რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ახალი მულტიფუნქციური სკვერი მოეწყობა

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, მოსახლეობის თხოვნით, ახალი რეკრეაციული სივრცე გაშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მულტიფუნქციური სკვერი რჩეულიშვილის ქუჩაზე მოეწყობა და ერთ-ერთია 14 მილიონი ლარის ღირებულების იმ ახალი პროექტებიდან, რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ახალი სკვერის მოწყობაზე ტენდერი გუშინ გამოცხადდა.
ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ პროექტი, ჯავახიშვილისა და რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გააცნო.
რუსთავის მერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის თანაბარი განვითარება და სწორედ ამიტომ, ინფრასტრუქტურული პროექტები ცენტრალური ქუჩების პარალელურად შიდა უბნებში, მათ შორის ჭყონდიდელის დასახლებაში, აქტიურად მიმდინარეობს.
,,ქალაქის თანაბარი განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ცენტრალურ ქუჩებთან ერთად, შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაცია და განვითარება შევძლოთ. ჩვენ ჭყონდიდელის დასახლებაში შევხვდით მოსახლეობას, სადაც რამდენიმე კორპუსს გამაგრებით სამუშაოებს ვუტარებთ და ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის ღირებულებაც 1 700 000 ლარამდეა. 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ახალი საზოგადოებრივი სივრცე. აღნიშნული პროექტი სწორედ მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ“, - განაცხადა ლაცაბიძემ.
მათივე ცნობით, მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, ჭყონდიდელის დასახლებაში დაგეგმილი პროექტი, მულტიფინქციური დასასვენებელი ზონის შექმნას ითვალისწინებს.
„ახალ სკვერში, სპორტული და საბავშვო მოედნები, ფილებით მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკები, თანამედროვე გარე განათება, სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეები, დასასვენებელი ზონები, ასევე, რჩეულიშვილის ქუჩიდან სკვერის გავლით, გრანელის ქუჩაზე ჩასასვლელი კიბე მოეწყობა. განხორციელდება დენდროლოგიური პროექტიც, რომლის ფარგლებში ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
























