პარლამენტში ინტერპელაციის რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს საპარლამენტო კონტროლის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, თანამდებობის პირების პარლამენტში უფრო ხშირად მისვლის საკითხზე სამუშაო ჯგუფში კონსენსუსია.
„ფაქტობრივად, საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე კონსენსუსს ვაღწევთ, მათ შორის თანამდებობის პირების პარლამენტში უფრო ხშირად მოსვლასთან დაკავშირებით. არსებული რეგლამენტი საპარლამენტო კონტროლის ფართო საშუალებებს მოიცავს, რისი დახვეწაც და გამდიდრებაც შესაძლებელია. წლის განმავლობაში, პარლამენტს დაახლოებით 24 გარე ანგარიში აქვს მოსასმენი, როცა სხვა ინსტიტუციები უნდა მოვიდნენ და ანგარიში ჩააბარონ საკანონმდებლო ორგანოს. ასევე მოსასმენია დაახლოებით 30 შიდა ანგარიში. სულ არის 72 პლენარული დღე. ანუ, პლენარული სხდომების ნახევარზე მეტი დათმობილი აქვს ანგარიშების მოსმენას. მაგრამ მაინც რჩება საკითხი, რომ მთავრობის წევრები უფრო მეტად მოვიდნენ პარლამენტში. ვთანხმდებით, რომ ინტერპელაციის კიდევ უფრო ხშირად გამოყენება შეიძლება და ეს ვალდებულება შესაძლოა გაიზარდოს”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც მთავრობის წარმომადგენელმა დეპუტატთა მიერ გაგზავნილ შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უპასუხოს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"