9 დეკემბერს ჩვენს ლიდერებს ჰქონდათ შეხვედრა ამერიკელ კოლეგასთან, სადაც ცალსახად ითქვა, რომ PVT იყო უპრობლემო. 2 დღეში ISFED-ს მოუწია PVT-ის გაყალბების აღიარება მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ ისინი კუთხეში მივაყენეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის პროცესი და შედეგები შეაფასა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრას ესწრებოდა შალვა პაპუაშვილი.
„9 დეკემბერს ჩვენს ლიდერებს ჰქონდათ შეხვედრა ამერიკელ კოლეგასთან. მათ ყველაფერი გადაამოწმეს და ყველაფერი იყო წესრიგში. როგორც აღმოჩნდა, ორგანიზაციაში იყო არაკომპეტენტურობის პრობლემა. 9 დეკემბერს ჩვენ გვითხრეს, რომ ყველაფერი იყო წესრიგში და 11 დეკემბერს ISFED-მა აღიარა ის სიყალბე, რომელიც იყო PVT-ში. აქედან გამომდინარე, ჩნდება სერიოზული კითხვის ნიშნები და ამ კითხვებს ბუნებრივია, რომ პასუხი უნდა გაეცეს. ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც ISFED-ს ესარჩლებოდეს და კიდევ უფრო ამძაფრებდეს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ PVT გაყალბდა არა ISFED-ში, არამედ სხვაგან, ამას სჯობს, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
დღეს თავს შევიკავებ სახელებისა და გვარების დასახელებისგან, თუმცა თუ იქნება ორმხრივი სურვილი, ჩვენ სახელებსა და გვარებსაც დავასახელებთ. იყო ორმხრივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩვენი მხრიდან კონკრეტული ლიდერები, მათ შორის იყო შალვა პაპუაშვილი და იქ 9 დეკემბერს ცალსახად ითქვა, რომ PVT იყო უპრობლემო. ეს ითქვა ამერიკული მხრიდან. უკვე 2 დღეში ISFED-ს მოუწია PVT-ის გაყალბების აღიარება მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ ისინი კუთხეში მივაყენეთ და მარტივი მათემატიკით დავამტკიცეთ ის, რომ PVT იყო სიყალბე და უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ დარჩენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს. ამერიკის საელჩოს განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების" (ISFED), როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად საქართველომ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"