს, რომ პარლამენტმა დაითხოვოს მთავრობა, დააკომპლექტოს „ტექნიკური მთავრობა“, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე რთული იქნება საუბარი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ISFED-მა საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი კვლავ აყენებენ ულტიმატუმს, რომ მათ დააკომპლექტონ მთავრობა და ჰქონდეთ ვეტოს უფლება, გადამწყვეტი ხმა მთავრობის დაკომპლექტებაში თუ ხსნიან თავის მოთხოვნებს.

„თუკი ისინი ამ პოზიციას არ იზიარებენ და მოხსნიან ამ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, მათ სრულად შეუძლიათ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა“,- დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ , „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია ის ფაქტი, რომ „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში „სამართლიან არჩევნებს“ მონაწილეობის ნება არ დართეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო