რას აპირებს “ოცნება” - პოლიტიკურ ვაჭრობას, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას
ვის აწყობს დაბნეულობა ოპოზიციაში და იქნება თუ არა “ცხელი შემოდგომა”
რა პრობლემები აქვს რუსეთს და კიდევ რა ელის შემოდგომიდან - ევროკავშირის სანქციების მე-8 პაკეტის დეტალები
* * *
რას აპირებს “ოცნება” - პოლიტიკურ ვაჭრობას, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას
“ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებები არ აწყობს, რადგან შესაძლოა 2024 წელს პრობლემები შეექმნას და მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი დასავლეთთან და ოპოზიციასთან ვაჭრობისთვის სჭირდება - ამის შესახებ “რეზონანსთან” შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა, ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადების შეფასებისას, რომელმაც კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით და პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც თალაკვაძემ თქვა, საკონსტიტუციო ცვლილებები თავის დროზე განიხილებოდა იმიტომ, რომ დეპოლარიზაციას უნდა მომსახურებოდა, მაგრამ მოხდა საპირისპირო და ოპოზიციამ გაზარდა პოლარიზაცია. მისივე თქმით, ცვლილება განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს პოლიტიკურ სტაბილურობისთვის მართლაც სასარგებლო იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას აპირებს “ოცნება” - პოლიტიკურ ვაჭრობას, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას.
“ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საზოგადოების მხარდაჭერით შეცვალა კონსტიტუცია და შემოიტანა ისეთი მექანიზმები, რომ კონსტიტუციის მარტივად შეცვლა ისე, თუ ვის როგორ მოუნდება რომ მოარგოს საკუთარ ინტერესებს, არის შეუძლებელი. დღეს გვაქვს სტაბილური, ევროპული ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული კონსტიტუცია და არ ვემხრობით აპრიორი, რომ დამატებითი ცვლილებების შეტანა მოხდეს. ცვლილებები, რომელიც განიხილება, ეხება მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ერთი ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს. ეს ცვლილებები თავის დროზე განიხილებოდა იმიტომ, რომ ის უნდა მომსახურებოდა დეპოლარიზაციას, ანუ პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას, საპარლამენტო პოლიტიკის გაძლიერებას და ქუჩის პოლიტიკაზე უარის თქმას. ჩვენ დავინახეთ, რომ მიუხედავად ამ დემოკრატიული ცვლილებებისა, მოხდა საპირისპირო - “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რადიკალურმა ოპოზიციურმა ბანაკმა არათუ დეპოლარიზაცია მოახდინა თუნდაც ბარიერის დაწევის შემდეგ, პირიქით - გაზარდეს პოლარიზაციის და დაპირისპირების ხარისხი”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, რომლის თქმით, `ჯერჯერობით საზოგადოება და ხელისუფლება დაგვარწმუნეს საპირისპიროში, რომ თუ ამ ცვლილებას გავაკეთებთ, ისინი არათუ ამცირებენ დაპირისპირებას, არამედ პირიქით, ზრდიან პოლარიზაციის ხარისხს", - აღნიშნავს გამოცემა.
“ამიტომ თუ ეს ცვლილება როდისმე განიხილება, განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ და საზოგადოება დავრწმუნდებით, რომ მართლაც სასარგებლო იქნება პოლიტიკურ სტაბილურობისთვის”, - თქვა თალაკვაძემ. ცნობისთვის, პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” პირველი მოსმენით გასული წლის სექტემბერში მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი 5-დან 2%-მდე მცირდება. იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს. როგორც ნიკა ჩიტაძე ამბობს, ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებები არ აწყობს და ვაჭრობას იწყებს როგორც დასავლეთთან, ისე ოპოზიციასთან”, - დასძენს გამოცემა.
“ხელისუფლება ვაჭრობას იწყებს იგივე დასავლეთთან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციაც მათი გადმოსახედიდან ნაკლებად რადიკალური იქნება და დასავლეთიც ხელისუფლების მიმართ ნაკლებად კრიტიკული. ან მეორე ვარიანტია, რომ მათ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ სურთ, რადგან იციან, არჩევნები რომ წმინდა პროპორციული წესით ჩატარდეს და ბარიერიც რომ დაწეული იყოს, მათ უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდებათ. 2020 წლის არჩევნებში სახელისუფლებო პარტიამ პირველ ტურში უფრო ნაკლები ხმები მიიღო, ვიდრე მთლიანად ოპოზიციამ. ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებები არ აწყობს, რადგან შესაძლოა 2024 წელს პრობლემები შეექმნას და მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი დასავლეთთან და ოპოზიციასთან ვაჭრობისთვის სჭირდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“რაც შეხება დეპოლარიზაციას, ბევრი რამ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ის მუდმივად აკრიტიკებს ოპოზიციასა და იმ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულადაა განწყობილი. თუ ვინმე ხელისუფლებას აკრიტიკებს, მათ თვალში ყველა “ნაცია” და არავითარ დათმობაზე წასვლა არ სურს. ევროკავშირისგან დეპოლარიზაციის რეკომენდაცია მივიღეთ, თუმცა პოლარიზაციის ხაირისხმა პირიქით, მოიმატა. ამას ხელი შეუწყო თითქოს ახალი სამოქალაქო მოძრაობის შექმნამ, იმ ოთხ პარლამენტარს ვგულისხმობ, რომელიც “ქართული ოცნებისგან” გავიდნენ. “ოცნება” რეალურად პოზიციებს მათ მეშვეობით ახმოვანებს. ორი სცენარია: პესიმისტური - რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს, ან მეორე ვარიანტია - დასავლეთის ზეწოლის შდეგად ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავიდეს ისე, როგორც 2020-ში წავიდა ნაწილობრივ დათმობაზე, როცა 73 მაჟორიტარის ნაცვლად 30-ზე შეთანხმდნენ”, - განმარტავს ჩიტაძე.
ვის აწყობს დაბნეულობა ოპოზიციაში და იქნება თუ არა “ცხელი შემოდგომა”
“პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის სამომავალო გეგმებთან დაკავშირებთი აცხადებს, რომ ოპოზიცია მანამდე ვერ დალაგდება, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა”, კერძოდ, მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არ მიიღებს გადაწყვტილებას თავის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, სწორედ ეს გაურკვევლობა ზრდის დაბნეულობის ხარისხს ოპოზიციაში და მის ელექტორატში. ოპოზიციას, რომელიც “ცხელ შემოდგომას” აანონსებს, ამ დრომდე სამოქმედო გეგმა საზოგადოებითვის არ წარუდგენია. ლიდერთა მხრიდან ისმის მხოლოდ განცხადებები ბოიკოტთან, დაუმორჩილებლობასთან და ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. ამასთან, მათგანვე კეთდება მინიშნებები, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვის აწყობს დაბნეულობა ოპოზიციაში და იქნება თუ არა “ცხელი შემოდგომა”.
“ოპოზიციაში არის ერთი ძლიერი პოლიტიკური პარტია და ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”. ამ პარტიას ელექტორატის პრობლემა არ აქვს, პოლიტიკური წონა კი განისაზღვრება ელექტორატით. ამიტომ ამ მოცემულობაში “ნაცმოძრაობამ” უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რას აპირებს, დანარჩენი პარტიები კი უნდა ჩამოყალიბდენენ არიან თუ არა “ნაცმოძრაობასთან” ერთად ამ პროცესში. ამაზე თუ ჩამოყალიბდებიან, ოპოზიცია იქნება მეტნაკლებად დალაგებული. შეიძლება “ნაცმოძრაობას” აწყოდეს ეს გაურკვევლობა - ხან ბოიკოტს იტყვიან, ხან დაუმორჩილებლობას - და არ აწყობდეს დიდი კოალიციური გაერთიანება, რადგან 2024 წლამდე დიდი დროა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“დღეის მოცემულობით ფაქტი ის არის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით მიდის ბრძოლა პირველობისთვის. ამ პარტიის ერთიანობას თუ დაშლას დღეს ისევ სააკაშვილის ფაქტორი განსაზღვრავს. “ოცნებაში” თუ არის არაფორმალური მმარველობა, იგივე არაფორმალური მმართველობაა “ნაციონალურ მოძრაობაშიც”. ვიდრე სააკავშილი ამ პარტიის ლიდერია, სხვები დამოუკიდებლად გადაწყვტილებას ვერ მიიღებენ. როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღება უჭირს თავად სააკაშვილს. ალბათ კიდევ ეძებს გზებს ხელისუფლებასთან სავაჭროდ, ამ დრომდე კი კარგად ვერ ვაჭრობს. ასეთი ტრაგიკომიკური სურათია დღეს ქართულ პოლიტიკაში“, - დააკვნის ძაბირაძე.
რა პრობლემები აქვს რუსეთს და კიდევ რა ელის შემოდგომიდან - ევროკავშირის სანქციების მე-8 პაკეტის დეტალები
“ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შესაძლოა შემოდგომით დაამტკიცოს. საუბარია დამატებით ეკონომიკურ ზეწოლაზე, პერსონალურ სანქციებზე, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებასა და ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში გადაადგილების მთლიანი ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე. როგორც ჯიპას ასოცირებული პროფესორი და საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ჯერჯერობით რთული სათქმელია რაზე მოხერხდება შეთანხმება. ხოლო ის სანქციები კი რაც ზაფხულამდე დაწესდა, რუსეთის ეკონომიკას დღითი დღე პრობლემებს უქმნის და მათი ეფექტი შემოდგომიდან კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება. ივლისში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცა. ურაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ ეს რუსეთის შესაჩერებლად საკმარისი არ იყო. დაახლოებით ერთი თვის თავზე კი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა “ყირიმის პლატფორმის” სამიტზე განაცხადა, რომ სანქციები მნიშვნელოვნად არყევს პუტინის ომის მანქანასა და რუსეთის ეკონომიკას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა პრობლემები აქვს რუსეთს და კიდევ რა ელის შემოდგომიდან - ევროკავშირის სანქციების მე-8 პაკეტის დეტალები.
“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 31 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში ომის ფონზე რუსებისთვის სავიზო შეზღუდვების შესახებ იმსჯელებენ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი არ დათანხმდება საყოველთაო გადაწყვეტილებას, ლიეტუვა განიხილავს წინადადებას რუსებისთვის რეგიონალურ დონეზე (რომელიც მოიცავს ბალტიის ქვეყნებს, პოლონეთსა და შესაძლოა, ფინეთს) ვიზების აკრძალვის შესახებ. მანამდე ლანდსბერგისმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა გააუქმონ რუსებისთვის ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაცემული შენგენის გრძელვადიანი ვიზები, სულ მცირე, უკრაინის ომის დასრულებამდე. როგორც ჯიპას პროფესორი თენგის ფხალაძე აცხადებს, სანქციების მერვე პაკეტი რუსეთზე ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. მისი თქმით, შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შეშვებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსენსუსი არაა, თუმცა მუშაობა მიდის და შესაძლოა გადაწყვეტილება ნაწილობრივი იყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მერვე პაკეტი შემოდგომის თემაა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ერთია რუსეთზე ეკონიმიკური პრესის გაძლიერება, მეორე პერსონალური პრესის გაძლიერება კონკრეტულ პიროვნებებზე და მესამე თემა შესაძლოა იყოს შენგენის ზონაში გადაადგილების მთლიანი ან ნაწილობრივი შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეებისათვის. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. ჯერჯერობით ყველაფერზე კონსენსუსი არაა, მაგრამ, დიდი ალბათობით, გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ვნახოთ რაზე იქნება სრული კონსენსუსი და რაზე ნაწილობრივი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს რუსეთზე ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. რაც შეეხება იმ შედეგებს, რაც აქამდე დაწესებულმა სანქციებმა მოიტანა, აქ რამდენიმე განზომილებაა. უპირველეს ყოვლისა ესაა პრესი რუსეთის ეკონომიკაზე. ზეწოლა უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება და შემოდგომიდან კიდევ უფრო მეტად გახდება, რადგან იმ ბოლო სანქციების ეფექტი, რომელიც ძალაში ზაფხულის განმავლობაში შვიდა, შემოდგომიდან უფრო მტკივნეული იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“ასევე ესაა ზეწოლა უშუალოდ პუტინის გარემოცვაზე და კონკრეტულად იმ პირებზე, რომლებსაც რეჟიმის დაფინანსებაში ლომის წვლილი მიუძღვით. რუსეთს უკვე აქვს პრობლემები სამხედრო მრეწველობაში და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად შეექმნება. ეს ეხება მთლიანად სამხედრო სამრეწველო კომპლექსს, დაწყებული ავიაციით, მანქანათმშენებლობით, კავშირგაბმულობით და ა.შ. აქ ყველა მიმართულებით სერიოზული პრობლემები აქვს და კიდევ უფრო გაძლერდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სანქციების თემა ყოველთვის იმ დახმარებასთან ბმაში უნდა განვიხილოთ, რომელიც უკრაინას მიეწოდება და რომელიც იზრდება. რუსეთს ელვისებური გამარჯვების გეგმები ჩაეფუშა და ახლა მისი სტრატეგიაა, რომ უკრაინას ქანცი გააცალოს. სანქციებისა და უკრაინის დახმარების მთელი სტრატეგიაც მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინამ ის დახმარება მიიღოს, რომელიც მის გამძლეობას გაზრდის და ქანცი რუსეთს გააცალოს”, - განმარტავს რესპონდენტი.
“ვხედავთ, რომ სანქციების წნეხის პარალელურად, რომელიც რუსეთზე იზრდება, იზრდება უკრაინის დახმარება. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ახალი 3-მილიარდ დოლარიანი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი დამტკიცდა. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანქციების და დასავლეთის ამ ტიპის ქმედებების წყალობითაა, რომ ჩვენ უკრაინაში იმ შედეგებს ვხედავთ, რომ რუსეთმა ვერც ერთი გეგმა და ჩანაფიქრი ვერ განახორციელა და პირიქით, ბოლო პერიოდში უპირატესობა ნელ-ნელა უკრაინელების მხარეზე გადადის”, - მიიჩნევს და შეკითხვაზე - “მერვე პაკეტში კოინკრეტულად რა ტიპის ეკონომიკური სანქციები შეიძლება იყოს?” - პასუხობს:
“ამ წუთას ზუსტად არ ვიცი რაზე შეთანხმდებიან. შემიძლია გითხრათ რა განიხილება. ესაა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების კიდევ უფრო მეტად შემცირება, ასევე ფინანსური ზეწოლა, რომელიც გაძლიერდება და მათ შორის არ გამოვრიცხავ, რომ ამ სანქციების პაკეტში კიდევ რამდენიმე ბანკი ან ფინანსური ინსტიტუტი მოხვდეს”
“სანქციები შეიძლება კიდევ დამატებით კონკრეტულ კომპანიებს და პიროვნებებს შეეხოს და პლუს შენგენის სივრცეში გადაადგილების შეზღუდვა, რაც ასევე ძალიან მტკივნეულია. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისაღწევი კონსენსუსია, თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლოა ნაწილობრივი თანხმობა იყოს და რეგიონული პრინციპით ამოქმედდეს, ანუ ქვეყნების გარკვეულმა ჯგუფმა შენგენის ვიზის არსებობის შემთხვევაშიც შეიძლება რუსეთის მოქალაქეები თავიანთ ტერიტორიაზე არ შეუშვან. საკმაოდ ინტენსიური განხილვები მიდის. დღეს იმის თქმა, თუ ქვეყნები ზუსტად რაზე შეთანხმდებიან, ძალიან ძნელია, მაგრამ ზეწოლის გაძლიერება ამ მიმართულებებით განიხილება”, - დასძენს ფხალაძე.