ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს მხრიდან „სამართლიან არჩევნებთან" დაკავშირებით გამოთქმული წუხილი და მხარდაჭერა გაუგებარია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან "სამართლიან არჩევნებთან" დაკავშირებით გამოთქმული წუხილი და მხარდაჭერა გაუგებარია.

როგორც ოხანაშვილმა “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატის განცხადების შეფასებების აღნიშნა, ამ განცხადების შინაარსობრივი საკითხები ჯერ გუნდში, შემდეგ კი პარტნიორებთან განიხილება.

„ჩემთვის სამწუხარო იყო, როდესაც მოვისმინე კონკრეტული განცხადება, სადაც საუბარი იყო “ისფედისთვის” გარკვეულ მხარდაჭერაზე და წუხილზე.

საელჩოს მხრიდან წუხილის გამოხატვა ორგანიზაციასთან მიმართებით, რომელმაც ამხელა ცდომილება დაუშვა “პივიტიში” და ასევე ტექნიკური მთავრობის იდეის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო, ამის შემდგომ კი არ სურს განმარტოს, პოლიტიკური ორგანიზაციაა თუ არასამთავრობო, გაუგებარია. დანარჩენი, შინაარსობრივი საკითხები ჯერ გუნდში განიხილება, შემდგომ ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკელ პარტნიორებთან”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებში “ისფედის” დაშვების საკითხს, ოხანაშვილის თქმით, ორგანიზაციამ უნდა განმარტოს, სამუშაო ჯგუფებში იმოქმედებს პარტიული ინტერესების შესაბამისად, თუ ისე, როგორც სამოქალაქო საზოგადოება.

“ჩვენ მარტივად ვსვამთ საკითხს - ორგანიზაციას, რომელსაც სურს მონაწილეობის მიღება, კარს არ ვუკეტავთ, უბრალოდ ვითხოვთ განმარტებას - ეს ორგანიზაცია იმოქმედებს პარტიული ინტერესების შესაბამისად, თუ ისე, როგორც სამოქალაქო საზოგადოება. სრული უფლება გვაქვს ვიცოდეთ სამუშაო ჯგუფის მონაწილეები ვინ იქნებიან - ვიცით არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა საია, რომელიც არ შეერთებულა ტექნიკური მთავრობის მოთხოვნას, ასევე სხვა ორგანიზაციები. ვინმეს უარს კი არ ვეუბნებით და ულტიმატუმს კი არ ვუყენებთ, მარტივად ვითხოვთ ახსნას - ეს ორგანიზაცია იმოქმედებს პარტიული ინტერესების შესაბამისად, თუ როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია პროფესიულ, ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაფუძნებული ნიშნით. თუ ეს ორგანიზაცია ვერ აკეთებს ამაზე კომენტარს, ე.ი. ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე - როდესაც ორგანიზაციას აქვს პრეტენზია დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობაზე, პროფესიონალიზმზე და გამოცდილებაზე, თუ ვერ აკეთებს განმარტებას, რომ პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობა არ მოუწევთ და იქნებიან მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით ჩართული, ე.ი. ეს ორგანიზაცია და მათი ხელმძღვანელობა ვერ გარკვეულა - არიან პარტიული ინტერესის თუ სამოქალაქო ინტერესების გამტარებლები”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც სამუშაო ჯგუფებში მუშაობა დროებით სწორედ “ისფედის” საკითხის გამო შეწყვიტეს, ოხანაშვილი ამბობს, რომ “ეს გავს პოლიტიკურ, პარტიულ ბოიკოტს”.

“ოფიციალური შეტყობინება იმის თაობაზე, რომ იმ სამუშაო ჯგუფებში, რომლის ხელმძღვანელიც ვარ, ეს არასამთავრობოები მონაწილეობას არ მიიღებენ, არ მიმიღია. თუ მოგვივა ოფიციალური შეტყობინება, რომ ისინი არ იღებენ მონაწილეობას, ესეც იქნება წარმოუდგენელი რამ არასამთავრობოების ისტორიაში. თუ გახსენდებათ რომელიმე ქვეყანა, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თავისი ახირებით უარს ამბობს განმარტების გაკეთებაზე და შესაბამისად, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უარი ეთქვათ. ეს გავს პოლიტიკურ, პარტიულ ბოიკოტს. უნდა ჩამოყალიბდეს ყველა - ვინ არის პოლიტიკური ინტერესების მატარებელი და ვინ არასამთავრობოსი”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებით, „ისფედის“ გამოქომაგებით, აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს და „ნაცმოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას.

როგორც ცნობილია, „ისფედი” საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არ დაუშვეს. მმართველი გუნდის განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ მათი თქმით, ორგანიზაცია ტექნიკური მთავრობის მოთხოვნას შეუერთდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო