თსუ ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს

ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 ყოველწლიურ კონფერენციაში მთელი მსოფლიოდან 100-ზე მეტი ექსპერტი მონაწილეობს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ თსუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებიან.

ღვინის ეკონომისტები აშშ-დან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იაპონიიდან, უნგრეთიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, საქართველოდან ღვინის ეკონომიკასა და ინდუსტრიაზე მსჯელობენ და კოლეგებს საკუთარ გამოცდილებასა და იდეებს უზიარებენ.

“დღესასეთი რანგის ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება. ამ დარგის პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსულები. ეს ხელს შეუწყობს უპირველესად კვლევას იმ საკითხებისა, რომელიც დაკავშირებულია ღვინის ეკონომიკასთან, მისი ეკონომიკის განვითარებასთან და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. ბევრმა გაიგო, რომ საქართველოში ღვინის წარმოების დიდი ტრადიციაა. ახლა ამის დიდ ბაზარზე პოზიციონირება არის საჭირო. კონფერენციაზე სწორედ, ამ საკითხებზე გვექნება საუბარი“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

ქვეყნისთვის კონფერენციის მნიშვნელობაზე ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.

„კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, რომ საქართველოს ღვინის ინდუსტრიის შესაძლებლობებს, კულტურას, ტრადიციებს უფრო დეტალურად გაეცნონ. ჩამოსული არიან ღვინის სექტორის წამყვანი სპეციალისტები. კონფერენცია ქართული ღვინის ინდუსტრიას საერთაშორისო ცნობადობის თვალსაზრისით ძალიან დაეხმარება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ქართული ენდემური ჯიშების, ღვინის დაყენების მეთოდების ცნობადობა გავზარდოთ. მაგალითად, როგორიც არის ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდი, რომელიც ყველასგან განსხვავებულია. ეს არის ქართული ღვინის ძლიერი მხარე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თსუ-ს ინფორმაციით, უცხოელი სპეციალისტები ღვინის სამშობლოში მეღვინეობის უნიკალურ პრაქტიკასა და ყურძნის ჯიშებს გაეცნობიან. კონფერენცია ხელს შეუწყობს ღვინის ეკონომიკის მიმართულებით საერთაშორისო აკადემიურ და საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, ქართული ღვინის ინდუსტრიას აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ბაზრებზე წვდომაში დაეხმარება.

ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტის, მამუკა წერეთლის თქმით, კონფერენცია კიდევ ერთი საშუალებაა იმისა, რომ მსოფლიო საზოგადოებამ ღვინის კულტურის განვითარებაში საქართველოს როლის შესახებ გაიგოს.

„საქართველო არის ღვინის როგორც ისტორიის, ასევე ინდუსტრიის განვითარების მხრივ ავანგარდში მყოფი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ცენტრი იმ ყველაფრისა, რომელიც ღვინოს, ღვინის ისტორიას, ღვინის ეკონომიკას, ღვინის პოლიტიკას უკავშირდება. ამ კონფერენციას, მსოფლიო ბაზრებზე ქართული ღვინის დამკვიდრების თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა მამუკა წერეთელმა.

ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია სხვადასხვა დროს, მსოფლიოს წამყვან ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში ტარდება და ღვინის ეკონომიკის განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ამასთან დაკავშირებით ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ისაუბრა.

„ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და კიდევ ერთი აღიარებაა იმისა, რომ საქართველო მეღვინეობის მსოფლიო რუკაზე გაჩნდა და აღიქმება, როგორც საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. ეს კონფერენცია ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებას კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ქართული ღვინის განსაკუთრებულობისა და კულტურის მნიშვნელობაზე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა, კარლ სტორჩმენმა ისაუბრა.

„კონფერენციაზე ღვინის ეკონომიკასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ, ისეთებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მარკეტინგი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქ ვართ, რადგან საქართველო ღვინის ქვეყანაა, ის ცნობილია ვაზის მრავალი ჯიშით, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მსოფლიოს შეუძლია, საქართველოსგან ბევრი რამ ისწავლოს“, - განაცხადა კარლ სტორჩმენმა.

ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 ყოველწლიური კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით ტარდება. კონფერენცია 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი არის ტური კახეთსა და ქართლში, სადაც სტუმრები ქართულ ჯიშებს, ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს და ქართული ღვინის კულტურასა და ეკონომიკას დეტალურად გაეცნობიან.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით